რევაზ არველაძე: ზვიად სიჭინავას ხელში ფედერაცია წარმატებულად მუშაობს

AutoSharing Option
"ლელოს" სტუმარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე გახლავთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების, თბილისის "დინამოს" და "კიოლნის" ყოფილი ფეხბურთელი.

ფეხბურთელობის შემდეგ რევაზ არველაძე თბილისის "დინამოს", "ლოკომოტივის" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

რაც შეეხება საფეხბურთო მოხელის კარიერას, ძმათაგან უფროსი არველაძე ჯერ "დინამოს" პრეზიდენტი იყო მცირე ხნით, მერე ფეხბურთის ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

არველაძეს არაერთ საჭირბოროტო საკითხზე ვესაუბრეთ, ფედერაციაზე, ნაკრებზე და ასე შემდეგ...

- ამას წინათ "ლელოს" სტუმარი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი იყო, რომელმაც გვითხრა, ეგვიპტესთან ამხანაგური
მატჩის ორგანიზაციისთვის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად მიმართა სახელმწიფოს ფინანსური დახმარებისთვისო. მანამდე კი ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, მზად ვართ სახელმწიფოს დოტაციის გარეშეც მაღალ დონზე შევინახოთ ჩვენი ოფისი და ნაკრებებიო...

- როგორც იტყვიან, საბანი ისე უნდა დაიხურო, სადამდეც გაგწვდება. რაც შეეხება ფედერაცის დამოუკიდებლად არსებობას, ეს არც ნაკრებებს და არც არაფერს არ დაეტყობა უარყოფითად.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ დავგეგმავთ ბიუჯეტს. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვითვალისწინებთ, მათ შორის საქართველოში არსებულ სოციალურ სიტუაციას.

შეგვეძლო, რომ ესპანეთთან მატჩზე ბილეთის ფასი ორჯერ მეტი ყოფილიყო, ამის გაკეთება საფრანგეთთან შეხვედრის დროსაც შეგვიძლია, მაგრამ ცხადია, რომ რეალობის გათვალისწინება მოგვიწევს.

ფედერაციის მენეჯმენტი ამ ყველაფერზე სათანადოდ მუშაობს. რაც შეეხება ეგვიპტესთან ამხანაგურ შეხვედრას, ეს 2012 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და სახელმწიფოსგან დახმარება გვეკუთვნოდა.

ამხანაგური შეხვდრები, ასაკობრივი ნაკრებების შეკრებები და მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებში - ბიუჯეტი ისე დაიგეგმება, რომ საფრთხე არ შეექმნება ფედერაციის არც ერთ პრიორიტეტს.

- რეზონანსული გამოდგა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების თემა - თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
- ფეხბურთის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა გაისად უნდა გაიმართოს. ამ ყრილობაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული: ფედერაციის საქმიანობის შეჯამება, ბიუჯეტი, საკლუბო ლიცენზირება, ნოვაციები...

საარჩევო ყრილობა კი 2015 წელს უნდა ჩატარდეს. ისე მოხდა, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩვენთან ხუთჯერ გაიმართა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, არადა ამდენი არჩევნები 24 წლის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო.

მთელი ამ პერიოდში გვქონდა იმის განცდა, რომ ფედერაციის საქმიანობა შეფასდებოდა გაკეთებული საქმეების მიხედვით. უხერხულად მიმაჩნია კონკრეტული ადამიანის სინდისზე და ნამსუზე ლაპარაკი, საკითხი ასე არ უნდა დადგეს.

ჩემი პოზიცია ასეთია: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გვერდში ვდგევარ, მიმაჩნია, რომ მის ხელში ფედერაცია წარმატებულად მუშაობს.

არც იმას დავმალავ, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი და ყოველთვის მზად ვარ, ამაზე გახსნილად ვილაპარაკო. არ ყოფილა შემთხვევა, ფეხბურთის ფედერაციაში ვინმე მოსულიყო საქმიანი წინადადებით და მისთვის სათანადო ყურადღება არ დაგვეთმო.

თუ ყველაფერს სასწორზე დავდებთ, მიმაჩნია, რომ ფედერაციის საქმიანობა ოდნავ გადასწონის პრობლემებს. გაისად ვაპირებთ, რომ სისტემური ხასიათი მივცეთ ასაკობრივი ნაკრებების და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, შევქმნათ ისეთი ტექნიკური დეპარტამენტი ფედერაციაში, რომელიც ამ სეგმენტში ეფექტური იქნება.

ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვექნება უცხოელ სპეციალისტებთან. განვითარების რაღაც მოდელზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ყოველივე ამისთვის საჭიროა სათანადო ინფრასტრუქტურა და ფაქტია, რომ ამ მხრივ გარკვეული წინსვლა უკვე გვაქვს, მალე მზად იქნება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მეორე მოედანი ხუთიათასიანი ტრიბუნით და ყველა საჭირო აღჭურვილობით.

რომ არა ინფრასტრუქტურული პროექტები, ვერ მოვახერხებდით ასაკობრივი ნაკრებების ევროშესარჩევი და ელიტ რაუნდის თამაშების მასპინძლობას.

- ფედერაციის რამდენმა სუბიქტმა უნდა მიიღოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა -ამ საკითხზე არაერთგვაროვანი აზრი არსებობს, როგორია თქვენი პოზიცია?
- სუბიექტების რაოდენობა ისე არ უნდა დაადგინო, რომ საკუთარ თავზე მოირგო ყველაფერი. გამოჩნდა ფედერაციის ახალი სუბიექტი, მიიღო ხმის უფლება და დაიწყო ხმის მიცემაზე ვაჭრობა, მერე კი ეს სუბიქტი სადღაც ჩაიკარგა - ასე არ უნდა ხდებოდეს.

ვფიქრობ, უნდა ვიხელმძღვანელოთ ფიფას და უეფას მიერ დაგგემილი პრაქტიკით. ყველა წევრს აქვს ერთი ხმა და გარდა ამისა, არსებობს სათათბირო ხმებიც, ანუ რამდენიმე სუბიქტი თანხმდება გარკვეულ საკითხზე და ერთი სუბიექტი ამ შეთანხმების მიხედვით იძლევა ხმას.

ჩემი აზრით, რეგიონულ ფედერაციებშიც ასე უნდა იყოს, რამდენიმე კლუბმა უნდა შეაჯეროს პოზიცია, რაც დაფიქსირდება ერთი ხმით. ჩვენთან ამ დროისთვის ხმის უფლების მქონე 35 სუბიექტი ჰყავს ფეხბურთის ფედერაციას და ამ მხრივ დაახლოებით იგივე ვითარება გვაქვს, რაც სხვა ეროვნულ ასოციაციებს. ხმის მიცემა პასუხისმგებლობაც უნდა იყო ფედერაციის სუბიექტისთვის.

- ბავშვთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების მოდელი ახსენეთ. კონკრეტულად ვისთან გეგმავთ თანამშრომლობას?
- პირველი შეხვედრა ჰოლანდიელ სპეციალისტებთან გვექნება. მათ ვეტყვით, თუ როგორ ფეხბურთს ვთამაშობთ ქართველები, რას უნდა დაეყრდნოს მოდელი და ისინი თავიანთ კონცეფციებს შემოგვთავაზებენ.

ყველაფერს თავისი დინამიკა აქვს, ჩემი ფეხბურთელობის დროს ვარჯიშს ორი მწვრთნელი ატარებდა, ახლა კი მთავარ მწვრთნელს 5-6 თანაშემწე ჰყავს, დღეს დრო კიდევ უფრო ძვირფასი გახდა, ანაზღაურებაც გაეზარდათ მწვრთნელებს...

- როგორ გესახებათ სახელმწიფოს როლი სპორტის სახეობების განვითარებაში?
- სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამოყვარულო სპორტს.

- ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე რას გვეტყოდით? ამ ძალიან მნიშვნელოვან რგოლში არ შედიან ის ხალხი, საკუთარ ფულს რომ ხარჯავენ საკლუბო ფეხბურთში. არ მიგაჩნიათ, რომ აღმასკომის რეფორმა აუცილებელია?
- ჩემი აზრით, აღმასკომი არ არის ისე დაკომპლექტებული, როგორიც ეს შეიძლება ყოფილიყო. აღმასკომის წევრები იყვნენ სპორტის მინისტრი და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გაჩნდა ორი ვაკანსია და შესაბამისად იმის შესაძლებლობაც, რომ ფედერაციის ყრილობაზე მსურველებმა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენონ.

- საკლუბო ლიცენზირება რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ფეხბურთის გენერალური მდივანი ხართ და ეს სფერო უშუალოდ თქვენს კომპეტენციაში შედის. უკვე მერამდენედ ხდება, რომ კლუბი ლიცენზირების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ აღმასკომის გადაწყვეტილებით მაინც გამოდის უმაღლეს ლიგაში. რატომ ხდება ასეთი ფაქტები?
- ზოგადად, კომპრომისების მომხრე ვარ. საკლუბო ლიცენზირებას რაც უფრო მკაცრად მოვეკიდებით, მით უკეთესი იქნება. თქვენ შენიშვნას აბსლუტურად ვიზიარებ.

ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე შეღავათები აუცილებელი იყო, მაგრამ ეს უსასრულოდ აღარ უნდა გაგრძელდეს, ყველამ უნდა გაითავისოს მუშაობის ჩარჩოები.

- ფედერაციის ინფრასტრუქტურულ პროექტებს თუ გადავხედავთ, ბევრია ხელოვნურსაფრიანი მოედნები - საქართველოს პირობებში ეს რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ?
- ზოგან ისეთი სიტუაციაა, კალოშების ჩაცმა დაგჭირდება. ქობულეთში აუცილებელი იყო ხელოვნური საფარის დაგება, ამას მოითხოვდა იქაური კლიმატური და გეოლოგიური პირობები.

ყველა კლუბს არ აქვს იმის საშუალება, რომ ცალკე ჰქონდეს სავარჯიშო მოედანიც და სათამაშოც, ხელოვნური საფარი კი უფრო უძლებს დატვირთვებს, ვიდრე მინდორი.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელი ვიყავი და კარგად მესმის, რომ მინდორზე თამაშს არაფერი სჯობს. მაგრამ ჩვენს რეალობაში სხვა ფაქტორებიც არის გასათვალისწინებელი. ცხადია, ხელოვნური საფარი ფეხბურთის სათამაშოდ სრულყოფილი ვარიანტი ვერ იქნება.

- "ლელოს" სტუმარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც იყო, როცა მას ვკითხეთ, თემურ ქეცბაიას კონტრაქტი რა პირობით გაუგრძელა ფედერაციამ, მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. ითქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა გამოჩენილიყვნენ ეროვნულ ნაკრებში, რაც, ცოტა არ იყოს, გაუგებარი პოზიციაა...
- ქეცბაიასთან კონტრაქტის გაგრძელებისას ვიხელმძღვანელეთ ერთი პრინციპით - წილისყრა უკვე შემდგარი იყო და ვიცოდით, თუ რა მძიმე ჯგუფში მოვხვდით, ასეთ დროს კი ჩვენი მხრიდან მართებული პოზიცია იყო მწვრთნელისთვის დროის მიცემა.

ნაკრების სხვა სპეციფიკაა, რაც უნდა ფული გქონდეს, ახალ ფეხბურთელებს ვერ იყიდი, რაც არის, იმ წრეში უნდა იტრიალო. თუ ქულათა ისეთ მარაგს დავაგროვებთ, რომ ჯგუფში მესამე ადგილზე გავალთ, ურიგო არ იქნება.

სხვა საქმეა სათამაშო კონცეფცია. ბევრია ისეთი მწვრთნელი, ვინც უარს ამბობს პირველ ნომრად თამაშზე. საქართველოში მოსახლეობის ალბათ 90 პროცენტს უყვარს ფეხბურთი და აქვს იმის პრეტენზია, რომ ესმის ფეხბურთი, მოსწონს ლაღი და შემტევი თამაში.

გასაგებია, რომ ზოგს არ მოსწონს ის ფეხბურთი, რასაც ქეცბაია ათამაშებს ჩვენს ნაკრებს, მაგრამ მთავარი შემფასებელი შედეგია, თუ შედეგს ზომიერი კრეატიულობაც ახლავს, ეს რა თქმა უნდა, კარგია.

თვალს ვადევნებ გულშემატკივართა გამოხმაურებებს ნაკრების თემაზე და ხშირად ფეხბურთის ცოდნის დაბალ დონესთან გვაქვს საქმე, როცა კამათი შურითა და ბოღმით მიდის.

- ეს ყველაფერი გასაგებია, ოღონდაც გაუგებარი რჩება საქართველოს ნაკრების კონცეფცია, როცა გუნდი შეტევაზე მიდის...
- სტრატეგია ერთია, კონკრეტული თამაშის წინ კი რაღაცეები იცვლება. ფეხბურთის სილამაზე კი იმ დაფაზე არ წერია, სადაც მწვრთნელი ფეხბურთელებს ტაქტიკურ საკითხებზე ელაპარაკება.

თუ გარემარბებით თამაშს ირჩევ, გარემარბს ჩაწოდება უნდა შეეძლოს და ჩაწოდებულ ბურთზე ოთხ მცველთან სამი შემტევი მაინც უნდა იყოს, ან გარემარბს კაცის მოტყუება უნდა შეეძლოს, რომ გუნდმა შეტევაში რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვოს.

- ნაკრების რომელიმე ფეხბურთელის ინტერვიუში ამიგიკითხავთ, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა?
- გუნდის გასახდელში მხოლოდ თამაშის მერე ჩავსულვარ მოგების მისალოცად და ცუდი იქ არაფერი შემიმჩნევია.

- პრემიერლიგის დაფუძნებაზე გკითხავთ - ფეხბურთის ფედერაცია როგორ უყურებს ამ ყველაფერს?
- კომერციული საფეხბურთო ლიგის შექმნა ჯანსაღი მოდელია. ასეთ დროს ეროვნული ასოციაციის განკარგულებაში რჩება სამსაჯო და სადისციპლინო კომიტეტი, მისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ შემცირდეს მსაჯთა ანაზღაურება და საპრიზო ფონდი შედეგის მიხედვით გადანაწილდეს, შემოსავლები სწორად დაიხარჯოს.

თუ ყველა საკითხზე შევთანხმდებით და მეტი შემოსავლები გაჩნდება, არსებითი მნიშვნელობა არ ექნება იმას, ჩემპიონატს ფედერაცია ჩაატარებს, პროფლიგა თუ პრემიერლიგა. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ახალი ორგანიზაციის შექმნა ფეხბურთის ფედერაციის პოლიტიკური საპირწონე გახდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა უსინდისო კაცია ეს რეზო არველაძე რა.
გიგი
12:12 01-12-2012
0
ტყუილია, ზვიად სიჭინავას ხელში ფედერაცია წარმატებულად არ მუშაობს...
მაგრამ მაინც არ უნდა გადადგეს სიჭინავა, უცოდინარი რომელიც აღიარებს ამას ჯობია იმ უცოდინარს რომელსაც თავი მცოდნე გონია და სინამდვილეში არაფრის აზრზე არაა...
Walkabout
13:41 01-12-2012
0

სიახლეები პოპულარული