გაუგებარი ფეხბურთი ლანჩხუთში - შიდა დაპირისპირება "გურიის" წინააღმდეგ

AutoSharing Option
ლანჩხუთში პოლიტიკური ფეხბურთი გრძელდება, გარე თუ შიგა დაპირისპირებას კი საბოლოოდ "გურიის" ინტერესები ეწირება.

ეს ფეხბურთი აღარ არის, ეს პოლიტიკაა!

საქმე იმაშია, რომ ახალი სეზონისთვის "გურიას" ხელმძღვანელობაში ცვლილებები იგეგმებოდა. ეს ერთგვარად არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან გამოდიოდა, რომ შინ უშვებდნენ იმ ადამიანებს, რომლებმაც კლუბის აღზევებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ანუ საუბარი იყო "გურიის" ყოფილ მმართველებზე.

მათ ადგილობრივ ხელისუფლებას სრული თავისუფლება მისცეს - თანამდებობა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ფაცურიამაც დატოვა. "ძველი გუნდი" უკან დაბრუნებას ერთ შემთხვევაში აპირებდა - თუ გ
არჯა ყველას დაუფასდებოდა.

"ჩვენ თანამდებებისთვის არ ვიბრძვით, მეც დავტოვე თანამდებობა და კლუბის დირექტორმაც. თუ ჩემ გამო ხდება ეს, წავალ (მოგეხსნებათ, გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა, რომელზეც ახალი პრეზიდენტი უნდა აერჩიათ, სკანდალურად ჩაიშალა და შიგადაპირისპირება ამანაც გაამწვავა - რედ.), ოღონდ ამ ხალხს, ვინც "გურიას" წარმატებაში წვლილი შეიტანეს, გუნდიდან ნუ გაუშვებენ", - აცხადებდა კლუბის აწ უკვე ყოფილი სპორტული დირექტორი კახაბერ ებრალიძე, რომლის წვლილს "გურიის" წარმატებაში მისი ოპონენტებიც აღნიშნავენ.

"ძველ" გუნდს საინტერესო წინადადება ჰქონდა - ექვსეულში მოხვედრის პირობას დებდა.

როგორც უკვე ვწერდით, "გურიის" მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ლორიამაც მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, თუ მის თანამებრძოლებს "გურიის" დატოვება მოუხდებათ.

"არასდროს არავისთვის მითქვამს, რომ კლუბი დატოვოს. უბრალოდ, პირველ ეტაპზე მთავარია დავიწყოთ ვარჯიში. ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ძალიან გაკვირვებული ვარ, რადგან ეს ჩემგან არ მოდის და თუ ვინმე ჩემი სახელით რაიმეს ამბობს ან ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, მაშინ თავად უპატრონონ ამ გუნდს, ჩემგან რა უნდათ?

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გუნდში ყველა უნდა დარჩეს, ვინც "გურიის" უმაღლეს ლიგაში გადასვლაში შეიტანა წვლილი.

შესაძლოა, რაღაც შიგაგაურკვევლობა არის ორ ჯგუფს შორის, მაგრამ ეს ყველამ უნდა გვერდზე გადავდოთ და "გურიის" წარმატებაზე ვიფიქროთ.

მე შემიძლია, დავაფიქსირო მაჟორიტარის პოზიციაც - ბატონი თემურიც მხარს უჭერს, რომ ეს ხალხი გუნდში დარჩეს. ვინ ამბობს, რომ ადმინისტრატორი და მეკარეთა მწვრთნელი უნდა შეიცვალოს? ეს არაზუსტია, არავის გაშვებაზე არ ყოფილა ლაპარაკიც კი", - ეს ერთი კვირის წინათ ჩვენთან საუბარში ლანჩხუთის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ განაცხადა.

მიუხედავად, ასეთი განცხადებების და მონდომებისა, "გურიის" შეკრების დაწყება გაჯანჯლდა - პრობლემა შექმნა იმანაც, რომ საკადრო საკითხებში დეფიციტი შეიქმნა: მოგეხსენებათ, უმაღლეს ლიგას გაცილებით მეტი პერსონალი და ლიცენზირებული მწვრთელი სჭირდება. ამ დროს კი გუნდიდან გასაშვები კადრები "გურიას" ნამდვილად არ ჰყავს.

რამდენიმე დღის წინათ, მხარეებს შორის შეხვედრა შედგა და გადაწყდა, რომ ყველა გუნდში რჩებოდა. იმ შეხვედრას ლანჩხუთის მაჟორიტარი თემურ ჩხაიძე, გამგებელი ზაზა ურუშაძე, ახალი დირექტორი კობა მირზაშვილი და თემურ ლორიაც ესწრებოდნენ, სადაც გაერთიანება გადაწყდა. ანუ მუშაობა გაერთიანებულ გუნდს უნდა გაეგრძელებინა - ცვლილება მხოლოდ დირექტორატში უნდა მომხდარიყო.

ამაზე "ძველი გუნდი" თანახმა იყო, პრეტენზია არც მაჟორიტარს და არც გამგებელს გამოუთქვამს. მეტიც, ზაზა ურუშაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი და თემურ ჩხაიძის პოზიცია, რომ გუნდიდან არავის გაშვებას არ გეგმავდნენ. თუმცა საწინააღმდეგოს აფიქსირებდა კობა მირზაშვილი - ახალი დირექტორი თავისი გუნდით მოსვლას ითხოვს.

ასეც ხდება, თუმცა კადრები საკმარისი არაა - ამჟამად გუნდის განკარგულებაში ათიოდე ფეხბურთელია ლიცენზირებული მწვრთნელის გარეშე, ამ დროს კი ძველი ხელმძღვანელობა და პერსონალი დათხოვილია.

გუნდი, რომელმაც "გურია" უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა, საგანგებო პრესკონფერენციის მოწყობას ამ დღეებში გეგმავს.

"ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ "გურიას" ახალ ხელმძღვანელობას, ამ კლუბისთვის წლები ვიშრომეთ და სულ ერთი არაა ჩვენთვის მისი მომავალი. არ შევეგუებით, თუ ჩვენს გაკეთებულს ვინმე დაანგრევს, ხოლო წარმატების გაგრძელებას მივესალმებით.

როგორც ჩანს, ჩვენს ადგილს გუნდში ვერ ხედავენ და არ ვჭირდებით. ამით გულნატკენები კი ვართ, მაგრამ კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, რაიონის თავკაცებს სრული საკადრო თავისუფლება მივეცით", - აცხადებენ ისინი.

ახლა ზაზა ურუშაძეც მძიმე დღეშია - მას მოტყუებული დაურჩა თემურ ლორიაც და ჟურნალისტებიც. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ყველაფერი დროის გაყვანას ემსახურებოდა.

თუმცა ეს დრო გამგებლის და მაჟორიტარის, მით უფრო გუნდის სასარგებლოდ აღარ მუშაობს - რაც უფრო გვიანდება, გუნდის მდგომარეობა სულ უფრო გამოუვალი ხდება. მით უფრო, მას შემდეგ, რაც ძველმა გუნდმა ექვსეულის გარანტია გაახმაურა, "გურიაში" ასეთი საკადრო ცვლილება გამგებელს წესით ხელს არ უნდა აძლევდეს - თუ ახალი გუნდი უკეთეს შედეგს არ დადებს, მას პასუხს იმაზეც მოთხოვენ, რომ ვინც ფეხბურთის ცოდნა საქმით დაამტკიცა, ვერ ან არ შეინარჩუნა.

თუმცა აქ აშკარაა, რომ ფეხბურთი არაფერ შუაშია და ის პოლიტიკური ფეხბურთი გრძელდება, რომელიც გრფფ-ის არჩევნებზე დაიწყო. ეს "გურიას" დაარტყამს უპირველესად - გუნდი ჯერაც ფეხბურთელებისა და მწვრთნელის ძიებაშია. სავარაუდო კანდიდატებად გოჩა ტყებუჩავა და დავით მახარაძე დასახელდნენ, თუმცა უმაღლესლიგელს სამი A ლიცენზიის მწვრთნელი სჭირდება და პლუს ამას, ჩამოყვანილი მწვრთნელ-ფეხბურთელები გაცილებით ძვირი ჯდება.

"გურიას" კი ჯერ წინა სეზონის ბოლო თვის ხელფასი, პრემია და უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის დაპირებული ბონუსი არ გაუცია ფინანსური პრობლემების გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ლორია: ამ პირობებში ლანჩხუთის "გურიას" რა შედეგის იმედი უნდა ჰქონდეს?
ხმაური, წიოკი და დაკა-დაკა - პოლიტიზირებული ფეხბურთი ლანჩხუთში
11-წლიანი მოლოდინის დასასრული - ლანჩხუთის "გურია" დაგვიბრუნდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული