რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?

AutoSharing Option
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ საინტერესო განცხადება გააკეთა.

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას კალაძეს ფეხბურთის ფედერაციის ახალ პროექტზე დაეკითხნენ, რომლის მიხედვითაც, საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი ჩემპიონატი უნდა ჩაატარონ.

"ვერ გეტყვით, რამდენად მისაღები იქნება ეს გულშემატკივრებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც სპორტით დაინტერესებულია.

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვატარებთ შიდა, დამოუკიდებელ ჩემპიონატს და ასეც უნდა გაგრძელდეს. პირიქით, შიდა ჩემპიონატის გაძლიერებას ფინანსურადაც და ინფრასტრუქტურის მხრივაც ხელი უნდა შევუწყოთ. სამომავლოდ ამაში სახელმწიფოც
უნდა ჩაერთოს.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 15-16 წლის ნიჭიერი ფეხბურთელები ქვეყანაში დარჩნენ და იმის გამო არ დატოვონ ქვეყანა, რომ საქართველოში არ არსებობს ინფრასტრუქტურა, სტადიონები და ხალხს შიდა ჩემპიონატის მიმართ ინტერესი დაკარგული რომ აქვს.

მათ ხელი უნდა შევუწყოთ, საქართველოში მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში მაინც რომ დარჩნენ. ეს ჩვენი ჩემპიონატის დონეს გაზრდის და ყველასთვის საინტერესო გახდება",
- განაცხადა კალაძემ.

"ლელოს" ინფორმაციით, ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარებას საქართველო და აზერბაიჯანი აპირებენ, ყაზახეთზე ლაპარაკი ჯერ არ ყოფილა.

როგორც გვითხრეს, გადაწყვეტილია, რომ ტურნირი უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, 2014 წლიდანაც დაიწყოს და მასში ორივე ქვეყნის 8-8 გუნდმა მიიღოს მონაწილეობა. ასევე დადგენილია, თუ როგორ განაწილდება ევროთასების კვოტები. თუმცა ამ უკანასკნელთან დაკავშირებული დეტალები ჩვენთვის უცნობია.

ამავე დროს, გვაცნობეს, რომ პროექტის სპონსორი აზერბაიჯანული კომპანია "სოკარი" იქნება. მისი თავკაცები მზად არიან, გათამაშების საპრიზო ფონდისა და საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად 50 მილიონი დოლარი გამოჰყონ - ამაზე ინფორმაცია კლუბების მიერ დაფუძნებულ "12-თა საბჭოს" საკოორდინაციო სხდომაზე გაჟღერდა.

იდეა უდავოდ საყურადღებოა. ცხადია, ერთობლივი ჩემპიონატი ბევრად უფრო საინტერესო, დაძაბული და მაყურებლისთვის მიმზიდველი გახდება, გამოცოცხლდება მედია, ფეხბურთით ბიზნესი და ტელევიზიები უფრო დაინტერესდებიან, კლუბებიც მეტად იხეირებენ და ა.შ. მაგრამ რატომ არ სურთ ამ მნიშვნელოვანი არჩევანის ავკარგიანობაზე საჯარო მსჯელობა?

უცნობია, რა ბედი ელის საქართველოს ჩემპიონატს და ეროვნული თასის გათამაშებას, კონკრეტულად როდის დაიწყება (თუ დაიწყო) ტურნირი, მას ვინ უხელმძღვანელებს და თანახმა არის თუ არა უეფა?

ცნობილია, რომ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ბალკანური ლიგის იდეა პოლიტიკური მოსაზრების გამო მოიწონა.

სხვათა შორის, 2011 წელს კვიპროსში უეფას წევრი ქვეყნების ასოციაციების პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნების შეხვედრიდან დაბრუნებულმა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენციაზე გააჟღერა, რომ პლატინი რეგიონული საკლუბო ლიგების ჩამოყალიბების იდეას სერიოზულად განიხილავს - ამას მეტი შემოსავლის მიღებისა და მაყურებელთა სტადიონზე მიზიდვის საუკეთესო საშუალებად თვლისო.

მაგალითად, ლაპარაკი ყოფილა კავკასიის ქვეყნების: საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი ლიგის დაარსებაზე და ყველაზე მთავარი: ამ საკითხებზე სამუშაოდ უეფაში სპეციალური ჯგუფი ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, რაც მრავლისმეტყველი ფაქტია. თუმცა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გამო ამ იდეის განხორციელება გამორიცხული გვეგონა.

ახლა გაჟღერებული პროექტის მინუსებზე ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელი (რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა) "ლელოს" ელაპარაკა:

"რეგიონული ტურნირი ძალიან კარგია, მაგრამ ხომ არ განმეორდება საბჭოთა კავშირის II ლიგის ამბები?

მაშინ I ლიგაში გადასვლისთვის საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის კლუბები ერთდროულად თუ იბრძოდნენ, მონაწილეები ნაციონალური პრინციპით თამაშებს თავისიანებს უთმობდნენ და სპორტული პრინციპი დაიკარგა.

ამან მოსპო და შეჭამა საბჭოთა ფეხბურთი და იმავე გზის გავლა საქართველოს რას არგებს?"

"ლელო" ამ თემას აუცილებლად გააშუქებს. შევეცდებით, შემოგთავაზოთ სპეციალისტების, ფეხბურთელების, გულშემატკივრების, ბიზნესმენების, პოლიტიკოსებისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებები, რათა ერთობლივი ჩემპიონატის პლუს-მინუსები საზოგადოებამ შეაფასოს.

შეგახსენებთ, რომ 2001 წელს კავკასიის ერთიანი ლიგის პროექტი ცნობილმა ქართველმა ტელეკომენტატორმა ნუგზარ ჯუღელმა წამოაყენა. 2007 წელს ათენში შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროფლიგების ხელმძღვანელთა შეკრებაზე ლიგების ასოციაცია ჩამოაყალიბეს, რომლის გენერალურ მდივნად ქართული პროფლიგის მაშინდელი თავკაცი დიმიტრი რამიშვილი აირჩიეს. სურდათ შავი ზღვის ქვეყნების ერთიანი ლიგის ჩამოყალიბება (საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, საბერძნეთი; აგრეთვე, აზერბაიჯანი, სომხეთი), მაგრამ ეს შესანიშნავი იდეაც ისტორიის საკუთრება გახდა.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ერთობლივ ლიგაზე კი პირველად 2009 წელს ლევან ყიფიანმა ილაპარაკა. იდეა აზიელებმა და აზერბაიჯანელებმა აიტაცეს, მაგრამ ესეც განუხორციელებელი დარჩა.

უეფას ინიციატივა დროს არ გვიტოვებს. ევროპის გაერთიანების პარალელურად, ინტეგრაცია სხვა სფეროებშიც შეუქცევად სახეს იღებს, მაგრამ რომელი პროცესის მონაწილე გახდება საქართველო?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვერ გავიგე, რა აზრი ექნება ამ ჩემპიონატს? კლასი უნდა ავიმაღლოთ?
damangreveli
17:28 15-04-2013
0
ასეთი დიდი სისულელე ჯერ არ მომისმენია...ეგ გამორიცხულია,ამ იდეის ავტორი მაინტერესებს.
aleqsi
18:42 15-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული