70-იან წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში, თბილისის "დინამოში" ჯერ მოხვედრა, მერე კი დამკვიდრება, მართლაც ერთეულთა (გნებავთ, რჩეულთა) ხვედრი იყო; არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა
დრო ყვველაფრის მკურნალიაო, ტყუილად არ უთქვამთ; 50 წლის იუბილარმა დღევანდელი გადასახედიდან ბევრი რამ გადააფასა: ვისაც წლების განმავლობაში "ებრძოდა", დღეს... მადლიერებით იხსენიებს; რაც მთავარია, უკვე მეოთხე წელია, ერთობ საპასუხისმგებლო და მადლიან საქმეს შეეჭიდა: ჯერ იყო და საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა დაცვის საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბა, შარშანდლიდან მოყოლებული კი ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარეც გახლავთ. თუმცა, იუბილარ რესპონდენტთან ვეტერან ფეხბურთელთა დახმარება-დაფასების საკითხების გარდა, რაღა თქმა უნდა, აქტიურ საფეხბურთო კარიერასა და მის შემდგომ პერიოდზეც ვისაუბრეთ.
- ყველა იუბილართან ინტერვიუს, ფაქტობრივად, ერთი და იგივე კითხვით ვიწყებთ და გამონაკლისი თქვენც ვერ იქნებით: 50 წელი მართლაც 5 ნოემბერს გისრულდებათ?
- არც წელი მაქვს "მოპარული", არც - თვე და არც - რიცხვი: ნამდვილად 1960 წლის 5 ნოემბერს ვარ დაბადებული.
- ვიდრე თქვენ საფეხბურთო კარიერას ერთად გავიხსენებდეთ, მანამდე ვეტერან ფეხბურთელთა საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბებაზე გვიამბეთ.
- თქვენც და, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიც და თასების მფლობელთა თასის გათამაშებაც უკვე ისტორიის კუთვნილებად იქცა. 4 წლის წინ, როცა დიუსელდორფის ტრიუმფის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, მაშინდელი დინამოელები საქართველოს პარლამენტში მიგვიწვიეს, სწორედ იქ დავაყენე საკითხი, რომ ქართველ ვეტერანებს სახელმწიფოსგან გარკვეული დახმარება ესაჭიროებოდათ. მაგალითებიც მოვიყვანე: ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკაში ვეტერანი ფეხბურთელები სახელმწიფოსგან პენსიას იღებდნენ. ანუ, შრომა ყველას დაუფასდა და საერთოდაც, შრომის წიგნაკში პროფესიად "ფეხბურთელი" უნდა გვეწეროს-თქო, ამას ვასაბუთებდი.
- სიტყვა "ვეტერანი" ერთობ ფართო მცნებაა და ასეთ შემთხვევაში, ალბათ, ბევრს გაუჩნდებოდა კიდეც გარკვეული კითხვები.
- გეთანხმებით და არც იმას დავმალავ, რომ დღემდე მიწევს ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებების მიცემა. ამ შემთხვევაში საუბარია 41 კაცზე, მართლა "ცოცხალ ანტიკვარებზე" , დაფასება და გაფრთხილება რომ სჭირდება; ანუ, იმ ხალხზე, ვინც საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი და, რაღა თქმა უნდა, თასების მფლობელთა თასის მფლობელი იყო. ჩემი ფეხბურთელობის დროს მაქსიმალური ხელფასი 250 საბჭოთა მანეთი იყო (ანუ, მაშინდელი კურსით 250 დოლარი) და სწორედ ამ პენსიის დანიშვნას ვითხოვდი. მეტსაც გეტყვით: საქმის კურსში უეფაც ჩავაყენე; ვაცნობეთ, რომ საქართველოში ვეტერან ფეხბურთელთა საქველმოქმედო ფონდი ჩამოყალიბდა, სწორედ უეფას ეგიდით ჩატარებული გათამაშების (თასების მფლობელთა თასი) ტრიუმფატორებს რომ უნდა დახმარებოდა. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმოქმედებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან. სამწუხაროდ, ყველამ ერთნაირად ვერ გაიგო ამ ფონდის ჩამოყალიბება: არადა, კიდევ ვიმეორებ, რომ აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხზე, ვინც თავის შრომით საქართველოს უამრავი სიხარული მოუტანა; ანუ, ტიტულების მფლობელ ვეტერანებზე.
- მართლაც დასაფასებელი საქმეა, ოღონდ, ისიც ვთქვათ: სახელმწიფოს კეთილი ნების გარეშე რომ არაფერი გამოვა...
- რა თქმა უნდა! ქვეყნის ხელისუფლება ყველანაირად გვერდში გვიდგას და ისიც მჯერა, მომავალ წელს, როცა დიუსელდორფის ტრიუმფის 30 წლისთავს აღვნიშნავთ, კიდევ მეტი დახმარება-დაფასება ექნებათ ჩვენს ტიტულოვან ფეხბურთელებს. იმედი მაქვს, ქალაქ თბილისის მერიაც ჩაერთვება ამ საქმეში და იმ მართლაც "ცოცხალ ანტიკვარებს" შეძლებისდაგვარად დააფასებს.
- აქტიური კარიერის დასრულების შემდეგაც მუდამ საფეხბურთო სამყაროში "ტრიალებთ"; დღევანდელ ვითარებაზე თქვენი აზრიც გვაინტერესებს.
- მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და სხვის საქმიანობაში ჩარევის უფლება არა მაქვს. ხშირად მესმის-ხოლმე: აი, ქართული ფეხბურთის საქმე უკან და უკან მიდის და ხელს, მაშინათვე... ფედერაციისკენ იშვერენ. არადა, პრობლემები უფრო "ქვემოთ", ანუ, რეგიონალურ ფედერაციებში უნდა მოვძებნოთ.
- რას გულისხმობთ?
- რა უნდა ვიგულისხმო და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ზოგიერთი რეგიონალური ფედერაცია როგორც მუშაობს. ან, საერთოდ, მუშაობენ? ან, იქნებ ზოგიერთი ხელმძღვანელის ფეხბურთში განსწავლულობას თუ საქმის კეთებას მოაქვს რაიმე შედეგი?
- ძალიან პრობლემატური საკითხი წამოჭერით, მაგრამ, მოდი, ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა კი, თქვენი საფეხბურთო კარიერა გავიხსენოთ და, რაღა თქმა უნდა, იმ დროისათვის მართლაც ლეგენდარული "ავაზას" სპორტსკოლით დავიწყოთ.
- სწორად აღნიშნეთ: "ავაზას" საფეხბურთო სკოლა მართლაც ლეგენდარული იყო, ასევე ლეგენდა-კაცი, მიხეილ მესხი-უფროსი რომ ხელმძღვანელობდა. უბედნიერესი კაცი ვარ, ასეთ პიროვნებასთან რომ დავიწყე ფეხბურთის თამაში. აქვე ჩემი პირველი მწვრთნელებიც მინდა გავიხსენო: ვოვა რამიშვილი და კობა თურაზაშვილი.
- იმდროინდელ "ავაზაში" თქვენი თაობის რამდენიმე გამორჩეული ბიჭიც ვარჯიშობდა, მოგვიანებით სხვადასხვა დონეზე დიდ ფეხბურთში გარკვეულ წარმატებებსაც რომ მიაღწიეს.
- არ მინდა ვინმე გამომრჩეს: გოჩა ჯოხაძე, მიხეილ მესხი-უმცროსი, ხვიჩა ქასრაშვილი, იაგო და კობა ჟორჟიკაშვილები. სხვათა შორის, ძმებმა არველაძეებმაც სწორედ "ავაზაში" დაიწყეს თამაში.
- ნიჭიერი ჭაბუკის, ვაჟა ჟვანიას "დინამოში" ჩარიცხვის ამბავი თბილისში მალე გახმაურდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში თქვენს დებიუტს, ფაქტობრივად, ოთხი წელიწადი ველოდით...
- დღევანდელმა თაობამ შეიძლება არც დაიჯეროს და გაიკვირვოს კიდეც, მაგრამ "დინამოს" დუბლიორთა გუნდის კიდევ დუბლიორთა გუნდში ყოფნაც უდიდეს მიღწევად მიმაჩნდა. ამას დაემატა, რომ არნახული სიყვარული ვიგრძენი "ვერისბაღელებისგანაც": მოგეხსენებათ, ისინი, ტყუილუბრალოდ, არავის გააღმერთებდნენ. განსაკუთრებულ სტიმულს კი დიდი მიშა მესხი კი ქართველ ქომაგთა ცნობილი "ბელადი", ქართლოს სვანიძე მაძლევდნენ, - ჩემი სულიერი აღმზრდელები.
- "დინამოს" ძირითადში მატჩი არ გქონდათ ჩატარებული და ლამის ნახევარი თბილისი თქვენზე საუბრობდა; მაინც, სად შეგამჩნიათ ქართლოს სვანიძემ და სხვა "ვერისბაღელებმა"?
- "ავაზა", "ნორჩი დინამოელი", "35-ე საფეხბურთო სკოლა", "ფეშეემი", - ჭაბუკთა შორის ქალაქისა თუ საქართველოს პირველობაზე ეს გუნდები ერთმანეთს რომ ხვდებოდნენ, არნახული აჟიოტაჟი იყო; აი, სწორედ იქ შემამჩნიეს და მათი უსაყვარლესი ფეხბურთელიც გავხდი. ამასობაში, ქართულ პრესაში ჩემზე სტატიებიც გაჩნდა...
- "დინამოს" ძირითადში ექვსი არასრული სეზონი ჩაატარეთ, თუმცა, ჩვენი აზრით, გამორჩეულად მაინც 1981 წელი უნდა მივიჩნიოთ. ბოლოს და ბოლოს, 20 წლის ბიჭი თასების მფლობელთა თასის მფლობელი გახდით.
- ჩემთვის ეს ზღაპარივით იყო; იმის მიუხედავად, რომ ფინალში თამაშმა არ მომიწია, არაჩვეულებრივი განცდა მქონდა. რა თქმა უნდა, მოედანზე გასვლის სურვილი როგორ არ მქონდა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ 16-კაციან განაცხადში ჩემზე ბევრად გამოცდილი ფეხბურთელები ვერ მოხვდნენ. არადა, დღევანდელი გადასახედიდან, ვაღიარებ, ბევრ რამეში ვცდებოდი. აი, თუნდაც მთავარ მწვრთნელთან დამოკიდებულებას ვგულისხმობ: მაშინ მართლაც ვიბოღმებოდი, ძირითადში ხშირად რომ არ მათამაშებდა; არადა, ფაქტია, რომ ჩემი, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში, ნოდარ ახალკაცს უდიდესი ამაგი მიუძღვის.
- როგორ ფიქრობთ, გარკვეული ზეწოლამაც უარყოფითად ხომ არ იმოქმედა თქვენ კარიერაზე?
- არც უმაგისობა იყო: ადრეულ ასაკში აღიარება, "დინამოს" ძირითადში თამაში, "ფეიენოორდისა" თუ "სტანდარდის" დონის გუნდების წინააღმდეგ ასპარეზობა, ვარსკვლავების გვერდი-გვერდ ყოფნა, რაღაც დოზით ალბათ, ყველაფერმა იმოქმედა. თან, როგორც უკვე გითხარით, ვღიზიანდებოდი, უფრო ხშირად რომ არ მიწევდა ასპარეზობა და მაშინდელი პრესითა თუ ტელევიზიით ისეთ მწვავე რეპლიკებს ვისროდი, ყველას უკვირდა. რა ვქნა, სიმართლის თქმა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ "რაღაც-რაღაცეებსაც" ვერ ვითვალისწინებდი და იმდროინდელ ეპოქაშიც, ახალგაზრდა ფეხბურთელისგან ასეთი განცხადებები ძალიან ბევრს ვერაფრით აეხსნა. უფრო ზუსტად, გაკვირვებულნი იყვნენ...
- 1981 წელი თქვენთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საერთაშორისო აღიარებაც მოგიტანათ.
- საფრანგეთის ქალაქ ტულონში ყოველწლიურად ტარდება ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი, ფაქტობრივად, მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატსაც რომ უწოდებენ. 1981 წელს მეც ვიასპარეზე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში და ტურნირის დასრულების შემდეგ... საუკეთესო ფეხბურთელადაც დამასახელეს. სხვათა შორის, სსრკ ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა და უკან ჩამოვიტოვეთ იტალიის, პორტუგალიის, ესპანეთისა და კოლუმბიის ნაკრებები, მხოლოდ ბრაზილიამ და ჩეხოსლოვაკიამ გაგვისწრო. არადა, მოგეხსნებათ, იშვიათია შემთხვევა, როცა მესამეადგილოსანი გუნდის ფეხბურთელს ასახელებენ რომელიმე ტურნირზე საუკეთესოდ. თუმცა, ამ აღიარებამ ჩემს მომავალ კარიერაზეც... უარყოფითზე მეტი რომ ჰქვია, ისე იმოქმედა.
- ეგ როგორღა გავიგოთ?
- ტურნირის დასრულებისთანავე ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელთან ავთანდილ ჭკუასელთან, კოლუმბიის ნაკრების წარმომადგენლები მივიდნენ და ჩემს შესაძენად მილიონი მარკა შესთავაზეს. ამ საუბარს, რაღა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი ესწრებოდა, რომელიც, ამავდროულად... საბჭოთა უშიშროების თანამშრომელი გახლდათ. მოკლედ რა მიხვედრა სჭირდება, კოლუმბიელები უარს რომ მიიღებდნენ. თუმცა, ვიდრე საფრანგეთიდან გამოვემგზავრებოდით, ახლა უკვე იქაური ცნობილი კლუბის "ნანტის" ხელძღვანელებმა მოისურვეს ჩემი შეძენა და ორ-მილიონ ნახევარ ფრანკს უსიტყვოდ იხდიდნენ. სხვათა შორის, მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას და როგორც "საბჭოთა სპორტსმენს" შეეფერებოდა, რაღა თქმა უნდა, უარი განვაცხადე. ჰოდა, პრობლემებიც ამის შემდეგ დაიწყო...
- თუ უარი თქვით, პრობლემები რატომღა შეგექმნათ?
- ჩვენი "თარჯიმანი" მოსკოვში ჩამოვიდა თუ არა, უშუალო უფროსობას მოახსენა: ჟვანიას შეძენით უკვე რამდენიმე უცხოური კლუბია დაინტერესებული, ახლა კი უარი თქვა, მაგრამ შემდეგ წასვლაზე, ალბათ, დათანხმდება და ეგ აქ ჩამომსვლელი აღარც იქნებაო. მოკლედ, უცხოეთში გასვლა... ამეკრძალა!
- ალბათ, იმანაც იმოქმედა, რომ თქვენ "დინამოში" თამაშობდით, მაშინდელი მილიციის გუნდში...
- საერთოდაც, იმ დროს უცხოეთში ვის გაუშვებნენ? არადა, 1983 წელს, ქუთაისის "ტორპედოში" წასვლაზე უარის გამო, თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ დისკვალიფიკაცია რომ მომისაჯა, იმდენი მოვახერხე, მოსკოვის "სპარტაკში" აღმოვჩენილიყავი. მოგეხსენებათ, თუ რა დონის მწვრთნელი მუშაობდა ამ გუნდში: კონსტანტინ ბესკოვს სულითა და გულით უნდოდა მის გუნდში რომ მეთამაშა და ამ დისკვალიფიკაციის მოსახსნელად რა არ გააკეთა; წარმოიდგინეთ, 1 წლის განმავლობაში სადისციპლინო კომიტეტმა ხუთჯერ მომიხსნა სასჯელი, მაგრამ უფრო "ზემოდან" ბლოკავდნენ; ეგ კი არა, მაშინდელი საკავშირო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის პირადი ბრძანებაც კი გამოვიდა, "სპარტაკში" რომ არ მეთამაშა - ანუ, გუნდს ევროტურნირებზე ან უცხოურ შეკრებაზე თუ გავყვებოდი, ეგონათ, რომ იქ დავრჩებოდი...
- გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა გუნდშიც გითამაშიათ: საკავშირო პირველსა თუ მეორე ლიგაში, პირველ ეროვნულ ჩემპიონატშიც...
- განსაკუთრებით ბათუმის "დინამოში" გატარებული პერიოდი მინდა აღვნიშნო, სადაც ჩინებულ მწვრთნელთან შოთა ჭეიშვილთან მომიწია ურთიერთობამ. სხვათა შორის, მართლაც არ გვყავდა ურიგო გუნდი - გოჩა ჯოხაძე და ნუკრი კაკილაშვილი თამაშობდნენ ჩემ გვერდით; ამათ გარდა, ტარიელ დურდიაძეც უნდა ვახსენო - ნიჭიერი მცველი იყო, მაგრამ, თუ არ ვცდები, ექვსჯერ გაიკეთა მენისკის ოპერაცია. დიმიტრი მეშკოვი იყო კიდევ, უნიჭიერესი ფეხბურთელი, სერიოზულ დონეზე რომ უნდა ეთამაშა, მაგრამ გარკვეული პრობლემებიც ჰქონდა...
- ისე, უცხოეთში მაინც გაემგზავრეთ, ოღონდ, ოფიციალური მატჩების ჩატარება არ მოგიწიათ.
- 1990 წელს მე და მერაბ ჟორდანია ჰოლანდიურ "ჰერენვენში" სამი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდით. ყველაფერი გარკვეული გვქონდა: ორივეს პირადი კონტრაქტები გაგვიფორმეს და ერთადერთი დაბრკოლება, მხოლოდ და მხოლოდ, სატრანსფერო ფურცლის ჩამოსვლა იყო. სამწუხაროდ, საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვიაჩესლავ კოლოსკოვისგან ამას ვერ ვეღირსეთ. ამას გარდა, ნაკრებში ჩატარებული მატჩების 50 პროცენტიც "მოითხოვეს" და ამ დროს კი, სად გვყავდა ჯერ ნაკრები? მოკლედ, 30 წლისაც არ ვიყავი, აქტიურ კარიერას თავი რომ დავანებე.
- სამაგიეროდ, ფეხბურთიდან არ წასულხართ: როგორც გვახსოვს, წლების განმავლობაში "დინამოს" საკლუბო სტრუქტურაში ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყავით.
- თავის ქებაში არავინ ჩამითვალოს, მაგრამ ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი, "დინამო" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან რომ გამოსულიყო. ცალკე კლუბად ჩამოვყალიბდით, პრეზიდენტად მერაბ ჟორდანია ავირჩიეთ, ვინც იმ დროს ისლანდიაში თამაშობდა. მე კი, "დინამოს" ტექნიკური დირექტორი გავხდი.
- 1995 წელს მცირე ხნით სამწვრთნელო ასპარეზზეც გქონდათ დებიუტი.
- ეს დროებით და გამოუვალ მდგომარეობით იყო ნაკარნახევი; ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ "დინამო", ფაქტობრივად, უმწვრთნელოდ დარჩა: ვიდრე კვიპროსზე მყოფ დავით ყიფიანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ჩემპიონატის ორ მატჩში გუნდს მე ვუხელმძღვანელე. ორივე შეხვედრაში რომ გავიმარჯვეთ, ეს მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო - ჩინებული გუნდი გვყავდა; მთავარი ის იყო, რომ "დინამოში" სადებიუტო შეხვედრა სწორედ ჩემი მწვრთნელობის დროს ჩაატარა კახა კალაძემ! თანაც, 17 წლის ბიჭი დაცვის მარცხენა ფლანგზე დავაყენე და ყველა ჩემი დავალება ზედმიწევნით კარგად შეასრულა. ის შეხვედრა ყვარელში, ადგილობრივ "დურუჯთან" გვქონდა და როცა ამ მატჩის ფირი ნოდარ ახალკაცმა ნახა, კალაძის თამაშით აღფრთოვანება არ დაუმალავს. თანაც, მეორე დღესვე თავის მეგობარს, კიევის "დინამოს" მთავარ მწვრთნელს ვალერი ლობანოვსკის დაუკავშირდა (რომელიც თავის გუნდისთვის კვალიფიციურ მარცხენა მცველს ეძებდა) და ყველასათვის უცნობ პატარა ბიჭს, კახა კალაძეს რეკომენდაცია გაუწია. მერე კი, თუ როგორ წარიმართა კალაძის საფეხბურთო კარიერა, ყველას კარგად მოეხსენება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"