სხვებთან ერთად, ქართული ფეხბურთის პირველკაცობის მსურველთა შორის ლევან კობიაშვილის გვარიც დასახელდა.
შეგახსენებთ, ნაკრების აწ უკვე ყოფილი წევრი და რეკორდსმენი (ეროვნულ გუნდში 100 მატჩი აქვს ჩატარებული. - ავტ.) ამჟამად დისკვალიფიკაციას იხდის და ბერლინის "ჰერტაში" თამაშის უფლება მხოლოდ ბუნდესლიგის მეორე წრიდან ექნება. ამ მნიშვნელოვანი დღისთვის ქართველი ვეტერანი ჩვეულ რეჟიმში, კლუბთან ერთად ემზადება.
წინა კვირის ბოლოს ლევან
- გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრის ბოლომდე ვერ ვითამაშებ. მეორე წრიდან, ანუ 2013 წლის იანვრის ბოლოდან კი უკვე შემიძლია ოფიციალურ მატჩებშიც მივიღო მონაწილეობა.
- როგორ ფორმაში ხარ?
- რაც მთავარია, ჯანმრთელად ვარ და "ჰერტასთან" ერთად ყოველდღიურად ვვარჯიშობ. რამდენიმე ამხანაგურ მატჩშიც მივიღე მონაწილეობა.
უბრალოდ, კვირის ბოლოს, როცა გუნდს თამაში აქვს, მე მხოლოდ ინდივიდუალურად ვემზადები. ფეხბურთელისთვის გაცილებით ადვილია, როცა თამაში ყოველკვირა უწევს და საფეხბურთო რიტმიდან ამოვარდნილი არ არის, მაგრამ არჩევანის საშუალება არ მაქვს.
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების შესახებ ჯერ მხოლოდ მოსაზრებები ისმის, მაგრამ რამდენიმე სავარაუდო კანდიდატის და მათ შორის - შენი გვარიც უკვე დასახელდა...
- დღესდღეობით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ამ თემაზე ლაპარაკი არასერიოზული იქნება.
ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ცვლილებებს ბევრი ელის, მათ შორის - ფეხბურთშიც, მაგრამ მე გარკვევით ვთქვი - პირველ რიგში, იმ ადამიანს ვცემ პატივს, ვინც დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს.
მისი შეცვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამიტომაც ჩემს თავს ნამდვილად არ მივცემ უფლებას, რაღაცები ვილაპარაკო.
არ დავმალავ - მაქვს სურვილი, ქართულ ფეხბურთში დავბრუნდე, ის გამოცდილება და ცოდნა, რაც წლების განმავლობაში გერმანიაში თამაშის დროს დამიგროვდა, ჩემს ქვეყანას მოვახმარო, მაგრამ ვიმეორებ - ამჟამად ეს თემა აქტუალური არ არის.
თუ რაღაც შეიცვლება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, მაშინ უფრო კონკრეტულად შემეძლება ამაზე ლაპარაკი.
- მით უმეტეს, "ჰერტასთან" კონტრაქტი გაქვს და იმის შემდეგ, რაც კლუბმა შენთვის გააკეთა, ყველაფრის მიტოვება უმადურობაც იქნებოდა...
- ამ წლების განმავლობაში კარგად ვისწავლე, რა არის საჭირო ფეხბურთის განვითარებისა და წარმატებისთვის. შესაბამისად, იმის სურვილი და უნარიც მაქვს, ჩემს ქვეყანას გამოვადგე. თუმცა, ახლა არ ვიცი, მომავალში სად ვიქნები და ვიმუშავებ. ჩემთვისაც ძნელი იქნება, იმხელა ნდობის შემდეგ, რაც "ჰერტაში" გამომიცხადეს, ვუთხრა - დიდი მადლობა, მაგრამ მივდივარ-მეთქი. თუმცა, თუ ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, ამასაც სწორად გაიგებენ.
- ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის ვადა 2015 წელს იწურება. შენი აზრით, მუშაობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე უნდა დასცალდეს, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს?
- არ ვიცი, ვინ იყო იმ დროს აღმასკომში, მაგრამ ეს ადამიანი აირჩიეს და რაკი ასე მოხდა, მუშაობაც უნდა აცალონ. რა თქმა უნდა, თუ თავისი სურვილით გადადგება, ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
მეორე მხრივ, იმ ადამიანებისაც მესმის, ვინც ამბობს, რომ ის არჩევნები უსამართლო იყო და სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაა აუცილებელი.
- რას გრძნობს ნაკრებს მიღმა დარჩენილი ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 100 მატჩი აქვს ჩატარებული?
- ნაკრები ჩემთვის ოჯახივით არის და მიუხედავად იმისა, რომ წარმატებებით ვერ დავიკვეხნიდით, ეროვნულ გუნდში სათამაშოდ ყოველთვის სიხარულით და იმედიანად მივდიოდი. ამიტომაც ნაკრების თამაშებისთვის "შორიდან" ყურება ძალიან მიჭირს. მით უმეტეს, როცა წარუმატებლად თამაშობენ.
ადრეც გითხარით: ეროვნულმა გუნდმა ლევან კობიაშვილის სახით დაკარგა მოთამაშე, მაგრამ ამავე დროს, მისი სახით კიდევ ერთი გულშემატკივარი შეიძინა და მინდა, ბიჭებს წარმატება ვუსურვო!
- ფინეთსა და ბელორუსთან ჩატარებულ მატჩებზე რას იტყვი?
- ამ ციკლის საწყისი შესარჩევი მატჩების შემდეგ მეც, ისევე, როგორც ყველა გულშემატკივარი, კმაყოფილი ვიყავი და კიდევ უფრო მეტი წარმატების იმედიც მქონდა, თუმცა, ფინეთსა და ბელორუსთან ჩატარებულმა გასვლითმა მატჩებმა იმედი გამიცრუა. განსაკუთრებით ეს ითქმის ფინელებთან მატჩზე - 1:0-ს ვიგებდით, მეტოქის ფეხბურთელი გააძევს, მაგრამ...
საქმისადმი არასერიოზული მიდგომის გამო მასპინძლებს, ფაქტობრივად, ვაჩუქეთ ორი ქულა.
ამის მიუხედავად, იმედიანად ვარ და მინდა, ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობას და ყველა მოთამაშეს წარმატება ვუსურვო.
- შენ და ალექსანდრე იაშვილი ნაკრებთან ასეთი ფორმით დამშვიდობებას რომ არ იმსახურებდით, თავად ქეცბაიამაც აღიარა...
- ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი ვთქვი და აღარ მივუბრუნდები. თემურმა იცის, გულნატკენი ვიყავი და დღესაც მიმაჩნია, რომ სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. მეტიც - ბელორუსთან თბილისში გამარჯვების შემდეგ დავურეკე და წარმატება მივულოცე.
ასე რომ, ჩვენი ურთიერთობა ძველებურად გაგრძელდება. ქართული ფეხბურთი ერთი ოჯახივით უნდა იყოს და ყველა ერთად იდგეს - წარმატებას მხოლოდ ასე მივაღწევთ. ელემენტარული რაღაცების გამო ერთმანეთთან დაპირისპირება კარგს არაფერს მოგვიტანს.
(იხილეთ სრულად)
რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
ასევე იხილეთ:
სფფ-ის პრეზიდენტობის უკვე ცნობილი და მოულოდნელი კანდიდატები
თემურ ქეცბაია: კობიაშვილთან და იაშვილთან, ალბათ, დამნაშავე ვარ
ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!
zviad