დაპირისპირება: ზვიად სიჭინავას "ცეცხლი გაუხსნეს"

AutoSharing Option
"ლევან ყიფიანმა მითხრა, რომ ჩამეხედა სინდისში და რიგგარეშე არჩევნები დამენიშნა. მე ჩავიხედე სინდისში, ცუდი ვერაფერი აღმოვაჩინე და ვრჩები თანამდებობაზე, რადგან კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ვარ და გადადგომას არ ვაპირებ", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ 8 დეკემბერს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით მეხუთე პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ 2011 წელს არჩევნების დროს დელეგატებზე არანაირი პოლიტიკური ზეწოლა არ ყოფილა და ამ ქმედებაში ახალ ხელისუფლებას ბრალი აქეთ დასდო.

20 თებერვალს, "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" დამფუძნებელთა პრესკონფერენციაზე სიჭინავას განცხადებების გულწრფელობა ეჭვქვეშ დააყენეს.

* * *
Sportall.Geზურაბ
პეტრიაშვილი,
"ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" პრეზიდენტი:

- ძალიან მეეჭვება, სიჭინავა ისეთი ანგელოზი იყოს, როგორც სურს თავი წარმოაჩინოს, მაგრამ ჯერ უნდა გაგახსენოთ 2007 წლის 13 მაისის არჩევნები, როდესაც კანონიერად არჩეული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ნემსაძე ძველმა ხელისუფლებამ ძალადობრივი გზით გადააყენა და მორალურად მოკლა.

ფეხბურთში ჩარევის უხეში მცდელობა მანამდეც დაფიქსირდა, როდესაც მერაბ ჟორდანია დაიჭირეს და აიძულეს, გადამდგარიყო.

ნემსაძე 2005 წელსაც გვერდზე გასწიეს, ისევე, როგორც ვოვა გუცაევი. 2007 წელს კი ახალკაცმა ნემსაძეს არჩევა თავად მიულოცა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნახევარ საათში გადადგომაზე განცხადება გააკეთა.

ეს იყო სახელმწიფოს უხეში ჩარევა, რისი მიჩუმათებაც დღეს სურთ, მაგრამ ეს ამბავი ჩვენ კარგად გვახსოვს.

2008 წლის აპრილში ჭადრაკის სასახლეში დიდი შეკრება მოვიწვიეთ, ფეხბურთის ფედერაციისკენ მსვლელობა მოვაწყვეთ და რიგგარეშე არჩევნები მოვითხოვეთ. თითქოს დალაპარაკების მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ აღმასკომის წევრების პირით მალე გვიპასუხეს, რომ ახალკაცი კანონიერადაა არჩეულიო, მაგრამ იგივე ხალხმა ეს "კანონიერად არჩეული" პრეზიდენტი მალე გაუშვა.

ერთი არ მესმის - ახალკაცმა თქვა, რომ სახელმწიფო 55 მილიონით დაეხმარა და სიჭინავას მაინც 11 მილიონამდე ვალი რატომ დაუტოვა. ამდენი ფული სად წაიღო და რას მოახმარა?!

2009 წელს ფედერაციაში სიჭინავას მისვლას იმედით შევხვდი, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი. მანაც წინამორბედის გზა გააგრძელა, არჩევნები ისევ არადემოკრატიული სისტემით ტარდება, ფინანსური საკითხები კვლავ გაუმჭვირვალეა...

* * *
Sportall.Geდავით უგრელიძე, "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" აღმასრულებელი დირექტორი:

- ჩვენი ფეხბურთის დამოუკიდებლობის წლები არის გაუთავებელი დაპირისპირებების ისტორია. განვლილი პერიოდი გვაფიქრებს, რომ ქართული ფეხბურთისადმი დაიკარგა გულშემატკივრებისა და ინვესტორების ნდობა.

ჩვენ ვიყავით დამოუკიდებლობის ინიციატორები, მაგრამ თანამდებობებისკენ ლტოლვა არ გვქონდა და, სამწუხაროდ, ფედერაცია კლანების ხელში ჩავარდა. ჩვენი მიზანი კი მის მიმართ საზოგადოებაში ნდობის აღდგენა არის. საამისოდ ფედერაციაში უმწიკვლო რეპუტაციის პროფესიონალები უნდა მივიდნენ.

სიჭინავა ხშირად იმეორებს, რომ ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის შემთხვევაში, ფიფა-უეფასგან ზურგი აქვს, საქართველოს კი სანქციები ელის. დიდი ბოდიში, მაგრამ სწორედ სიჭინავას ხელში გახდა ფედერაცია ყველაზე პოლიტიზირებული, ფეხბურთს კი სახელისუფლებო კლანი მართავდა.

შარშანდელი ჩემპიონატის სისტემა ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა შესთავაზა. ეს ფორმატი იყო დანაშაული იმ დროს, როდესაც ტოტალიზატორები მთელ მსოფლიოში გააქტიურებულები არიან. პირდაპირ ვამბობ, რომ თამაშების 70 პროცენტი ჩაწყობილი იყო.

და ყველაზე მთავარი - რომელ ჩარევაზე ლაპარაკობს სიჭინავა, როდესაც დემეტრაძესა და კალაძეს ყველაზე მძიმე მომენტში გვერდში არ დაუდგა და დახასიათება არ დაუწერა?

არ დაუდგა თემურ ჩხაიძეს, რომელმაც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე ხელის მოწერის გამო სამსახური დაკარგა; ავთო ქანთარიას კომისრად აღარ ნიშნავდნენ, მერაბ მეგრელაძე კი პროკურატურაში დაიბარეს და უზომოდ ინერვიულა. ახლა რომ იძახის, ზეწოლა არისო, ამ ფაქტებზე მაშინ ხმა ამოიღო?

შედეგი რომ ჰქონოდა, ბევრ რამეზე თვალებს დავხუჭავდით, მაგრამ ელიტრაუნდში გასვლა თუ შედეგი ჰგონია, ეს არ არის ის მწვერვალი, რაზეც ჩვენი გულშემატკივარი ოცნებობს.

გამოჩნდა კაცი, დავით ებრალიძე, რომელიც საფეხბურთო სამყაროს გენიალურ იდეებს სთავაზობს. ის ფედერაციაში თავად უნდა მიეწვია, აზრი ეკითხა, მაგრამ შეეხმიანა?

სიჭინავას არ აქვს საფეხბურთო სამყაროს თანადგომა და ამიტომაც ვამბობ, რომ აუცილებელია სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

"ქომაგთა ლიგა" მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ეს მესამეხარისხოვანი საკითხია. დღეიდან კი აქტიურ ქმედებებზე გადავდივართ. ფეხბურთის ბედი საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს და არა 35-მა კაცმა, რაც კლანური მმართველობისთვის მშვენიერი სარბიელია.

* * *

ტატო ლასხიშვილი, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე:

- მე ვარ "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვინაიდან ხსენებული ორგანიზაცია ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, მიზანშეწონილად აღარ ჩავთვალე სადისციპლინო კომიტეტის ხელმძღვანელობა და თანამდებობა დავტოვე.

ბორის პაიჭაძის სიტყვებია, ფეხბურთი უნდა გიყვარდეს და ისიც სიყვარულით გიპასუხებსო. ჩვენ დამოუკიდებლობის 23 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, ბევრად არასაფეხბურთო ქვეყნებს რომ გაესწროთ.

"ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" განცხადება
"ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგა", როგორც საზოგადოებამ იცის, იმ ხალხმა დავაფუძნეთ, ვინც 1990 წელს ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობისათვის ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ.

23 წლის წინ, როდესაც ერისთვის ამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას ვიღებდით, დიდ გამარჯვებებზე ვფიქრობდით, მაგრამ, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს რეგრესი, რომელიც, თუ კიდევ გაგრძელდა, ქართულ ფეხბურთს კატასტროფას უქადის.

დამოუკიდებლობის 23 წლის მანძილზე იყო საქართველოს ეროვნული და სხვა ასაკობრივი ნაკრებების ეპიზოდური გამარჯვება, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი ფეხბურთის მშენებლობა საფუძველშივე არასწორადაა დაწყებული, ეპიზოდი ეპიზოდად რჩება და ჩვენი ფეხბურთის სერიოზულ წინსვლაზე ლაპარაკი შეუძლებელია.

ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის მანძილზე ჩვენი საფეხბურთო სამყარო ელის ძირითადი პრობლემების გადაჭრას, მაგრამ საქმე განცხადების იქით არ მიდის.

განსაკუთრებულად კატასტროფული შედეგები მოუტანა ჩვენს ფეხბურთს ბატონი ნოდარ ახალკაცის (უმცროსის) პრეზიდენტობამ, რომელიც ორჯერვე, 2005 და 2007 წელს, ძალადობრივი გზით იყო დანიშნული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. სწორედ ამ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ქართულ ფეხბურთში ჩადებულ იქნა საკმაოდ დიდი თანხები, რომლებიც არამიზნობრივად საეჭვო რეპუტაციის უცხოელ მწვრთნელებზე და მათ ქართველ მეწილეებზე დაიხარჯა.

ნოდარ ახალკაცის (უმცროსის) მმართველობის პერიოდშივე მოხდა ბევრი სტადიონის დაკარგვა-გასხვისება.

2009 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ახალი რჩეულის, ბატონი დომენტი სიჭინავას რიხიანი მოსვლა რეალურად სხვა არაფერი გამოდგა, თუ არა წინა პრეზიდენტის უნიათო და წარუმატებელი საქმიანობის გაგრძელება და ჩვენი ფეხბურთის ყველა ძირითადი პრობლემა ისევ გადაუჭრელი რჩება.

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში შეუძლებელი იყო მათი ფავორიტის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა.

დღეს, სახალხო ხელისუფლების პირობებში, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ძალადობა, განუკითხაობა, უსამართლობა და პოლიტიკური ჩარევა სპორტის საქმეებში, იმედი გვაქვს, რომ საფეხბურთო სამყაროს მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩავატაროთ თავისუფალი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები და ქართულ ფეხბურთს უხელმძღვანელებს ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის საფეხბურთო ძალების კონსოლიდაციას მოახდენს და ქართული ფეხბურთი დაიწყებს წინსვლას.

სტილი დაცულია


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რატომ დაიბარა სპორტის მინისტრმა უეფადან დაბრუნებული სფფ-ის ხელმძღვანელები
ლევან ყიფიანი: ფეხბურთი გვქონდა და აღარ გვაქვს
რევაზ არველაძე: ზვიად სიჭინავას ხელში ფედერაცია წარმატებულად მუშაობს
მიხეილ ყაველაშვილი: რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სიჭინავას არავინ ეკითხება
ზვიად სიჭინავა: სინდისში ჩავიხედე და ვრჩები
მკითხველის კომენტარები / 7 /
პეტრიაშვილები რომ მართავენ ინტრიგნობით ქართულ ფეხბურთს, იმიტომ გვაქვს საქმე კარგად.
ramo
14:18 21-02-2013
0
ისეც გიქნიათ, დაგიჭამიათ ერთმანეთი. ქართველებმა ხომ ერთმანეთის დაჭმის მეტი არაფერი იცით. მაინც რა ჯიშისანი ყოფილხათ ტო. ახლები იძახიან, რომ სპორტი პოლიტიკისაგან თავისუფალი უნდა იყოსო, მაგრამ აბსოლიტურაგ ყველა სპორტის სახეობაში, თავიანთი ხალხი გაქაჩეს. ერთი ეხბურთი დარჩა და იმასაც მალე დაითრევენ, ვითომ ფეხბურთის სიყვარულით. ვინ ხართ, რა მოდგმის და რა სულის. კარგით რაააააააა.
nodari
15:19 21-02-2013
0

სიახლეები პოპულარული