სიტუაცია: რატომ გამოექომაგა კახა კალაძე ლევან კობიაშვილს?

AutoSharing Option
* ჩვენი მოკლე მეხსიერების ამბავზე

*
რამდენმა დაასრულა კარიერა ისე, რომ ადამიანური მადლობა ვერ ვუთხარით?

*
თემურ ქეცბაია ფეხბურთიდან "ანორთოსისმა" გააცილა და არა საქართველომ, რაც ჩვენი უდიდესი სირცხვილია

*
13 მაისის შემოქმედებსა და ქართველი ხალხის გამხარებლებს სულ ორი ქურთუკი დაუმსახურებიათ?!

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აჭარაში სტიქიით მიყენებული ზიანის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. სხვა საკითხებთან ერთად, ქობულეთში საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს ჰკითხეს, რას ფიქრობდა ლევან კობიაშვილის განცხადებაზე, რომელშიც მან საქართველოს ნაკრებში კარიერის დასრულება გამოაცხადა.

"ლევანის წასვლა საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ ერთი დიდი დანაკლისია. ის
იყო წარმატებული, ღირსეული პიროვნება და უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ასეთი წარმატებული ფეხბურთელების ნაკრებიდან წასვლის ამბავს გულშემატკივარი "ფეისბუკით" იგებს.

ვფიქრობ, ფედერაციაში უნდა გამოფხიზლდნენ, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი ვარსკვლავი არ გვყავს.

ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ და ემსახურებოდნენ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ნაკრებს და არაერთი სიხარული მოუტანიათ ქართველი გულშემატკივრებისთვის, ეროვნულ გუნდს ასე არ უნდა ტოვებდნენ",
- განაცხადა კალაძემ.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ლიდერის გულისტკივილი აბსოლუტურად გასაგებია. ჩვენ კარგად გვახსოვს, თავად მას როგორ მოექცნენ. ევროპის ორგზის საკლუბო ჩემპიონი ერთ დღეს სუსტი ეროვნული გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თითქოს კალაძის დონის მოთამაშეები თავზე გადაგვდიოდა.

სამწუხაროდ, კალაძისა და კობიაშვილის მაგალითები საქართველოში აღარავის უკვირს, რადგან მოთამაშეთა სპორტიდან ლამაზად გაცილება ჩვენთვის უცხო ხილია.

ერთი შოთა არველაძის საღამო გვახსენდება, რომელიც უდავოდ შთამბეჭდავად იყო ორგანიზებული და მაყურებელს კიდევ დიდხანს ემახსოვრება, მაგრამ თავად შოთას რომ არ ეყოჩაღა, ვეჭვობთ, თბილისში ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავები გვეხილა.

და რამდენმა დაასრულა კარიერა ისე, რომ ადამიანური მადლობა ვერ ვუთხარით? მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლით: კახა ცხადაძე, რომელიც გაჭირვებულ ეროვნულ ფედერაციას 50 ათასი გერმანული მარკით შეეწია, ნაკრებს ფორმები რომ ეყიდათ.

გიორგი ქინქლაძე, რომელმაც "მრეტებიდან" "მანჩესტერ სიტამდე" ჩატარებულ პერიოდში ჩვენი საოცნებო ფეხბურთი და ფეხბურთელი გაგვიცოცხლა.

გიორგი ნემსაძე, კაცი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში ყოველთვის გამორჩეული მონდომებითა და თავდადებით თამაშობდა და თბილისის "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე პირადად "გაათრია", შოტლანდიაში ქართველების სახელი ღირსეულად ატარა და გუნდის კაპიტანი იყო.

გოჩა ჯამარაული, უნიჭიერესი მოთამაშე, რომელიც საქართველოშიც ღირსეული იყო და უცხოეთშიც.

კიდევ რამდენი ჩამოვთვალოთ?

მურთაზ შელია, მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე, ზაზა ჯანაშია, მიხეილ აშვეთია.

ყველაფერს თავი დავანებოთ, თემურ ქეცბაია "ანორთოსისმა" გააცილა და არა საქართველომ, რაც ჩვენი უდიდესი სირცხვილია, მაგრამ ამაზე სინანული ბევრმა განიცადა?

ან რომელ სინანულზეა ლაპარაკი, როდესაც ლეგენდარული დიუსელდორფის თაობის ორი ვარსკვლავის, რამაზ შენგელიასა და თენგიზ სულაქველიძის გაცილება დღემდე ანეკდოტად დადის - ერთ-ერთი მათგანი ხუმრობდა, თამაშამდე ახალი ქურთუკები გვაჩუქეს და სახლში გაგვიშვესო.

საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრებს, 13 მაისის შემოქმედებსა და ქართველი ხალხის გამხარებლებს სულ ორი ქურთუკი დაუმსახურებიათ?!

დღეს წესად არის ქცეული სპორტსმენების აგდებით მოხსენიება, მაგრამ ლოგიკური კითხვაა: საბჭოთა პერიოდიდან ბევრი ადამიანი გვახსენდება, რომელმაც ჩვენი ხალხის ეროვნული ცნობიერების გამოღვიძებაში იმხელა წვლილი შეიტანა, რამდენიც 1962 წლის თბილისის "დინამოს" კალათბურთელებმა, პირველი თაობის, 1964 წლის და 1981 წლების ფეხბურთელებმა ან სახელგანთქმული მოჭიდავეების მთელმა პლეადებმა? ცხადია, არა.

ამ ყველაფრის მიუხედავადაც, მათი სპორტიდან ღირსეული გაცილების ტრადიცია არ გაგვაჩნია.

საერთოდ, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან - მადლიერებად და უმადურებად. არჩევანი ძალიან ადვილია და იმედია, იმ ერების რიგში დავდგებით, რომლებიც გამორჩეულ შვილებს ტაშითა და ლამაზი გამოსამშვიდობებელი თამაშით აცილებენ და მათ მიერ წლების განმავლობაში მონიჭებულ სიხარულს იოლად არ ივიწყებენ.

დამაიმედებელი იყო კობიაშვილის განცხადებაზე თემურ ქეცბაიას კომენტარი, ლევანის გამოსამშვიდობებელ შეხვედრას ნოემბერში ვგეგმავდითო. იქნებ კონფლიქტამდე მისულმა ვითარებამ ახლა მაინც შეცვალოს გამორჩეული მოთამაშეებისადმი ჩვენი დამოკიდებულება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: გვინდა, ლევან კობიაშვილი ნოემბერში გავაცილოთ
რევაზ არველაძე: ვერანაირ პრეტენზიას ვერ მივიღებ
ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული