ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.


ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 -
გოლის მეფე

ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXVI: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVII: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVIII: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXIX: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXX: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXXI: 50 გოლი ამსტერდამ არენაზე
ნაწილი XXXII: 50 გოლი ამსტერდამ არენაზე
ნაწილი XXXIII: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXXIV: 50 გოლი ამსტერდამ არენაზე

ნაწილი XXXV: 50 გოლი ამსტერდამ არენაზე
(დასასრული)
ჩემმა მეგობარმა დევიდ ენდმა მოგვიანებით მითხრა, - ჩემპიონობას ბოლო ტურში არ აგებენ, ბოლო ტურში ჩემპიონები ხდებიანო.

ვერაფერი ვუთხარი. ზუსტად არ ვიცი, რატომ დაგვემართა ეს. პირიქით, ჩემპიონები რომ ვერ გავხდით, ამის მიზეზი, ალბათ, წინა თამაშებში უნდა ვეძებოთ, ბევრი არდასაკარგი ქულა დავკარგეთ.

განადგურებული ვიყავი, მაგრამ ვცდილობდი, ნერვები მომეთოკა.

ერთი კვირის შემდეგ როტერდამში გვქონდა კიდევ ერთი ფინალი - ჰოლანდიის თასისთვის "აიაქსთან". "ალკმაარს" თასი ბოლოს 26 წლის წინ ჰქონდა მოგებული. მას მერე ფინალშიც არ ყოფილა გასული. როცა თასის 2007 წლის ფინალისტები გაირკვა, ბილეთები სამ საათში გაყიდა, - ასე სწრაფად, ალბათ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთები არ იყიდება.

"ალკმაარი" და "აიაქსიც" ლამაზ, შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და აჟიოტაჟს ესეც ამძაფრებდა. თან, ისევ ლუის ვან გაალი - "აიაქსის" წინააღმდეგ!..

"ექსელსიორის" შემდეგ ყველა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა ერთ კვირაში შოკიდან გამოსვლა, თუმცა უმეტესობა თასის ფინალს მაღალი კონცენტრაციით შეხვდა.

საქართველოდან, თურქეთიდან, შოტლანდიიდან ყველა ნაცნობ-მეგობარი მირეკავდა და მამხნევებდა.

"დინამო", "ტრაბზონსპორი", "აიაქსი" და "რეინჯერსი" - ყველგან რაღაც ჯილდო მივიღე, "ალკმაარში" კი ვერაფერი... ძალიან მინდოდა, ამ გუნდშიც მომეგო რაიმე ტიტული, ამ კლუბის დიდების დარბაზშიც ყოფილიყო ჩემი ფოტო, მაგრამ სპორტი ხანდახან დაუნდობელია...

როტერდამს ბევრი ფინალი უნახავს, ჩემპიონთა ლიგის თუ უეფასი, მაგრამ ჰოლანდიის თასის ფინალი ნამდვილი ფინალი გამოვიდა. დაძაბული და საინტერესო, ლამაზი და დრამატული მომენტებით ორივე კართან, არდანიშნული პენალტები, არჩათვლილი გოლი, წივილ-კივილი, წითელი და ყვითელი ბარათები - მოკლედ, ყველაფერი, რასაც ნამდვილი ფეხბურთი ჰქვია!..

თამაში დამატებით დროში გადავიდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ვარდნაში თავური დავარტყი, - ბურთი ზედა ხარიხის გადაკვეთას მოხვდა. მოკლედ, - 2:2... ყველაფერი პენალტების სერიას უნდა გადაეწყვიტა.

მსაჯმა კაპიტნები, მე და იაპ სტამი კენჭისყრისთვის გვიხმო. პირველ პენალტს ჩვენ დავარტყამდით, კარი კი მსაჯმა აირჩია. თერთმეტმეტრიანები იმ მხარეს უნდა შეგვესრულებინა, სადაც "აიაქსის" გულშემატკივრები ისხდნენ. მსაჯს ბევრი ვეკამათე ამის გამო, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ შევაცვლევინე.

პირველი პენალტი დავარტყი და გავიტანე. პენალტებში 9:9-ით იყო, როცა ჩვენმა, 20 წლის რაიან დონგმა "აიაქსის" მეკარეს ვერ აჯობა...

გადამწყვეტი დარტყმა ედგარ დავიდსმა შეასრულა. "აიაქსი", "მილანი", "იუვენტუსი", "ინტერი", "ბარსელონა"... ამხელა გამოცდილების მქონე დავიდს ნერვიც არ ატოკებია... ჰოლანდიის თასი "აიაქსმა" წაგვართვა.

როცა სტამმა ის ასწია, აიაქსური ფეიერვერკი ფარდასავით ჩამოეფარა სტადიონს!.. ჩვენ კი მთელი წლის ნაწვალები, - ჩემპიონობაც და თასიც ერთ კვირაში წავაგეთ.

თუმცა სეზონი ამით არ დასრულებულა - ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის "ერედივიზიონში" მეორედან მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებს პლეი ოფი გვქონდა სათამაშო. პირველ რაუნდში "ტვენტეს" ვძლიეთ (1:1, 2:0). გადამწყვეტი ბრძოლა ისევ "აიაქსთან" მოგვიწია.

პირველი მატჩი ალკმაარში იყო. მატჩის ბოლო წუთია, 1:1 ხელს არ გვაძლევს, საპასუხო მატჩის წინ ძალიან გვინდა მოგება. ბუკარიმ დე ზეუვს ჩააწოდა, მან ერთი შეხებით ჩინებული პასი მომცა, მეკარესთან პირისპირ დავრჩი, მოვატყუე, მაგრამ კარში უცბად არ დავარტყი, კარის ხაზამდე მივიტანე ბურთი და... ბადეში გავახვიე!..

თითქოს გოლი კი არა, ლელო გავიტანე - ალკმაარის სტადიონი კიდევ ერთხელ აგუგუნდა ჩემი გოლით!..

საპასუხო შეხვედრისთვის იმედიანად ვიყავით, მაგრამ რამდენიმე ტრავმიანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა და 0:3-ით წავაგეთ.

სეზონის წარუმატებლობაზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ყველაფერს ხუთ პუნქტად ჩამოვაყალიბებ; ისე, როგორც ფეხბურთელებმა იციან გულშემატკივრებთან თავის მართლების დროს, მაგრამ ვიცი, მთავარი მიზეზი მაინც ჩვენა ვართ, შემსრულებლები. ანუ, როგორც ჩვენში იტყვიან - "მიზეზ-მიზეზ..."

1. "ვერდერთან" ბრემენში, როცა 1:2-ს ვაგებდით, მსაჯმა ასპროცენტიანი გოლი არ ჩაგვითვალა!..
2. "ექსელსიორთან" - კაცნაკლულნი დავრჩით. პენალტი კი იყო, მაგრამ შეიძლებოდა, წითელი ბარათი არ ეჩვენებინა მეკარისთვის.
3. თასის ფინალში "აიაქსთან" ორი ასპროცენტიანი პენალტი არ დაგვინიშნეს და ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალეს!..
4. "პლეი ოფში" "აიაქსთან" საშინაო მატჩში, ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალეს!
5. საპასუხო შეხვედრაში მსაჯმა ლამის ხუთმეტრიანი თამაშგარე ვერ შენიშნა და "აიაქსმა" ასე გაგვიტანა გოლი. "ალკმაარმა" ჰოლანდიურ ფეხბურთში ფესვგადგმული სტერეოტიპი თუ ტრადიცია ვერ შეცვალა - ტიტულები ისევ "აიაქსს", პსვ-სა თუ "ფეიენოორდს" უნდა დარჩეს, - სხვას არავის, რადგან ძლიერი იმარჯვებს!..

შედეგი:
უეფას თასი - 11 თამაში, 8 გოლი;
ერედივიზიონი - 30 თამაში, 15 გოლი;
ჰოლანდიის თასი - 4 თამაში, 1 გოლი;
ნაკრები - 4 თამაში, 5 გოლი;
სულ 49 თამაში და 32 გოლი.

34 წლის ფორვარდისთვის ეს ცოტა არ არის. ჟურნალისტებისა და სპეციალისტების გამოკითხვებში საქართველოში "წლის საუკეთესო ფეხბურთელად" დამასახელეს.

"ალკმაართან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებდა, თუმცა ფეხბურთელის კარიერის დასრულებაზე უკვე სერიოზულად ვფიქრობდი. ამ ასაკში ყველაფერი გტკივა და აღდგენასაც დიდი დრო სჭირდება. ტკივილით თამაში კი ნერვებზეც ძალიან მძიმედ მოქმედებს. ნაკრებს ევროშესარჩევში ორი თამაში ჰქონდა დარჩენილი, ლიტვასთან და საფრანგეთთან - ივნისში.

გადავწყვიტე, აღარ წავსულიყავი, ნაკრებისთვის თავი დამენებებინა. ამაზე ადრეც მიფიქრია და მილაპარაკია ჩემებთან ("ტოპის" დაველაპარაკე და ყველაფერი ავუხსენი).

"პლეი ოფში" "აიაქსთან" წაგების შემდეგ ჟურნალისტებს ვუთხარი, - შესაძლოა, თამაშს თავი დავანებო-მეთქი. იმავე საღამოს ამსტერდამში ჩვენი და "აიაქსის" ფეხბურთელები ბარში შევხვდით ერთმანეთს. ისინი თავის გამარჯვებას ზეიმობდნენ, ჩვენ კი - სეზონის დასრულებას.

კარგად მოვილხინეთ. მე დავლიე კიდეც. მეორე დღეს კი აიაქსელმა და "ალკმაარში" ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა ქენეტ პერესმა მობილურზე მესიჯი მომწერა, - გაზეთებში წავიკითხე შენი ინტერვიუ და ხომ არ გააფრინე, რა დროს თამაშისთვის თავის დანებებაა, ეტყობა, გუშინ საღამოს ბევრი დალიეო...

ჩემი პასუხი მოკლე იყო და ერთი სიტყვით შემოიფარგლა - გმადლობთ!..

კარგად მახსოვს 2007 წლის 27 მაისი... კლუბში ჩემი ნივთების ასაღებად მივედი, როცა ვან გაალმა და "ალკმაარის" ტექნიკურმა დირექტორმა მარსელ ბრანსმა მითხრეს, - სამომავლო გეგმებზე უნდა დაგელაპარაკოთო. საუბრისას ვან გაალმა მითხრა ის, რასაც საკუთარ თავს ჩავჩიჩინებდი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვუმტკიცებდი. როცა 35 წლის იქნები, თან მუხლი ქრონიკულად შეგაწუხებს, თამაშების უმეტესობას, ალბათ, ვერ ითამაშებ და ასეთ შემთხვევაში გუნდის კაპიტნად სხვა უნდა ავირჩიოო.

მოკლედ, მწვრთნელმა მითხრა, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და, მეორე მხრივ, იმასაც მეუბნებოდა, რაოდენ საჭირო ვიყავი მისთვის. შენ გინდა, რომ ყველა თამაში ითამაშო. თუ არ გათამაშებ, ისეთი ხასიათი გაქვს, ამას ძნელად შეეგუები და არ მინდა, ჩვენს შორის ურთიერთობა გაფუჭდესო.

სიმართლე გითხრათ, სხვისგან ამის მოსმენა ჩემთვის მართლაც ძნელი გამოდგა, თორემ ამას შეგუებული ვიყავი. ყელში რაღაც მომაწვა... სიმართლეს მეუბნებოდნენ, მაგრამ არ მინდოდა ამას დავთანხმებოდი.

ერთი რამ ვინატრე - ნეტავ, ბოლო წლების სეზონები ცუდად მეთამაშა, რადგან ასე უფრო გამიადვილდებოდა ფეხბურთისთვის თავის დანებება-მეთქი.

კარგი, ვთქვათ, დავანებე თამაშს თავი, მაგრამ მერე რა ვქნა, სად წავიდე?! შევძლებ კი უფეხბურთოდ ცხოვრებას?!

დავემშვიდობე და შევთანხმდით, რომ ჯერ კარგად დავისვენებდი და მერე კიდევ ერთხელ დავილაპარაკებდით...

ეპილოგი
2008 წლის 25 ნოემბერი... ერთი ჩვეულებრივი დღე ჩემს ცხოვრებაში. ადრე ავდექი, არ მინდა, სამსახურში დამაგვიანდეს. ამსტერდამში თოვლი მოვიდა და ალკმაარამდე, ალბათ, საკმაოდ დიდი დრო დამჭირდება. მოვემზადე და მანქანაში ჩავჯექი. არა, ფეხბურთის თამაში არ გამიგრძელებია, დღეს მე "ალკმაარის" მეორე მწვრთნელად ვმუშაობ, ლუის ვან გაალის ასისტენტად.

როდესაც "ალკმაარის" ხელმძღვანელობა დამიკავშირდა, ჩემთვის ეს საპასუხისმგებლო და საამაყო შემოთავაზება სიხარულით მივიღე...

დღესდღეობით გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა ჰოლანდიაში და იმედი მაქვს, მეც ჩემი მცირედი წვლილი შემაქვს მის წარმატებაში.

ღმერთის წყალობით ისევ ჩემს საქმეს ვემსახურები... მართალია, ხანდახან მავიწყდება, რომ ფეხბურთელი აღარ ვარ და ბიჭებთან ერთად გავრბივარ მინდორზე... მერე მახსენდება, რომ მწვრთნელივით უნდა მოვიქცე...

თავიდან ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ეს თამაში გამოვტოვე და მომდევნოს ვითამაშებდი. ეს, ალბათ, კარგა ხანს არ გამივლის.

ლუი რომ იტყვის, 11-ზე ოთახებშიო, მგონია, მეც მეხება, ვდგები და ოთახში მივდივარ... ერთი-ორჯერ შემახსენა კიდეც, რომ მე შემიძლია გვიანობამდე დავრჩე სასტუმროს ფოიეში.

ბედნიერი ვარ, რომ ცოტა სხვაგვარად, მაგრამ ისევ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ისე, ყველაფერი ძველებურად არის, კარგად მყავს ჩემი ოჯახი, თამუნა, გიორგუნა, ელენიკო... მაქვს სახლი, სადაც ყოველთვის სითბო, სიყვარული და სიხარული მელოდება.

ამ წიგნის მკითხველი, ჩემი გულშემატკივარი, მინდა გავახარო და დავაიმედო, რომ ჩემში კიდევ უამრავი დაუხარჯავი ენერგია და პოტენციაა, რომელსაც აუცილებლად სასიკეთოდ და მათ გასახარად გამოვიყენებ...

სამყაროში ხომ არაფერია მარადიული. დასასრული ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული