საქართველოს XXIV ჩემპიონატი. პირველი ლიგა: საინტერესო პერსონები (II ნაწილი)

AutoSharing Option
დაპირებისამებრ, დღეს პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდების ფეხბურთელებზე ვისაუბრებთ.

"ლელოს" წინა ნომერშიც გაუწყეთ, რომ 2012-13 წლების სეზონის პირველი ლიგის გათამაშებაში ჩვენი მასშტაბით ცნობილი მწვრთნელების გარდა, არაერთი საინტერესო ფეხბურთელიც ასპარეზობს.

იხილეთ I ნაწილი

A ჯგუფი
გასაკვირი ის იქნებოდა, "გაგრას" არჩეული გეზისთვის რომ ეღალატა: კლუბის დამაარსებლის და პრეზიდენტის, ბესო ჩიხრაძის გუნდი ხომ ტალანტების სამჭედლოდ არის ქცეული.

შორს წაგვიყვანს იმ ფეხბურთელების ჩამოთვლა, "გაგრაში" რომ დაფრთიანდნენ და შემდეგ ბევრად უფრო მაღალ დონეზე აგრძელებენ ასპარეზობას;

ახლაც პირველ ლიგაში დაქვეითებული "გაგრას" საშუალო ასაკი 20 წელს არ აღემატება.
გუნდის მიზანი, რაღა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და "გაგრაც" ჯერჯერობით ამართლებს ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსს.

გუნდში დარჩა წინა სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა - 19 წლის ჯონ ჯერემია. თანაც ამ სწრაფ და ტექნიკურ ფორვარდს გვერდს კიდევ ორი ნიგერიელი უმშვენებს: 19 წლის უმარ მაგაჯი და გუნდის დებიუტანტი, 18 წლის ბენჯამინ ტეიდი.

A ჯგუფის კიდევ ერთ ფავორიტად, რაღა თქმა უნდა, ლანჩხუთის "გურია" უნდა მივიჩნიოთ. გუნდში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია, უმაღლეს ლიგაში წლების განმავლობაში რომ უასპარეზიათ: 31 წლის ლევან ვართაგავა, 30 წლის გია თოდუა, 26 წლის გიგა კვერენჩხილაძე, 23 წლის დავით მაისაშვილი.

კვლავაც ლანჩხუთელთა გუნდის ღირსებას იცავენ ადგილობრივი ფეხბურთელები: 29 წლის ტარიელ კუკულაძე, 28 წლის რევაზ კუკულაძე და 25 წლის ჯემალ გოგიბერიძე.

"გურიას" ახალწვეულთაგან უნდა აღვნიშნოთ 23 წლის მეკარე გიორგი ძაძამია, 23 წლის ნახევარმცველი ალექსანდრე შენგელია და, რაღა თქმა უნდა, გამოცდილზე გამოცდილი ნახევარმცველი, 35 წლის ალექსანდრე გოგობერიშვილი.

ცნობისათვის: გოგობერიშვილი "გურიაში"... 17-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა!

ოთხი ტურის შემდეგ III-IV ადგილებს იყოფენ დედაქალაქური გუნდები "სასკო" და "სტუ". "სასკო" პირველი ლიგის დებიუტანტია და ძირითადად, 19-20 წლის ბიჭებით არის დაკომპლექტებული.

ამ გუნდის მეტ-ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი კი 21 წლის ანდრე ნონოსია - კამერუნელმა მეკარემ უმაღლეს ლიგაში რამდენიმე გუნდი გამოიცვალა, თუმცა უკვე მეორე სეზონია, რანგით ქვედა ლიგაში ასპარეზობს!

აი, "დინამო-2"-ის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, თითქმის ყველა ფეხბურთელი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში (ახალგაზრდულ, 19-წლამდელთა, 17-წლამდელთა) თამაშობდა თუ ახლაც თამაშობს: თორნიკე ზარქუა და ჯაბა ჯიღაური, ირაკლი ლექვთაძე და ნიკა კვეკვესკირი, დავით ხოჭოლავა და არჩილ ტვილდიანი, გიორგი პაპავა და ლაშა პარუნაშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი და ლაშა ჩაფიძე.

A ჯგუფის სხვა გუნდებშიც მრავლად შეხვდებით ისეთ ფეხბურთელებს, უმაღლესი ლიგიდან კარგად რომ გვახსოვს; მაგალითად, 31 წლის ლევან შავგულიძე, რომელიც ტყიბულის "მეშახტეში" ასპარეზობს; 28 წლის ლაშა ჯანგიძე - "რაჭაში", 30 წლის დავით სევასტოპულო - "ჭიათურაში".

სხვათა შორის, "ჭიათურაში" აგრძელებენ კარიერას პირველი ლიგის წინა სეზონის გამორჩეული ბომბარდირები, ძმები იაგო და იაკობ დეისაძეები.

დაბოლოს, A ჯგუფის კიდევ ერთ გუნდზეც: პირველი ლიგის დებიუტანტ "ბეთლემში" არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია, რომელთაგანაც, უპირველეს ყოვლისა, ბათუმის "დინამოს" ყოფილი მოთამაშეები ვიტალი დარჩიძე და კახაბერ ქაცარავა უნდა აღვნიშნოთ.

B ჯგუფი
B ჯგუფში და საერთოდ, პირველ ლიგაში ორად-ორი გუნდია, ოთხივე მატჩი რომ მოიგო.

"სპარტაკისგან" ასეთი შედეგი არავის უნდა გაკვირვებოდა: 20 წლის მეკარე გიორგი ნადირაძე, 19 წლის ნახევარმცველი ვალერი კილასონია, 23 წლის მცველი ლევან ჭაფოძე და 19 წლის ფორვარდი დავით გელაშვილი გუნდს უმაღლესი ლიგიდან "გადმოჰყვნენ".

ეგ კი არა, ხანმოკლე პაუზის მერე გუნდს დაუბრუნდა 26 წლის ზვიად მეტრეველი და, რაც მთავარია, "სპარტაკში" დარჩა გუნდის კაპიტანი და ლიდერი, 22 წლის თეიმურაზ შონია.

აი, მეორე უდანაკარგო გუნდი კი ხობის "კოლხეთია", რომელიც წლების განმავლობაში სტაბილური შემადგენლობით ასპარეზობს და რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიც ირიცხება გუნდში, უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშია: დავით ჭითანავა, გიორგი ქირია, მამუკა ჭკადუა, ლევან ჯიქიძე.

...ნიკა ჭანტურია, გიორგი გოროზია, დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი, დავით დარციმელია, გიორგი გაბაძე, მათე ცინცაძე, - ამ 17 წლის ბიჭებმა წლეულს უდიდესი სიხარული მოგვანიჭეს, როდესაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდნენ. ახლა კი "ლოკომოტივის" ძირითადში გამოდიან და ვინ იცის, იქნებ ამ სეზონშივე შეძლონ უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება.

ცნობისათვის: "ლოკომოტივის" ყველაზე "ასაკოვანი" ფეხბურთელი... 21 წლის ცენტრალური მცველი თორნიკე შალიკაშვილი გახლავთ!

განაცხადში ასევე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს "მერცხალსაც", თუმცა კვლავაც აგრძელებენ თავიანთ ხანგრძლივ კარიერას 42 (!) წლის მეკარე გია გოგუა და 37 წლის ცენტრალური მცველი მიხეილ ქობულაძე.

"სამგურალისა" და "სამტრედიის" შემადგენლობაშიც მრავლად არიან ისეთი ფეხბურთელები, უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი რომ გაუტარებიათ: ბესიკ ხაჭიპერაძე, მიხეილ ჩხარტიშვილი (ორივე - "სამგურალი"), სპარტაკ გოგია, ზაურ ხაჭიპერაძე, აკაკი კუპრეიშვილი, გიორგი მელქაძე, დემურ სამსეიშვილი (ყველა - "სამტრედია") და სხვები.

იგივეს თქმა შეიძლება ხარაგაულის "ჩხერიმელას" ორ გამოცდილ ნახევარმცველზეც - 25 წლის არმაზ დოღონაძესა და 38 წლის გიორგი თურმანიძეზე.

დაბოლოს, პირველ ლიგაში გარკვეული პაუზის შემდეგ აღზევებულ "შუქურაზეც"; აქამდეც ვწერდით, რომ ამ გუნდის დირექტორი 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" ცნობილი თავდამსხმელი რევაზ ჩელებაძე გახლავთ, მთავარი მწვრთნელი კი ასლან ბალაძე, ლამის 20 წლის განმავლობაში რომ წარმატებით იცავდა ბათუმის "დინამოს" კარს.

"შუქურაში" რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც თამაშობს: ავთანდილ ბრაჭული, გიორგი ჩელებაძე (წინა სეზონში რუსული პრემიერლიგის გუნდის, ყაზანის "რუბინის" დუბლებში რომ ასპარეზობდნენ) და მინდია ფუტკარაძე 20 წლის ბიჭები არიან და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობდნენ.

თუმცა "შუქურას" შემადგენლობაში ყველაზე ცნობადი სახე 30 წლის მიხეილ კაკალაძე გახლავთ - ფეხბურთის ქართველ ქომაგს, ალბათ, კარგად ეხსომება მართლაც ორიგინალური "ხელწერის" მქონე ფლანგის თავდამსხმელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 2004 წელს ევროტურნირებზე თბილისის "დინამოს" წარმატებულ ასპარეზობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული