ოსები აღიარებენ - ფიფა-უეფა რუსეთის პირველობაზე თამაშს გვიკრძალავსო

AutoSharing Option
დიდი ხანია, ვეჭვობდით, რომ სამაჩაბლოელი სეპარატისტების გუნდებს რუსეთი მფარველობდა. აღიარებითი ჩვენება ე.წ. სამხეთ ოსეთის საინფორმაციო საშუალებებში ამოვიკითხეთ.

"ოსრადიოს" ვებგვერდის სტატიაში "სახელის შეცვლა ცხინვალელ ფეხბურთელებს არ აბრკოლებთ" თავად ამხელენ, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირი სეპარატისტების გუნდის წახალისებას ცდილობს.

ცხინვალის რეგიონს ოსეთის ნაწილად თვლიან და ოსეთის ერთიანი ჩემპიონატი დააარსეს, სადაც ცხინვალის "სპარტაკი" მონაწილეობს, ოღონდ ვლადიკავკაზის "სპარტაკ-ცხინვალის" სახელით.

მიზეზია საინტერესო - ფიფასა და უეფაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეტენზიები ყელში ამოგვივიდა, ოღონდ გაჩერდნენ და სახელის გადარქმევა რა პრობლემააო. იმასაც არ მალავენ, რომ ფიფა-უეფა "სპარტაკის" რუსეთის
საფეხბურთო კავშირის ეგიდით გამართულ ოფიციალურ ტურნირებში "რესპუბლიკა იუჟნაია ოსეტიას" გუნდად მონაწილეობის მართლზომიერებას ეჭვქვეშ აყენებენ.

თბლისში მყოფ ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს ამის თაობაზე რომ ვკითხეთ, უცნაური კომენტარი გააკეთა - ფიფა პოლიტიკაში არ ერევაო. სინამდვილეში, ფიფა, უეფა და მთლიანობაში ფეხბურთი სწორედაც დიდი პოლიტიკის ინსტრუმენტია, ფიფას დებულება კი ერთი ქვეყნის გუნდის მეორის ჩემპიონატში მონაწილეობას კრძალავს, თუ ეს შეთანხმებით არ ხდება.

ცხადია, ოსების ცხინვალის "სპარტაკი" რუსეთის საფეხბურთო კავშირის ეგიდით გამართულ ტურნირში ითამაშებს, მაგრამ არა საქართველოს ქალაქის სახელით, როგორც გროზნოს "ტერეკს" საქართველოს პირველობაზე - არადა, თავის დროზე ეს ჩეჩნეთის პრეზიდენტს ჯოხარ დუდაევს სურდა.

მოსკოვიდან დაფინანსებული "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ ზასეევის თქმით, ისტორია 1995 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა ფიფა-უეფაში იჩივლა, მათ კი რუსეთის საფეხბურთო კავშირი გააფრთხილეს და სეპარატისტებსა და მათ მხარდამჭერებს საერთაშორისო კანონების აბუჩად აგდების საშუალება არ მისცეს.

ამის გამო რუსულ ცხინვალის "სპარტაკს", რომელიც 1995 წელს ოსეთის ჩემპიონი გახდა, ტიტული ჩამოართვეს და ტურნირიდან მოხსნეს. თუმცა 1996 წელს ვლადიკავკაზის "იუნოსტად" მონათლეს და ტურნირზე ისევ დაუშვეს, გუნდი კი ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. ძველი სახელი "სპარტაკი" 2008 წელს დაიბრუნეს. რუსეთის აგრესიის შემდეგ ჩათვალეს, რომ ცხინვალის რეგიონს ცალკე სახელმწიფოდ აღიარებდნენ, მაგრამ მაინც ვლადიკავკაზის სახელით გამოდიან - უეფა-ფიფაში ქართველების ჩივილი სეპარატისტებს გასაქანს არ აძლევს. თუმცა ამას ორიგინალურად ხსნიან - რუსეთს ღია პირველობა არ აქვს, ჩვენ კი რუსეთში არ შევდივართო. საოცრებაა პირდაპირ!

ომამდე ჩვენი "სპარტაკის" ხალხს დასცინოდნენ, თუ გინდათ, "ოსეტიას" პირველობაზე ითამაშეთ, კარგად გვაფინანსებენო. თუმცა ცხინვალში გამომავალი გაზეთებიდან ჩანს, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. გუნდს ყოველთვის ჰქონდა ფინანსური პრობლემა, ფეხბურთელები ენთუზიაზმით თამაშობდნენო. ზასეევის თქმით, უფრო მაღალი რანგის ტურნირში მონაწილეობის შემთხვევაში სპონსორებს მოვიზიდავთ, მაგრამ უფლებას არ გვაძლევენო. უცნაურია, რომ რუსების "სპარტაკი" ჩვენს ცხინვალის "სპარტაკზე" ღარიბია - მისი ბიუჯეტი 500.000 ათასი რუბლი, ანუ დაახლოებით 16.760 დოლარია, ჩვენისა კი დაახლოებით მილიონი ლარი, ანუ 580 ათას დოლარამდე. სეპარატისტებს თანხა ფორმების, ბურთების შეძენასა და ტრანსპორტირებაში ეხარჯებათ, ხელფასების გაცემას კი ვერ ახერხებენ.

"ტრიბუნა.რუ" ფიფას უტევს, რა უფლება აქვს საქართველოს, ცხინვალისა და აფხაზეთის სახელებს რომ იყენებსო - თავხედობას საზღვარი მართლა არ აქვს.

"საქართველოში არსებობს ... ცხინვალის "სპარტაკი", გუნდი-ფანტომი, რომლის შესახებაც სამხრეთ ოსეთში ბევრმა არც იცის. ეს კლუბი თბილისში დაფუძნდა, ისევერ როგორც "გაგრა". შეხედავთ საქართველოს ჩემპიონატის ცხრილს და დამშვიდდებით: სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებლობა არც სურთ, მათი კლუბები კი საქართველოს პირველობაზე მონაწილეობენ.

საინტერესოა, ფიფა ასეთ ფოკუსებზე რატომ არ რეაგირებს? საქართველო ევროპაში საფეხბურთო "ჯუჯების" დონეზე თამაშობს, ამ ქვეყნის ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ერთხელაც ვერ გავიდა... სამარცხვინოა ეს მათგან, ვისმა "დინამომაც" თასების თასი მოიგო და რომლის შემადგენლობაშიც ისეთი ვარსკვლავები ბრწყინავდნენ, როგორებიც იყვნენ: ჩივაძე, ყიფიანი, მესხი, ხურცილავა, დარასელია, გუცაევი..."

სტატია საბჭოთა ფეხბურთის დროინდელ საქართველოს ჩემპიონატში ცხინვალის "სპარტაკის" ბომბარდირ ვლადიმერ კოზაევის დაჩაგვრას ეძღვნება. მან 37 გოლი გაიტანა, მაგრამ ბოლო ტურებში კონკურენტებმა გაასწრეს და ბომბარდირობა მაიმუნობით წაართვესო.

"ცხინვალის "სპარტაკს" მრავალი უსამართლობა გადაუტანია. ქართველ "ძმებს" ოსი სპორტსმენების წარმატებები აღიზიანებდათ და ამას ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ."

რა თქმა უნდა, მსგავსი სიბინძურე ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ოსებს ჩაგრავდნენ, არამედ იმიტომ, რომ საბჭოთა სისტემაში კორუფცია და კრიმინალი ნორმა იყო. ამის "ქართველ ნაციონალისტებზე" გადაბრალება გაუგებარია. ასე თბილისის "დინამოს" 1953 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა წაართვეს, რადგან პოლიტბიუროს ფარული მითითებით 1961 წლამდე იმპერიაში მოსკოვურის გარდა სხვა გუნდის ჩემპიონობა, ფაქტობრივად, იკრძალებოდა - ასე რესპუბლიკებში თავისუფლებისადმი ლტოლვა გაიზრდებაო. როდესაც ეს აკრძალვა მოიხსნა, კიევის "დინამომ" დანაკლისი აინაზღაურა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ოქროს მედლებს ყველაზე მეტჯერ (13-ჯერ) დაეუფლა.

ეს კიდევ არაფერი, "ოსრადიოში" კიდევ ერთი უცნაური შინაარსის სტატიაა. ქართული ფეხბურთის წარმატება სულაც არ იყო ქართველების დამსახურებაო. თურმე ქართულ ფეხბურთმა წარმატებებს აფხაზების, ოსებისა და მეგრელების ხარჯზე მიაღწია. ანუ მეგრელები ქართველები არ არიანო.

"რთული წარმოსადგენია ქართული ფეხბურთი კალოევის, გუცაევის, გაბელიას, შენგელიას, ქეცბაიას, დარასელიას, ცვეიბას, ცაავას, ჭედიას, ჭილაიას (თბილისში ცხინვალიდან წავიდა) და მრავალი სხვა არაქართველი ფეხბურთელის გარეშე.

...იქმნებოდა მითი, თითქოს ქართული ფეხბურთის წარმატებები მხოლოდ ქართველი მწვრთნელების დამსახურებაა, და თითქოს ფეხბურთელების სამჭედლო მხოლოდ თბილისია. თუმცა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქართულ ფეხბურთს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან მასაზრდოებელი წყარო მოაკლდა და ეს მის შედეგებზე დაუყოვნებლივ აისახა - მათი ნაკრები ერთხელაც ვერ გავიდა ვეროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე, კლუბები კი - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში. უეფას თასზეც დასაცინები ხდებოდნენ. ბოლო დროს კი არველაძის, ქეცბაიას, ჯანაშიას, ქინქლაძისა და მსგავსი დონის ნიჭიერ ფეხბურთელებს ვეღარ ზრდიან. ამ დროს წამოვიდა ოსი ფეხბურთელების ძლიერი თაობა, რომელთაგანაც რუსეთის პრემიერლიგის ძლიერი კლუბის შეკრება შეიძლება."

რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩამოგვშორდა, მაგრამ ჩვენმა ოსმა მეგობარმა სიმართლესთან მიახლოებისას გადაამლაშა - ახრიკ ცვეიბა მშვენიერი ფეხბურთელი და პიროვნებაა, მაგრამ მას საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია, "დინამოში" მისი ყოფნის დროს კი თბილისური კლუბი წარმატებას ვეღარ აღწევდა - ცხადია, ცვეიბა აქ არაფერ შუაშია, მაგრამ ქართული ფეხბურთის წარმატებასთანაც არ ჰქონდა შეხება. სულელი უნდა იყო, ქართულ ფეხბურთში აფხაზებისა და ოსების როლი უარყო, მაგრამ ქართველების უნიჭობის "აღმოჩენას" ზიზღის სუნი უდის, ჩვენი ფეხბურთელების ნიჭიერებას რუსეთშიც აღიარებენ.

კიდევ - გაბელიას, შენგელიას, ჭედიას, ქეცბაიას, ცაავას და ჭილაიას რომ უთხრათ, ქართველები არ ხართო, თავს წაგაჭრიან, მაგრამ "ოსრადიოში" მეგრელების არაქართველობა რუსი "ისტორიკოსებისგან" იციან. მთავარი ხომ იმის დამტკიცებაა, რომ "სისხლისმსმელი" ქართველები უნიჭონი ვართ.

რა თქმა უნდა, ჩვენმა ნაკრებმა და კლუბებმა ვერაფერს მიაღწიეს და ეს სიმართლეა, მაგრამ ბოლო წლებში არველაძის, ქეცბაიას, ჯანაშიას, ქინქლაძისა და მსგავსი მასშტაბის ფეხბურთელი თუ არ დაბადებულა, ამას აფხაზურ-ოსურ "დამოუკიდებლობას" რატომ აბრალებენ, ვერ გავიგეთ. ნიჭიერი ბავშვები რომ არ გვყავდეს, ჩვენს საფეხბურთო სკოლებში ლამის ყოველდღე უცხოელი სელექციონერები არ ირბენდნენ.

და თუ ჩვენი ოსები საკუთარი რესურსებით რუსეთის პრემიერლიგის ძლიერ კლუბს ჩამოაყალიბებენ, გაგვიხარდება, ძმებო, მაგრამ ასე მგონია, გამორჩეული ქართველი ფეხბურთელების გუნდი რუსეთზე უკეთეს ლიგაშიც არ დაიჩაგრებოდა.

დაბოლოს: ერთი ვერ გავიგე, საბჭოთა კავშირის დროინდელი ცხინვალის "სპარტაკი" ღამღამობით თამაშობდა, მისი საოცარი ფეხბურთის შესახებ რომ არაფერი გვსმენია? იქნებ, არ ვიცით და თბილისის "დინამომ" მის ნაცვლად მოიპოვა ტიტულები?

თუმცა, არ გვინდა ცინიზმი - იმედია, ჩხუბისა და ომის ეპოქა მალე გადაივლის და ჩვენი ოსი და იგივე აფხაზი ძმები საქართველოს ჩემპიონატს თუნდაც იმიტომ დაუბრუნდებიან, რომ სხვა გზა არ აქვთ - ამას მოლდოველი სეპარატისტების გუნდის, ტირასპოლის "შერიფის" პრორუსული ხელმძღვანელობა დროულად მიხვდა და ბევრიც მოიგო. ფიფა და უეფა აფხაზეთის, ცხინვალისა და დნესტრისპირეთის სეპარატისტებს რუსეთის პირველობაზე კლუბების გაყვანის უფლებას არ მისცემს.






.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თორნიკე, დამიჯერე, იმ სტატიების ავტორებს სიტყვა გენეტიკა არც გაუგიატ. პროვინციალური უმეცრების ნიმუშია
zvio11
12:33 20-01-2011
0
ამას ყველაფერს ფაშიზმის სუნი ასდის - ანუ ეროვნებებს არჩევენ და თან ფაქტიურად იმას გულისხმობენ რომ ჩვენი გენეტიკა უკეთესია ვიდრე ქართველებისაო... ხალხნო ეს არაფერს გახსენებთ!? ჰიტლერი ზუსტად ასე იწყებდა თავის "მოღვაწეობას". 21-ე საუკუნეა და საუბედუროდ კვლავ არსებობენ გარეწრები რომლებიც ხალხს ერთმანეთს უპირისპირებენ და გენეტიკის დონეზე ასხვავებენ... თუმცა როცა ვხედავ თუ რა ნაძირალებთან გვაქვს საქმე, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გამთლიანდება ჩვენი საქართველო!
Tornike
11:50 20-01-2011
0

სიახლეები პოპულარული