- სხვა საქმიანობასთან ერთად, უკვე ორი წელია, საფეხბურთო კლუბის, "იბერიას" პრეზიდენტი ვარ. შარშან ტურნირებში, ავად თუ კარგად, ვმონაწილეობდით. განაცხადი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციების ჩატარებულ ტურნირებში შევიტანეთ - ესენი შედარებით ნაკლებ გადასახადს ითხოვდნენ.
წლეულს თამაში კვლავ აფხაზეთის ფედერაციის ეგიდით გვსურდა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის ახალი მითითება მოიშველიეს, რომელიც ტარიფებს არეგულირებს.
მაგრამ საქართველოს
არადა, შარშან ყველა გუნდის მონაწილეობისთვის სულ 600 ლარი გადავიხადეთ.
- ტურნირის ორგანიზებისთვის თანხები აუცილებელია, ხარჯები იზრდება და ფედერაციებს სხვა რა დარჩენიათ?
- ამაზე არც ვდავობ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ტარიფს კი არა, მხოლოდ ზედა ზღვარს აწესებს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქვემო ქართლის ფეხბურთის ფედერაცია გუნდებს გადასახადებს არ ახდევინებს და ბავშვები უსასყიდლოდ თამაშობენ. ეს არის ფეხბურთზე ზრუნვის რეალური გამოხატულება.
აჭარა-გურიაში კი გუნდზე გადასახადი მხოლოდ 50 ლარია. როგორც ვიცი, დაახლოებით მსგავსი ვითარება არის სამეგრელო-ზემო სვანეთშიც. ანუ ამ რეგიონების ხელმძღვანელები თანხებს პოულობენ, მსაჯებს რომ მოემსახურონ და აანაზღაურონ ხარჯები.
გასაგებია, რომ ხარჯი რეალურად არსებობს და გადასახადი უნდა იყოს, მაგრამ იმის მომხრე ვარ, რომ ეს ყველაფერი ზომიერების ფარგლებში მოხდეს და გუნდებს ტვირთად არ დააწვეს. გადასახადების გაზრდამ მონაწილე გუნდების რაოდენობის შემცირება გამოიწვია: თუ შარშან ერთ-ერთი რეგიონული ფედერაციის ჩემპიონატში 140-მდე მონაწილე იყო, წლეულს მათი რაოდენობა განახევრდა.
შეწუხებულები არიან, მაგრამ შეამცირონ თანხა და იქნებ გუნდებს თამაშის სურვილი გაუჩნდეთ?
დასამალი არ არის, რომ ბავშვებში გუნდების მგზავრობის ხარჯი, ფორმები, ბუცები, სამედიცინო შემოწმება მშობელთა კისერზეა. გარდა ამისა, სკოლის გადასახადი 50 ლარია, ზოგან - 80 ლარიც. ამ ხალხს დამატებით ამხელა გადასახადს რომ დაუწესებენ, გაუმართლებელია.
ბევრს აინტერესებს, რას ხმარდება უეფადან ჩვენი ფედერაციის ანგარიშზე დარიცხული თანხები, რომელიც სწორედ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის არის ჩარიცხული.
- კარგად მახსოვს, შარშან თბილისის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გოჩა თამაზაშვილი ამბობდა, მსურს, ტურნირი უფასო გავხადოთო, მაგრამ იმხელა ხარჯებია, ეს ვერ შეძლეს.
- დიახ, მე სწორედ მაგისკენ მივდივარ. მიდგომა უნდა შეიცვალოს და ბავშვთა ფეხბურთში მდგომარეობის გამოსასწორებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.
თუ ბავშვები მასობრივად აღარ ივლიან, დიდი ფეხბურთის მასაზრდოებელი წყარო გადაგვეკეტება. ციფრებს მოვიშველიებ: მადრიდის "რეალის" სტრუქტურაში შემავალ საფეხბურთო სკოლებსა და გუნდებში 16 ათასი ფეხბურთელია, საფრანგეთში 3 მილიონი, გერმანიაში - 2,5 მილიონი.
დაახლოებით ჩვენი რაოდენობის მოსახლეობა არის დანიაში, სადაც 500 ათასამდე ფეხბურთელია, 4-მილიონიან ნორვეგიაში - 400 ათასამდე.
ჩვენ დიდი მადა გვაქვს. აგერ, ესპანეთის დამარცხება გვსურდა, მაგრამ ეს რა რესურსით უნდა მოვახერხოთ? ხომ უნდა ვიფიქროთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა ითამაშოს, რადგან მეტ რაოდენობაში მეტი ნიჭიერი გამოჩნდება.
არადა, ამ დროს, შარშან საქართველოში 16 600 ბავშვი ვარჯიშობდა, წლეულს კი ნაკლები, 16 ათასი და როგორ გვინდა თუნდაც საშუალო ევროპულ დონეს მივუახლოვდეთ?! 600 ბავშვით ნაკლები თითქოს რა დანაკლისია? ისინი ყველაზე ღარიბი ოჯახებიდან არიან, სადაც ყველაზე ნიჭიერები იზრდებიან.
- ეს ციფრები საიდან იცით?
- ინფორმაცია დავაზუსტე - ციფრები ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი ოყროშიძემ მითხრა.
- ბავშვთა ფეხბურთის ძველი სისტემა დაიშალა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ ყოფილა კომუნისტების მოგონილი და საფეხბურთო სკოლებს დასავლეთ ევროპაშიც სახელმწიფო აფინანსებს, როგორც სოციალურ პროექტებს. ჩვენთან კი ეს საკითხი სისტემურად არ გადაჭრილა და გუბერნატორების ნებაზეა დამოკიდებული.
- რა თქმა უნდა, სისტემა ჩამოიშალა, ფეხბურთი კი დიდ სიხარულს მხოლოდ მაშინ მოგვანიჭებს, თუ ის სახელმწიფოსგან მხარდაჭერილი და დაფინანსებული იქნება. ფეხბურთს სჭირდება არა შეღავათები, არამედ ადეკვატური გადასახადები.
ფაქტია, ვითარება სერიოზულად უნდა შეიცვალოს, ბავშვებმა ფეხბურთზე რომ იარონ. ბოლოს და ბოლოს, საფეხბურთო სკოლები მხოლოდ მდიდრებისთვის და ფულის საშოვნელად ხომ არ უნდა იყოს?
- ნიჭიერ ბავშვებს ყველა სკოლაში გადასახადისგან ათავისუფლებენ, ზოგან კი სტიპენდიასაც უნიშნავენ.
- ეს კარგია, მაგრამ პრობლემა ამით ვერ მოიხსნება. მშობლებმა იციან, რომ ფეხბურთზე ფულია გადასახდელი. მათ არ იციან, მოეწონებათ თუ არა მისი ბავშვი. შორიდან კი ეს არის ის საფრთხობელა, რომელიც ბევრს აშინებს და ვინ იცის, რამდენი ნიჭიერი ბავშვი დავკარგეთ.
და თუ ბავშვები არ ივლიან და გუნდების რაოდენობა შემცირდება, რად გვინდა ასეთი ჩემპიონატი? როგორც მიხეილ ჟვანეცკის სკეტჩში არის, ელმავალი მემანქანისთვის არის და არა მგზავრებისთვის?
ამ ამბავს უამრავი გუნდი განიცდის და საკითხს დროულად თუ არ მიეხედა, ხვალ 16 ათასი ფეხბურთელიც სანატრელი გაგვიხდება.
ფეხბურთი ღარიბების სპორტია. მარადონა, პელე, გარინჩა გაჭირვებული ოჯახებიდან იყვნენ და ეს ხომ უნდა გავითვალისწინოთ? რამდენი მშობელი გეგულებათ, რომელიც 50 ლარს გადაიხდის?
ტურნირი მაინც იყოს უფასო ან დაბალგადასახადიანი! ცუდი ის არის, რომ აქ ფულია ჩარეული და ამ პრობლემის მოგვარება ამიტომაც არის ძალიან ძნელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსის პაპასტერგიუსი: საქართველოში ბევრია ნიჭიერი, მაგრამ ვერ ვითარდებიან
"კოკა-კოლა" და ფენოვანი - წარბმოღუშულ ბავშვთა ფეხბურთი საქართველოში
ქართული საფეხბურთო სკოლების უმრავლესობა ფულის საჭრელი საამქროა...
ყველაზე ცუდი რამე საქართველოში: ბავშვი სკოლაში ფულს იხდის