პრემიერლიგის დაარსებამდე წასაკითხი: რა ჭრის საქართველოში - პროექტი თუ ავტორიტეტი?

AutoSharing Option
პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენა გადაწყდა. კლუბები თბილისის "დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ შეხვედრებში აქტიურად და ხალისით მონაწილეობენ, რადგან ახალი პროექტის განხორციელებას ჩემპიონატის განვითარებისა და პოპულარიზაციის იმედს უკავშირებენ.

გადაწყვეტილია, რომ ორგანიზაციას ერქმევა არა პროფესიული ფეხბურთის ლიგა, არამედ პრემიერლიგა. კლუბების წარმომადგენლები ორშაბათს კვლავ "დინამოს" ბაზაზე შეიკრიბებიან, შეთანხმებას ხელს მოაწერენ და პრემიერლიგაც დაფუძნდება, რომელსაც ჩემპიონატის ჩატარების უფლება სეზონის დასრულების შემდეგ, ან იანვრიდან გადაეცემა.

კლუბების წარმომადგენლებმა წერილით მიმართეს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, გეგმავენ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავჯდომარე ლერი ხაბელოვთან
შეხვედრას და ყველა ზემოთნახსენების მხარდაჭერის იმედი აქვთ.

ლაპარაკია იმაზე, რომ ქართულ ფეხბურთში ფული ჩაიდოს. აქ უკვე კლუბებისა და ფედერაციის ინტერესი გადაიკვეთება, რადგან კლუბები სახელმწიფოს პრემიერლიგისთვის იმ 7 მილიონ ლარს, ან მისი ნაწილს სთხოვენ, რაც აქამდე ფედერაციისთვის გადაეცემოდა. თანხის გაკონტროლებას კი სამინისტროს სთავაზობენ.

შეგახსენებთ, რომ პროფლიგა 2004 წელს დაარსდა: დიმიტრი რამიშვილმა, პაატა ბურჯალიანმა, რევაზ ლორთქიფანიძემ, გერა ხეცურიანმა, შოთა ბაქრაძემ, ნოდარ კაკულიამ, ბიბი ერისთავმა, დიმა ბოკერიამ, თემურ თოდრაძემ, ვახტანგ ზაალიშვილმა, ზვიად დარასელმა მოახერხეს საქართველოს ჩემპიონატისა და თასის მაქსიმალური გაპიარება, თასისა ფინალური და სუპერთასის მატჩები კი ლამაზ შოუდ და ზეიმად აქციეს.

მაშინ ორგანიზაცია გამართულად მუშაობდა, საპრიზო ფონდის (200 000 ლარი) გაზრდაც იგეგმებოდა, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ლიგის თავკაცთან საერთო ენა ვერ გამონახა და საბოლოოდ, რამიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამავე დროს, მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის სიმწარე ტელეკომპანია "კოლხიდას" მეპატრონე ლექსო თოფურიამაც იგრძნო და პროექტიდან კლუბებმა შემოსავალი ვერ მიიღეს.

მერე, ლიგის პრეზიდენტი გია ფირცხალავა გახდა, მაგრამ უსახსრობის გამო პროფლიგამ 2010 წელს ფუნქციონირება შეაჩერა.

მართალს ბრძანებს გორის "დილას" მენეჯერი გია ისიანი, რომ სერიოზულ განხილვას საჭიროებს პრემიერლიგის ბიუჯეტი, ფეხბურთელთა დაზღვევის, სპონსორებისა და სატელევიზიო უფლებების საკითხები, რა თანხას გადაუხდიან ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს...

ჩვენ დავინტერესდით, როგორ დაიწყო თავის დროზე საქმიანობა პროფლიგამ. ველაპარაკეთ ორგანიზაციის ყოფილ გენერალურ მდივანს პაატა ბურჯალიანს, რომელმაც პოსტზე წარმატებით იმუშავა და მრავალი პროექტი განახორციელა:

- პროფლიგის, ანუ პრემიერლიგის აღდგენა ძალიან კარგი ფაქტია. მაგრამ მნიშვნელოვანია, წინასწარ შეიქმნას ფინანსური საფუძველი, გამართულად რომ იმუშაოს და არა ხარვეზებით.

როდესაც ლიგის პრეზიდენტის პოსტზე იწყებდა საქმიანობას, დიმიტრი რამიშვილმა სამი სპონსორი წინასწარ დაითანხმა: "კოკა-კოლამ" 150 ათასი დოლარი ჩარიცხა, "საქართველოს ბანკმა" - 50 ათასი დოლარი, "ჯეოსელმა" კი - 100 ათასი დოლარი. მაშინ ეს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო და ამ კომპანიების მხარდაჭერამ მოგვცა გარანტია, ჩემპიონატის დამოუკიდებლად ჩატარება რომ მოგვეხერხებინა.

- მაგრამ სოლიდური საპრიზო ფონდის შესაქმნელად ეს 300 ათასი დოლარიც არ აღმოჩნდა საკმარისი.
- მეც ამას ვამბობ - ჩემპიონატის მომსახურებას უდიდესი ხარჯი სჭირდება და მყარი ფინანსური საფუძვლის ჩამოყალიბება ამიტომ არის აუცილებელი.

პრემიერლიგა არის კომერციული სტრუქტურა, რომელიც სხვების მოგებაზე მუშაობს. ამიტომ მედიასაშუალებებთან განსაკუთრებით აქტიურად უნდა ითანამშრომლოს, ეროვნული ჩემპიონატში მაყურებელი რომ მიიზიდოს და ტურნირისა და გამორჩეული ფეხბურთელების პოპულარობას შეუწყოს ხელი.

- თქვენი გადასახედიდან, დღევანდელ საქართველოში პროფლიგის პროექტი გაამართლებს?
- ძლიერი ფინანსური პარტნიორების გარდა, ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ვის აირჩევენ პრემიერლიგის პრეზიდენტად.

ეს საქართველოა და არა - ამერიკა, ან ნორვეგია, სადაც ბიზნესმენი პასუხს პროექტის მიხედვით ამბობს. აქ მთავარია, წინადადებით მისულ პიროვნებას რა ავტორიტეტი და კავშირები გააჩნია. დიმა რამიშვილს ავტორიტეტი რომ ჰქონდა, თანხა ამიტომაც მიიზიდა.

და კიდევ: ფედერაციის პროექტებს ფიფა და უეფა გარანტირებულად აფინანსებს და იქ მუშაობა გაცილებით ადვილია. ფედერაციისგან გასხვავებით, პრემიერლიგას ასეთი დამფინანსებელი არ ეყოლება, რადგან ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზატორია. ამიტომ მნიშვნელოვანია ბიზნესთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან პარტნიორობა, ფეხბურთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობის გარეშე კი, პრემიერლიგის წარმატებული საქმიანობა წარმოუდგენელი იქნება, რადგან ქიშპით ყველაფერი წყალში ჩაიყრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პროფლიგის ჩამოყალიბებაზე საბოლოო შეთანხმება შედგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული