ყველა გზა ქართუსკენ მიდის

AutoSharing Option
საქართველოს კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე ნიკო პატარქალიშვილი არგენტინიდან დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონასა და ურუგვაის ნაკრების საქართველოში ჩამომყვანი ამჯერად საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ნოემბერში ჩატარებაზე მუშაობს, რომელიც ვარდების რევოლუციის მე-7 წლისთავს უნდა დაემთხვეს. ჩვენი 21-წლამდელების გარდა, ტურნირში ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებები იასპარეზებენ. საორგანიზაციო საკითხები პატარქალიშვილმა საერთაშორისო კომპანია "ინტერ ამერიკა სპორტთან" მოაგვარა და არგენტინაში ვიზიტისას სწორედ ამ ფირმის თავკაც ალბერტო პისანის შეხვდა.

"2006 წელს ურუგვაის ნაკრები საქართველოში "ინტერ ამერიკა სპორტის" დახმარებით გვეწვია, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა
გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში 2:0 დაამარცხა. კომპანიის ხელმძღვანელობას სრული ინფორმაცია აქვს ტურნირის ორგანიზებაზე. არგენტინაში ვიზიტის შემდეგ უფრო იმედიანად ვარ განწყობილი".

ვნახოთ, რა აძლევ ოპტიმიზმის საფუძველს ნიკო პატარქალიშვილს:

"საქმე ის არის, რომ "ინტერ ამერიკა სპორტმა" საქართველოში უკვე რამდენიმე წერილი გამოაგზავნა. კერძოდ, კომპანიამ წერილი გაუგზავნა ქვეყნის პრეზიდენტს, რომელშიც აღნიშნა ამ ტურნირისა და მომავალი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების დასაწყისის მნიშვნელობა. როგორც იცით, ტურნირის ჩატარებაში მხარდაჭერა ცნობილ ქართველ მეცენატ ბიძინა ივანიშვილს ვთხოვეთ. კომპანიამ მასაც გაუგზავნა წერილი, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება. წერილი ასევე გაეგზავნა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ხელმძღვანელობას. მაცნობეს, რომ ამ საკითხს განიხილავენ და ოქტომბრის ბოლომდე გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. იმედი მაქვს, საკითხი დადებითად გადაწყდება".

ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ნიკო პატარქალიშვილს კიდევ ერთი პროექტი აქვს, რომელიც ოთხთა ტურნირის მომდევნო ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს.

" სახელოვანი სესარ ლუის მენოტის რეკომენდაციით, ცნობილი მწვრთნელი კაეტანო როდრიგესი მზად არის, თანაშემწესთან, ფიზმომზადების მწვრთნელ სინიორინისთან (2010 წლის მუნდიალზე არგენტინის ნაკრებში მუშაობდა) ერთად საქართველოში ჩამოვიდეს. აქ ჩაატაროს სელექცია, შეარჩიოს ახალგაზრდა ფეხბურთელები. ჯერ თბილისში შეკრიბოს გუნდი, გაწვრთნას, მერე კი მაღალ დონეზე მოსამზადებლად სამხრეთ ამერიკაში წაიყვანოს. ჩვენი მიზანია, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ეროვნულ ნაკრებს ახალი კადრები მოვუმზადოთ. როდრიგესი ამაზე დავითანხმე, ის მზად არის, საქართველოში იმუშაოს ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც გვინდა "ქართუ" დაერქვას", - საუბრის ბოლოს გვითხრა ნიკო პატარქალიშვილმა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




მკითხველის კომენტარები / 1 /
რით აღარ მობეზრდა ეს ზღაპრები ამ ადამიანს???:)))
dinamoeli
13:48 27-10-2010
0

სიახლეები პოპულარული