საფეხბურთო სამყაროში კი აზრი გაიყო - საჭიროა თუ არა მოქმედი პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას გადარჩევა, რომელსაც აბრალებენ, რომ ფედერაციის პირველი კაცი ძველი ხელისუფლების მხარდაჭერით გახდა?
გადადექი!
"ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" დამფუძნებლები ზვიად სიჭინავას გადადგომას ითხოვენ. იგივე მოთხოვნით ღია კამპანია დაიწყეს "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებლებმა და სფფ-ის თავკაცებს ღია წერილით მიმართეს.
ისინი აცხადებენ, ფეხბურთი ძალზე სერიოზული საქმეა იმისთვის, რომ მისი განვითარების მენეჯმენტს დილეტანტები ახორციელებდნენო.
ამავე დროს, ფედერაციას
"ყველა დონეზე შექმნილია ფეხბურთის განვითარების გამოგონილი, ვირტუალური რეალობა და ამ "რეალობისა" მხოლოდ თვით ფედერაციის მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკებს სჯერათ (საბედნიეროდ, ყველას არა). ისინი, როგორც "ნარცისები", მხოლოდ იმას აქებ-ადიდებენ, რასაც თვითონ საქმიანობენ, მაგრამ ეს "ნაღვაწი" ძალიან სერიოზულ ანალიზსა და გადაფასებას საჭიროებს. არადა, ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლო საქმეთა უმეტესობას აკეთებდნენ და აკეთებენ ადამიანები, რომლებიც "რჩეულთა რიგებში" არ შედიან და სათანადოდ არ ფასდებიან", - წერია მიმართვაში (იხილეთ ვრცლად).
უახლოეს დროში "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებლები ორგანიზაციის გეგმებს გაგვაცნობენ.
ფეხბურთის აწმყოსა და მომავალზე ლაპარაკი სასურველი არის, რადგან პრობლემურ საკითხებზე დაგვაფიქრებს და საფეხბურთო ცხოვრებას გამოაფხიზლებს.
აუცილებელია თუნდაც არაფორმალური შეხვედრა, სადაც სატკივარს ღიად განიხილავენ.
საარჩევნო გარემოს უცნაურობები
ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს. მაგალითად - ყრილობაზე დელეგატთა, აღმასკომში კი წევრების შერჩევის წესი.
სხვათა შორის, სამი წლის წინათ "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ყიფიანი ამბობდა, რომ დელეგატთა რიცხვი 170-180-მდე უნდა გაიზარდოს პირველი და რეგიონული ლიგის გუნდების, აგრეთვე, საფეხბურთო სკოლების ხარჯზეო.
მართლაც, ფიფას წესდებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ფედერაციის ყველა სუბიექტს უნდა ჰქონდეს, მაგრამ წლებია, ეს ელემენტარული მოთხოვნა საქართველოში შეუსმენელია და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ სუბიექტთა ნაწილს აქვს.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ზვიად სიჭინავამ პირველი ლიგის კლუბებს დელეგატების წარდგენის უფლება დაუბრუნა.
თუმცა ეს არასაკმარისია - ფედერაციის სუბიექტები რეგიონული ლიგის კლუბები და საფეხბურთო სკოლებიც არიან.
სახელმწიფოსა და ფედერაციის ბერკეტები
სახელმწიფო და ფეხბურთის ფედერაცია სუბიექტებზე მანიპულირების ბერკეტებს ხელიდან ვერ უშვებენ. ამის თქმის უფლებას გვაძლევს იმ სიის გაანალიზება, სადაც ჩანს, თუ ვის წარმოადგენენ დელეგატები და აღმასკომის წევრები.
მაგალითად, 2011 წლის 22 იანვარს ფეხბურთის ფედერაციის ბოლო, XIX საარჩევნო ყრილობაზე პრეზიდენტი 33-მა სუბიექტმა აირჩია. პარადოქსია - მათგან მხოლოდ და მხოლოდ 5-ს (?!) არ აფინანსებდა ფეხბურთის ფედერაცია ან სახელმწიფო.
ყველაფერი ხელისგულზე დევს - ასეთ "მრავალფეროვან" გარემოში ალტერნატიული კანდიდატურის წარდგენასა და დემოკრატიულ არჩევნებზეა ლაპარაკი ზედმეტია.
ცხადია, სახელმწიფო და ფედერაცია თავიანთ ბერკეტებს იყენებდნენ - დოტაციაზე მყოფი კლუბების, რეგიონული ფედერაციებისა და სხვა საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება მათი ხმის გაკონტროლებასაც ნიშნავს.
ამიტომ არის აუცილებელი საარჩევნო კანონების ფიფას დებულებასთან შესაბამისობაში მოყვანა, დელეგატების დამოკიდებულება რომ გამოირიცხოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მივიღებთ მეტ-ნაკლებად (და არა სრულად) ობიექტურ სურათს, თუ ვის უჭერს საფეხბურთო სამყარო მხარს.
მართლაც, რა აზრი აქვს რიგგარეშე ყრილობას, თუკი გავლენიანი სამთავრობო წრეები და ფედერაციის თავკაცები დელეგატებზე გავლენას ძველებურად მოახდენენ და ფედერაციაში სასურველ ხალხს მიიყვანენ?
აღმასკომის პარადოქსები
ყრილობიდან ყრილობამდე გადაწყვეტილებებს ფედერაციის აღმასკომის წევრები იღებენ, რომლის სიის გადახედვაც ყველაფერს გასაგებს ხდის: 19 წევრიდან აბსოლუტური უმრავლესობა (13) რეგიონალურ ფედერაციას წარმოადგენს. ისინი კი ფეხბურთის ფედერაციიდან ფინანსდებიან და სახელმწიფო სტრუქტურებზეც დამოკიდებულები არიან.
მათ მიმართ ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს აღმასკომი უფრო ქმედითუნარიანი მაშინ გახდება, როდესაც წევრების დაკომპლექტების პრინციპი შეიცვლება.
ცხადია, საკითხის კენჭისყრაზე, უპირველესად, დამფინანსებლის მოსაზრებას გაითვალისწინებენ - ეს ორჯერ ორივით მარტივია. ფინანსური დამოკიდებულება კი ჩვენნაირ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია და აღმასკომის წევრებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას უსპობს.
ყველაზე პარადოქსული ისაა, რომ აღმასკომში წარმომადგენელი მხოლოდ ერთადერთ კერძო კლუბს, თბილისის "დინამოს" ჰყავს - მასაც დელეგირებული ჰყავდა სახელმწიფო მოხელე, სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი, რომელიც ამავე დროს სახელმწიფო კლუბის, "ზუგდიდის" ინტერესების დამცველია.
სუბიექტები და არა გაერთიანებები
არჩევნებზე დელეგატებისა და აღმასკომის წევრთა წარდგენის წესის კარდინალურად შეცვლა უმნიშვნელოვანესი საკითხია. ხმის უფლება ყველა კლუბსა და საფეხბურთო სკოლას უნდა დაუბრუნდეს, რათა საკითხები უფრო ჯანსაღად გადაწყდეს.
რეგიონულ ფედერაციებსა და სხვა გაერთიანებებს დელეგატი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში უნდა შეუნარჩუნდეთ, რადგან მათ უშუალო ფინანსური კავშირი აქვთ ფედერაციასთან და რეგიონის პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობასთან და მათზე ზემოქმედება გაცილებით ადვილია, ვიდრე დამოუკიდებელი კლუბების წარმომადგენლებზე.
ყრილობასა და აღმასკომში ხმების უმრავლესობა რეგიონულ ფედერაციებსა და სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფ კლუბებს გააჩნიათ. ეს დაახლოებით იგივეა, ფიფას კონგრესზე გადამწყვეტი სიტყვა რომ ეკუთვნოდეთ ევროპის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, ავსტრალია-ოკეანეთისა და აზიის კონტინენტალური გაერთიანებების ხელმძღვანელებს, საქართველოს და სხვა ქვეყნებს უეფა ან სხვა კონტინენტური გაერთიანება რომ წარადგენდეს.
ეს ცვლილებები კი იმიტომ არის აუცილებელი, რომ ფეხბურთის ფედერაცია მართლაც დამოუკიდებელი გახდეს. ასეთ შემთხვევაში დელეგატებზე ზემოქმედებას დღევანდელი დოზით ვერ მოახდენენ და ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი. მთავარია, რომ სისტემა იმუშავებს და ფეხბურთს არამკითხეთა ზეწოლისგან დაიცავს.
ვიღაცეებიც საარჩევნო პროცესიდან საფეხბურთო პრობლემატიკის მოგვარებაზე აღარ გადაერთვებიან და ამ ქვეყანაში ყველაფერი ერთი ჯგუფის გადასაწყვეტი აღარ იქნება.
მხოლოდ ასეთ გარემოში დაფიქრდებიან პრეზიდენტობის კანდიდატები, რომ კარგად გააზრებული საარჩევნო პროგრამებით მანიპულირება არის აუცილებელი და სახელისუფლებო თუ ფედერაციულ ბერკეტებს ვეღარ გამოიყენებენ - საერთოდაც, ფეხბურთსა და პოლიტიკას შორის სასურველი დისტანცია დამყარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზვიად სიჭინავა: სინდისში ჩავიხედე და ვრჩები
ლევან ყიფიანი: ერთსულოვნებით ყველა პრობლემას დავძლევთ
თუ ფეხბურთისადმი ნდობის დაბრუნება გვინდა, ზვიად სიჭინავა უნდა გადადგეს
გოჩა ჯამარაული: არ მეგონა, ზვიად სიჭინავა სკამზე გამოკიდებული თუ იქნებოდა
სფფ-ის პრეზიდენტობის უკვე ცნობილი და მოულოდნელი კანდიდატები
საფეხბურთო საზოგადოება რომელიც სამწუხაროდ ფედერაციის მიღმაა დარჩენილი!