ზვიად სიჭინავას ძალით არავინ გადააყენებს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს!

AutoSharing Option
"ქართული ოცნების" გამარჯვება ყველა სფეროზე დადებითად აისახება და მათ შორის ფეხბურთზეც", - ამბობს ვეტერანი ფეხბურთელი დავით უგრელიძე.

უგრელიძე ვარსკვლავი არ ყოფილა, მაგრამ საკმაოდ კარგი თავდამსხმელი იყო და, რაც ყველაზე მთავარია, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ღირსეული ნაბიჯით შევიდა: მისი და ლანჩხუთის "გურიას" სხვა მოთამაშეების (თემურ ჩხაიძე, გია გილიგაშვილი, მერაბ თევზაძე, ოთარ კორღალიძე, ლევან ბარათაშვილი...) დამსახურებაა, 1990 წელს საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის დამფუძნებელმა ყრილობამ ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება რომ გადაწყვიტა და მასში საუკეთესო ქართული გუნდები ჩაერთვნენ.

"ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, "გურიას" ვეტერანებთან
ერთად, "ქართულ ოცნების" თემატურ ჯგუფში გაწევრდა და ლანჩხუთში თემურ ჩხაიძის საარჩევნო შტაბში იყო.

დავით უგრელიძე "ლელოს" სტუმარია და მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობს.

- პირველი ოქტომბრის შემდეგ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ფეხბურთში?
- მთელ ქვეყანაში დაიწყება სასიკეთო პროცესები, რაც ფეხბურთზეც აისახება.

"ქართულ ოცნების" თემატურ ჯგუფში შესვლა ლევან ყიფიანმა მთხოვა. "გურიას" ვეტერანი ფეხბურთელები იმიტომ გავწევრდით, რომ გვჯერა - კოალიციის გამარჯვება მთლიანად ქვეყანასაც წაადგება და ფეხბურთსაც. ყველა იმისკენ ვართ მომართულნი, რომ ამ სახეობის განვითარებისთვის მეტი სასიკეთო პროექტი დაიდოს. უპირველესად, აუცილებელია ფეხბურთში საინვესტიციო გარემოს შექმნა.

- ეს მხოლოდ ადეკვატური კანონმდებლობით არის შესაძლებელი. დღეს კი ფეხბურთში ინვესტიციებს ლამის მხოლოდ სოციალური მნიშვნელობა ენიჭება.
- გეთანხმებით. მაგრამ პარლამენტში ძალიან ბევრი სპორტსმენი მოხვდა და პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებენ. საკანონმდებლო ბაზა მართლაც დასახვეწია. ეს ვრცელი თემაა, რომელზეც მსჯელობა უნდა დაიწყოს.

მხოლოდ ზოგად თეზისებს გეტყვით: უპირველესად, საფეხბურთო მეურნეობას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გადასახადი. აქ აუცილებელია ხაზგასმა - არა შეღავათები!

ფეხბურთიც ერთ-ერთი დარგია, რომელიც გადასახადს უნდა იხდიდეს, მაგრამ არ შეიძლება, მაგალითად, სტადიონის მიწის დაბეგვრის ტარიფი რესტორნისას უდრიდეს. გადასახადების დიფერენცირება ისევ ქვეყანას წაადგება.

ასევე აუცილებელია სპორტული პროდუქციის შემოტანისას დაბეგვრის შემცირება, რადგან ჩვენ თითქმის არ გვაქვს მსგავსი ტიპის წარმოება. არ შეიძლება ერთნაირი გადასახადი ჰქონდეს კვების პროდუქტებსა და ბურთებს.

კიდევ უამრავი საკითხია იურისტებთან და ეკონომისტებთან გასავლელი. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ კუთხით თითქმის არც უმუშავიათ.

და კიდევ: ჩვენი აზრით, პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს და სახელმწიფოს წლიური დახმარება 7 მილიონი ლარი სხვა მიმართულებით დაიხარჯოს. ანუ, ნაკრების ნაცვლად ბავშვთა ფეხბურთსა და ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარდეს.

ჩვენი მიზანი ძლიერი ფეხბურთელების გაზრდა არის. ამაზე თუ არ ვიმუშავებთ და ძლიერ სკოლას არ შევქმნით, ქართულ ფეხბურთში ინვესტიცია ვერ წამოვა.

ჩვენ პროგრამაში დეტალურად არის გათვალისწინებული, საიდან დავიწყოთ, სახელმწიფოს თანხები როგორ მოვიხმაროთ. ჩვენი აზრით, უპრიანი იქნება ქართული ფეხბურთის თანადგომის ფონდის შექმნაც, სადაც თანხების აკუმულირება მოხდება, ამის გარანტი კი სახელმწიფო უნდა იყოს. მერე ექსპერტთა ჯგუფი განსაზღვრავს, ფული სად დაიხარჯოს.

ბავშვთა ფეხბურთის გარდა, ჩვენ გვაქვს რეგიონების გამოცოცხლების პროგრამა. ადრე ქართული ფეხბურთი სწორედ იქიდან იკვებებოდა, ახლა კი მხოლოდ თბილისისა და ორიოდე ქალაქის იმედად დაგვრჩა.

რა უნდა გაკეთდეს? რეგიონული ფედერაციების წლიური დაფინანსება 10 ათასი ლარი იყო, რაც არასაკმარისია. თავად ვნახე ბევრ სოფელში არსებული მდგომარეობა, წვიმის დროს, ბევრ სკოლაში ვარჯიში შეუძლებელია, რადგან მოედნები ტალახდება.

არ დავაკონკრეტებ და ასეთი მაგალითებიც ვიცი: რაიონებში საფეხბურთო ჯუფებში გადასახადი 5-დან 20 ლარამდეა, მაგრამ ოჯახები ამასაც ვერ იხდიდნენ და ბავშვებს ლობიოს, სიმინდსა და ფქვილს ატანდნენ! სოფლები მოვიარეთ და ბევრგან მოედნებიც არ დარჩა. არადა, სკოლა და გუნდი ყველა სოფელსა და დაბაში უნდა იყოს, თუ ფეხბურთის მასობრიობასა და განვითარებაზე ვფიქრობთ.

სწორედ ამას გთავაზობთ: ფეხბურთში, ძირითადად, წარმატებებს გაჭირვებული ოჯახების შვილები აღწევენ და ასეთების მოზიდვაზე უნდა ვიფიქროთ. ყველა რაიონში უნდა გაიხსნას 3-4-მოედნიანი, მაღალი სტანდარტების მქონე საფეხბურთო სკოლა თავისი აღდგენითი ცენტრით, რომელიც უფასო იქნება და მუნიციპალიტეტები დააფინანსებენ. საამისო ტერიტორია ყველგან მოიძებნება. სხვაგვარად, ნაკრებს მასაზრდოებელი წყარო მოაკლდება.

- მერე სახელმწიფოს ამის რესურსი გააჩნია?
- ამის თაობაზე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვისაუბრე. საკითხი ასე არ დგას, რომ ჯერ სხვა სფერო და მერე სპორტი, რადგან ყველა სფეროს ერთიანად უნდა შეუტიონ, ქვეყანაში მდგომარეობა რადიკალურად რომ გამოსწორდეს.

სხვა პრიორიტეტი რომ გვქონოდა და ნაკრებებზე დახარჯული თანხები რაიონებზე განაწილებულიყო, აქამდე ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდებოდა. მაგალითად, შესაძლებელია რამდენიმე რაიონში ეროვნული აკადემიების დაარსებაც. ფედერაციას არ დავუკარგავ, მსგავსი ტიპის სამი სკოლის დაფუძნება სურდა, მაგრამ ეს პროექტი შეჩერდა.

გარდა ამისა, რეგიონებში საფეხბურთო გუნდების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ზოგიერთ გუბერნატორს ფეხბურთი უყვარს და აფინანსებს, ვიღაცას არ უყვარს და არ პატრონობს - ამ დროს, ერთიანი მიდგომაა შესამუშავებელი.

არავინ მოგვცემს უფლებას, პროგრამა მთლიანად სახელმწიფოს კისერზე დააწვეს. მაგრამ ეს უნდა იყოს 5-დან 10-წლიანი პროექტი და ხელისუფლებას უნდა დავუსაბუთოთ, რომ ეს არის აუცილებელი პროექტი, რომ ფეხბურთი ბევრ ქვეყანაში არა მხოლოდ მომგებიანი, არამედ გამართული ინდუსტრიაც გახდა. მაგალითად, თურქეთში.

ფეხბურთი მხოლოდ ბურთი და მოედანი არ არის, საჭიროა უამრავი წარმოება - ბურთების, ფორმების, ბუცების, სავარჯიშო ატრიბუტიკის, სტადიონისთვის სკამების საწარმოებლად...

- ბევრს არ სჯერა, ფეხბურთი საქართველოში მომგებიანი რომ გახდება.
- დღევანდელ გარემოში ეს წარმოუდგენელია. მაგრამ 5-10 წელი სახელმწიფო სასურველ გარემოს თუ შექმნის, დავამტკიცებთ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია.

- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ლევან ყიფიანმა ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ჩამოაყალიბა, სახელმწიფოს ჩარევა დაუშვებელიაო.
- აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ სამართლიანობაც უნდა აღდგეს. ვისაც ეს არ ესმის, ვეტყვი - ფეხბურთში უნდა დასრულდეს პარტიული ჩარევები.

სიჭინავამ თავად ხომ იცის, როგორ დანიშნეს, კონკურენტი არ ჰყავდა და ასეთი არჩევნები რეალურად დანიშვნაა. მას ძალით არავინ გადააყენებს, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა იქნება, თავად თუ მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

მგონია, რომ ის სკამზე გამოკიდებული ადამიანი არც უნდა იყოს. არავინ ეუბნება, ფეხბურთს ჩამოშორდი და ქვეყნიდან გადაიხვეწეო. იმასაც ვერ წავართმევთ, რომ სტადიონები, ნაკრების ბაზა და რამდენიმე მოედანი გააკეთა. მაგრამ სახელმწიფო რამდენიმე სტადიონს რომ დაანგრევს და გაასხვისებს, სანაცვლოდ კი ნახევარს ააშენებს, ეს არის პიარზე გათვლილი პროექტი.

მარტო თბილისში ათამდე მოედანი და სკოლა დაიხურა, სანაცვლოდ, რამდენი აშენდა? ჩვენი აზრით, სიჭინავას უფრო მეტი მასშტაბური პროექტების განხორციელება და ბავშვთა ფეხბურთზე მეტი ზრუნვა შეეძლო.

მეტი პრინციპულობა მართებდა ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებითაც. თავიდან გარიგებებში მონაწილედ 150 ფეხბურთელი დასახელდა, მაგრამ მხოლოდ 5 დაისაჯა და მათაც მალე დისკვალიფიკაცია მოუხსნეს.

დასჯის მომხრე არ ვარ, მაგრამ საჩვენებელი პროცესი სხვებსაც ხელ-ფეხს შეუკრავდა. პირადად მე წინასწარ მითხრეს, რამდენიმე საეჭვო შეხვედრის შესახებ. კორუფციას გათამაშების შარშანდელი სისტემაც ხელს უწყობდა, რადგან პირველი ექვსეულში მოხვედრის შემდეგ, გუნდებმა სტიმული დაკარგეს და ზოგიერთი ქულებს ანიავებდა.

როდესაც ტოტალიზატორების ბუმია, ასეთი "ხვრელი" არ უნდა დატოვო.

მაგრამ ფედერაციას არც ნაციონალების ჩარევა არგებს და არც "ქართული ოცნების". ქართული ფეხბურთი ხალხს ეკუთვნის და მას სიხარული უნდა მიანიჭოს. ამიტომ, ერთად უნდა ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, რომელიც გახდება არა პოლიტიკური ჯგუფების, არამედ პროგრამების შეჯიბრების ასპარეზი. კანდიდატი იტყვის, რა თანხა მოაქვს და საიდან.

სიჭინავამ "სოკარის" გარდა, სპონსორები ვერ მოიზიდა, პროფლიგაც დაიშალა და თუ მაინც სახელმწიფო და უეფა გვაფინანსებს, სად ჩანს მისი ძლიერი მენეჯერობა? მოედნის დამგებს ხომ ყველა მოძებნის.

და თუ სამართლიან არჩევნებში მაინც სიჭინავა გაიმარჯვებს, "ოცნება" 15 წუთში ნამდვილად არ აიძულებს გადადგომას.

რედაქციისგან: ინტერვიუ, რომელსაც გაეცანით, მართლაც აქტუალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილების გარდა, ვფიქრობთ, არაერთ კითხვას გაგიჩენდათ. მაგალითად, არა გვგონია, სახელმწიფო დახმარება 7 მილიონი ლარი სავალდებულოდ დაკანონებული იყოს, ანდა მისი მიზნობრივი ხარჯვის შეცვლის უფლება ჰქონდეს ფედერაციას. საით ვუბიძგებთ, გამოიყო ნაკრებისთვის და დახარჯოს არამიზნობრივად? ეს ხომ შეუძლებელია. ჩვენთვისაც გაუგებარია, რას ნიშნავს "ზოგიერთ რაიონში ეროვნული აკადემიის დაარსება", რა აკადემიაზეა ლაპარაკი? დანარჩენზე, აღარ შევჩერდებით იმ იმედით, რომ ინტერვიუს გამოხმაურება მოჰყვება.

დავით უგრელიძე: სამართლიანობა უნდა აღდგეს! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: ვისურვებდი, მიხეილ ყაველაშვილი ჩემს გვერდით იყოს
პასუხი კითხვაზე - როგორ ითანამშრომლებს ახალი ხელისუფლება სფფ-სთან?
ზურაბ პეტრიაშვილი: ასეთი გადასახადებით ბავშვებს ვერ გავზრდით
ქართული საფეხბურთო სკოლების უმრავლესობა ფულის საჭრელი საამქროა...

მკითხველის კომენტარები / 6 /
აუ .... რა, ჯერ არაპერი არ არის კონკრეტული და უკვე ყრონტსჰი ეტაკენ, სად იყავიტ ეს ..... რომ აკეტებდნენნ ყველაპერს რაც უნდოდათ, მასჰინ რატო არ წერდით არაPერს,
sandro
15:42 14-10-2012
0
მამულაშვილო,ამდენი კითხვა ბოლო 8 წელიწადში დაგისვამს?გიკითხავს იმ ხალხისთვის საკუთარი თამხებით რომ კლუბებს ინახავენ და არავითარი შეღავათი არ აქვთ სახელმწიფოსგან,რამდენად სწორად მიაჩნიათ შ.ს.ს და თავდაცვის სამინისტროებისგან,ბიუჯეტის ხარჯზე,განუსაზღვრელი თანხებით დაფინანსებულ კონკურეტ კლუბებზე რას ფიქრობენ?არ გაინტერესებს როგორც ჟურნალისტს რამდენი აქვს ხელფასი ქეცბაიას?გიკითხავს სადმე?მე გეკითხები შენ სპორტულ ჟურნალისტს,ფედერაციამ არ უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფო ფული სად უნდა დაიხარჯოს?რისი დაფინანსებაა პრიორიტეტული ბავშვთა ფეხბურთის განვითარება რომელიც აბსოლიტურად მოშლილი და განადგურებულია თუ ნაკრების ხელმძღვანელები გასაიდუმლოებული ხალფასები,თუ გიკითხავს,ღირდა ქალაქებში მინდვრის საფარის შეცვლა,სადაც არც გუნდს ყავს ნორმალური პატრონი და არც სტადიონს,ვინ მიხედავს იმ გაზონს გიკითხავს?არა ეს წყალში გადაყრილი ფული?გახმაურებული სკანდალის,გაყიდული თამაშების "ჩაფარცხვა-მიჩუმათებამ"არ გაგიჩინა კითხვები?
daviti
16:45 14-10-2012
0

სიახლეები პოპულარული