"ლივერპულმა" "საბურთალოს" კაპიტანი ჯიმი ტაბიძე მიიწვია

AutoSharing Option
პირველი ლიგის B ზონის ბინადარმა "საბურთალომ" (სადაც საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ბევრი წევრია) თურქულ შეკრებაზე პირველი სპარინგი ბულგარული პრემიერლიგის მეექვსეადგილოსან "ჩერნო მორესთან" გამართა.

პირველი ტაიმის შემდეგ "საბურთალო" ორბურთიანი სხვაობით (0:2) აგებდა. მეორე ნახევარში ანგარიში გურამ გოშთელიანმა შეამცირა, რამდენიმე წუთში კი ლუკა ბლიაძემ წონასწორობა აღადგინა - 2:2. თუმცა მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე "ჩერნო მორემ" პენალტი გამოიყენა და 3:2 გაიმარჯვა.

მომდევნო შეხვედრას "საბურთალო" 8 თებერვალს, ასევე ბულგარეთის უმაღლესლიგელ "ბეროესთან" გამართავს.

ამასობაში, კლუბის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე ესპანეთში იმყოფებოდნენ.

"ესპანეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ პოლოლიკაშვილს იქაურ კლუბებთან მშვენიერი ურთიერთობები აქვს და მისი დამსახურებაა, მადრიდის "რეალის" სკაუტსა და "ესპანიოლის" პრეზიდენტს რომ შევხვდით.

მომავალში ესპანურ კლუბებთან ურთიერთობები აუცილებლად გაღრმავდება. დავგეგმეთ გაცვლითი პროგრამები და ასე შემდეგ. შესაძლოა, ტურნირებზე ჩვენ ვესტუმროთ, ან მადრიდის "ატლეტიკოს" მსგავსად, ისინი მოვიწვიოთ.

მოკლედ, ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა, რაც "საბურთალოსა" და ქართულ ფეხბურთს აუცილებლად წაადგება", - ამბობს ჭუმბურიძე.

დეკემბერში ვწერდით, რომ თბილისში ჩატარებული "სალერის თასის" შემდეგ, "საბურთალოს" სამი ფეხბურეთელით "ლივერპული" და მადრიდის "ატლეტიკო" დაინტერესდნენ. ინგლისელთა სკაუტმა დავიდ ვისკაინომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტან ჯიმი ტაბიძეს დაადგა თვალი, "ატლეტიკოს" მწვრთნელებს კი გიორგი ხარაიშვილი და გიორგი თევზაძე მოეწონათ.

ჭუმბურიძეს ვკითხეთ, თუ რამდენად რეალურია ეს ინტერესი: "ტაბიძე "ლივერპულში" სტაჟირებაზე წავა და არა - გასინჯვაზე. ეს იქნება გაცვლითი პროგრამა. ინგლისელებმა ჩვენს კაპიტანს მიწვევა უკვე გამოუგზავნეს და ახლა ვიზის აღებას დაელოდება.

ტაბიძე გუნდთან ერთად თურქეთში ემზადება და ინგლისში ამის შემდეგ გაემგზავრება. მასთან ერთად იქნება "საბურთალოს" სპორტული დირექტორი გია ჭიაბრიშვილი, რომელიც ინგლისური კლუბის მუშაობას გაეცნობა. ცნობილი ევროპული კლუბები ჩვენი სხვა ფეხბურთელებითაც დაინტერესდნენ.

ამ ვიზიტებისა და მოლაპარაკებების მიზანია, ჩვენს გაზრდილებს ევროპაში დამკვიდრების შანსი მივცეთ".

დაბოლოს - როგორც ვწერდით, "საბურთალომ" იჯარით აიღო ოლიმპიური მომზადების ცენტრი (გლდანში) და მას რამაზ შენგელიას სახელობის კომპლექსი უწოდა (გულშემატკივრები "ამერის" სტადიონად იცნობენ).

"ცენტრალურ მოედანზე ახალი ხელოვნური საფარი დავაგეთ. სტადიონი გუნდების მისაღებად მზადაა. იქვე კიდევ ორი მოედანი მოეწყო - მინი და დამწყები ფეხბურთელებისთვის. განახლდა იოსებიძის ქუჩაზე მდებარე მოედნები და სამი ახალიც დაემატა.

შემდგომ ეტაპზე გლდანის სტადიონზე ინდივიდუალური სკამები და განათების სისტემა დამონტაჟდება", - ამბობს ჭუმბურიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართველი "ათიანი" მადრიდის "ატლეტიკოში"?
"საბურთალოდან" ერთი "ლივერპულს" მიჰყავს, მეორე - მადრიდის "ატლეტიკოს"!
ესპანელი სელექციონერი: საქართველო საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული