აღსანიშნავია, რომ "დუკლა" და "ბანიკი" ერთმანეთს საკონტროლო მატჩში შეხვდნენ. თამაში ჩეხეთში შედგა და "ბანიკის" გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
ბანიკი (4-3-3): დანეკი (46. ბარანეკი) - რეჟნიკი (46. შმეიკალი), ნეუვირტი, ბოლფი (62. კუკალი),
დუკლა (4-2-3-1): ბოროში - ბრაშენი (75. გონოსი), ადამიკი, პოლიოვკა, სავიჩი - პლევა, პოვაჟანეკი (67. ჰლინკა) - პანჩიკი, გაიდოში (67. დურიცა), ჰუჩკო (85. უშკოვიჩი) - დურიში (75. ფილო).
მატჩი ძირითადად "ბანიკის" კარნახით მიმდინარეობდა. ოსტრაველებმა შეხვედრის სტარტზევე მოიპოვეს უპირატესობა და გოლებიც არ დააგვიანეს. მე-13 წუთზე ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა ტომაშ ფრაილახმა (8 მატჩში 3 გოლი) გახსნა ანგარიში. 6 წუთში კაპოვერდელმა მცველმა ნანდო ნევესმა "ბანიკი" ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმში კი "დუკლამ" მეტოქეს მხოლოდ ერთი გოლით უპასუხა: 56-ე წუთზე ჩეხების კარი ნახევარმცველმა დალიბორ პლევამ დალაშქრა.
"ქართულ გუნდთან გასვლით მატჩამდე "დუკლასთან" საკონტროლო შეხვედრა ჩვენთვის გენერალური რეპეტიცია იყო. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. ამ მატჩში ორი სხვადასხვა ტაქტიკური სქემა მოვსინჯეთ. პირველ ტაიმში შეტევაზე გავაკეთეთ აქცენტი და მეტოქე დავჯაბნეთ. შესვენების შემდეგ კი დაცვიდან თამაშში გამოვცადე ჩემი გუნდი. ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველებთან უფრო მეტი სისწრაფე და მაღალი ფიზიკური კონდიციები დაგვჭირდება. პირველი მატჩი სტუმრად გველის და დაცვაში დიდი ყურადღებით გვმართებს თამაში. კმაყოფილი ვარ ახალწვეულების თამაშითაც. მათ უკვე ეტყობათ, რომ ადაპტაციის პერიოდი უკან მოიტოვეს და გუნდში უცხოდ აღარ გრძნობენ თავს. "ვიტ ჯორჯიაზე" გარკვეულ ცნობებს ვაგროვებთ. გვაქვს მათი საკონტროლო მატჩების სტატისტიკა, სხვა ცნობებიც მოვიძიეთ... სტაბილური გუნდი ჩანს, მაგრამ ამ ბარიერის გადალახვა ნამდვილად შეგვიძლია. თუ ფეხბურთელები ჩემს დავალებებს შეასრულებენ, მომდევნო ეტაპზე გავალთ", - აღნიშნა "ბანიკის" მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ კუბეკმა "დუკლასთან" მატჩის შემდეგ.
ჩეხების თავკაცისგან განსხვავებით, "დუკლას" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე შეგირდების გარჯით კმაყოფილი არ არის:
"ჩვენს გუნდს ცუდად არ უთამაშია, მაგრამ პირველ ტაიმში ჩვენმა დაცვამ უხეში შეცდომები დაუშვა. პირველი გოლიც სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეცდომის გამო გავუშვით. "ბანიკმა" მეორე ბურთი "სტანდარტულიდან" გაგვიტანა და გამოჩნდა, რომ ასეთ სიტუაციებში მეტი ყურადღება გვმართებს. ამ საკონტროლო შეხვედრამ ბევრი რამ დაგვანახა. ჩვენ უკეთ შეგვიძლია თამაში - როგორც დაცვაში, ისე შეტევაში", - აღნიშნა "დუკლას" თავკაც მარკო კაროლის თანაშემწე ვოიჩეხ ვარადინმა.
სლოვაკურმა პრესამ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში "დუკლას" საკონტროლო მატჩები მიმოიხილა და გარკვეული დასკვნები გააკეთა. როგორც ირკვევა, მარკო კაროლის გუნდმა 9 საკონტროლო შეხვედრიდან 7 მოიგო და 2 წააგო. "ბანიკის" გარდა, "დუკლა" ვენის "რაპიდთანაც" დამარცხდა (0:3). აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სპარინგებში "დუკლადან" ყველაზე მეტი - 6 გოლი გაიტანა სენეგალელმა თავდამსხმელმა მუჰამადუ სეიემ, რომელსაც მსუბუქი ტრავმის გამო "ბანიკთან" არ უთამაშია.