შოთა არველაძე: გაათავისუფლონ ნაწამები ხალხი და გადაუხადონ კომპენსაცია

AutoSharing Option
საქართველოში დატრიალებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა თურქული "ქაისერისპორის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ და ხელისუფლებას გონივრული გადაწყვეტილება შესთავაზა.

"19 წელიწადია, საქართველოდან წასული ვარ და თუ თურქეთში რაიმეთი ვამაყობდი, ეს ჩემი ქართველობა იყო.

ჩვენ სხვებისგან მართლაც განსხვავებულები ვართ, მაგრამ არა სიზარმაცით. მგონია, რომ ადამიანებისადმი სიყვარულით გამოვირჩევით. ჩვენს წარსულსაც რომ გადახედოთ, ისტორიას გმირობისა და სიკეთის მაგალითები სწორედ ასეთი თვისებების გამო შემორჩა.

ჩემს ვაჟს, 15 წლის გიორგის საქართველოში არ უცხოვრია და ვუხსნი ამ განსხვავებას, რატომ უნდა იამაყოს ქართველობით, ჩვენი სტუმართმოყვარეობით ა.შ.

არსად სტუმარს სახლის კარს
ასე არ უხსნიან, არსად მისი წასვლისას 50 წუთი არ ყოვნდებიან და არ უჭირთ მასთან შელევა.

ჩვენსავით მეგობრობა, ნათესაობა და მეზობლობა არ იციან. თურქეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში მილიონჯერ მაქვს მოყოლილი, რომ საქართველოში ახალგადმოსულ მეზობელს პირველივე დღეს შეუძლია პურის სათხოვნელად მოსვლა, როდესაც იქ 20 წელი მეზობელი შენთან არ მოვა. ამაში ხარ განსხვავებული, ეს კი დიდი ადამიანური სიყვარულია.

ტელევიზიებით გავრცელებული კადრები კი ჩვენს ამ თვისებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და მიკვირს, როგორ შეუძლია ამ ხროვას ასეთი საქციელით ისიამოვნოს?

და თუ ამას სათანადო პასუხი არ გაეცა და მხოლოდ ერთი-ორი ადამიანის დასჯით შემოვიფარგლეთ, მაშინ ჩვენს წარსულსა და მომავალს და იმას, რასაც ჩვენს შვილებს ვუხსნით, კითხვის ნიშანი კი არ დაესმება, მთლიანად წაიშლება.

სასამართლომ ყველა პატიმარს თავისუფლება შეუზღუდა და არ მიუსაჯა 200 როზგი, ტუბერკულოზით დაავადება, ხელის მოჭრა, შამფურით დამღის დადება, ცოცხით შეურაცხყოფა და გაუპატიურება. თუ აწამებენ, მაშინ კანონში ჩაწერონ - ზოგიერთ ქვეყანაში ჩამოხრჩობა ხომ დაკანონებულია.

შაბათ-კვირას პაემნებს სკაიპით რომ უნიშნავენ და წალენჯიხელს სხვაზე ადრე ანახვებენ პატიმარს, ეს გამოსავალი არ არის. ადამიანს შიოდა, აკუმულატორი ან პური მოიპარა და ამის გამო აწამეს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა ილაპარაკა, მალე ყველაფერი მოწესრიგდებაო. აქ დროზე არ შეიძლება ლაპარაკი, ყველაფერი უცებ უნდა შეიცვალოს, რომ იგივე არასოდეს არც ერთი პატიმრის მიმართ რომ არ განმეორდეს. ხომ ხედავთ, საზოგადოება რა აღშფოთებული არის.

ასე რომ, ჩემი აზრით, პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება: თუ ვიღაცებს ვადამდე ადრე ათავისუფლებენ, ამ სიებში ნაწამები ხალხიც შეიყვანონ. პრეზიდენტმა და დეპარტამენტის ახალმა თავჯდომარემ ნაწამები ხალხის სია შეადგინონ, ისინი ვადამდე გაათავისუფლონ და მორალური და ფიზიკური ზიანისთვის კომპენსაცია გადაუხადონ, რადგან მისჯილზე მეტად დაისაჯნენ. ვისაც მკურნალობა სჭირდება, ეს ხარჯიც სახელმწიფომ აანაზღაუროს. ამ ყველაფერს კი კანონი უნდა ითვალისწინებდეს. თუ საჭიროა, ფონდი შეიქმნას და ხალხი დავუდგებით გევრდით.

ასეთი რამ მთელ მსოფლიოში მიღებულია. იმ ადამიანს გარეთ გამოსვლა მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა, რომ სუფთა ჰაერით ისუნთქოს, ადამიანად უნდა იგრძნოს თავი.

კადრებში ვნახე პატიმარს ტანი რა დღეში ჰქონდა - საკეისროს შემდეგ ქალის ნაიარები იმასთან შედარებით ლამაზად გამოიყურება. ასეთი ადამიანი ქუჩაში უნდა გააგდო და არაფერით დაეხმარო? ასე ძაღლებს არ ექცევიან.

თუ გვაქვს სახელმწიფო და მის თითოეულ მოქალაქეზე ვზრუნავთ, ასე უნდა მოვიქცეთ. და თუ პატიმრებზე გამოჩენილი მზრუნველობა მხოლოდ ფარსი და მოჩვენებითია, ამას მაინც ყველა დაინახავს", - ამბობს არველაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე იაშვილი: ყველა უნდა დაისაჯოს, იდეოლოგებიდან - ჯალათებამდე
ზაზა ფაჩულია: ვგმობ ყველანაირ ძალადობას და თანავუგრძნობ პატიმართა ოჯახებს
"ბორჯღალოსნების" განცხადება წამების ფაქტებთან დაკავშირებით
ირაკლი სირბილაძე: დროა, მთელი საქართველო გამოვიდეს და ფეხზე დადგეს სამართლის დასაცავად
თორნიკე ოქრიაშვილი: სულით და გულით ვუდგავარ ჩემს ქვეყანას გვერდში!!!
"პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!" - სოლიდარობა პატიმრებს
არჩილ არველაძე: ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბრავო შოთა!!!!
0
შოთა მიხედე დემეტრაძეს,გთხოვთ
maia
17:23 22-09-2012
0

სიახლეები პოპულარული