"ჩვენი ფეხბურთის" ღია კამპანია სფფ-ის ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით

AutoSharing Option
ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთი" იწყებს ღია კამპანიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით და მათ ღია წერილის სახით მიმართვას უგზავნის.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

* * *
"ადამიანები საგნებივით არიან - თუკი ისინი თავიანთ
ადგილზე არ დგანან, აზრს კარგავენ"
პიერ ბუატი, ფრანგი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი

ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" მიმართვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტებს

ბატონებო!
ამ მიმართვაში გამოხატული ყველა მოსაზრება სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ზოგ შემთხვევაში საგანგებოდ გავამახვილეთ ყურადღება სადავო საკითხებზე, რადგან გვინდა, რომ დისკუსიაში ფეხბურთის პროფესიონალები ჩაერთონ (სხვებს, უმორჩილესად ვთხოვთ, ნუ
შეწუხდებიან).

ჩვენი რეკომენდაცია სსფ-ის მენეჯმენტის ვადამდელი არჩევნების შესახებ ნაკარნახევია მხოლოდ და მხოლოდ ქართული ფეხბურთის ბედის გამო შეშფოთებით და იმედს გვაძლევს, რომ მოსაზრებათა ობიექტურობის იმედი გვქონდეს, ხოლო მთლიანად ამ მიმართვის შეფასება ქვეყნის საფეხბურთო საზოგადოებისათვის მიგვინდვია.

ნებისმიერ ოჯახში არის საკითხები, რომელთა საჯარო განხილვაც ამავე ოჯახისთვის იქნებოდა საზიანო, მაგრამ ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც სხვა გზა არ არის და გადადება შეუძლებელია - ვთვლით, რომ ქართული ფეხბურთისთვის ახლა სწორედ ასეთი დრო დადგა.

ფეხბურთი ძალზე სერიოზული საქმეა იმისთვის, რომ მისი განვითარების მენეჯმენტს დილეტანტები ახორციელებდნენ.

მსოფლიო, მათ შორის, ქართული ფეხბურთიც, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი - ეს ცალკე სამყაროა თავისი ტრადიციებით, წესებით, განვითარების კანონებით, ღირსებებით და ხარვეზებით.

მსოფლიოსა და კონტინენტების ჩემპიონატებზე ეროვნული ნაკრებები, მათი რეიტინგისგან დამოუკიდებლად, საკუთარი ქვეყნის პრესტიჟისთვის იბრძვიან. ამ ტურნირებზე მიღწეული წარმატება კი ქვეყნებში ფეხბურთის განვითარებას უდიდეს იმპულსს აძლევს, ახალ სიმაღლეზე აჰყავს იგი.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, ბელორუსული ფეხბურთი დამაჯერებლად იმყარებს ადგილს მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის ელიტაში. ოლიმპიურმა ნაკრებმა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან პირველმა გაიფორმა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის საგზური; საფეხბურთო კლუბი "ბატე" უკვე მესამედ თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში.

ამ კონტექსტში, ქართული ფეხბურთის პროგრესსა და განვითარებაზე საუბარი აშკარა ფაქტების უარყოფის ტოლფასია.

ფაქტები კი ჯიუტი რამეა, განსაკუთრებით, სპორტში, სადაც წარმატება გატანილი და გაშვებული ბურთებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით იზომება.

უდავოა, რომ საფეხბურთო ფედერაციების წარმატებები ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტით ფასდება: ბავშვთა ფეხბურთის განვითარება; შიდა ჩემპიონატი და ეროვნული თასის გათამაშება; ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების, ასევე, კლუბების გამოსვლა საერთაშორისო არენაზე; მენეჯმენტი.

2005 წლის შემდეგ სსფ-ის პრეზიდენტის პოსტზე ინიშნებიან, არ შეგვშლია - სწორედაც ინიშნებიან და არა აირჩევიან ადამიანები, რომლებსაც თავიანთი პროფესიონალური თვისებებიდან გამომდინარე, არ შეეძლოთ და არც ახლა შეუძლიათ ქართული ფეხბურთის ლიდერის როლის დაძლევა.

დღევანდელ დღემდე ჩატარებულ სსფ-ის პრეზიდენტის რომელიმე არჩევნებს რომ დემოკრატიული ვუწოდოთ, ეს ნიშნავს, რომ შეურაცხყოფა მივაყენოთ ქვეყნის საფეხბურთო საზოგადოებას, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე ქვეყანაში არსებული რეჟიმის გამო ამ შეურაცხყოფას არ იმსახურებს.

აღნიშნული მდგომარეობის შედეგად, დღეს შექმნილია რაღაც გამოგონილი, ვირტუალური რეალობა ფეხბურთის განვითარებისა ყველა დონეზე და ამ "რეალობისა" მხოლოდ თვით ფედერაციის მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკებს სჯერათ (საბედნიეროდ, ყველას არა).

ისინი, როგორც "ნარცისები", მხოლოდ იმას აქებ-ადიდებენ, რასაც თვითონ საქმიანობენ, მაგრამ ეს "ნაღვაწი" ძალიან სერიოზულ ანალიზსა და გადაფასებას საჭიროებს. არადა, სასარგებლო საქმეთა უმეტესობა, რომლებსაც ქართული ფეხბურთისთვის აკეთებდნენ და აკეთებენ ადამიანები, რომლებიც "რჩეულთა რიგებში" არ შედიან, სათანადოდ არ ფასდება.

ცალკე თემაა ეროვნული ნაკრები. ბოლომდე ობიექტურები რომ ვიყოთ, "საზოგადოებრივი აზრის" ზეწოლის შედეგად, ნაკრებიდან ორჯერ დაითხოვეს მწვრთნელები, რომელთა ხელმძღვანელობითაც გუნდმა ორჯერ მესამე ადგილი დაიკავა და ერთ ნაბიჯზე იყო გადასასვლელი მატჩებიდან, რომელთა გამარჯვებულებიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გაემგზავრებოდნენ.

ამ მწვრთნელების ადგილზე, ჩვენი ქვეყნისათვის კოლოსალური ანაზღაურებით, ინიშნებოდნენ უცხოელი სპეციალისტები (ტოპმიოლერი, სეგრეტი, კუპერი, ცანკერი და ა.შ.), თუმცა ფეხბურთის ექსპერტებისთვის ნათელი გახლდათ, რომ ზოგიერთი მათგანის ვარსკვლავური დრო უკვე გასული იყო, ზოგისა კი, არც არასოდეს დადგებოდა.

რა მივიღეთ დღეისათვის? - ნაკრების შესანახად გაწეული უზარმაზარი ხარჯები, ხოლო შედეგების განსჯა თქვენთვის მოგვინდვია.

ქვეყნის საზოგადოებას, გულშემატკივრებს პატიოსნად უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრებები და კლუბები, მათი დღევანდელი მდგომარეობით, არ არიან მზად, კონკურენცია გაუწიონ მოწინავე მეტოქეებს საერთაშორისო დონეზე. შესაძლოა მოიგო ერთი ან ორი პრინციპული მატჩი, როგორც ეს ხშირად ხდება სპორტის სათამაშო სახეობებში, მაგრამ საბოლოოდ გათამაშების ცხრილი ყველას თავის ადგილზე განალაგებს, თუკი ამ გამარჯვებებს ზურგს არ უმაგრებს სტაბილურობა და ფეხბურთის განვითარებით დაკავებული ყველა ადამიანის პროფესიონალური ოსტატობის ზრდა.

დაბოლოს: დროა შეწყდეს საუბრები ფეხბურთის განვითარების სახლემწიფო პროგრამის თითქოსდა არსებობის შესახებ. ეს პროგრამა არ არსებობს და არც არსებულა. ის არსად, არასოდეს არ გამოქვეყნებულა.

იყო, არის და იმედი გვაქვს, იქნება ფინანსური დახმარება ქვეყნის მთავრობისაგან სსფ-ისთვის, მაგრამ ეს პროგრამა არ არის. პროგრამა უნდა შეიცავდეს ქართული ფეხბურთის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს; განსაზღვრავდეს ამ პროგრამის მონაწილეებს, დაფინანსების წყაროებს, ჩემპიონატის ჩატარებისა და თასის გათამაშების ზუსტ რეგლამენტს (რათა სეზონის ბოლოს სსფ-ის აღმასკომის გადასაწყვეტი არ იყოს ჩემპიონის ვინაობა); ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების განვითარების მიმართულებას, კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, სასწავლო-საწვრთნელი პროცესების სამეცნიერო-მეთოდურ და სამედიცინო-ბიოლოგიურ უზრუნველყოფას, ქალთა, პლაჟის და უნარშეზღუდული ადამიანების ფეხბურთის განვითარებას, მსაჯობისა და მატჩების ინსპექტირების დონეს, მენეჯმენტსა და მარკეტინგს.

ცალკე მივმართავთ სპორტულ ჟურნალისტებს, რომლებიც საფეხბურთო თემებზე მუშაობენ: თქვენ დეტალურად იცით ქართული ფეხბურთის პრობლემები, მაგრამ ამასთან, მხოლოდ ამ პრობლემების კონსტატაციის რეჟიმში მუშაობთ. ჩვენ კი მოხარულნი ვიქნებოდით, თქვენთან ერთად გვეძებნა ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები იმ მიზნით, რომ ქართულმა ფეხბურთმა შესაფერისი ადგილი მოიპოვოს საფეხბურთო მსოფლიოში.

ეს მხოლოდ ჩვენი ერთობლივი მუშაობით იქნება შესაძლებელი. თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, სწორედ თქვენ ატყობინებთ მოსახლეობას ქართული ფეხბურთის ყველა წარმატებისა თუ მარცხის ამბავს.

უახლოეს დროში, თქვენ და ყველა დაინტერესებულ პირს, შეგეძლებათ, გაეცნოთ ჩვენი ორგანიზაციის პირველ გეგმებს.

იმედი გვაქვს, რომ ამ გეგმებს თქვენი მხარდაჭერა ექნება.

ასევე იხილეთ:
ზვიად სიჭინავა: სინდისში ჩავიხედე და ვრჩები
ლევან ყიფიანი: ერთსულოვნებით ყველა პრობლემას დავძლევთ
თუ ფეხბურთისადმი ნდობის დაბრუნება გვინდა, ზვიად სიჭინავა უნდა გადადგეს
გოჩა ჯამარაული: არ მეგონა, ზვიად სიჭინავა სკამზე გამოკიდებული თუ იქნებოდა
სფფ-ის პრეზიდენტობის უკვე ცნობილი და მოულოდნელი კანდიდატები
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხუთი წელი ერთიდაიგივე როდემდე უნდა წეროთ, ვიცით რომ არასამართლიანადაა არჩეული პრეზიდენტი, მაგრამ თქვენ რისთვის უნდა აგირჩიოთ ის დაწერეთ, სხვის პროგრამაზე საუბრობთ და თვითონ ვერ დაგიწერიათ ამდენი წელია, მოვაშოროთ ეს სიჭინავა, მაგრამ თქვენ რისთვის მოდიხართ, რა გინდათ, რა იცით, მგონი არაფერი თორემ ერთხელ მაინც ხომ დაწერდით ან იტყოდით რაიმე სასარგებლოს...
Walkabout
13:21 21-11-2012
0
სრულიად ვეთანხმები თემის შინაარსაც და პათოსსაც.

დღევანდელი საქართველოს ფეხბურთს ფეხბურთის მეტი ყველაფერი ქვია. თავიდან ბოლომდეა გახრწნილი და წმენდა თავიდან უნდა დაიწყოს თუ გვინდა, რომ ეს ულამაზესი მასიური სპორტი გადარჩეს, რომელსაც შეუძლია როგორც ესთეტიური ასევე უდიდესი მორალური და მატერიალური სარგებელი მოუტანოს მთელს ქვეყანას.

იმედია თქვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და ქართული ფეხბურთიც იქნება შესაძლებლობების გამოვლენის ობიექტური არენა.
Metalurgi Rustavi
13:19 21-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული