ანდრეს კარასკო: საქართველოში სიამოვნებით დავბრუნდები

AutoSharing Option
ამა წლის ივლისში თბილისის "დინამოს" აკადემიის დირექტორმა ანდრეს კარასკო კარილიომ პოსტი დატოვა.

"დინამოში" კარასკო 2011 წელს ალექს გარსიასთან ერთად გამოჩნდა. კარასკოს მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, ავარჯიშებდა "ბარსას" 1996-97 და 1999 წლებში დაბადებულ ბავშვებს და "დინამოში" კატალონიურ მოდელს ნერგავდა. მისით მწვრთნელებიც კმაყოფილები იყვნენ და მშობლებიც, რადგან კარასკოს დროს პროტექცია გამოირიცხა.

მას უკავშირდება 13 მაისს "დინამო არენაზე" ჩატარებული მასობრივი შერჩევები, რომელშიც მონაწილეობდა 300-მდე ბავშვი, "დინამოს" ორმოცამდე თანამშრომელი და კლუბის ყველა დეპარტამენტი.

მისი მონაწილეობით გადაწყდა "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის ბაზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს პერიოდში
გაიხსნება; გარშემო შეკრიბა ახლაგაზრდა, პერსპექტიული და წესიერი მწვრთნელები; ჩამოაყალიბა საქართველოში საუკეთესო ასაკობრივი გუნდები, რომლებიც სხვებისგან განსხვავებული სტილით თამაშობენ.

თუმცა, "დინამოდან" ალექს გარსიას გაშვების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება თავად გადაწყვიტა.

"ოჯახის დაკარგვას მასთან ყოფნა ვამჯობინე. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დარჩენას ვერ ვახერხებ. ვწუხვარ და გული მწყდება", - ასე ახსნა ანდრეს კარასკომ გუნდიდან წასვლა.

ამ ამბიდან მალე შევიტყვეთ, რომ სპეციალისტმა "მალაგას" აკადემიაში დაიწყო მუშაობა - კლუბის კოორდინატორად და 16-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად.

ანდრეს კარასკოს 19 ნოემბერს დავუკავშირდით, რაც მისთვის მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა:

"საქართველოში მედიას კიდევ ვაინტერესებ? ეს ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზია.

თბილისის "დინამოში" დაბრუნება მსურდა, მაგრამ კლუბში ვითარება შეიცვალა და ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, იყო პრობლემები, რის გამოც სამშობლოში დაბრუნება მომიხდა. რომ არა ეს ამბავი, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი.

მაგრამ "დინამოს" აკადემიაზე ძალიან კარგი ამბები მესმის და ეს ძალიან მახარებს. იქ მართლაც ნიჭიერი ბავშვები შევკრიბეთ, რომელთაც დიდი მომავალი აქვთ",
- გვითხრა ესპანელმა სპეციალისტმა.

როგორც გვითხრა, სავსებით რეალურია, საქართველოში კვლავ ჩამოვიდეს:

"უახლოეს დღეებში ველოდები "საბურთალოს" პრეზიდენტს (ტარიელ ხეჩიკაშვილი) და გენერალურ დირექტორს (კახა ჭუმბურიძე). მათმა დაინტერესებამ ძალიან გამახარა და თუ საინტერესო წინადადებით მომმართავენ, სიამოვნებით ჩამოვალ და ვიმუშავებ.

იმიტომ, რომ საქართველოში აღმოვაჩინე ძალიან ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელი და ძალიან გულისხმიერი, თბილი ადამიანები და თქვენი ქვეყანა შემიყვარდა.

ასეთ გარემოში მუშაობა ნებისმიერი მწვრთნელისთვის სასურველია. და თუ "საბურთალო" საინტერესო წინადადებით მომმართავს, სიამოვნებით დავბრუნდები და ოჯახთან ერთად ჩამოვალ.

დარწმუნებული ვარ, "საბურთალოში" უფრო ნაყოფიერად ვიმუშავებ და უფრო მეტსაც შევძლებ, ვიდრე "დინამოში". ჩვენს შეხვედრაზე ბევრი რამ გაირკვ
ევა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანდრეს კარასკო თბილისის "დინამოს" აკადემიიდან წავიდა
შერჩევა "დინამო არენაზე" შედგა
რომან ფიფია: თბილისის "დინამოში" ალექს გარსიას შექმნილი ატმოსფერო არ მომწონდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული