მას შემდეგ, რაც ევროპალიგაზე საქართველოს წარმომადგენელი სამივე კლუბი გამოეთიშა გათამაშებას, საქომაგოდ ერთადერთი გუნდი დაგვრჩა - საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა".
უჩა სოსიაშვილის გუნდს მართლაც ურთულეს მეტოქესთან მოუწევს საქმის დაჭერა. დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, გორელები ბელგრადში ითამაშებენ საშინაო ასპარეზზე მუდამ ყოჩაღად გამრჯე მოწინააღმდეგე "პარტიზანთან".
სამწუხაროდ, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია არ იგეგმება. Sportall.ge შეეცდება, ქომაგს თამაშის ლაივ-სთრიმი შესთავაზოს.
ვერ გეტყვით, როგორ იქნება, მაგრამ გორში, თეატრის სკვერთან,
მთავარი მსაჯი გერმანელი ბასტიან დანკერტი იქნება, რომელსაც დაეხმარებიან თანამემამულეები - რაფაელ ფოლტინი და რენე როდე, მეოთხე მსაჯად კი ბენჯამინ ბრენდია გამწესებული.
"დილას" მართლაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს - ის ხომ ევროთასებს შემორჩენილი ერთადერთი ქართული გუნდია. იმედია, ფეხბურთელები სრულად გაითავისებენ ამ ტვირთის სიმძიმეს და მინდორზე ამ განწყობით გავლენ, დანარჩენს კი უშუალოდ მატჩი დაგვანახვებს...
"დილა" თითქმის ერთი კვირაა, სერბეთშია და მატჩისთვის ადგილზე ემზადება. წესით, ამან გორელებს ადაპტაცია უნდა გაუადვილოს. ეს კი საშური საქმეა, რადგან "პარტიზანის" საშინაო არენაზე ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე არასტუმართმოყვარე გარემოა. სერბული გრანდის ქომაგები განთქმულნი არიან ულტრასული გამოხდომებით.
"პარტიზანთან" მატჩისთვის "დილა" შემდეგი შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები: 12. ოლეკსეი შევჩენკო, 30. მიხეილ მუჯრიშვილი;
მცველები: 2. დავით ხურცილავა, 13. ალან ბაგაევი, 16. დავით კვირკველია, 21. თემურ ღონღაძე, 27. გივი ქარქუზაშვილი, 29. ალექსანდრე კვახაძე, 88. გიორგი ნავალოვსკი;
ნახევარმცველები: 3. გიორგი პაპავა, 5. გუგა ფალავანდიშვილი, 7. ლუკა რაზმაძე, 8. გიორგი ილურიძე, 10. თენგიზ წიქარიძე, 19. გიორგი ერისთავი, 20. ირაკლი ძარია, 35. რომან ახალკაცი, 77. ლაშა გვალია, 90. მათე კვირკვია;
თავდამსხმელები: 9. მიხაილ; გორელიშვილი, 14. ისლამ მაშუკოვი, 15. ირაკლი მოდებაძე, 99. ოთარ მარცვალაძე.
ვერაფერს ვიტყვით, მართლაც შთამბეჭდავი შემადგენლობაა ქართული საკლუბო მასშტაბებით. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "დილა" მნიშვნელოვნად გაძლიერდა - საქართველოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გორელებმა შეიმატეს ორი მეკარე - ოლეკსეი შევჩენკო და მიხეილ მუჯრიშვილი, მცველები - დავით კვირკველია და გიორგი ნავალოვსკი, საყრდენი ნახევარმცველი - გიორგი პაპავა და შემტევები - გიორგი ილურიძე, მათე კვირკვია, ისლამ მაშუკოვი და ოთარ მარცვალაძე.
ახლა საკითხავი ისაა, რამდენად მოასწრეს ამ ფეხბურთელებმა გუნდთან შეთამაშება. "დილას" ჰქონდა თურქული შეკრება, თუმცა საკონტროლო მატჩები ცოტა გამოუვიდა. იმედს გვიტოვებს თურქეთის პირველი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, "ალანიასფორის" განადგურება (7:0), თუმცა ეს მაინც ამხანაგური მატჩი იყო...
"პარტიზანი" კი, საკონტროლო თამაშებში ყოჩაღობის მიუხედავად, მთლად კარგ განწყობაზე ვერ ხვდება "დილასთან" შეხვედრას. ასე მაგალითად, გუნდის დაცვის ბურჯი ბრანკო ილიჩი კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის ბინადარ "ასტანაში" გააგრძელებს; "პარტიზანში" აღარ არის ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების მცველი ვლადიმერ ვოლკოვი, რომელიც კარიერას ბელგიურ "მეხელენში" გააგრძელებს; გუნდში აღარ ირიცხება ჩერნოგორიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლა დრინჩიჩი - მოსკოვის "სპარტაკისა" და "კრასნოდარის" ყოფილმა ნახევარმცველმა "პარტიზანი" ებრაულ "მაქაბიზე" გაცვალა.
გუშინ დავწერეთ სერბთა ორ ახალწვეულზე - კამერუნელ აბუბაკარ უმარუსა და სერბ ანდრეა ჟივკოვიჩზე. რა წარდგენა უნდა ბელგრადელთა კიდევ ერთ ახალწვეულს, 30 წლის ბულგარელ ვალერი ბოჟინოვს. იყო დრო, ის იტალიურ ლიგაში ბრწყინავდა, ახლა კი მისი საუკეთესო წლები უკანაა. თუმცა ორი აზრი არ არის - "დილა" ბულგარელის გამოცდილებასა და კლასს მაინც უნდა უფრთხოდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"