ქართველი აგენტები - ვინ ვისზე მუშაობს

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას ხუმრობა საფეხბურთო ანეკდოტად იქცა, უმენეჯეროდ კვიპროსიდან ინგლისში გადავედი, მენეჯერმა კი კვიპროსში დამაბრუნაო.

საფეხბურთო აგენტები - საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა. სატრანსფერო ბაზარი უზარმაზარი თანხების სამყაროა, სადაც უცებ შეიძლება გამდიდრება და გაკოტრება, სადაც "გადაგდება", "შავი ფული" და სიბინძურე ყოველდღიური ამბავია. იყო ასეთი ფაქტიც: ქართველი ფეხბურთელის მოსაწყობად ერთ-ერთი ცნობილი ევროპული კლუბის მწვრთნელმა 900 ათასი დოლარი აიღო. სხვაგვარად იმ (ინკოგნიტოდ დავტოვოთ) ფეხბურთელს არ ათამაშებდა, მარადონაც რომ ყოფილიყო. ეს ერთი შემთხვევაა, რომელიც ჩვენ ვიცით, მაგრამ რამდენი ასეთი ხდება მსოფლიო ფეხბურთში, ღმერთმა უწყის. თუმცა
ყველა მენეჯერს ხაზს არ გადავუსვამთ - საფეხბურთო მენეჯერებში დამკვიდრებული კრიმინალურ-მაფიოზური მენტალიტეტით ყველა არ დაავადებულა.

ფიფას მონაცემებით, დღეისთვის საქართველოში აგენტებად საქმიანობენ: ბესო აბაშიძე, დავით ახალკაცი, მამუკა ამიროვი, რევაზ ჩელებაძე, გიორგი გახოკიძე, ლევან ღვაბერიძე, გურამ კაჭახიძე, გია გურული, სოფიო კეჩხოშვილი, მამუკა კელაურაძე, ვახტანგ ხვადაგიანი, გიორგი ქინქლაძე, რეზო კუხალეიშვილი, ჰამლეტ კვარაცხელია, ირაკლი მეძმარიაშვილი, გიორგი ნემსაძე, გიორგი ნიკურაძე, ასტამურ სიჭინავა, უჩა მალაზონია, ლევან ზუხბაია.

2009 წელს კიევში გარდაიცვალა გავლენიანი მენეჯერი აკა ტონია, რომელმაც საქართველოში საინტერესო ფეხბურთელების მთელი ჯგუფი ჩამოიყვანა - ნედ ზელიჩი, მილოშ კრშკო, ილია სპასოევიჩი... მწვრთნელები დუშან უჰრინი, რაინერ ცობელი და ექტორ რაულ კუპერი. გიორგი ნემსაძე საკრებულოში აირჩიეს და დეპუტატობის პერიოდში საქმიანობის უფლება შეუჩერდა. სიაში ქალბატონიცაა - სოფიო კეჩხოშვილი. ნუსხა ვრცელია, მაგრამ აქტიური საქმიანობით ბევრი აგენტი არ გამოირჩევა, ერთი მათგანი კი, თავს ტაქსაობით ირჩენს და სერიოზული ტრანსფერი დიდი ხანია, აღარ განუხორციელებია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებში მენეჯერი მხოლოდ მალხაზ ასათიანს არ ჰყავს, რადგან მათ სამსახურზე პრინციპულ უარს ამბობს.

დღეს საქართველოს სატრანსფერო ბაზარზე დამკვიდრებულ ყველაზე გავლენიან აგენტებსა და სამენეჯერო კომპანიებს გაგაცნობთ. წინასწარ გეტყვით, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ერთდროულად ორ სააგენტოსთან თანამშრომლობს.

საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე მამუკა ჯუღელი თბილისის "დინამოსა" და რუსეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ახრიკ ცვეიბასთან ერთად ნაკრების რამდენიმე წევრის მენეჯერია: ნუკრი რევიშვილის ("ანჟი", რუსეთი), ლაშა სალუქვაძის, დავით კვირკველიას (ორივე "რუბინი", რუსეთი), ოთარ მარცვალაძისა ("ვოლგა", რუსეთი) და გოგიტა გოგუასი ("სპარტაკი", ნალჩიკი). მათ გარდა, რუსულ კლუბებში ჯუღელმა მოაწყო გიორგი ილურიძე, ზურაბ არზიანი ("ანჟი", რუსეთი), გოჩა ხოჯავა, გიორგი ნავალოვსკი, ედიკ საჯაია (ყველა "ვოლგა", რუსეთი). იყო დრო, ჯუღელი ქართული ბაზრის ყველაზე გავლენიანი მენეჯერი გახლდათ და ამჟამადაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ ყველაზე გავლენიანი აღარაა.

ქართული ფეხბურთის ვეტერანმა რუსეთსა და უკრაინაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი წაიყვანა: ჯანო ანანიძე (მოსკოვის "სპარტაკი"), საბა კვირკველია ("ზენიტი 2", რუსეთი), ავთანდილ ბრაჭული ("რუბინი 2", რუსეთი), გიორგი ჩელებაძე ("ჩერნომორეცი", უკრაინა), ნიკა ძალამიძე (ცსკა მოსკოვი, რუსეთი). ერთი წლის წინ კი 13 წლის უნიჭიერესი კობახიძე "ბარსელონას" საფეხბურთო სკოლაში მიიყვანა და იმედოვნებს, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარსკვლავი იზრდება.

თავის დროზე ჩელებაძე ქართველებით კიევის "დინამოს" ამარაგებდა - ოთარ მარცვალაძე, დათო იმედაშვილი, კახა ალადაშვილი. "ჩელე" უკრაინის ბაზარის ყველაზე გავლენიანი ქართველი მენეჯერი იყო, მაგრამ ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკში" გადაყვანით, ყველაფერი არია - ნიჭიერი ქართველის კიევის "დინამოდან" წასვლამ უკრაინელები გააღიზიანა და ბატონმა რეზომ რუსეთის ბაზარზე გადაინაცვლა, სადაც ნელ-ნელა წამყვან პოზიციებს იმკვიდრებს. ჩელებაძის საკადრო პოლიტიკა მომგებიანია, რადგან ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენასა და წაყვანაზე მუშაობს, რაც სამომავლოდ უფრო მეტ მოგებას უქადის, ჯუღელი კი ჩამოყალიბებულ მოთამაშეებთან თანამშრომლობს.

ფიფას აგენტი ლევან ზუხბაია და სერბულ კლუბ "ვოივოდინას" მენეჯერი მიხეილ ხუციშვილი თბილისის "დინამოს" ტრანსფერებს ამ კომპანიისა და სერბი კოლეგების დახმარებით ახორციელებდნენ. ისინი ნაკრებში გამოძახებული გიორგი ლორიას, ალეკო კოშკაძის და დინამოელების უმრავლესობის მენეჯერები არიან: პორტუგალიელი ედნილსონის, ლევან ხმალაძის, კამერუნელი დონალდ ჯუსის, ბრაზილიელი რობერტიონიოს, ზვიად ქანთარიას, გიორგი თექთურმანიძის, გიორგი მამუჩაშვილის, აგრეთვე "ვოივოდინას" ფეხბურთელების, გიორგი მერებაშვილის, ჩერნოგორიელი იანკო ტუმბაჩევიჩის, შვეიცარიელი ბობან მაქსიმოვიჩის, ბაქოს "ინტერის" მეკარე გიორგი ლომაიასი და ნახევარმცველ დათო ოდიკაძის.

უკრაინულ-ქართული სააგენტო Pro Sport Management International-ს უკრაინაში აფრიკელი და ქართველი ფეხბურთელები ჩაჰყავს - საქართველოც ხომ აფრიკასავით იაფი მუშახელით არის ცნობილი.

სააგენტოს თავკაცები უკრაინელი ივან ძუძელია და თბილისელი მამუკა ამიროვი არიან. მათი კლიენტების დიდი ნაწილი ქართველია და გათვლა მომავალზეა გაკეთებული - უმრავლესობა პერსპექტიული ფეხბურთელია, რომლებსაც უახლოეს პერიოდში ეროვნულ ნაკრებში წამყვანი პოზიციების დაკავება შეეძლებათ: უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", დნეპროპეტროვსკი, უკრაინა), გიორგი ხიდეშელი, მურთაზ დაუშვილი, ნიკა გელაშვილი, ალექსი ბენაშვილი, გიორგი ცხადაია (ყველა "ზესტაფონი"), ბექა გოცირიძე ("კრივბასი", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("შახტარი" დონეცკი, უკრაინა), გიორგი გაბედავა ("ილიჩივეცი", მარიუპოლი, უკრაინა), ბაქარ მირცხულავა ("ბენფიკა 2", ლისაბონი, პორტუგალია).

"საფეხბურთო ტრანსფერის სააგენტო" ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაციაა, რომელიც წამყვან ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობს. საერთაშორისო სატრანსფერო ინტერნეტ-პორტალს თუ დავუჯერებთ, ქართველების პარტნიორი კომპანიის კლიენტი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე იკერ კასილიასია.

ეს სააგენტო ცნობილმა ფეხბურთელებმა გიორგი ქინქლაძემ და გიორგი გახოკიძემ ერთად ჩამოაყალიბეს. მათი კლიენტები არიან ეროვნული ნაკრების დღევანდელი ვლადიმერ დვალიშვილი, ალეკო ამისულაშვილი, გურამ კაშია და ყოფილი წევრები გიორგი სეთურიძე, დავით ოდიკაძე, აგრეთვე თორნიკე თარხნიშვილი, ვახტანგ კვარაცხელია, შოთა კაშია და ლაშა თოთაძე.

გერმანული სააგენტოს კლიენტია ეროვნული ნაკრების სამი წევრი: ლევან ყენია, ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი.

გერმანულ კომპანიასთან მხოლოდ ორი ქართველი თანამშრომლობს: დავით სირაძე (ნალჩიკის "სპარტაკი", რუსეთი) და გიორგი ფოფხაძე ("ვიბორგი", დანია).

იტალიური კომპანია "ფიმოს" კლიენტი ნაკრების კაპიტანი კახა კალაძეა. კომპანიასთან თაანამშრომლობენ დეიან სტანკოვიჩი, მარკო მატერაცი ("ინტერი"), კრისტიანო აბიატი ("მილანი"), იესპერ გრონკიაერი ("კოპენჰაგენი") და სხვანი. კახა ამ კომპანიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული "პროდუქტი" გახლდათ, რომლის "აქციებზე" ფასი "მილანში" ორწლიანი უქმობის გამო მნიშვნელოვნად დაეცა - დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტნის ტრანსფერი მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო ღირს.

ივან ბენეშის კომპანია "ევრო ქონექშენთან" ზურაბ ხიზანიშვილი და დანიური "ორჰუსის" ნახევარმცველი დავით დევდარიანი თანაშრომლობენ. ორი წლის წინ ხიზანიშვილი სააგენტოს ერთ-ერთი ყევლაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ ამჟამად მისი სატრანსფერო ფასი 750 ათას ევრომდე შემცირდა. იყო დრო, ბენეში ქართველთა "დასავლეთის ფანჯარა" იყო, მაგრამ დრონი მეფობენ...

საქართველოში უცხოური "პროდუქციის" მთავარი იმპორტიორები გია გურული და მამუკა წერეთელი იყვნენ. გურულმა საქართველოში გაბონის ნაკრების წევრები ჩამოიყვანა - დიდიე ოვონო, ერნესტ აკუასაგა, პოლ კესანი, ჯორჯ აკირემი, აგრეთვე ერიკ რომეო ჩასემი, ფრიდოლინ ბოიომო, ტიერი კლოვისი. თუმცა გაბონის ნაკრები ფიფას რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა, აფრიკელთა ფასი გაიზარდა და საქართველოში ჩამოსვლას აღარ კადრულობენ.

ბრაზილიიდან ქართულ კლუბებს გოჩა ალადაშვილი ამარაგებდა: კარლოსი, აკინო, ფრაგა, ვიერა, სანტოსი, ჯონატასი მისი მონაწილეობით მოხვდნენ "დინამოსა" და "ზესტაფონში".

წერეთელი რუსთავის "ოლიმპთან" პარტნიორობდა, რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი ჩამოიყვანა, ახლა კი ჰოლანდიელ პარტნიორთან ერთად, აზიური ბაზრის ათვისებას ცდილობს, სადაც სოლიდური თანხები ტრიალებს.

ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოში ლეგიონერების ჩამოყვანას ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული ბრძანებულება უშლის ხელს - კლუბმა ფედერაციას ერთი ლეგიონერის სანაცვლოდ 15 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს, ამის საშუალება კი საქართველოში თითქმის არც ერთ კლუბს არ აქვს.

გოჩა თამაზაშვილს, მალხაზ მუსერიძეს, ბესო აბაშიძეს და გიორგი ნიკურაძეს ქართველი ახალგაზრდები ევროპაში - ფინეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, დანიაში მიჰყავთ. თუმცა, ქართული ფეხბურთისადმი ინტერესის კლებამ მათ შემოსავლის წყარო შეუმცირა. ახლა მენეჯერთა სიას საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ლევან სილაგაძეც დაემატა.

სომხეთის მიმართულებით მუშაობს რომან რამიშვილი, აზერბაიჯანში - დავით გენძეხაძე ("სიმურგში" ქართველები მისი გადაყვანილია), გია ხურციძე ("თურანის" პარტნიორია, სადაც 23 დეკემბრამდე მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი იყო), ვასილ ჭეიშვილი. ყაზახეთ-უზბეკეთში კი ფეხბურთელები ხშირად საკუთარი კავშირებით მიდიან.

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და საფეხბურთო აგენტი გოგა გახოკიძე ამბობს, რომ ურთულეს სფეროში მოხვდა:"ტრანსფერზე მოლაპარაკება რთული არ არის, თუ კარგი კავშირები გაგაჩნია და გენდობიან. ნდობა ჩვენს სფეროში განსაკუთრებით ფასობს. ორი წელია, ვმენეჯერობ და მიკვირს, ისეთი ბინძური ამბები ხდება, აქ 70-80 პროცენტი იტყუება. ერთ-ერთი ფეხბურთელისთვის კლუბი მოვნახე, კონტრაქტის დეტალებიც შევათანხმე და ბოლოს გაირკვა, რომ ეს მოთამაშე ტრანსფერზე სხვა აგენტთანაც შეთანხმებულიყო. ამიტომ მეგობრულ შეთანხმებას ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება სჯობია, როდესაც ყველაფერი გარკვეულია და იურიდიულად არის განმტკიცებული.

სახელს თუ გაიტეხ, მერე ამ სფეროს უნდა დაემშვიდობო. ამიტომ ვცდილობთ, არავისთან შევრცხვეთ და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პრობლემა არასდროს შეგვქმნია. ფეხბურთელთან მართალი უნდა იყო და ორივესთვის მომგებიან ტრანსფერს წინ არაფერი დაუდგება.

ჩვენი სააგენტოდან ფეხბურთელები ნაკლებანაზღაურებად, მაგრამ უფრო პერსპექტიულ ევროპულ კლუბებში მიგვყავს, რადგან იქ გაზრდის მეტი საშუალებაა. თუმცა მიუღებელი არც ფეხბურთელის რუსეთის ძლიერ კლუბში გადასვლაა. მთავარია, გუნდი კარგად შეურჩიო და ფულს არ დახარბდე".

უეფაში კარგად იციან, აგენტებში რა ფული ტრიალებს, მოძრაობს და კლუბებმა უფრო რომ იხეირონ, ოფიციალური დადგენილება მიიღეს, რომელიც 26 ოქტომბერს "ლოკომოტივის" სტადიონზე ფედერაციის საკლუბო ლიცენზირების განყოფილების ხელმძღვანელმა ბაქარ ჟორდანიამ უმაღლესი და პირველი ლიგების წარმომადგენლებს გააცნო - უეფა კლუბისგან ტრანსფერებზე პასუხისმგებელი პირის შტატის დაწესებას ითხოვს, ეს პუნქტი ძალაში 2011 წლიდან შედის.

ოფიციალურად, მენეჯერს ტრანსფერიდან თანხის 10 პროცენტი ეკუთვნის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც 10 პროცენტი ფეხბურთელს და კლუბს დარჩენიათ, მენეჯერს კი - 90 პროცენტი. უეფას დადგენილებაც ამან განაპირობა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"





მკითხველის კომენტარები / 3 /
Ranairad daukavshirde mamuka jugels me myavs 17wlis bichi romelic miiswrapis did pexburtelobamdee minda gasaubreba amis taobazee
Nana kvirkvelia
10:25 02-10-2015
0
მენეჯერთა ინსტიტუტის კეთილსინდისიერებაზე დიდათაა დამოკიდებული ქართული ფეხბურთის მომავალი, ამიტომ ყურაქდღება სჭირდება, ფიფას დადგენილების იმედად არ უნდა დავრჩეთ.
akaki
19:18 26-12-2010
0

სიახლეები პოპულარული