"გათამაშების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის ქვეყნის პრეზიდენტს წერილით მივმართე და დახმარება ვთხოვე. წერილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გადააგზავნეს. მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრა არ მოხერხდა. მის თანაშემწეს, ქალბატონ სალომეს ვესაუბრეთ. გვითხრეს, რომ ჩვენი წერილი სამინისტროში გია გალდავას აქვს. არ
რომან რცხილაძე: "ისეთივე ვითარებაა, როგორიც დიეგო მარადონას ჩამოსვლამე იყო. ტურნირი და პელეს ჩამოსვლა მოვლენაა. ეს დღესასწაული იქნება, მაგრამ არსაიდან პასუხი არ ჩანს. ან ჰო გვითხრან, ან არა".
ნიკო პატარქალიშვილი: "იმის ნაცვლად, რომ პროექტს მხარი დაუჭირონ, პირიქით ხდება. ეროვნულ სტადიონზე გვინდოდა შტაბისთვის 2 ოთახი. სტადიონის დირექტორ სანდრო შახოვთან შეთანხმებული ვიყავით, მაგრამ მოულოდნელად უარი გვითხრა - როცა ხელისუფლებიდან ტურნირის ჩატარების მხარდაჭერას მიიღებთ, ოთახებს მერე დაგითმობთო. სტადიონიდან გამოგვაგდეს. ეს რომ არ მომხდარიყო, აქამდე 200 სპონსორს მოვიზიდავდი... გემახსოვრებათ, რა ვითარებაში ვიყავი მარადონას ჩამოყვანამდე, მატყუარადაც კი მომნათლეს, მაგრამ დიეგოს ჩამოყვანით ყველას დავუმტკიცე, რომ საქმის კაცი ვარ და ასეთი დიდი პროექტების განხორციელება შემიძლია. ოთხთა ტურნირის ორგანიზება დასრულებულია, თანხაა საჭირო და პელესაც ჩამოვიყვანთ თბილისში. საქმე აქამდე ჩემი ფულით მივიყვანე, ყველაფერი შეთანხმებული და დადგენილია. მოპატიჟებულები ჩვენგან უარყოფით პასუხს არც ელიან. იმედია, არ შევრცხვებით და საკითხი დადებითად გადაწყდება".
ახლა კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსს გია გალდავას მოვუსმინოთ, რომელსაც ვითარებაში გასარკვევად პრესკონფერენციის შემდეგ დავუკავშირდით.
"ჩვენ ქართული ფეხბურთისა და მთლიანად სპორტის განვითარებისთვის ვიბრძვით და რაც ამ საქმეს წაადგება, იმ პროექტს როგორ ჩავაგდებთ ან დავბლოკავთ?! პირიქით, ყველა ასეთ წამოწყებას მივესალმებით. პირადად ნიკო პატარქალიშვილისა და მის პროექტების საწინააღმდეგოც არაფერი გვაქვს. იცით, რაშია საქმე? ჩვენი უწყება ფეხბურთს გეგმის მიხედვით ეხმარება. კონტრაქტი გვაქვს ფეხბურთის ფედერაციასთან და ყოველი თეთრი გაწერილია. ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება ფეხბურთის ფედერაციას ავალია და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ მისი ეგიდით განხორციელებულ პროექტებში ვმონაწილეობთ. პატარქალიშვილს პროექტის რეალიზაციისთვის არასწორი გზა აქვს არჩეული. თუ ფეხბურთის ფედერაცია საჭიროდ მიიჩნევს ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას, საკითხს განვიხილავთ და მომდევნო წლის ბიუჯეტში ჩავსვამთ. თუ ჩვენს ფეხბურთს სჭირდება ეს პროექტი, მოიწონებს და მხარდაჭრას გვთხოვს, განვიხილავთ და მონაწილეობასაც მივიღებთ. ასეთ შემთხვევაში, პროექტის ორგანიზებისთვის ფედერაცია ნიკო პატარქალიშვილს დაიქირავებს თუ სხვას, ეს მათივე გადასაწყვეტია. ერთსაც დავამატებდი - შესაძლოა, საზოგადოებამ არ იცის დეტალები, რაც დიეგო მარადონას საქართველოში სტუმრობას ახლდა. პატარქალიშვილს სახელმწიფოსთვის არც მაშინ უთხოვია ფული, მხოლოდ გარანტიები ითხოვა და მიიღო კიდეც. საქმე საქმეზე რომ მიდგა, პატარქალიშვილმა ვერ დაფარა ამ პროექტის ხარჯი უცხოურ მხარესთან, რომელთან კონტრაქტშიც გარანტი სახელმწიფო იყო. ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით და არგენტინულ მხარეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 300 ათასი ლარი გადაუხადა. ამჯერადაც ასე ხდება - პატარქალიშვილი სახელმწიფო გარანტიას ითხოვს. ამ პროექტის განხორციელებას ფინანსურად ვერ უზრუნველყოფს და არ გვინდა, იგივე განმეორდეს, რაც მარადონას ჩამოყვანისას მოხდა. ის 300 ათასი გაუთვალისწინებელი, დაუგეგმავი თანხა იყო და ამისი საშუალება სახელმწიფოს არ აქვს. ითანამშრომლოს ფეხბურთის ფედერაციასთან პატარქალიშვილმა და თუ მისი პროექტის განხორციელებას საჭიროდ მიიჩნევენ, ეს უკვე სხვა საქმეა".