ქართული კლუბები ევროთასებზე: სასურველი შედეგის მოლოდინი

AutoSharing Option
საჩვენო სტატისტიკა
ყველას გული დაგვწყდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართულ გუნდს წლეულსაც რომ ვერ ვიხილავთ; თუმცა, ისევე როგორც შარშან თუ შარშანწინ, სულ მცირე, აგვისტოს ბოლომდე ქართული გუნდ(ები)სათვის ევროტურნირები კვლავაც გრძელდება!

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" ევროპალიგის სამი საწყისი ეტაპი წარმატებით გაიარა და პლეი ოფამდე მიაღწია, სადაც ბერძნულ აეკ-თან ორრაუნდიან დაპირისპირებაში ცოტაღა დააკლდა, თორემ კლუბის ისტორიაში მეორედ მოხვდებოდა ამ გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე.

შარშანაც გვქონდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი, მაგრამ პლეი ოფში გორის "დილამ"
ორივე მატჩი წააგო არცთუ სახელიან, მაგრამ საკმაოდ ორგანიზებულ პორტუგალიურ "მარიტიმუსთან".

"დილა" 8 აგვისტოს ჩაატარებს ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას და ხორვატულ "ჰაიდუკთან" პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნების შემთხვევაში, ზედიზედ მეორედ იასპარეზებს პლეი ოფში!

მოვლენების ასეთი განვითარება კი მართლაც არ იქნება პატარა ამბავი: პირველად ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი ერთდროულად ორ ქართულ გუნდს ექნება!

ოღონდ, თბილისის "დინამოსგან" განსხვავებით, "დილას" ჯერ დღევანდელი მატჩის თავისთვის სასურველი შედეგით დამთავრება ესაჭიროება; ჰოდა, იმედი დავიტოვოთ, რომ ახალი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილა" არ დაარღვევს წლევანდელი ევროტურნირების "ტრადიციას" და საკუთარ კარს კვლავაც მშრალად შეინახავს!

ვფიქრობთ, ბევრი მარჩიელობა არ სჭირდება იმას, თუ რა ტაქტიკა-სტრატეგიას აირჩევს "ჰაიდუკის" მთავარი მწვრთნელი, ახლო წარსულში ხორვატიის ნაკრებისა და "იუვენტუსის" ფეხბურთელი იგორ ტუდორი: ჩვენს სტუმრებს ხომ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებათ და ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენი გუნდის უკანახაზელთა, განსაკუთრებით კი, მეკარის უშეცდომო თამაშზე.

შეგახსენებთ, რომ "დილასა" და საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი მართლაც ზღაპრულ ფორმაშია და დანიურ "ოლბორგთან" (ორივე მატჩში) თუ "ჰაიდუკთან" (პირველ შეხვედრაში) ისეთი ბურთები აიღო, მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი კლასის მეკარეებს რომ სჩვევიათ.

თანაც, სტატისტიკაც "ჩვენს მხარესაა": ევროტურნირებზე ასპარეზობისას მხოლოდ სამჯერ მოხდა, როცა სტუმრად ჩატარებულ პირველ მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საპასუხო შეხვედრაში ქართული გუნდი შინ დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა...

ინტერი, ვესტ ჰემი...
ევროტურნირებზე სტუმრად პირველი გამარჯვებიდან... 36 წელიწადი გასულა! თანაც, იმასაც ხომ გააჩნია, რა გუნდის დამარცხება შეძლო თბილისის "დინამომ": 1977 წლის 14 სექტემბერს, მილანის "ჯუზეპე მეაცას" სახელობის სტადიონზე (იმ დროს "სტადიო კომუნალე" ერქვა - გ. ტ.), ნოდარ ახალკაცის დამოძღვრილმა "დინამომ" 1:0 მოუგო მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს, მილანის "ინტერს"!

ის ერთადერთი გოლი კი ყველა დროის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა, დავით ყიფიანმა გაიტანა, როცა "ინტერისა" და საერთოდ, იტალიური ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას ჯაჩინტო ფაკეტის ბურთი ოსტატურად "მოჰპარა", მერე წინ დაიძრა და მეტოქის საჯარიმოში შესულმა, ზუსტი და ძლიერი დარტყმით მეკარე ივან ბორდონს შანსი არ დაუტოვა.

საპასუხო მატჩი, გადაჭედილ "დინამოს" სტადიონზე რომ ჩატარდა, 0:0 დამთავრდა და ჩვენი გუნდიც უეფას თასის 1/16-ფინალში გავიდა.

სხვათა შორის, მილანური მატჩის შემდეგ "ინტერისა" და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა კაპიტანმა ფაკეტიმ... საფეხბურთო კარიერა დაასრულა!..

იმ მართლაც დიდი "დინამოს" "ევრომონაგარს" ვიხსენებთ და ვიდრე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით გამოვიდოდა, ჩვენმა უპირველესმა გუნდმა კიდევ ოთხჯერ შეძლო პირველ მატჩში სტუმრად გამარჯვება და ოთხივე შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გავიდა.

აი, "ინტერთან" ტრიუმფული მოგების შემდეგ, 1/16 ფინალშიც პირველი შეხვედრის გამართვამ სტუმრად მოუწია "დინამოს" და დანიურ "ბკ კოპენჰაგენს" უპრობლემოდ მოუგო - 4:1 (ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი, რევაზ ჩელებაძე, რამაზ შენგელია).

თბილისში ჩატარებული საპასუხო შეხვედრა ფორმალობად იქცა და დინამოელებს რომ მოენდომებინათ, ალბათ, სარეკორდო ანგარიშითაც მოიგებდნენ, მაგრამ მხოლოდ 2:0-ს დასჯერდნენ (რევაზ ჩელებაძემ "დუბლი" შეასრულა).

მომდევნო შემთხვევა ჩვენთვის ყველაზე წარმატებულ სეზონში (1980-81) იყო: რამაზ შენგელიას ერთადერთი გოლით სტუმრად ირლანდიური "უოტერფორდი" დავამარცხეთ, თბილისში კი უპრობლემოდ გავიმარჯვეთ - 4:0 (ვიტალი დარასელია - 2, ალექსანდრე ჩივაძე, გიორგი ჭილაია).

ეს იყო თასების მფლობელთა თასის 1/8 ფინალი და ამ წარმატების მერე თბილისის "დინამო" კლუბის ისტორიაში პირველად გავიდა ევროტურნირების მეოთხედფინალში, სადაც მეტოქედ ინგლისური "ვესტ ჰემ იუნაიტედი" შეხვდა.

1981 წლის 4 მარტს, ლონდონის "აპტონ პარკზე" ჩატარებული ის მატჩი თბილისის "დინამოს" 88-წლიან ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთ საუკეთესოდ უნდა მივიჩნიოთ!

ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო, რომ დღევანდელმა თაობამ ამ შეხვედრის ვიდეოჩანაწერი რაც შეიძლება ხშირად ნახოს.

ჰო, ნახავენ და ძალიან ადვილად დარწმუნდებიან, თუ რა დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ იმდროინდელ "დინამოში" და რა კომბინაციებით თუ რა სილამაზის გოლებით გააოგნეს ლონდონელი გულშემატკივრები!

იმ მატჩში "ვესტ ჰემის" მცველებმა ვერაფერი მოუხერხეს რამაზ შენგელიას ("დუბლი") და ვლადიმერ გუცაევს (გოლი); დავით ყიფიანის თამაშით აღფრთოვანებული ინგლისელი ჟურნალისტები სახოტბო სიტყვებს ეძებდნენ, ჩვენმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ ხომ ისეთი გოლი გაიტანა, სიტყვებით ძნელი აღსაწერია, - საერთოდაც, მთელმა გუნდმა ზღაპრულად ითამაშა, მათ შორის ყველასათვის უცნობმა ზაურ სვანაძემ, თბილისის "დინამოში"... სადებიუტო შეხვედრას რომ ატარებდა!

ის მატჩი 4:1 მოვიგეთ, საპასუხო შეხვედრა კი ფორმალობად იქცა და დიდად არავის დაგვწყვეტია გული, თბილისში 0:1 რომ წავაგეთ...

ბოლო შემთხვევა კი 1987 წელს იყო, როცა თბილისის "დინამომ" სტუმრად რუმინულ "ვიქტორიას" 2:1 (გოლები: სოსო ჭედია, რამაზ შენგელია) მოუგო, შინ 0:0 ითამაშა და უეფას თასის მერვედფინალში გავიდა.

ეს იყო საბჭოთა კავშირის სახელით მოასპარეზე თბილისის "დინამოს" უკანასკნელი მონაწილეობა ევროტურნირებზე...

მუმუ და ობილიჩი
დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოასპარეზე ჩვენი გუნდებიდან სტუმრად პირველი გამარჯვება ბათუმის "დინამომ" მოიპოვა: 1995 წელს, თასების მფლობელთა თასის წინასწარ წრეში, ევროტურნირების დებიუტანტმა ბათუმის "დინამომ" სტუმრად 1:0 მოუგო სერბეთის "ობილიჩს" (გოლი: პაატა მაჭუტაძე).

და აი, 1995 წლის 24 აგვისტოს ბათუმის მართლაც მშვენიერ სტადიონზე შეკრებილი უამრავი გულშემატკივარი დიდი ზეიმის მოლოდინში იყო: მათი საყვარელი გუნდი ხომ ევროტურნირების სადებიუტო მატჩს ატარებდა მშობლიურ ქალაქში.

სტუმრად მოგების შემდეგ ვინ წარმოიდგენდა, რომ საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა: "ობილიჩი" 33-ე წუთისათვის 2:0-ს იგებდა!

ჰო, ეს მართლაც შოკი იყო, თუმცა, ბათუმელთა გამოცდილმა თავკაცმა ვალერიან ჩხარტიშვილმა შესვენების შემდეგ ორი გონივრული შეცვლა გააკეთა და ამ სვლამ 100-პროცენტით გაამართლა!

შეცვლაზე შემოსული ახალგაზრდა ფლანგის ნახევარმცველები ავთანდილ ღლონტი (მარჯვნიდან) და ამირან მუჯირი (მარცხნიდან) თამაშში აქტიურად ჩაერთნენ; განსაკუთრებით კი მუჯირის შთამბეჭდავი თამაშია აღსანიშნავი, - მეტოქის ფეხბურთელები ვერაფერს უხერხებდნენ "მუმუს" საფირმო დრიბლინგებსა თუ შორეულ დარტყმებს.

ასეთმა აგრესიულმა თამაშმა შედეგი მალე გამოიღო და 59-ე წუთზე მატჩის კიდევ ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა პაატა მაჭუტაძემ ანგარიშში სხვაობა შეამცირა. თუმცა, ეს მაინც არ იყო საკმარისი და სწორედ იმ მატჩში ვნახეთ მართლაც არნახული ქომაგობა: გულშემატკივრებისგან შეგულიანებულმა "დინამოელებმა" კი მეტოქეს შტურმი მოუწყვეს და მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე პენალტით ანგარიში გაათანაბრეს!

იმის მიუხედავად, რომ იმდროინდელ "დინამოში" არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი ასპარეზობდა, პენალტის შესრულება 21 წლის ამირან მუჯირმა ითავა და ალბათ, სამართლიანიც იყო, იმ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გოლს რომ იმსახურებდა!

იმედია, იმის შეხსენება არ გჭირდებათ, 39 წლის ამირან მუჯირი დღესაც რომ ბათუმის "დინამოში" აგრძელებს თავის ხანგრძლივ საფეხბურთო კარიერას...

სამი უცნაური ამბავი

ახლა კი ის სამი უსიამოვნო შემთხვევაც გავიხსენოთ, პირველ მატჩში სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჩვენი გუნდები საპასუხოში, ცოტა არ იყოს, სკანდალურად რომ დამარცხებულან და გათამაშებასაც გამოთიშვიან...

1995-96 წლების სეზონში ზესტაფონის "მარგვეთმა" ყველასათვის მოულოდნელად, საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და უეფას თასის საგზურიც მოიპოვა! იმ სეზონის მართლაც დრამატულ ფინიშზე "მარგვეთმა" ბოლო ტურში შეძლო "სამტრედიის," ფოთის "კოლხეთისა" და რუსთავის "მეტალურგის" კონკურენციის დაძლევა და ეს წარმატება, უპირველეს ყოვლისა, კლუბის პრეზიდენტის, ვასილ ხაჭაპურიძისა და გუნდის მთავარი მწვრთნელის ზაურ ჩუბინიძის დიდი დამსახურება იყო.

აღარაფერს ვამბობთ გამოცდილ ფეხბურთელებზეც: მეკარე ვეფხია გვენცაძე, მცველ ზაზა გურიელიძეზე, შემტევ ნახევარმცველ ნოდარ კიკნაძესა და თავდამსხმელ ზვიად ენდელაძეზე.

ეს უკანასკნელი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა მართლაც შთამბეჭდავი შედეგით - 40 გოლი!

ევროტურნირების დებიუტანტ "მარგვეთს" უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთობ სუსტი მეტოქე შეხვდა: მალტის "შლიემა" და ზესტაფონელებმაც პირველ მატჩში სტუმრად გამარჯვება უპრობლემოდ მოიპოვეს - 3:1 (გოლები: მალხაზ ღონღაძე, ზვიად ენდელაძე, მიხეილ უკლება). საპასუხო მატჩისათვის ზესტაფონში დიდი მზადება იყო: ლამის ყოველ მეორე ოჯახში საზეიმო სუფრა იშლებოდა ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად. ჰო, როგორი საქმეა, ზესტაფონში ევროტურნირების სადებიუტო მატჩის ჩატარება, თანაც, როცა იცი, რომ, ფაქტობრივად, მომდევნო წრეში ხარ გასული.

სამწუხაროდ, საპასუხო მატჩი სტუმრებმა თავისთვის სასურველი ანგარიშით (2:0) მოიგეს და "მარგვეთიც" ასპარეზობას გამოეთიშა...

1998 წელს, ინტერტოტოს თასის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედომ" ზაზა ვაჩიბერაძის ერთადერთი გოლის წყალობით ბელგიურ "ლომელს" სტუმრად სძლია; თუმცა, "მარგვეთი"-"შლიემას" მსგავსად, საპასუხო შეხვედრა ამ შემთხვევაშიც "უცნაური სცენარით" წარიმართა და ბელგიელებმა 2:1 გაიმარჯვეს ("ტორპედოდან" ერთადერთი გოლი კახა კვეტენაძემ გაიტანა).

ბოლო შემთხვევა კი, 2005 წელს მოხდა, როცა უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" სტუმრად მოუგო სომხურ "ბანანცს" 3:2 (გოლები: გიორგი ალავერდაშვილი, გიორგი ონიანი, ლაშა ქებაძე); თუმცა, საპასუხო შეხვედრაში ქართულმა გუნდმა, ყველასათვის მოულოდნელად, თბილისში 0:2 წააგო...

სასიამოვნო ჩამონათვალი
1995 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებული ყველა ის დაპირისპირებები გვინდა შემოგთავაზოთ, ქართულმა გუნდებმა ევროტურნირებზე პირველი მატჩი სტუმრად გამარჯვებით რომ დაამთავრეს და საპასუხოშიც რომ უყოჩაღიათ.

1996 წელი. უეფას თასი. 1/32 ფინალი.
ტორპედო (მოსკოვი) - დინამო (თბილისი) 0:1 (გოლი: გოჩა ჯამარაული), 1:1 (გოჩა ჯამარაული);

1997 წელი. ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი
კრეზეიდერსი (ჩრ. ირლანდია) - დინამო (თბილისი) 1:3 (გიორგი კიკნაძე, კახა გოგიჩაიშვილი, დავით მუჯირი), 1:5 (ალექსანდრე იაშვილი - 2, დავით მუჯირი - 2, ლევან ხომერიკი);

1999 წელი. უეფას თასი. საკვალიფიკაციო ეტაპი.
ლანტანა (ესტონეთი) - ტორპედო (ქუთაისი) 0:5 (ვახტანგ ხვადაგიანი, დავით ჯანაშია, კახა ჩხეტიანი, ზურაბ იონანიძე, გიორგი მეგრელაძე), 2:4 (გიორგი მეგრელაძე - 3, ზურაბ იონანიძე);

2004 წელი. უეფას თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ბატე (ბელარუსი) - დინამო (თბილისი) 2:3 (მიხეილ კაკალაძე, ბორის გონჩაროვი, სეზარ რომერო), 0:1 (დავით კვირკველია);

2005 წელი. ინტერტოტოს თასი. I ეტაპი
კილიკია (სომხეთი) - დინამო (თბილისი) 1:5 (ჯაბა დვალი - 2, მიხეილ ხუციშვილი, მიხეილ ბობოხიძე, ტორნინი), 0:3 (შოთა გრიგალაშვილი, დავით გიგაური, სანდრო იაშვილი);

2009 წელი. ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ლისბერნი (ჩრ. ირლანდია) - ზესტაფონი 1:5 (ნიკოლოზ გელაშვილი - 2, შოთა გრიგალაშვილი - 2, თორნიკე აფციაური), 0:6 (ჯაბა დვალი - 3, ალექსი ბენაშვილი - 2, ნიკოლოზ გელაშვილი);

2010 წელი. ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
გეფლე (შვედეთი) - დინამო (თბილისი) 1:2 (მათე ვაწაძე, ლევან ხმალაძე), 1:2 (მათე ვაწაძე, ნიკა ფირცხალავა)

2011 წელი. ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ბანანცი (სომხეთი) - მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (ირაკლი ქობალია), 1:1 (გიორგი მიქაბერიძე)

2011 წელი. ევროპალიგა. III საკვალიფიკაიცო ეტაპი
რეიკივაიკი (ისლანდია) - დინამო (თბილისი) 1:4 (გიორგი კახელიშვილი, ჩისკო, იაგუე, ირაკლი ლექვთაძე), 0:2 (იაგუე, გიორგი კახელიშვილი);

2012 წელი. ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ტეუტა (ალბანეთი) - მეტალურგი (რუსთავი) 0:3 (გივი კვარაცხელია - 2, დიმიტრი ტატანაშვილი), 1:6 (გიორგი თექთურმანიძე - 2, დიმიტრი ტატანაშვილი - 2, გიორგი მიქაბერიძე, რევაზ გეწაძე);

2012 წელი. ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
ორჰუსი (დანია) - დილა (გორი) 1:2 (მათე ვაწაძე, კახა ალადაშვილი), 1:3 (მათე ვაწაძე - 2, გიორგი შაშიაშვილი);

2013 წელი. ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი
ჰაიდუკი (ხორვატი) - დილა (გორი) 0:1 (გიორგი ილურიძე), ?:? (საპასუხო მატჩი დღეს)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა VS ჰაიდუკი - დღეს უნდა გავიხაროთ
მკითხველის კომენტარები / 8 /
zizi. მეორე თამაშიც ჯამარაულმა გაიტანა
nodarichi123
22:35 08-08-2013
0
1996 წელი. უეფას თასი. 1/32 ფინალი.
ტორპედო (მოსკოვი) - დინამო (თბილისი) 0:1 (გოლი: გოჩა ჯამარაული), 1:1 (გოჩა ჯამარაული); - თბილისში როგორც მახსოვს რატი ალექსიძემ გაიტანა (შეიძლება ვცდები)

zizi
19:27 08-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული