კახეთში ფეხბურთი ბრუნდება

AutoSharing Option
სეზონის დაწყების წინ ფეხბურთის გულშემატკივრებს შევპირდით, რომ "ლელო" მაქსიმალურად შეეცდებოდა პირველი ლიგის გათამაშებისათვისაც ჯეროვანი ყურადღების დათმობას.

რა თქმა უნდა, იმ "მასშტაბით", როგორითაც უმაღლესი ლიგის გათამაშება შუქდება, პირველ ლიგას ვერ "გავწვდებით"; თუმცა, ასევე დაპირებისამებრ, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყოველ ტურში A ან B ზონის ერთი მატჩის რეპორტაჟიც შემოგთავაზოთ, დანარჩენი შეხვედრების შედეგებისა თუ გუნდების შემადგენლობების გაცნობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ამას ხომ წლების განმავლობაში ვაკეთებთ.

აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ პოპულარული ვებ-გვერდის, soccerway.com-ის დიდი დამსახურებაც: პირველი ლიგის მატჩების ოქმებს სწორედ ამ საიტიდან ვიღებთ და იქ დასაქმებული
ჩვენი ქართველი კოლეგების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის!

...შეგახსენებთ, პირველი ლიგის გათამაშება ამ სეზონში ახლებური სისტემით ტარდება: 14-14 გუნდი A და B ზონაშია გადანაწილებული და ორ წრედ ასპარეზობს. ორივე ზონის ორ-ორი საუკეთესო გუნდი კი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პლეი ოფში იასპარეზებს (რომელიც თბილისში უნდა ჩატარდეს) და ამ ერთწრიან ტურნირში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები უმაღლესი ლიგის საგზურს მიიღებენ.

ამას გარდა, შეცვლილია დაქვეითების წესიც: ორივე ზონაში ბოლო სამ ადგილზე გასული გუნდები მომავალ სეზონში მეორე ლიგაში იასპარეზებენ. თუმცა A ზონაში ეს საფრთხე სამის ნაცვლად ორ გუნდს დაემუქრება: ზედ გათამაშების სტარტის წინ ფინანსური პრობლემების გამო I ლიგაში ასპარეზობაზე უარის თქმა აჩაბეთის "ლიახვს" მოუწია; ანუ A ზონის XII და XIII ადგილებზე გასულ გუნდებს მოუწევთ რანგით ქვედა ლიგაში გადანაცვლება.

...ორივე ზონაში სამ-სამი ტურია ჩატარებული და, აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ძნელია გუნდების ძალთა თანაფარდობის განსაზღვრა; თუმცა გარკვეული კონტურები უკვე გამოიკვეთა: მაგალითად, A ზონაში, როგორც ვივარაუდეთ, გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსს ფოთის "კოლხეთი" ამართლებს; პლეი ოფის მეორე საგზურისათვის კი, სავარაუდოდ, "შუქურა" და "გაგრა" იბრძოლებენ; აქვე "ალგეთის", "ჩხერიმელას", "მეშახტესა" და "საპოვნელას" წარმატებული სტარტიც უნდა აღინიშნოს - ეს გუნდები ჯერჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობენ.

გაცილებით ბევრად კონკურენტუნარიანი გარემოა შექმნილი B ზონაში; სადაც ასევე ერთი გამოკვეთილი ფავორიტის (ბათუმის "დინამო") გარდა, პლეი ოფის საგზურისათვის ერთდროულად რამდენიმე გუნდს შეუძლია ბრძოლა: "სამტრედიას", "ჭიათურას", "სასკოს". აღარაფერს ვამბობთ პირველ ლიგაში ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებულ ხელვაჩაურის "მაჭახელასა" და ამ გათამაშების დებიუტანტ თბილისის "საბურთალოზე", - პირველი ლიგის ამ ორივე ახალწვეულს სამი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი აქვს!

ცნობადი სახეები და კახეთის დაბრუნება
პირველი ლიგის წლევანდელ გათამაშებაში არაერთი ისეთი გუნდია, უმაღლეს ლიგაში წლების განმავლობაში რომ ასპარეზობდნენ და გარკვეული წარმატებებისთვისაც მიუღწევიათ: ბათუმის "დინამო", თბილისის "ლოკომოტივი", "გაგრა", ფოთის "კოლხეთი", "სამტრედია".

ისიც არახალი ამბავია, რომ, ფაქტობრივად, ყოველ გუნდში შეხვდებით უმაღლესლიგაგამოვლილ არაერთ ფეხბურთელს, რომელთაგან ოთხსაც სხვადასხვა დროს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უთამაშია: 39 წლის ამირან მუჯირი, 37 წლის სევასტი თოდუა (ორივე - ბათუმის "დინამო"), 32 წლის რევაზ გოცირიძე, 33 წლის ზურაბ მენთეშაშვილი (ორივე - "საბურთალო").

ამ მხრივ, გამოსარჩევი, რაღა თქმა უნდა, ზურაბ მენთეშაშვილია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 40 მატჩი აქვს ჩატარებული!

მოკლედ, წლევანდელი I ლიგის გათამაშება მართლაც საინტერესო ტურნირი უნდა გამოდგეს; თანაც, ბათუმის "დინამოს", ფოთის "კოლხეთის", "შუქურას", "სამტრედიისა" თუ "საბურთალოს" გარდა, ახალ სეზონში კიდევ ერთი გუნდის ასპარეზობასაც ვერ ავუვლით გვერდს - გარკვეული პაუზის შემდეგ პირველ ლიგაში კვლავაც იასპარეზებს კახეთის რეგიონის წარმომადგენელი!

რა თქმა უნდა, თელავის "კახეთს" ამ სეზონშივე ვერავინ მოსთხოვს სერიოზული მიზნებისათვის ბრძოლას და, ფაქტობრივად, ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოყალიბებული გუნდის პროგრამა-მაქსიმუმიცა და პროგრამა-მინიმუმიც პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება!

ფეხბურთელებიც ჰყავდათ...
უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში პირველი ლიგის გათამაშება კახეთის რეგიონის გუნდების გარეშე მიმდინარეობდა; ანუ ბოლოს ამ რეგიონის გუნდმა 2009/10 წლების სეზონში იასპარეზა და შედეგიც ერთობ არასახარბიელო ჰქონდა: ლაგოდეხის "ჰერეთმა" ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.

იმის წინა სეზონშიც მხოლოდ "ჰერეთი" იყო კახეთის ერთადერთი წარმომადგენელი პირველ ლიგაში. არადა, დრო იყო, ამ რეგიონის ერთდროულად 7-8 გუნდი რომ ასპარეზობდა უმაღლეს, პირველ თუ რეგიონალურ ლიგებში.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში კახეთში ფეხბურთი ყველას მიტოვებულ-დავიწყებული ჰქონდა და მხოლოდ და მხოლოდ მეორე ლიგაში თუ გამოჩნდებოდა იქაური გუნდი: შარშან და შარშანწინ "ლაგოდეხი" ასპარეზობდა, 2010/11 წლების სეზონში კი ახმეტის "ერთობა", ისიც მხოლოდ პირველი წრის განმავლობაში - მერე უსახსრობის გამო ეს გუნდი დაიშალა და გათამაშებიდანაც მოიხსნა.

...კახეთის რეგიონს არაერთი ისეთი ფეხბურთელი აღუზრდია, შემდგომში საყოველთაოდ ცნობილი რომ გამხდარა; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გივი ჩოხელის გახსენებაც საკმარისი იქნება: წარმოშობით თელაველი ფეხბურთელი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1960 წელს ევროპის თასის მფლობელი (ანუ ევროპის ჩემპიონი - გ.ტ.) გახდა!

გივი ჩოხელის გარდა, ამ რეგიონის სხვა წარმომადგენლებსაც უთამაშიათ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში, ხოლო ქვემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრების მაისურაც მოურგიათ: როსტომ თორღაშვილს, სოსო გრიშიკაშვილს, ვასილ სეფაშვილს, ზურაბ ფოფხაძეს, სანდრო იაშვილს;

თელავის "კახეთში" ასპარეზობისას გაიცნო ქართულმა საფეხბურთო სამყარომ გიორგი დემეტრაძე.

დღევანდელ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც არიან ამ რეგიონიდან წამოსული ფეხბურთელები: ალექსანდრე ამისულაშვილი, ნიკა გელაშვილი და უჩა ლობჟანიძე.

რა თქმა უნდა, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლებოდა, თუგინდ, ბადრი სპანდერაშვილის - ეს ფეხბურთელი წლების განმავლობაში რუსულ კლუბებში ასპარეზობდა (მათ შორის - მოსკოვის "დინამოში" კახა ცხადაძესთან და ომარ თეთრაძესთან ერთად);

ჰო, ალადაშვილების საფეხბურთო დინასტიაც როგორ უნდა დაგვავიწყდეს: იასონ ალადაშვილი ხომ ლამის ორი ათეული წლის განმავლობაში რუსთავის "მეტალურგის" სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მოგვიანებით კი ამავე გუნდში თამაშობდნენ მისი ვაჟები - კახა და ლაშა ალადაშვილები!

არ არის გამორიცხული კი არა, დარწმუნებული ვართ, ბევრი ვინმე გამოგვრჩა კიდეც, თუმცა დღესდღეობით ხომ ისაა მთავარი, რომ ამ რეგიონში ეტყობა ფეხბურთი "გაახსენდათ": "კახეთი" პირველ ლიგაში გამოჩნდა, ხოლო მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში, ასევე გარკველი პაუზის მერე გურჯაანის "ალაზანი" და ყვარლის "დურუჯი" იასპარეზებენ!

ნაფარეული, ჭაბუკიანი და სხვები
თელავის "კახეთს" უმაღლეს ლიგაში 7 სეზონი აქვს ჩატარებული, გურჯაანის "ალაზანს" - 4, ყვარლის "დურუჯს" - 2, წნორის "მილანს" კი - 1; ამათ გარდა, სხვადასხვა დროს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ თუ მეორე ლიგაში სხვადასხვა დროს ამ რეგიონის სხვა გუნდებსაც უასპარეზიათ: "ლაგოდეხს", ლაგოდეხის "ჰერეთს", ახმეტის "ბახტრიონს", ახმეტის "ერთობას", "საგარეჯოს", საგარეჯოს "გარეჯს", დედოფლისწყაროს "შირაქს", სიღნაღის "ქიზიყს", "ყვარელს", თელავის "შავნაბადას" - ყველა ეს გუნდი რაიონულ ცენტრს მაინც წარმოადგენდა.

თუმცა, 1990 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ, მეორე თუ ზონალურ ლიგებში არაერთ... სოფლის გუნდსაც შეხვდებოდით: "ვაზი" (ვაზისუბანი), "შუამთა" (ვარდისუბანი), "ფხოვი" (სართიჭალა), "ქანაგკო" (სართიჭალა), "ღარწყალი" (ძველი ანაგა).

ორი სოფლის გუნდი კი ცალკე გვინდა აღვნიშნოთ: "ჭაბუკიანი", თუ არ ვცდებით, 16-17 სეზონის განმავლობაში მონაწილეობდა საქართველოს ჩემპიონატში! თანაც, ლაგოდეხის რაიონის ამ სოფლის გუნდი (რომელსაც რობერტ ბერუაშვილი წვრთნიდა) პირველ ლიგაში მუდმივად სტაბილურად ასპარეზობდა.

აღარაფერს ვამბობთ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულის ამავე სახელწოდების მქონე გუნდზე: 90-იანი წლების დასაწყისში, როცა კახეთი კი არა, ლამის მთელი საქართველო იყო საღამოობით ჩაბნელებული, "ნაფარეული" საშინაო მატჩებს... პროჟექტორების შუქზე ატარებდა!

თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ის ორი-სამი სეზონი "ნაფარეულმა"... მეორე ლიგაში (ანუ რანგით - მესამეში) გაატარა, თუმცა ამ გუნდის საშინაო მატჩებზე ტრიბუნებზე ხომ ცარიელ ადგილს ვერ ნახავდით და საღამოობით, პროჟექტორების შუქზე ჩატარებული შეხვედრები ხომ იქაურებისათვის საფეხბურთო დღესასწაულები იყო.

ამ ყველაფრის შემოქმედი კი ადგილობრივი ბიზნესმენი მერაბ ხიდეშელი გახლდათ, თუმცა, როგორც კი ამ პიროვნებას "ზემოდან" პრობლემები შეუქმნეს, "ნაფარეულიც" დაიშალა და ამ გუნდის კოხტა სტადიონისგანაც (თავის პროჟექტორებიანად) აღარაფერი დარჩა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭვრიტიძე,კაციტაძე,კალუჟა,ხორხელი,ვაზაგაშვილი,პაიკიძე,ბარათაშვილი,სოლოღაშვილიწიკლაური,ბაბულაიძე,ჯაშიაშვილი... ეს თელავის 'კახეთის" საუკეთესო ფეხბურთელები რატომ დაგავიწყდათ?
fani
11:54 28-09-2013
0
მადლობა ყველას, ვინც ამ საშვილიშვილო საქმეს მოაბა თავი.
bondo
21:56 20-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული