არ გინდოდათ ტოტალური კონტროლი ყველაფერზე? ჰოდა, ახია თქვენზე...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გადადგომას არ აპირებს, საპრეზიდენტო ვადა 2015 წელს გასდის.
ახალი ხელისუფლებაც ჯერჯერობით არ ჰგავს უწინდელს და არ ეუბნება სიჭინავას, უნდა წახვიდეო და თუ არ წახვალო...
ახალ ხელისუფლებას ჯერ არ გამოუყენებია ცივილური ბერკეტები - არ გემუქრები, მაგრამ ნებით თუ არ წახვალ, წლიურ შვიდ მილიონ
მაგრამ მილეთი არ ისვენებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა ჯერაც სანუკვარი თანამდებობაა, ძალიან პრესტიჟული და გაპრანჭული, ძნელად მისაწვდომი და ელიტური. თუ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველას აჯობე.
და რატომ არის ასე ნანატრი ფედერაციის პრეზიდენტობა? შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ძალიან რესპექტაბელურია საქართველოში. ეს ის თანამდებობაა, ქვეყნის მეთაურის თანხმობა რომ იყო აუცილებელი.
მთავრობა იცვლება, სიჭინავა კი არ მიდის - არ გამოდგა ის მარტივი ადამიანი. მან ხასიათი დაგვანახა - აქ ვდგავარ და არსად წასვლასაც არ ვაპირებო.
სიჭინავა არ ყოფილა წინა ხელისუფლების ლიბერტარიანული ფლანგის ფავორიტი. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ მან ორჯერ ისე წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, რომ მეტოქე არ ჰყოლია.
ყველას შეეშინდა, ყველა მიხვდა, რომ სიჭინავასთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, სიჭინავასთან ბრძოლა ძალოვანებთან ბრძოლას ნიშნავდა.
შიშის კანკალი დიდხანს გაგრძელდა და რა მივიღეთ - პრეზიდენტობის ბევრი მსურველი, რომელთაც ოფიციალურად ჯერ არ უთქვამთ ამის შესახებ.
ეს ჩვეულებრივი უკურეაქცია უნდა იყოს. დღეს საშიში აღარ არის ის, რომ ფედერაციის პრეზიდენტობა გინდა; ოღონდაც დღეს იმის საშუალებაც არის, რომ დაფიქრდე - რატომ გინდა ფედერაციის პრეზიდენტობა, რა გამოცდილება გაქვს და რისი გაკეთება შეგიძლია.
გიორგი დემეტრაძის გათავისუფლების თხოვნაზე წერილი რომ დაიწერა, მას ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებმაც მოაწერეს ხელი, სიჭინავაც ძალოვანებში დაიბარეს და უბრძანეს, ვინც ამ წერილს ხელი მოაწერა, სამსახურიდან უნდა გაუშვაო. ტკბილი საუბარი არ ყოფილა, მაგრამ სიჭინავა კურდღელივით არ დამფრთხალა და ბრძანება არ შეუსრულებია - მე ასე ვიცი ეს ამბავი და თუ რამე მეშლება, ბოდიში მომითხოვია.
სიჭინავას არ ჰქონდა საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება იმ დონეზე, რაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მოეთხოვება. ის ვერ ერკვევა კარგად წმინდა საფეხბურთო საკითხებში; სამაგიეროდ, არის მუყაითი მაღალჩინოსანი.
სიჭინავა არ აურჩევიათ სამართლიან არჩევნებში - იურიდიულად ამის დამტკიცება ალბათ შეუძლებელია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის ხელისუფლების ფავორიტი იყო და ამიტომაც დაიკავა ეს თანამდებობა.
და რა იქნება შემდეგ? ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველებს 2015 წლამდე მოუწევთ მოცდა?
მე მაინც მგონია, რომ თუ სიჭინავას გადადგომას მთავრობიდან აიძულებენ, ეს დასაგმობი იქნება, მაგრამ თუ საფეხბურთო სამყარო მოახერხებს ფედერაციის პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ეს უკვე რაღაც ახალი და საინტერესო გამოდგება.
მოთმინება ყველა საქმეში აუცილებელია. ქართული საფეხბურთო სამყარო დიდი პრინციპულობით არასდროს გამოირჩეოდა, ბევრი ცუდი ამბავი გადაუყლაპია, ბევრჯერ უთქვამს, მაწონი შავიაო და ხშირად ციხე შიგნიდან არ გაუტეხავს. სიჭინავას პრეზიდენტობაც მხოლოდ წინა ხელისუფლების ცოდვა ვერ იქნება.
უკეთესი გვინდა? კი ბატონო, ოღონდაც მაშინ სხვებზე უკეთესები უნდა ვიყოთ, მათ შორის, მოქმედების ფორმებითაც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სფფ-ის პრეზიდენტობის უკვე ცნობილი და მოულოდნელი კანდიდატები
ზვიად სიჭინავას ძალით არავინ გადააყენებს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს!
მიხეილ ყაველაშვილი: თუ ფეხბურთისადმი ნდობის დაბრუნება გვინდა, ზვიად სიჭინავა უნდა გადადგეს
ლევან ყიფიანი: ვისურვებდი, მიხეილ ყაველაშვილი ჩემს გვერდით იყოს