ესპანეთში კარგი სკოლა გავიარე

AutoSharing Option
გოჩა ტყებუჩავასთან ერთად, საქართველოში მისი ვაჟი, ცენტრალური მცველი ლევანიც დაბრუნდა – უმცროსი ტყებუჩავა ბოლო სამი წელიწადი ესპანეთში ვარჯიშობდა, ბოლოს კი პრეფერენტ დივიზიონის კლუბ "ალპეაში" თამაშობდა.

ესპანეთში განსწავლული 18 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ საქართველოში დამკვიდრებას მოახერხებს და სპეციალისტებს თავს მოაწონებს. თუმცა, აღიარებს, რომ ესპანეთიდან წამოსვლით სარისკო ნაბიჯი გადადგა.

"შესაძლოა, საქართველოში საკლუბო ფეხბურთი მაღალ დონეზე განვითარებული არა არის. მეც ჯერ უგუნდოდ ვარ, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" ინდივიუდუალურად ვვარჯიშობ და არც ვიცი, რომელ კლუბში ჩავირიცხები. ცხადია, დაბრუნებას გარკვეული რისკიც ახლდა, მაგრამ ერთი კვირაა ჩამოვედი
და, იმედია, კლუბი მალე გამოჩნდება", - ამბობს ლევან ტყებუჩავა.

ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემების გამო, დღეს ლევანის ასაკის ფეხბურთელები ესპანეთში მოხვედრაზე ოცნებობენ, რამ განაპირობა მისი ასეთი არაორდინალური გადაწყვეტილება?

"შარშან უფრო დაბალ ლიგაში ვთამაშობდი. წლეულს ერთი საფეხურით წინ წავიწიე და "ალპეაში" პერსპექტივაც ჩანდა, მაგრამ ოჯახმა საქართველოში დაბრუნება ვამჯობინეთ. მონატრებაც იყო და იმაზეც ვფიქრობდით, რომ ორივესთვის ასე აჯობებდა, ჩემთვისაც და მამაჩემისთვისაც. დრო გვაჩვენებს, რამდენად გამართლებული იყო ეს ნაბიჯი. თუკი აქ არაფერი გამოვიდა, ნებისმიერ დროს შემიძლია დავბრუნდე - ესპანეთში მისაბრუნებელი გზა დამრჩა, ვიზა ჩაკეტილი არაა, საბუთებიხ წესრიგშია და გუნდშიც მიმიღებენ. ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა".

ტყვებუჩავა ამბობს: "ესპანეთმა ბევრი რამ შემძინა. შეიძლება ითქვას, რომ ეს "საფეხბურთო ჰოლივუდია" – ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრი, ესპანეთშია დანერგილია თანამედროვე უახლესი საწვრთნელი მეთოდები, თანამედროვე საფეხბურო სტრატეგიები და ა.შ. რომ იცოდეთ, ეს არაა მხოლოდ მადრიდის "რეალისა" და "ბარელონას" ქვეყანა. ქვედა დონეზეც საინტერესო საფეხბურთო ცხოვრებაა. სეგუნდა ბ-შიც მშვენიერ ფეხბურთს აჩვენებენ. ვერ ვიტყვი, რომ ამ ლიგის ლიდერები ჩვენი ქვეყნის საუკეთესო გუნდებს მოუგებენ, მაგრამ იქაური დონე საქართველოს ჩემპიონატს არანაირად არ ჩამოუვარდება. არადა, ეს ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონია. "ბარსელონასა" და "რეალის" სიმაღლე სწორედ ამ საფუძვლებიდან იწყება. რაც უფრო განვითარებულია დაბალი ლიგა, მით უფრო ძლიერია ქვეყნის საფეხბურთო ელიტა. "ბარსელონას" მეორე გუნდი "სეგუნდაში" წელს გადმოვიდა. მის რამდენიმე თამაშს დავესწარი და გაოცებული დავრჩი მაღალი კლასით. ამის გადმოცემას აზრი არ აქვს, ეს უნდა ნახოთ და ჩემი სიტყვების სიმართლეში თავად დარწმუნდებით.

სამწუხაროდ, ესპანეთში ბევრი ქართველი არ თამაშობს. გამიგია, რომ მესამე ლიგაში საკმაოდ კარგადაც გამოდიოდა გიორგი გუგავა, თუმცა, მასთან ურთიერთობა არ მქონია. სხვა ქართველებზე კი არაფერი მსმენია. საერთოდ, ესპანელებმა ჩვენზე თითქმის არაფერი იციან, შესაძლოა, ხუთი პროცენტი თუ გვიცნობს. ვფიქრობ, კარგი სკოლა გავიარე და ეს მაიმედებს, რომ რომელიმე გუნდში ჩავირიცხები", - ამბობს ლევან ტყებუჩავა.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული