ლევან ყიფიანი: ფედერაციასთან საქმიანი ურთიერთობა ჩემი ვალდებულებაა

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ბოლნისს ესტუმრა, ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩს დაესწრო და საკუთარი თვალით იხილა, რა მდგომარეობაშია თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონის საფარი.

ბოლნისელების სატკივარი სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ სხვა კლუბებსაც აწუხებთ და ამიტომ განვაზოგადეთ პრობლემა.

ასეთი კლუბები მოელიან, ახალ პოლიტიკურ ვითარებაში რა ცვლილება იქნება - მოედნების დაგებას კვლავ სახელმწიფო დააფინანსებს თუ ამის გაკეთება რაიონს მოუწევს?

ლევან ყიფიანს სხვა თემებზეც ველაპარაკეთ.

- ბოლნისის მოედანი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგრამ ანალოგიური პრობლემა მხოლოდ რ
ამდენიმე ქალაქსა თუ რაიონში მოგვარდა. როგორია ამ საკითხისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება?
- ცხადია, სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მაქსიმალურად არის ჩართული, რადგან ჩვენი სურვილია, სტადიონები სწრაფად და ხარისხიანად მოვაწესრიგოთ და უეფას სტანდარტებს გავუთანაბროთ.

სამწუხაროდ, ამ კუთხით იდეალური მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იგეგმება, მაგრამ ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა სწორი კონცეფცია, გარკვეული დრო და ფინანსები.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, 2013 წლიდან ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფოსგან 7-მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა და ამიერიდან საფეხბურთო პროექტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განახორციელებს.
- არ არის მართალი. უბრალოდ, ფედერაციასთან და უეფასთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერს გადავხედოთ და ეს პროექტები ახლებური ხედვით განვახორციელოთ. ალბათ, მალე, ჩვენი ფეხბურთისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარების რეალურ გეგმას წარმოვადგენთ.

- წინა ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ფინანსებით რამდენიმე სტადიონი გარემონტდა, რამდენიმეს მოედნის საფარი შეუცვალეს. წლეულს ეს პროექტები არ განხორციელდება?
- სპორტის სამინისტროს აქვს ძველი ხელმძღვანელების დატოვებული ბიუჯეტი, სადაც მოედნების დაგება გათვალისწინებული არ იყო. არადა, აუცილებელიც არის, რომ სახელმწიფომ სწორედ ინფრასტრუქტურაზე იზრუნოს და შექმნას საფეხბურთო მეურნეობის გამართული მუშაობის წინაპირობა.

სხვათა შორის, ამის შესახებ უეფასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან მუშაობა უკვე დავიწყეთ. უეფა ქვეყანაში აღიარებს ერთ საფეხბურთო ორგანიზაციას და ჩვენი ფედერაციის გარეშე, პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნება. მთავარია, სწორი კონცეფცია დაიდოს.

- ევრო-2020-ის თამაშების მასპინძლობა სომხებსაც სურთ, რომლებიც ადრე ამ თემაზე გვაქილიკებდნენ. თუმცა, ამჯერად არაფერი ისმის საქართველოზე - საინტერესოა, ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია უცვლელია და ევროფორუმის მასპინძლობისთვის ბრძოლას ისევ ვაპირებთ?
- ცხადია, ამ უფლებისთვის ვიბრძოლებთ. ჯერ უეფა კანდიდატურის წარდგენას არც ითხოვს. მისმა მმართველებმა მონაწილე ქვეყნებს გაუგზავნეს მოთხოვნები, თუ რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ. ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ, რა კრიტერიუმებია. თუმცა, ვფიქრობ, საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ერთი შეხვედრის მასპინძლობის სურვილი და უნარი მაინც შესწევს.

- ყოფილ ფეხბურთელთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრებს გვერდს ვერ ავუქცევთ. საფრანგეთში გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებთ?
- როგორც საჯარო მოხელე, თავს შევიკავებდი. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება გამაჩნია.

- მართალია, თითქოს თქვენსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის არსებული დაძაბულობა წარსულს ჩაბარდა და ურთიერთობა მოაგვარეთ?
- მე ვარ საქართველოში სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი საჯარო პირი. გამომდინარე აქედან, ჩვენი ფეხბურთი რომ განვითარდეს, ვალდებულიც ვარ, ფეხბურთის ფედერაციასთან და მის ხელმძღვანელობასთან საქმიანი და ყოველდღიური ურთიერთობები მქონდეს.

აქ პირადი ინტერესები საზოგადოებრივზე მაღლა არ უნდა დააყენო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
სირცხვილი ამ მთავრობას შენ რომ დაგნიშნეს დარწმუნებული ვარ არ გიცნობენ თკვენ.არაუშავს მალე გაუგებს ხალხი რას წაროადგენ
wiko
12:04 07-04-2013
0
მართლა როგორ დაგნიშნეს შენ მინისტრად ტოოო?
kolela
12:57 07-04-2013
0

სიახლეები პოპულარული