ზურაბ პეტრიაშვილი: საუკეთესო პრეზიდენტი, ალბათ, მერაბ ჟორდანია იყო...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნებიდან 23 წელი გავიდა. 1992 წლის 3 ივლისს სფფ ფიფაში მიიღეს, ხოლო 1993 წლის 17 ივნისს - უეფაში.

მას შემდეგ მოიპოვეს საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ევროპისა და მსოფლიოს შესარჩევ ციკლებში მონაწილეობის უფლება, კლუბებს კი ევროთასებზე გამოსვლის საშუალება 1993 წლიდან მიეცათ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხუთი პრეზიდენტი ჰყავდა: ნოდარ ახალკაცი-უფროსი (1990-1998), მერაბ ჟორდანია (1998-2005), ნოდარ ახალკაცი-უმცროსი (2005-2009) და ზვიად სიჭინავა (2009 წლიდან). არ დაგვავიწყდეს გიორგი ნემსაძეც, რომლის პრეზიდენტობაც თხუთმეტ წუთში დასრულდა: 2007 წლის 13 მაისის ყრილობის შემდეგ დატრიალებულ
მოვლენებზე ყველას კარგად მოეხსენება.

მაგრამ ამ ისტორიაში ბევრი რამ უცნობია, მათ შორის, რა კავშირი ჰქონდა ამ ყრილობას სპორტის აკადემიის ტერიტორიის გაყიდვასთან, ვის რა ინტერესები ამოძრავებდა, როდესაც ლეგიტიმურად არჩეული ნემსაძე გაიტაცეს და პოსტზე უარი იძულებით ათქმევინეს.

ამ ისტორიაში კიდევ არაერთი უცნობი და დაუჯერებელი ფაქტი გამოიკვეთება.

... "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" პრეზიდენტი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 1990 წლის 15 თებერვლის დამფუძნებელი ყრილობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ზურაბ პეტრიაშვილი "ლელოსთან" განვლილ წლებს აფასებს.

გადაკეთებული წესდებების პერიოდი
ყველა პერიოდში იყო გარემოებები, რომლებიც ქართული ფეხბურთის განვითარებას ხელს უშლიდა. აშკარაა, რომ ის ყოველთვის ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასა და პოლიტიკოსთა განწყობაზე იყო დამოკიდებული და არა სისტემაზე, რომელიც ვერა და ვერ ჩამოყალიბდა.

უფროსი ნოდარ ახალკაცის პერიოდში საქმე იდეალურად დაიწყო: ხალხი სტადიონზე დადიოდა, ლეგიონერებს აქეთ ვიწვევდით, მედია პირველ ჩემპიონატს მაღალ დონეზე აშუქებდა, კლუბებს სპონსორები და თანამდგომები არ აკლდათ.

მოკლედ, პირველი ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩატარდა, მაგრამ სწორედ მაშინ დადგა კანონზე მაღლა კონიუქტურულ-პოლიტიკური თუ ვიღაცის ინტერესები. შემდგომ წლებში ტენდენციად იქცა დებულებებისა და წესდებების თვითნებურად შეცვლა - ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო.

თუ თავიდან ყველას "ჩვენიანს" ვეძახდით, მერე "სხვების" კატეგორიაც გაჩნდა და ნელ-ნელა ჩემპიონატი საბჭოთა პერიოდის კორუფციაში ჩაფლულ საქართველოს პირველობას დაემსგავსა.

ეროვნული ჩემპიონატების ინიციატორები დანარჩენი კლუბების თბილისის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიას" დონემდე გაზრდაზე ვოცნებობდით, მაგრამ მოხდა პირიქით: თუ მეორე ჩემპიონატში ინერცია შევინარჩუნეთ, მერე საუკეთესოებმა უცხოეთში წასვლა დაიწყეს და საქართველოს ჩემპიონატში გამოუცდელები და ვეტერანები შეგვრჩნენ.

შედეგად, ჩვენი ლიდერები თავად დაეშვნენ სხვათა დონეზე. ახლა კი ისეთი კატასტროფაა, საქართველოს ჩემპიონატი ტრამპლინის როლსაც ვერ ასრულებს. დიდ მიზნებს ვინ ჩივის, ჩვენი ფეხბურთელები საშოვარზეც სიამოვნებით მიდიან.

მაინც ყველაზე უკეთესი
მერაბ ჟორდანიას დროს ვითარება ოდნავ დამშვიდდა, მაგრამ მაინც არასტაბილური და ფეთქებადი გარემო იყო. კარგად ვიცით, როგორ დასრულდა მისი მმართველობის პერიოდი - სარმების დადებით, ხელისუფლება ყველანაირად ხელს უშლიდა, რადგან ფედერაციაში საკუთარი პროტეჟეს მიყვანა სურდათ.

იყო ნდობის საკითხიც. მერაბის მმართველობის დროს ბევრი კითხვა ჩნდებოდა და ვერ ვიტყვი, რომ იდეალური პრეზიდენტი იყო. ეს კარგად გამოიყენეს და კარგად ორგანიზებული შავი პიარიც აუგორეს.

მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ჟორდანია მაინც ყველაზე უკეთესი პრეზიდენტი იყო, რადგან ნაკრებების, კლუბებისა და ეროვნული ჩემპიონატის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევდა და წინააღმდეგობის მიუხედავად, საამისოდ ბევრსაც აკეთებდა.

გამოუყენებელი დიდი ფული
უმცროსი ნოდარ ახალკაცის პერიოდში სახელმწიფომ ფეხბურთში დიდი ფული პირველად ჩადო. მიმაჩნია, რომ განვითარების ეს უნიკალური შანსი ხელიდან გავუშვით და ფული უაზროდ უცხოელ მწვრთნელებს დავახარჯეთ.

თუ მანამდე ნაკრების მწვრთნელებს მაქსიმუმ 2 000 ლარს უხდიდნენ, კლაუს ტოპმიოლერის შემოსავალი ციკლში ორ მილიონ ევროს მიუახლოვდა.

დიდი ხელფასები ჰქონდათ ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებების გერმანელ თავკაცებსაც. შედეგი არც ნაკრებებს ჰქონდათ და არც გუნდებს, პირიქით, უკან-უკან წავედით და ეს თანხა დაიკარგა.

ერთხელ ნოდარ ახალკაცმა თქვა, 55 მილიონი საშუალო ევროპული დონის კლუბის ბიუჯეტია, მეტი არაფერიო, მაგრამ ამ 55 მილიონით საქართველოში ინფრასტრუქტურული და სხვა მრავალი პრობლემის მოგვარება იყო შესაძლებელი.

ჩემი აზრით, 2005-2009 წლები ყველაზე უარესი პერიოდი იმიტომაც იყო, რომ მაშინ ძალიან ბევრი სტადიონი გასხვისდა.

იმედგაცრუებული
2009 წელს ფედერაციის თავკაცად ზვიად სიჭინავას მისვლამ დამაიმედა, მაგრამ მალე გამაოგნა - ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის 20 წელი გულშემატკივრებს მივულოცოთ-მეთქი. წერილობით მომმართეთ და სიამოვნებითო.

აშკარად მივხვდი, არ იცოდა, 15 თებერვალი რა დღე იყო და ამ წერილიდან სურდა, გაერკვია...

მოვიდა დაპირებებით, მაგრამ რეალურად ისიც ძველი პოლიტიკის გამგრძელებელი გამოდგა. კვლავ დავკარგეთ სტადიონები, თუნდაც, მის მშობლიურ ზუგდიდში; ვერა და ვერ აშენდა ბათუმის არენა... ეს სწორედაც რომ ფედერაციის პრეზიდენტს ეხება, რადგან წარმატებული ხელმძღვანელი ასეთ პრობლემას მოაგვარებდა და მხოლოდ სხვათა დავალებების შემსრულებელი არ იქნებოდა...

არ დავუკარგავ, რომ სიჭინავას პერიოდში ბევრი სტადიონი შეაკეთეს, მაგრამ საკითხავია, სახელმწიფოსა და უეფა-ფიფას დახმარებები ეფექტიანად დაიხარჯა? სამწუხაროდ, ისევ პრობლემაა ფინანსური გამჭვირვალობა, რაში და რამდენი იხარჯება.

ისევ მძიმე მდგომარეობაშია ბავშვთა ფეხბურთი. არ სრულდება დაპირება, რომ ფედერაციის არჩევნები უფრო დემოკრატიულად ჩატარდებოდა - სუბიექტების რაოდენობა კვლავ შეზღუდულია.

მან ფეხბურთი ვერც პოლიტიკური გავლენებისგან დაიცვა. ამის მაგალითი გიორგი დემეტრაძის ამბავი გამოდგება, რომელსაც გვერდში არ დაუდგა და დახასიათება არ მისცა.

კახა კალაძის
გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ჩატარებაზეც ხელები დაიბანა. არადა, საკლუბო ფეხბურთში ასეთი ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი არ გვყოლია.

მოკლედ, ქართული ფეხბურთის წინსვლას ხელს უამრავი პრობლემა უშლიდა. არადა, დარწმუნებული ვარ, ეროვნული ჩემპიონატისა და ფედერაციის დამოუკიდებლობის ინიციატორთა ჩანაფიქრი მესამედითაც რომ განხორციელებულიყო, დღეს ბევრად უკეთესი ფეხბურთი გვექნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზურაბ პეტრიაშვილი: ასეთი გადასახადებით ბავშვებს ვერ გავზრდით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო ზურაბ კაცი მეგონეთ მაგრამ თქვენც ,,,, ყოფილხართ.ჟორდანიაზე რომ ამბობთ .ალბათ დაგავიწყდათ რა ხდებოდა ფეხბურთში მხედრიონი,წამალი და აღარ გავაგრძელებ კიდევ რა.ერთადერთი ასე თუ ისე ნორმალური ეს ახალკაცი უფროსი იყო.
vep1963
14:15 15-02-2013
0
კარგად გაიხსენეთ როგორ მოიქნიეს ახალკაცი უფროსი ჟორდანიამ და ასათიანმა ჩივაძის დახმარებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან.ტუ წერთ ესეც უნდა ტქვათ.ასე რომ გველებით რომაა სავსე ფედერაციაცა და საერთოდ ქართული საზოგადოება იმიტომა გვაქვს კარგად საქმე.
vep1963
14:20 15-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული