თვალსაზრისი: სარბიელზე მეორე ფლანგი გამოჩნდა?

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი წლობით თამაშობდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და, რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელი ხალხია.

და განა მხოლოდ ნაკრები? აბა, გავიხსენოთ, რამდენი კარგი მატჩი ჩაუტარებიათ მათ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, რამდენი გოლი გაუტანიათ ბუნდესლიგაში, რამდენჯერ გაუხარებიათ ქართველი და გერმანელი გულშემატკივარი...

იაშვილი ბადენ-ვიურტემბერგში ყველასთვის დასაფასებელი კაცია, ნაკრებშიც ყოველთვის გულით თამაშობდა და საერთოდ, ის ყველგან და ყოველთვის დადებითი მუხტის შემომტანი იყო.

კობიაშვილის დამსახურებაზეც ბევრი ლაპარაკი, ალბათ, უხერხულია, მარტო ასი კეპი რად ღირს.

არა მგონია, ვინმეს არ გაუხარდეს, თუ კობ
იაშვილსა და იაშვილს ისე გააცილებენ ნაკრებიდან, როგორც ამას ისინი იმსახურებენ, მაგრამ აქ სხვა რამეში უნდა იყოს საქმე - როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და როდის.

თემურ ქეცბაიამ გადაწყვიტა, რომ ამ შესარჩევი ციკლისთვის კობიაშვილი და იაშვილი ნაკრებში აღარ მიეწვია. ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერეოდა, თვითონ კობიაშვილი და იაშვილი კი არ ამბობდნენ, ნაკრებიდან წავედითო.

ასეთ დროს რა უნდა ექნა ფედერაციას? უნდა ეთქვა ამ ღვაწლმოსილი ნაკრებელებისთვის, რომ გაცილებას მოგიწყობთო?

ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში კობიაშვილსა და იაშვილს ექნებოდათ იმის თქმის შესაძლებლობა, დახეთ, ფედერაციაც იმ აზრზეა, რომ ნაკრებისთვის საჭირო აღარ ვართო.

ფედერაციამ ინიციატივა არ გამოიჩინა, არ შესთავაზა კობიაშვილსა და იაშვილს გამოსამშვიდობებელი მატჩი ან სხვა ამდაგვარი ღონისძიება და აქეთ მიიღო საყვედური ამ ფეხბურთელებისგან.

როგორც კი ქეცბაიამ გადაწყვიტა, არ გამოეძახებინა კობიაშვილი და იაშვილი, რატომ მაშინვე არ გააკეთეს განცხადება ამ ფეხბურთელებმა?

ქეცბაია არ არის ის მწვრთნელი, რომ ავანტიურაზე წავიდეს და ამის გამო დიდი ანგარიშით წააგოს. დარწმუნებული ვარ, ეს ელემენტარული რამ კობიაშვილსა და იაშვილსაც კარგად ესმით, ანუ ქეცბაია ციკლის ჩამთავრებამდე ხელშეუხებელი იქნება - ყველაფერი ისეთნაირად არის მოწყობილი და როგორც კულუარებში ამბობენ, ქეცბაიას კონტრაქტში არ არის ისეთი პუნქტი, რითაც ხელშეკრულების პირობები შედეგზე იქნება დამოკიდებული.

ანუ ქეცბაია ციკლის ბოლომდე დარჩება თანამდებობაზე და შესაბამისად, კობიაშვილი და იაშვილი ამ შესარჩევში ვერ ითამაშებენ - ვფიქრობ, ამაში საკამათო არაფერი იყო.

მწვრთნელმა ვერ მოახერხა ფეხბურთელების ისეთნაირად გაშვება ნაკრებიდან, რომ ისინი მომდურებული არ დარჩენილიყვნენ, ოღონდაც ეს უკვე ძველი, არააქტუალური თემაა. ახლა სულ სხვა რამეა მთავარი - ფედერაცია, მისი ხელმძღვანელობა და მოქმედების ფორმები.

კობიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა კახა კალაძე. იაშვილმა თავის განცხადებაში ახსენა კალაძე, რომელიც ახლა ენერგეტიკის მინისტრია.

ქართული საფეხბურთო სამყარო კი ძალიან პატარაა და კულუარული ინფორმაციებიც უმალ გაჩნდება ხოლმე, როცა რაღაც რეზონანსული ამბავი ხდება.

* * *
ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ამ თანამდებობაზე მაშინ აირჩიეს, როცა ქვეყანას წინა ხელისუფლება მართავდა.

პოლიტიკური ვითარება საპარლამენტო არჩევნებმა შეცვალეს, სიჭინავას "სინდისში ჩახედვა" ურჩიეს, ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თემა გააჟღერეს, მაგრამ ამ ყველაფრიდან არაფერი არ შეცვლილა, სიჭინავა თავისი გუნდით ფედერაციის სათავეში დარჩა.

ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და ბრძოლის მეთოდებიც შეცვლილია, ძალმომრეობა დღეს აღარ გამოდგება. ფედერაციის პრეზიდენტს ამ ორგანიზაციის სუბიექტები ირჩევენ, მაგრამ ამ არჩევნებს ფონიც სჭირდება, ანუ საზოგადოების განწყობა, რადგან ქართულ ფეხბურთს სახელმწიფოს დახმარება დღესაც სჭირდება და ხვალაც დასჭირდება.

ფედერაციის სათავეშიც ის უნდა მოვიდეს, ვისაც ფედერაციის სუბიექტების გარდა, საზოგადოებისა და ხელისუფლების სიმპათიაც ექნება.

კულუარებში იუწყებიან, რომ ფედერაციის ამ ხელმძღვანელობას მხოლოდ ერთი ოპონენტი გუნდი არ ჰყავს. მიხეილ ყაველაშვილი და მისი მეგობრები ერთ ფლანგს წარმოადგენენ, მეორე ფლანგი კი ახლა ყალიბდება - კალაძე და მისი მეგობრები, რომელთა ფავორიტი, სავარაუდოდ, კობიაშვილი იქნება.

ქართული საფეხბურთო მილეთის კულუარები ძალიან იშვიათად იტყუებიან. რამდენად ახლოს არის ეს ხმები სიმართლესთან, მალე გამოჩნდება, რადგან სიჭინავას პრეზიდენტობას ვადა 2015 წელს გასდის და არჩევნებამდე გარკვეული სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.

ღირსეულად გაცილებას რაც შეეხება, ალბათ, არც ერთ თანამედროვე ქართველ ფეხბურთელზე ნაკლები არ ყოფილა შოთა არველაძე, რომელმაც თავისი ხარჯებით მოაწყო გამოსამშვიდობებელი მატჩი და საამისო ინიციატივას ფედერაციისგან არ დალოდებია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

როგორ და რა როლში დაბრუნდება ლევან კობიაშვილი ქართულ ფეხბურთში?
სიტუაცია: რატომ გამოექომაგა კახა კალაძე ლევან კობიაშვილს?
რევაზ არველაძე: ვერანაირ პრეტენზიას ვერ მივიღებ
კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!
ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზოგჯერ ვფიქრობ რომ თავართქილაძის უსინდისო სტატიებსაც შეიძლება ჰქონდეს საზღვარი, თუმცა ყოველ ახალ სტატიაზე ვრწმუნდები რომ თავართქილაძე უკიდეგანოდ უსინდისო ჟურნალისტია ! :)
Giorgi
14:42 04-04-2013
0
არც ქეცბაია ქინქლაძე ცხადაძე და ა.შ მაგარიფეხბურთელები არ გაუცილებიათ მარა ამდენი არცერთს არ უტირია
qecbaia
15:10 04-04-2013
0

სიახლეები პოპულარული