იმედია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს არჩევანი საკამათო არავისთვის იქნებოდა: იმის გარდა, რომ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენმა ნაკრებმა 2010 წელი წაუგებლად დაასრულა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, როცა ფეხბურთის ქართველ ქომაგს იმედი დაუბრუნდა. ქეცბაიას წარმატებულმა მოღვაწეობამ ერთგვარი "მითიც" დაამსხვრია: არცთუ შორეულ წარსულში ხომ მუ
აღარაფერს ვამბობთ ერთობ საეჭვო კვალიფიკაციის იმ უცხოელ მწვრთნელებზე, ამ რამდენიმე წლის წინათ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები საექსპერიმენტო პოლიგონად თუ შემოსავლის წყაროდ რომ აქციეს (აბა, შედეგს ვინ მოთხოვდათ): ჰაინც ტოპმიოლერზე, პეტარ შეგრტზე, რალფ მინგესა თუ ჰერბერტ ცანკერზე. არადა, დრომ გვიჩვენა, რომ ქეცბაიას მსგავსად, თურმე სხვა ქართველ მწვრთნელებსაც "შესძლებიათ" უცხოელ კოლეგებთან შედარებით ბევრად უკეთესი შედეგების ჩვენება, - კობა ჟორჟიკაშვილს, ოთარ გაბელიასა და გიორგი დევდარიანს ვგულისხმობთ, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მართლაც ნაყოფიერად რომ მუშაობენ.
სასიხარულოა, რომ ქართული სამწვრთნელო სკოლის წარმომადგენლები, ამ ბოლო დროს, გარკვეულ კი არა, მართლაც თვალსაჩინო წარმატებებს რომ აღწევენ საკლუბო დონეზე, - შოთა არველაძე, კახა ცხადაძე, გიორგი ჩიხრაძე, თამაზ პერტია; ნურც ომარ თეთრაძეს დავივიწყებთ, ქართული ფეხბურთის აღზრდილს, ვინც ზედიზედ მეორედ მოახერხა თავისი გაწვრთნილი გუნდების რუსულ პრემიერლიგაში აღზევება. სხვათა შორის, გუშინ ორ ქართველ ლეგიონერ მწვრთნელს "ჩვეულებრივი დღე" ნამდვილად არ ჰქონია: შოთა არველაძემ და კახა ცხადაძემ გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და პრო-კატეგორიის ლიცენზიაც მიიღეს! ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში პროლიცენზიის მქონე სპეციალისტთა რიცხვი კიდევ გაიზარდა: არველაძისა და ცხადაძის გარდა, ამ უმაღლეს სამწვრთნელო კატეგორიას თემურ ქეცბაია, გიორგი ჩიხრაძე, რევაზ ძოძუაშვილი, გია გეგუჩაძე და ვლადიმერ ხაჩიძე ფლობენ.
თემურ ქეცბაიამ, შოთა არველაძემ და კახა ცხადაძემ კიდევ ერთი "მითი" დაამსხვრიეს: არაერთხელ უთქვამთ, რომ კარგი ფეხბურთელობა, მომავალში კარგ მწვრთნელობას არ ნიშნავსო. ამ შემთხვევაში კი, მართლაც სასიამოვნო გამონაკლისთან გვაქვს საქმე და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის სამივე გამორჩეული ფეხბურთელი დღესდეობით უკვე წარმატებულ მწვრთნელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
2010 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელზე თემურ ქეცბაიაზე საუბარს ახლო მომავლისთვის "გადავდებთ"; აი, რაც შეეხება ახლადმიღებული პროლიცენზიის მფლობელ არველაძესა და ცხადაძეს, მათ სამწვრთნელო კარიერაზე მოკლედ გეტყვით. ვიდრე მეზობელ აზერბაიჯანში სამუშაოდ წავიდოდა, ცხადაძემ ორ გუნდთან ("დინამო", "სიონი") ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, 2010 წელს კი ბაქოს "ინტერის" მწვრთნელის რანგში აზერბაიჯანის ჩემპიონიც გახდა. "ინტერი" მიმდინარე სეზონში "აზალთან" ერთად მესმაე-მეოთხე ადგილებს იყოფს და, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს პირველ ექვსეულში მოხვედრა (მეორე ეტაპის დაწყებამდე სამი ტურიღაა დარჩენილი); ეს კი იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ყველაზე ქართული გუნდი ამჯერადაც მედლებისათვის იბრძოლებს. ამას გარდა, "ინტერი" აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალშია გასული და რაც მთავარია, სულ მალე, დსთ-ს თასზეც მიემგზავრება (სხვათა შორის, ერთ-ერთი ფავორიტის რანგში).
შოთა არველაძის სამწვრთნელო კარიერა სულ ახლახანს დაიწყო: ორი წელი ჰოლანდიურ "ალკმაარში" ასისტენტად მუშაობდა (ლუის ვან გაალთან, რონალდ კუმანთან, დიკ ადვოკაატთან), ამ სეზონის დაწყების წინ კი დამოუკიდებლად მოღვაწეობა გადაწყვიტა და თურქული "ქაისერი" ჩაიბარა. შორს წაგვიყვანს იმაზე ლაპარაკი, თუ რას ნიშნავს ძმები არველაძეებისთვის თურქული ფეხბურთი; ჰოდა, 13-15 წლის წინათ ამ ქვეყანაში არველაძე-ფეხბურთელის პოპულარობა თუ პიკს აღწევდა, ჩვენებური ამჯერად უკვე წარმატებებს მწვრთნელის რანგში აღწევს. თან, გუნდსაც ხომ გააჩნია: პროვინციური "ქაისერის" ისტორიაში საუკეთესო შედეგი ჩემპიონატში მეხუთე ადგილის დაკავებაა (2006, 2007 და 208 წლებში). ჰოდა, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მიაღწიოს "ქაისერმა" ისტორიაში საუკეთესო შედეგს. ამჟამად თურქეთის ჩემპიონატშიც შესვენებაა და მეოთხე ადგილზე მყოფი "ქაისერი" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება "ფენერბახჩეს". სხვათა შორის, შოთა არველაძის თავკაცობით მოასპარეზე "ქაისერმა" ყველა თურქული გრანდის გამწარება მოასწრო: "ფენერბახჩესა" და "ბეშიქთაშს" მოუგო, "გალათასარაისთან" და "ტრაბზონსპორთან" კი ფრედ ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"