"მილიონთა თასის" გამარჯვებული 1968 და 1969 წლებში თბილისის "სინათლე" გახდა, რისთვისაც ფეხბურთელებმა სპორტის ოსტატის წოდება მიიღეს. ეს იყო თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების წარმატებული გუნდი, რომელიც შემდეგ 9-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 3-ჯერ საბჭოთა კავშირის ფიზკულტურული კოლექტივების ჩემპიონი,
"სინათლის" მეკარე, აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ზოოვეტერინარული და სპორტის აკადემიების ყოფილი რექტორი, "ზოოვეტის" 35-წლიანი სტაჟის მქონე მთავარი მწვრთნელი ელგუჯა გუგუშვილი ამ მოვლენებს "ლელოსთან" ინტერვიუში იხსენებს.
"ჩვენს გამარჯვებას მაშინ ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა. ეს მოვლენა ყველა წამყვანმა სპორტულმა თუ სხვა მიმართულების გაზეთებმა გააშუქეს. 20-21 წლის ბიჭები ვთამაშობდით და კლუბები ნიჭიერ მოთამაშეებს ეძებდნენ. გუნდში ბევრი დღეს უკვე ცნობილი პიროვნება გვყავდა: ჯონი აბაიშვილი, "დინამოს" მცველი, შემდგომში მწვრთნელი, ამჟამად "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" პრეზიდენტი; თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ვაჟა ნემსაძე - გიორგი ნემსაძის მამა, რომელიც "სინათლეს" კაპიტანი გახდათ. მან ფეხბურთს ტრავმის გამო ნაადრევად დაანება თავი, თორემ იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა; ელგუჯა სილაგავა, რომელიც ფიფას არბიტრი გახდა; შალვა დევდარიანი, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის მამა; ჯონი ჯანელიძე, ნიჭიერი ფეხბურთელი და ცნობილი მწვრთნელი; როლანდ კიზირია, ანატოლი სიტკოვი, თამაზ შუბითიძე, ჯემალ მეტრეველი, ონორე თაბაგარი (ჟურნალისტ ლაშა თაბაგარის მამა), რუსეთში ცნობილი ბიზნესმენი ედუარდ ჯადოევი, რაფიკ აივაზოვი, მიხეილ პირადაშვილი, ოთარ კერესელიძე, მალხაზ მაისაშვილი, თამაზ სუხაშვილი, გია სიმონიშვილი, მევლუდ ლორია, ნუგზარ ვარდოსანიძე. კარგი მწვრთნელებიც გვყავდა, სერგი სიხარულიძე და ვალერიან ირემაძე.
100-100 მანეთი ფულადი პრემიის სახით დაგვირიგეს, მოგვცეს ფოტოაპარატები და კოსტიუმები. თუმცა მთავარი აღიარება იყო: ამ ტურნირზეც მოდიოდა მსაჯებზე მუშაობა და ვიღაც-ვიღაცების გაქაჩვა. ამის მიუხედავად ყველა ხედავდა, რომ ქართული ფეხბურთი საბჭოეთში წამყვან პოზიციებზე იყო", - ამბობს გუგუშვილი.
1969 წლის ფინალში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა: გამარჯვებული მხოლოდ მესამე შეხვედრაში გამოვლინდა, რადგან ორი ფრედ დასრულდა, პენალტების სერია კი მაშინ არ ინიშნებოდა. მესამე შეხვედრაც ფრედ დასრულდა და სხვა გზა რომ არ რჩებოდა, ამჯერად პენალტების სერია ექსპერიმენტის სახით გამოიყენეს - "სინათლემ" "სტრელას" სახელით შენიღბული მოსკოვის "დინამოს" დუბლშემადგენლობა 17:16 დაამარცხა.
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის მკვლევართათვის ამ მატჩში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა _ გულშემატკივრებისთვის უცნობი ფაქტი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას იმსახურებს. ჩვენმა რესპონდენტმა გაიხსენა: "პენალტების სერია მაშინ უცნაური წესით დაინიშნა – ორივე გუნდიდან მხოლოდ ხუთ მოთამაშეს უნდა შეესრულებინა. პენალტების დარტყმა მეც დამავალეს... ცხადია, კარშიც ვიდექი. ოთხივე პენალტი გავიტანე და ამდენივე მოსკოველებს ავუღე. ვეძებდი და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მსგავს შემთხვევას ვერ მივაკვლიე".
"სინათლეს" ფეხბურთელებმა გამარჯვება 15 წლის შემდეგ თბილისის "დინამოს" ვეტერანებთან მატჩით გაიხსენეს. 40 წლის იუბილეს აღნიშვნას შარშან აპირებდნენ, მაგრამ 2010 წლისთვის გადმოიტანეს და 29 ოქტომბერს სპორტის აკადემიის ან "ლოკომოტივის" სტადიონზე კვლავ დინამოელ ვეტერანებს გაეჯობრებიან.
გუგუშვილი ამ მოვლენებს წარსულზე ნოსტალგიის გამო არ იხსენებს – თვლის, რომ დღეს მსგავსი ტურნირი ქართული ფეხბურთისთვის ერთობ მნიშვნელოვანია.
"მილიონთა თასი ახლა რომ გვინდა, ისე არასდროს დაგვჭირვებია. ფეხბურთი რაც შეიძლება მასობრივი უნდა გახდეს და მოყვარულთა ბევრი გუნდი ჩამოყალიბდეს. ჩვენი ფეხბურთი ფასიანმა სკოლებმა წალეკა და ამის გამო, ბევრი ნიჭიერი ბავშვი ფეხბურთს ახლოს ვეღარ ეკარება. დარწმუნებული ვარ, მოყვარულთა ტურნირში ბევრ ტალანტს აღმოვაჩენთ. დღეს კი, რომელ რაიონშიც უმაღლესი ან პირველი ლიგის გუნდი არაა, ფეხბურთი კვდება. ასეა დარჩენილი ბევრი რაიონი და რატომ გვიკვირს, თაობები არ მოდიანო. ვინც მოდის, ღმერთის საჩუქარია და ხელი თავადაც უნდა გავანძრიოთ.
ამიტომ საფეხბურთო სამყაროს ვთავაზობ მოყვარულთა მასობრივი ტურნირის გამართვას, რომელსაც ფულზე მეტად სურვილი სჭირდება და აუცილებლად დაფუძნდება. შეჯიბრება სოფლის გამარჯვებულის გამოვლენით დაიწყება, შემდეგ რაიონების მასშტაბს გადავწვდებით, ბოლოს კი ქვეყნის ჩემპიონიც გაირკვევა.
მე დღემდე საქართველოს მოყვარულთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვითვლები. თუმცა შარშან ევროპის რეგიონთა თასზე ვერ გამოვედით. თუ რატომ, ჩემთვის უცნობია. სირცხვილია, უეფას ოფიციალურ ტურნირში არ ვმონაწილეობდეთ. საამისოდ კი მასობრივი ტურნირის გვჭირდება, ნაკრები გამარჯვებული გუნდის ბაზაზე რომ ჩამოყალიბდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"