ყველაზე დიდი ქართველი ათიანი - დღეს დავით ყიფიანი 62 წლის გახდებოდა

AutoSharing Option
18 ივნისს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი 62 წლის გახდებოდა. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 2001 წლის 17 სექტემბერს ავტოავარიას ემსხვერპლა.

გიო ახვლედიანის ეს წერილი, რომელიც დავით ყიფიანს ეძღვნება, ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, გაზეთ "სარბიელში" გამოქვეყნდა.

10
ცხრამეტი წლის წინათ დავით ყიფიანი არ შეიყვანეს იმ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე რომ მიემგზავრებოდა. ეს იყო მისი ბოლო სათამაშო სეზონი.

წინა წელიწადს თბილისის "დინამომ" თასების თასი მოიგო, შემოდგომაზე კი ყიფიანს ტრავმა ჰქონდა. ამის გამო გულშემატკივრები ნერვიულობდნენ. ცხადია, ყველას უნდოდა, რომ ნაკრებში
მიეწვიათ და ესპანეთში ეთამაშა.

იანვარში წაიყვანეს კიდეც გაფართოებულ სანაკრებო შეკრებაზე, ასევე, ესპანეთში, იქაურ მინდვრებს გასაჩვევად.

მახსოვს კადრი პროგრამა "ვრემიადან", როცა ის საგოლე პასს აწვდიდა ვიღაცას, იმ შეკრებისას ჩატარებული ამხანაგური თამაშისას.

მერე ყველაფერი სხვაგვარად მოხდა და ყიფიანი ნაკრებში არ მიიწვიეს. 1982 წლის შემოდგომაზე თითქოს მისი გამოსათხოვარი მატჩიც უნდა შემდგარიყო, მაგრამ სწორედ იმ დღეებში ბრეჟნევი მოკვდა და მერე გაცილება აღარავის უხსენებია.

თვითონ კი თქვა, ფეხბურთიდან ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ტრავმებიაო.

ტრავმები მართლაც ხშირი იყო. უმოწყალოდ ურტყამდნენ შინაც და გარეთაც. მაშინ წითელი ბარათების დღევანდელი სისტემა არ არსებობდა. მუხლისთავები სულ დასისხლიანებული ჰქონდა. მისი უკანასკნელი გოლი, რთული, ძალიან ტექნიკური საჯარიმო დარტყმა იყო, რომელიც ლვოვის "კარპატის" კარში გაიტანა. ასე მახსოვს. ეგებ, ვცდები კიდეც, მაგრამ სწორედ იმ ხანებში იყო, როცა უკვე ესპანეთის ჩემპიონატზე ვლაპარაკობდით. იმიტომ მახსოვს, რომ გავიფიქრე კიდეც, პლატინისავით გაიტანა-მეთქი და ის ფიქრი დამამახსოვრდა.

ახლა არაფერს ვიტყვი მის იერზე, მის საფეხბურთო აზროვნებაზე, მის უზარმაზარ გავლენასა და ინტელექტზე. ყველაზე მეტად მისი კარიერის ორი მონაკვეთი მიყვარს: 1980 წლის ზაფხულისპირა მატჩების სერია (იმხანად, მოკლე ხნით გუნდსაც კაპიტნობდა), რომელიც "დინამომ" ზედიზედ მოიგო და ყოველი გამარჯვება მისი იყო და 1981 წლის საგაზაფხულო სიგიჟე, როცა გუნდი მისი უპირობო ლიდერობით მიაბიჯებდა თასების თასისკენ და შიდა ჩემპიონატის ზღაპრულ თამაშებს ატარებდა თბილისში.

მაშინ დავით ყიფიანს რამდენიმე გოლი აკლდა ასიანთა კლუბში შესვლამდე და თუ არ ვცდები, ზედიზედ გაიტანა 7-8 ბურთი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ყოველ თამაშში შეეძლო გატანა.

იმ გაზაფხულზე შეაგდო, ჩემი აზრით, კარიერაში ულამაზესი გოლი თბილისში, "სპარტაკის" კარში. იმ თამაშში დუბლი შეასრულა, "დინამომ" 3:1 მოიგო, ყიფიანმა კი ფეხის წვერით, ახლო ცხრიანში გაუტანა დასაევს.

ამ გოლთან ახლოს იყო თავისი სილამაზით 1977 წლის ზაფხულში, თავსხმა წვიმაში ცსკა-სთვის გატანილი გოლი ასევე თბილისში, როცა "დინამო" 0:2-ს აგებდა, საბოლოოდ კი მისივე ძალისხმევით გადაარჩინა თამაში.

ის შორეული დარტყმა, შორეულ ცხრიანში რომ ჩაჯდა, ახლაც თვალწინ მაქვს.

და მერე გვკითხავენ, ვინ და რამ შეგაყვარა ფეხბურთიო.

ფეხბურთის რაობას საბოლოოდ და მტკიცედ მაშინ ჩავწვდი, როცა "დინამომ" 4:1 მოიგო "აპტონ პარკზე". ის თამაშიც ყიფიანისა იყო, ისიც 1981 წლის გაზაფხულზე.

სწორედ ამ დღეებში ვფურცლავდი ძველ, იმ ვესტ ჰემ-დინამოს მატჩის პროგრამას. იქ კი ასე წერია: ის რომ დასავლეთის რომელიმე კლუბში თამაშობდეს, სუპერვარსკვლავი იქნებოდა.

ის იყო სუპერვარსკვლავი ერთ საზიზღარ, ჩაკეტილ, შიშიან, მღვრიე ქვეყანაში. მუხლები სულ სისხლიანი ჰქონდა და მინდორზე მდგომი გამოხატავდა იმას, რითაც ასე ვიწონებდით თავს იმ აუტანელი ქვეყნის ქართველები.

იერი, გონება, შემოქმედება.

და კიდევ, ვღიზიანდებოდი, როცა საბჭოთა ნაკრებში მოხვედრილს ზოგჯერ ცხრანომრიან მაისურას მოარგებდნენ ხოლმე. ის ათიანი იყო, ყველაზე დიდი ქართველი ათიანი.

გიო ახვლედიანი
გაზეთი "სარბიელი", 2001 წლის სექტემბერი

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
1981წელს ვესტ ჰემთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ერევანში თამაში გვაკვს სსრკ თასის 1/4ფინალის არარატთან.მთელი თამაში ჩვენი დიდი ტერიტორიული უპირატესობა(დღეს ბარსას რომ აკვს ბურთის ფლობის 70%),მაგრამ ცოტა დაღლილებიც ვართ და განწყობაც არაა შესაბამისი ვესტ ჰემის შემდეგ.ვაგებთ 1-2 ,ბურთი გადაგდეს ტრიბუნებზე სომეხმა ფეხბურთელებმა(მაშინ ერთი ბურთი იყო).ძალიან დიდხანს არ დააბრუნეს,ყველა საშუალებებით დრო გაყავთ,ბოლოს დააბრონეს,გაბრაზებულმა დათომ აიღო და ძლიერი დარტყმით ისევ ტრიბუნებზე ააგდო,ერთი თკვენიც ,თუ არ გინდათ ფეხბურთით სიამოვნებაო...
იმავე წლის ზაფხულში სსრკ ჩემპიონატის მატჩი ერევანში.ჩვენები განსაკუთრებულად მოემზადნენ,განწყობაც შესაბამისი,მოკლედ რაღაც სასწაულ ფეხბურთს თამაშობენ!სომეხი ფეხბრთელები ბურთსაც ვერ ეხებიან!ალბათ ბურთის ფლობა 95% გვაკვს!ანგარიშიც გავხსენით(ვერ ვიხსენებ გოლების ავტორებს).მერე მსაჯმა(მგონი სტუპარმა)სრულიად უსაფუძვლოდ სულაკველიძე დააჯარიმა და ყვითელი ბარათიც ამოუღო,თენგიზმა ტაში დაუკრა,მსაჯმა წითელით დააჯილდოვა!აი მაშინ დაიწყო ფანტასტიკური ფეხბურთი-4-1!!!გაანადგურეს!მატჩის ბოლოს კიდევ ერევნელთათვის ამოუცნობი კომბინაცია გაითამაშეს და დათო ერთი ერთზე დარჩა მეკარესთან,მაგრამ დათო ყიფიანმა ბურთი არ გაიტანა კუთხურის ალამისკენ წაიღო და უკან პასი გააკეთა(დრო კი არ გაუყვანია),არ ,,გააპაზორა,,მთლად არარატი!!!ასე ღირსეულად შეეძლო თუნდაც ერევნელ გულშემატკივარზე გაბრაზებულ დათოს მოკცევა!!!
akhali
19:37 20-06-2013
0
მაგარი კაცი ხარ გიო-აკა მართალა მაგარი. სულში ჩამწვდომ სტატიებსა და წიგნებს წერ. ყიფიანი კი ეს ლეგენდა.....
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული