"მრეტები" საქართველომ მოკლა - რატომ არ სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება?

AutoSharing Option
იყო ასეთი კლუბი - "მრეტები", რომელმაც ქართულ ფეხბურთს გიორგი ქინქლაძე შეუნარჩუნა.

კლუბი ისეთივე არაორდინარული იყო, როგორც მისი სახელი - მრეტი ხომ თავს რეტის დამხვევს ნიშნავს.

"მრეტები" ეროვნული ჩემპიონატის მშვენება იყო, სადაც მხოლოდ ქინქლაძე არ ბრწყინავდა - მასთან ერთად იყვნენ მეკარე დავით ჯანელიძე, კახა სიდამონიძე, კობა ჟირჟიკაშვილი, ბუბა ტყავაძე, ვახტანგ იაგორაშვილი, ჯუბა ჩუხუა... ისინი მოედანზე პატარა სპექტაკლებს დგამდნენ და უამრავ მაყურებელს იზიდავდნენ...

პირველი პროფესიული კლუბი საბჭოეთში
რუსულმა ინტერნეტ-გამოცემა Sports.ru-მ "მრეტებს" საინტერესო სტატია მიუძღვნა:

"1988 წელს სსრკ-ში მოხდა ერთი ისეთი ამბავი, რომლის
შესახებ ბევრმა არც იცის: იმ წლებში, როცა მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელები ხელფასს იღებდნენ როგორც მატარებლის გამცილებლები ან მემანქანეები, ხოლო ცსკა-ს ფეხბურთელები - როგორც საბჭოთა არმიის ოფიცრები, თბილისში, ერთ-ერთი თეატრის დირექტორმა ვაჟა ჩხაიძემ საფეხბურთო კლუბი "მრეტები" ჩამოაყალიბა.

დღეს ბევრმა არც იცის, რომ ეს იყო საბჭოთა სივრცეში პირველი პროფესიული საფეხბურთო კლუბი, რომელმაც პროფესიულ-კომერციული საფეხბურთო ტრანსფერი განახორციელა.

მწირი დაფინანსების გამო, ვაჟა ჩხაიძეს გუნდში მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელები აჰყავდა, რომელთაც "შრომის წიგნაკის" გრაფაში - "საწარმო" - კლუბის დასახელებას "მრეტებს" უწერდა.

ამ გუნდში 1990 წელს ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე აიყვანეს. ის იტალიაში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირიდან ახალი დაბრუნებული იყო. იქ "დინამო 73-ის" ღირსებას იცავდა და დიდი "დინამოსთვის" გამოუსადეგარ ფეხბურთელად ჩათვალეს.

გიორგის ბედად, მისი კარის მეზობელი კობა ჟორჟიკაშვილი ვაჟა ჩხაიძეს კარგად იცნობდა და მისი კლუბის შესახებაც იცოდა. მან ქინქლაძე "მრეტების" ვარჯიშზე გააქანა. ჩხაიძეს 5 წუთი დასჭირდა, რათა ნიჭიერი ფეხბურთელით მოხიბლულიყო და სხვების დარად, "შრომის წიგნაკი" გაუხსნა.

ქინქლაძემ "მრეტებში" თავბრუდამხვევი სეზონი ჩაატარა, მისი ჯადოსნური თამაშის წყალობით, გუნდმა პირველ ლიგაში გაიმარჯვა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, სადაც "ქინქის" და კამპანიას თავი არ შეურცხვენიათ.

ხმა ნიჭიერი ფეხბურთელის შესახებ ელვის სისწრაფით გავარდა, საფეხბურთო საქართველო მის ლამაზ ფინტებზე, უზუსტეს და დროულ პასებზე და შესაშურ დრიბლინგზე ლაპარაკობდა.

ეს არ გამორჩენია "დინამოს", რომელსაც მისი აღზრდილის უკან დაბრუნება მოუნდა. "მრეტებთან" და ქინქლაძესთან მოლაპარაკებებს "დინამოს" მაშინდელი მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი აწარმოებდა. მან საწადელს მხოლოდ 1992 წელს მიაღწია.

ორ გუნდს შორის შეთანხმება მოხდა, რომელიც "დინამოს" ავალდებულებდა "მრეტებისთვის" ერთი მილიონი რუსული მანეთი გადაეხადა.

"დინამოდან" ქინქლაძე ინგლისური პრემიერლიგის კლუბ "მანჩესტერ სიტიში"გადავიდა (მანამდე იყო გერმანული მეორე ბუნდესლიგის "ზაარბრიუკენი", სადაც "დინამომ" 6 თვით გაანათხოვრა).

სამწუხაროდ, "მანჩესტერ სიტი" "ქინქის" სადებიუტო სეზონში ჩემპიონშიფში დაქვეითდა. თუმცა გუნდის ქომაგები ქართული დროშით ხელში სკანდირებდნენ - "ქინქი"! "ქინქი!", "გავარდნა არაფერია, ქინქი ჩვენთან დარჩა!"

რა კარგი იყო მაშინ...
"მრეტები" უბრალო ფეხბურთის კლუბი არ იყო. წესით, მასზე ახალი ქართული ფეხბურთი უნდა აშენებულიყო. გუნდში გულშემატკივარი დაკარგულ ლამაზ ქართულ ფეხბურთსა და სულისკვეთებას ხედავდა, ისეთს, რომლის დაბრუნებასაც დიდხანს ნატრობდა. მაგრამ "მრეტები" საქართველომ მოკლა.

შემდგომ განვითარებული მოვლენების ნაწილი გულშემატკივრისთვის უცნობია...

ყველაფერი გიორგი ქინქლაძის ინგლისში გადასვლით დაიწყო. როცა თბილისის "დინამომ" ფეხბურთელი შეიძინა, ხელშეკრულების თანახმად, "მრეტებს" ქინქლაძის შემდგომი ტრანსფერის 50% ეკუთვნოდა.

1995 წელს "დინამომ" ქინქლაძე "მანჩესტერ სიტიში" 3.2 მილიონ დოლარად გაყიდა, მაგრამ "მრეტებს" კუთვნილი თანხა - 1.6 მილიონი დოლარი არ გადაუხადა.

კლუბმა სარჩელი ჯერ ფეხბურთის ფედერაციაში შეიტანა. სფფ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა "მრეტების" პრეტენზიის საფუძვლიანობა გაზეთ "ქართული ფეხბურთთან" 1997 წლის 19 სექტემბრის ინტერვიუში აღიარა: "გადაწყვეტილება, რომელიც ქინქლაძის საქმესთან დაკავშირებით იქნა მიღებული, სამართლიანია! ის დაფუძნებულია იმ მასალებზე, რომელიც ფედერაციაში არსებობს".

ფიფა-ს მაშინდელი გენერალური მდივნის, იოზეფ ბლატერის მოადგილე მიშელ ზენ-რუფინენმა ასევე 1997 წლის 26 სექტემბრის დირექტივაში "მრეტებს" აცნობა: "ფიფა უზრუნველყოფს სფფ-ს გადაწყვეტილების მის მიერვე აღსრულებას. წინასწარ გიხდით მადლობას ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებისათვის".

მაშინ ვაჟა ჩხაიძე ითხოვდა: "საკადრისად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც თავის ბნელ ზრახვებში გახვია ეს დღესავით ნათელი საქმე! ყველა, ვინც გაანადგურა დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთის კლუბი, მისი პარტნიორები (ამ ოდენობის კერძო თანხა არავის ჩაუდია იმდროინდელ ქართულ ფეხბურთში!) და მისი გულშემატკივარი".

ნაცნობის უცნობი დეტალები
...მაგრამ ეს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა. ფიფა-მ, თავისი წესდების საწინააღმდეგოდ, თავისივე დირექტივების შესასრულებლად, არაფერი იღონა, პირიქით: საქმე სამი წელი გაჭიმა და მხოლოდ 2000 წლის 24 მარტს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ საქმეში გამართლებული "მრეტების" სასარგებლოდ დაწესებული კომპენსაცია - 300 ათასი დოლარი - არ იყო სათანადო კომპენსაცია იმ ზიანისათვის, რაც კლუბმა განიცადა.

"მრეტებმა" ფიფაში საქმის გასაჩივრების ყველა გზა ამოწურა და საქართველოს მართლმსაჯულებას მიმართა.

საბოლოოდ, ყველამ ერთად - ფიფა-მ, სფფ-მ და საქართველომ - ეს საქმე ყურიდან ყურში გაატარა და კლუბი განადგურდა.

სწორედ ამიტომ, "მრეტებმა" საქართველოს წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ეაუს) შეიტანა საჩივარი, ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და საქმის სამართლიანი დაკმაყოფილების საფასურად 18 მილიონი ევრო დაასახელა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა (სფფ) და ფიფას გადაწყვეტილებები, ცალსახად ადასტურებდა, რომ "მრეტებს" მიადგა ზიანი; რომ სფფ და სახელმწიფო იყო სათანადო მოპასუხე პირი და არსებობდა მისი ბრალი მოსარჩელე "მრეტებისთვის" ზიანის მიყენებაში.

"მრეტებმა" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საქმე 2007 წელს მოიგო: ეაუს-მ საქართველოს მთავრობა ბრალეულად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევაში და მას "მრეტები"-სფფ-ის წინააღმდეგ" საქმეში სტატუს-კვოს აღდგენა მოსთხოვა.

"მრეტების" სასარგებლოდ საქმეში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ჩაერთო და საქართველოს მთავრობას ეაუს-ს გადაწყვეტილების შესასრულებლად ვადა დაუწესა. თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, რომ კლუბმა მისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება დღემდე ვერ მიიღო და საქართველოს მთავრობამ მის შესრულებაზე საბოლოო უარი თქვა.

სამართალთან ერთად ჩაკლული ფეხბურთი
ალბათ, ქართული ფეხბურთის კვდომა მაშინ დაიწყო, როცა "მრეტები" დავკარგეთ. მაშინაც, როცა განადგურდა "თბილისი", "შევარდენი 1906", როცა ქვეყანამ, უკაცრავად და, ფეხებზე დაიკიდა სოხუმის "ცხუმი", ოჩამჩირის "ამირანი", გალის "მზიური" და საერთოდ - ქართული ფეხბურთის საფუძვლები; როცა მშვიდად მოვინელეთ უამრავი მოედნის, სტადიონისა და საფეხბურთო სკოლის ჩარჩული გასხვისება...

ამიტომაც ვეღარ ვახვევთ მოწინააღმდეგეს რეტს, ჩვენს გუნდებსა და ნაკრებებს კი აქეთ ვხედავთ რეტდასხმულებს, ვხედავთ და დღემდე ვერ ვხვდებით, რომ ასეთ გლახაკურ მდგომარეობაში ჩვენივე უსამართლობამ ჩაგვაგდო.

მრეტები VS საქართველო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გიორგი ქინქლაძე იყო მაგარი ადამიანი და მასთან ერთად უდიდესი ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბი მრეტებთან ერთად. იმედია მომავალში ყველაფერი გამოსწორდება და ყველაფერი დალაგდება. გაუმარჯოს გიორგი ქინქლაძეს
0
მერაბ მამულაშვილს

ისევ შენ )))
გაქებ!



***

gio

პირველ ბმულში ნახავ ყველა კითხვის პასუხს
.

ტრილოგიის მესამე წიგნი “ლიბერალ-დემოკრატიული ფარსი” (ფინალი)
http://www.shenentho.com/index.php?showtopic=975 


ტრილოგიის მეორე წიგნი “KINKY” 
http://www.shenentho.com/index.php?showtopic=911

ტრილოგიის პირველი წიგნი “მრეტები” 
http://www.shenentho.com/index.php?showtopic=187
მრეტის მჭვრეტი
18:00 05-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული