"ლელოს" მკითხველისთვის უკვე ცნობილია ის ამბავი (გნებავთ, ვერსია იყოს), რაც მოლდოვურმა ინტერნეტგამოცემა "მოლდფუტბოლმა" გაავრცელა - თითქოს, ამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებულ სკანდალში, შესაძლოა, ძმები - ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები ფიგურირებდნენ.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში ეს სკანდალი კიშინიოვის "დაჩიასა" და ტირასპოლის "დინამო-ავტოს" მატჩის შემდეგ აგორდა, როცა სტადიონზე შესულმა სპეცრაზმმა 12 პირი დააკავა და ბრალად სპორტული შედეგებით მანიპულირება, ქრთამის აღება და ფულის გათეთრება წაუყენა.
მალევე გაირკვა, რომ დაკავებულია სინგაპურის ორი მოქალაქეც. 23 მარტს, კორუფციასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსმა ბოგდან
სავარაუდოდ, სწორედ მათ მოისყიდეს მოლდოვაში მწვრთნელები და ფეხბურთელებიო, ამბობს ზუმბრიანუ და იქვე დასძენს - ქართველებს კარგა ხანია, აკვირდებიან არა მარტო მოლდოვაში, არამედ გერმანიაში, უნგრეთსა და ფინეთშიცო...
მოლდოვურმა ინტერნეტგამოცემამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ზუმბრიანუმ ინკოგნიტო ქართველ ძმებში სწორედ პავლე და ვალტერ ხორგუაშვილები იგულისხმა, რომლებიც თავის დროზე მართლაც თამაშობდნენ "შერიფში".
წინა სეზონში ისინი გორის "დილასა" და ლანჩხუთის "გურიაში" თამაშობდნენ. წლეულს კი პავლე ხორგუაშვილი "ზესტაფონის" ფეხბურთელია. "ლელო" კომენტარისთვის სწორედ მას დაუკავშირდა:
- ეს ამბავი გუშინ მითხრეს, თავად წაკითხული არც მქონდა. რა თქმა უნდა, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ თან დავიბენი და ვიფიქრე, საშინელ სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი? რა შუაში ვართ მე და ჩემი ტყუპისცალი მოლდოვურ სკანდალთან?! მერე სასწრაფოდ შევედი ინტერნეტში, წერილი წავიკითხე და გული კიდევ უფრო მომივიდა.
ეს მოლდოვური გამოცემა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, თანაც, ვარაუდის დონეზე გვწამებს ცილს. ეს იგივეა, საჯაროდ ვინმეზე რომ ვთქვა - ჩემი აზრით, მეძავია, მაგრამ ვერ ვამტკიცებ-მეთქი. მაგრამ ამით ხომ ჩირქს მოვცხებ? გადაუმოწმებლად ასეთი ბრალდების დაწერა შეიძლება? ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს საზღვარი ხომ აქვს?
ჯერ იყო და, ფინეთში აგვიგორეს ერთი ამბავი, ახლა მოლდოვაში და ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება.
- მოლდოველებმა მიანიშნეს, რომ ძმები 2011 წელს, ფინეთის პოლიციამაც ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით დაგაკავათ და ვარაუდის განმტკიცებას ამით შეეცადნენ...
- თუმცა, ბოლოში ისიც ხომ დაწერეს, რომ ფინეთის სასამართლომ მაშინ ბრალი ვერ დაგვიმტკიცა?!
- მოდი, გულახდილად ვილაპარაკოთ...
- სიამოვნებით, მეც ეს მინდა.
- ორ სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იგივე ბრალდება შემთხვევით გაჩნდა? ასეთი რამ არ არსებობს...
- ჩემდა სამწუხაროდ, ასეთებიც ხდება. ფაქტია, რომ ცილი დაგვწამეს. ასე მგონია, რომ ჩვენი მონაწილეობის ვერსია სწორედ ფინური ამბების გამო ატყდა. ნახეს, ვინ თამაშობდა "შერიფში", მერე ფინური ფაქტი ამოაგდეს და რადგან ადრე ეჭვმიტანილები ვიყავით, ვითომ "დაამტკიცეს", რომ ახლაც სინგაპურელებზე ჩვენ უნდა გავსულიყავით.
მაგარი ლოგიკაა, არა?!
ეს კიდევ არაფერი, უარესსაც გეტყვით - გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიას 7:1 რომ მოუგო, სენსაცია ხომ იყო? ესეც ჩემი და ჩემი ძმის გაკეთებული იქნება!
საერთოდ, მე და ვალტერი ჩინურ და აზიურ ტოტალიზატორებს ვაკონტროლებთ. ისეთი მაგრები ვყოფილვართ, თავადაც არ გვცოდნია. სინამდვილეში, აზიური კი არა, ფეხბურთს გორის მაფია მართავს - თქვენ ამის გჯერათ?!
ხუმრობა იქით იყოს და, სინგაპურელებს თუ სერიოზული მაფია აქვთ, მე და ჩემი ძმა რაში დავჭირდებოდით? თავად ნახავთ, გავა დრო და ეს მოლდოვური გამოცემა მოგვიბოდიშებს. იმიტომ, რომ მე და ჩემს ძმას ამ სკანდალთან ისეთივე კავშირი გვაქვს, როგორც თქვენ - ჩინური კედლის აშენებასთან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"