საფრანგეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩის შემდეგ თბილისში კიდევ ორი დღე დარჩება

AutoSharing Option
4 სექტემბერს, საღამოს 17:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისით საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩამოფრინდება.

ფრანგთა თავკაცი - დიდიე დეშამი თბილისში 25-კაციანი შემადგენლობით ჩამოვა. ეს ფეხბურთელები მან საქართველოსა და ბელორუსთან მატჩებისთვის გამოიძახა. თუმცა გამომგზავრებამდე დეშამს ერთი ცვლილების განხორციელება მოუხდა და ტრავმირებული ეტიენ კაპუს ნაცვლად, "ლიონის" ნახევარმცველი - მაქსიმ გონალონი გამოიძახა.

მეკარეები: მიქაელ ლანდრო, უგო ლორისი, სტივ მანდანდა
მცველები: ერიკ აბიდალი, გაელ კლიში, მეტიუ დებუში, პატრის ევრა, ლორენ კოსილნი, ელიაკიმ მანგალა, ადილ რამი, ბაკარი სანია
ნახევარმცველები: მაქსიმ გონალონი, კლემენ გრენიე, იოსუა
გილავოგი, ჯეფრი კონდოგბია, ბლაიზ მატუიდი, პოლ პოგბა, მუსა სისოკო
თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა, ანდრე-პიერ ჟინიაკი, ოლივიე ჟირუ, სამირ ნასრი, დიმიტრი პაიე, ფრანკ რიბერი, მეტიუ ვალბუენა.

ჩვენი სტუმრები სასტუმრო "რედისონში" დაბინავდებიან, ხოლო მოგვიანებით, საღამოს 20:30 საათზე დახურულ ვარჯიშს გამართავენ თბილისის "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე.

5 სექტემბერს, 18:00 საათზე, "დინამო არენას" მედიაცენტრში დიდიე დეშამის მატჩისწინა, ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება.

19:30 საათიდან კი საფრანგეთის ნაკრების ოფიციალური ვარჯიში დაიწყება, რომელიც მედიისთვის 15 წუთით იქნება ღია. აქვე გეტყვით, რომ ვარჯიშზე მაყურებელი არ დაიშვება და მხოლოდ მედიის წარმომადგენლები შეძლებენ დასწრებას.

6 სექტემბრის მატჩის შემდეგ ფრანგები ბელორუსთან მატჩისთვის მზადებას თბილისში გააგრძელებენ და საქართველოს დედაქალაქში კიდევ ორ დღეს დარჩებიან.

7 სექტემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" დიდიე დეშამის პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

ამავე დღეს, საღამოს 19:00 საათიდან, თბილისის "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე საფრანგეთის ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართება; ამ შემთხვევაშიც - მხოლოდ მედიისთვის.

წყარო: gff.ge
ასევე დაგაინტერესებთ