პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად, 2007 წლის სექტემბერში ბავშვთა ფეხბურთის კომიტეტი შეიქმნა. ამ კომიტეტის ვალდებულება იყო ლიცენზიის მიღების მსურველი სკოლისთვის რეკომენდაციის მომზადება. სკოლებისთვის ხარისხის ვარსკვლავი შემდეგი კრიტერიუმიც უნდა მიენიჭებინათ: სამი ვარსკვლავის მისაღებად საჭირო იყო 8 ასაკობრივი ჯგუფი, თითო ჯგუფში არანაკლებ 20 ფეხბურთელი, 2 მწვრთნელი ერთ ჯგუფზე, 4 გასახდელი, 4 საოფისე ოთახი, 16 საშხაპე, 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მსაჯთა 4
ორ ვარსკვლავისთვის საკმარისი იქნებოდა - არანაკლებ 4 ასაკობრივი ჯგუფი, თითო ჯგუფში მინიმუმ 25 მოთამაშე, ჯგუფზე 1 მწვრთნელი, 3 გასახდელი, 2 საოფისო ოთახი, 8 საშხაპე, 500 ადგილიანი ტრიბუნა.
ერთი ვარსკვლავის მისანიჭებლად სკოლას უნდა ჰქონოდა 2 ასაკობრივი ჯგუფი, ჯგუფში 30 ფეხბურთელი, 1-2 მწვრთნელი თითო ჯგუფზე, 2 გასახდელი, 1 ოთახი, 4 საშხაპე და ტრიბუნაზე 100 მაყურებლის ადგილი...
საფეხბურთო სკოლების ლიცენზირების პროგრამა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მოთამაშე პროფესიონალურ კონტრაქტს გააფორმებდა, სკოლა კი თანხას ვარსკვლავის მიხედვით მიიღებდა: სამვარსკვლავიანი მეტს, ორვარსკვლავიანი შედარებით ნაკლებს და ა.შ.
ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი იმედოვნებდა, რომ პროექტის დასასრულს, ანუ 2009-2010 წლების სეზონისთვის საქართველოში ყველა საფეხბურთო სკოლა აღრიცხული და ლიცენზირებული იქნებოდა, ბავშვთა და ჭაბუკთა ლიგებში კი არალიცენზირებული სკოლებს მონაწილეობის უფლება ჩამოერთმეოდათ.
თუმცა, უკვე 2010 წელი იწურება და სკოლების ლიცენზირება ხეირიანად არც დაწყებულა. მიზეზად მსოფლიოს ეკონომიკურ კრიზისს, რუსეთის აგრესიას და მათგან გამომდინარე ეკონომიკურ პრობლემებს ვერ დავასახელებთ. პროგრამა ვერ განხორციელდა და ფედერაცია პროცესს ხელახლა იწყებს.
"ბავშვთა ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის აღსაკვეთათ საქართველოს ფეხურთის ფედერაცია საფეხბურთო სკოლების ლიცენზირებას იწყებს. ლიცენზირების პირველი ეტაპი საფეხბურთო სკოლების ადგილზე ინსპექტირებას ითვალისწინებს. შემოწმდება და ლიცენზირების პროცესს გაივლის საქართველოში ამჟამად რეგისტრირებული 130–ვე საფეხბურთო სკოლა", - ვკითხულობთ ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ფეხბურთის ფედერაციაში უკვე შექმნილია სკოლების ინსპექტირებისა და ლიცენზირების ჯგუფი, რომელშიც შედიან ბაქარ ჟორდანია (სფფ–ს საკლუბო ლიცენზირების განყოფილების უფროსი), გაიოზ დარსაძე (მწვრთნელთა განათლების განყოფილების უფროსი), ირაკლი ოქროშიძე (ბავშვთა ფეხბურთის განყოფილების უფროსი), კესო ჩხიკვაძე (სფფ–ს იურისტი) და აკაკი ლოდია (სფფ–ს პრეზიდენტის მრჩეველი საფინანსო საკითხებში).
პრეს-რელიზში მითითებულია, რომ ჯგუფი სკოლების ინსპექტირების შედეგებს წლის ბოლოს შეაჯამებს და მასზე იქნება დამოკიდებული, ლიცენზიას რომელი სკოლა მიიღებს.
ისე ცნობისთვის, 2006 წელს (როდესაც ლიცენზირების პროგრამა დაიწყო) 202 სკოლა აღირიცხა, 2010 წელს კი 130. ანუ, საქართველოში სკოლების რაოდენობა 72-ით შემცირდა.
ვფიქრობთ, სკოლების ლიცენზირებას წმინდა ქართული მოტივი აბრკოლებს: რეალურად ლაპარაკია იმაზე, თუ რომელ სკოლას ჩამოართმევენ მუშაობის უფლებას, საქართველოში კი ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა ჭირს. საქართველოში სრულყოფილი საფეხბურთო სკოლა არც არსებობს, შედარებით ნორმალური კი მხოლოდ ათიოდე იქნება. ანუ მთავარი პრობლემაა, დანარჩენს რა მოუხერხონ?
სკოლების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მწვრთნელთა დაბალი კვალიფიკაციაა, რაც სპორტის აკადემიის ფეხბურთის კათედრის დახურვიდან იღებს სათავეს: იქ მწვრთნელები პროფესიას ოთხი წლის განმავლობაში ეუფლებოდნენ. ბოლო წლებში კათედრა მაღალი კატეგორიის მწვრთნელებს ვეღარ ზრდიდა. ამიტომ, მთელი დატვირთვა ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა მომზადების კურსებზე გადავიდა, სადაც გაიოზ დარსაძე საქმეს მშვენივრად ართმევს თავს. თუმცა, მხოლოდ კურსების გავლა საკმარისი არაა. სპორტის აკადემიის ფეხბურთის კათედრაზე დამწყებ მწვრთნელებს ოთხი წლის განმავლობაში ასწავლიდნენ სპორტულ მედიცინას, ანატომიას, პედაგოგიკას, ფსიქოლოგიას, ბიოქიმიას და ა.შ. სემინარებს ბევრად უფრო ხანმოკლე ვადაში ატარებენ და თემატიკაც უფრო შეზღუდულია.
უფრო საფუძვლიანი განათლებისთვის საფეხბურთო აკადემიაა საჭირო, რომლის დაფუძნებაც ფედერაციას ~ლოკომოტივის" სტადიონზე სურს - რა თქმა უნდა, ეს სასწავლებელი დარსაძეს ხელს ძალიან შეუწყობს.
სკოლების ლიცენზირების პროცესს აზრთა სხვადასხვაობაც აყოვნებს. ჯერ ის კრიტერიუმიც არ დადგენილა, ვარსკვლავს რა პრინციპით მიანიჭებენ. ერთი ჯგუფი რამდენიმე ვარსკვლავის დაწესებას ემხრობა. მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ მინიმალური მოთხოვნები უნდა დადგინდეს და ლიცენზია იმ სკოლას არ მისცენ, ვინც მას ვერ დააკმაყოფილებს. ამასთანავე, ვარაუდობენ – უფუნქციოთ დარჩენის შიშით კი, შესაძლოა, რამდენიმე სუსტი და ღარიბი სკოლა გაერთიანდეს და ერთობლივი ძალებით, სკოლას დაემსგავსონ.
საერთოდ, ცვლილება ფუნდამენტური უნდა იყოს, სანახევრო არაფერი ვარგა და სიკეთეს ვერ მოგვიტანს. არ შეიძლება სტატუსი ჰქონდეთ ორიოდე მინი-მოედნის მქონე სკოლას, სადაც უვიცი მწვრთნელია და აკადემიას, რომელსაც მშვენიერ ინფრასტრუქტურას ფლობს და კვალიფიციურ სპეციალისტებს ასაქმებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"