6-წლიანი ეპოქის შუქ-ჩრდილები - სიჭინავას სურდა ქართული ფეხბურთის შველა, მაგრამ...

AutoSharing Option
ზვიად სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აღარ არის. მისი მმართველობის 6-წლიანი ეპოქა დასრულებულია და უკვე შეგვიძლია, ეს 6 წელი შევაფასოთ...

ზვიად სიჭინავა ყველასთვის მოულოდნელად მოვიდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. მაშინ ქართული ფეხბურთის მომავალ მესაჭეს ჩვენს საფეხბურთო თემში ბევრი არავინ იცნობდა. ისიც ფაქტია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პოსტი "ვინმე სიჭინავას" შემთხვევით არ შეხვდებოდა.

მაშინ ათასგვარი ჭორ-მართალი დადიოდა ამ ამბავზე. მავანნი ამბობდნენ, ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ზუგდიდის "ბაიას" ბაზას გადაუფრინა, ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, ქართული ფეხბურთი სიჭინავასათვის ჩაებარებინა...

ასეა თუ ისე, მაშინ ქართულ
ფეხბურთს მესაჭე "ძლიერთა ამა ქვეყნისა" ჩარევის გარეშე ვერ აირჩეოდა და ეს სიჭინავას ბრალი სულაც არ არის. დრო და ეპოქა იყო ისეთი, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ხშირად იქცეოდა ხოლმე სიტუაციის მძევლად...

ნოდარ ახალკაცი-უმცროსი, გიორგი ნემსაძე და თუნდაც სიჭინავა - რატომღაც გვგონია, რომ ქართული ფეხბურთის თავკაცობის სურვილით არც ერთი მათგანი არ იწვოდა, თუმცა თითოეულმა მათგანმა ხარკი გადაუხადა დროს და ესეც ადამიანური, ცხოვრებისეული მომენტია. სადაც ადამიანია, იქ არის სისუსტის უფლებაც და ისიც ფაქტია, რომ ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ.

შესაფასებელი ბევრია. ფაქტია, უარყოფითი დადებითს წონის, თუმცა ჩვენ დადებითით დავიწყოთ.

* * *
რა იყო სიჭინავას მთავარი პლუსი? ალბათ, ყველა დაგვეთანხმება, რომ მისი მმართველობის ხანაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეძლებისდაგვარად ბევრი გააკეთა ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის. გვაქვს ახალი მინდვრები, თუმცა იმდენი არა, რამდენიც უნდა გვქონდეს.

გვაქვს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო სტადიონი; გვაქვს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია; ასაკობრივი ნაკრებები წარმატებულნი იყვნენ საერთაშორისო ასპარეზზე და ეს წარმატება, დიდწილად, ფედერაციის მიერ მათთვის შექმნილი კარგი პირობების "ბრალიც" იყო. ეს ქართული ფეხბურთის მმართველთა მოვალეობაში შედიოდა...

საქართველომ უმასპინძლა ევროპის სუპერთასს და კარგადაც უმასპინძლა. ფეხბურთის ფედერაციამ აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის ბოლოს გვარიანი სანახაობა აჩუქა ხალხს.

სიჭინავას პრეზიდენტობისას უეფას პირველკაცმა მიშელ პლატინიმ ბევრი ისეთი რეფორმა გაატარა, პატარა ქვეყნებს რომ უნდა შეერგოთ. ჩვენი ფედერაცია თავიდანვე პლატინის ბანაკში იყო. გეზმა გაამართლა. სხვა საქმეა, რომ ჯერ ფრანგი მუსიეს საჩუქარი ვერ შევირგეთ.

ფედერაციის ფინანსური მდგომარეობაც ახლა გაცილებით მყარია, ვიდრე სიჭინავას მმართველობამდე...

* * *
უარყოფითი კი ბევრი იყო, ძალიან ბევრი. იმდენად ბევრი, რომ რაღაც აუცილებლად გამოგვრჩება, თუმცა ჩვენ ჩვენი ვცადოთ.

სიჭინავას პრეზიდენტობის დროს არნახულად დაკნინდა საქართველოს ეროვნული ნაკრები. "ჯვაროსნები", არსებობის ისტორიაში, ყველაზე დაბალ საფეხურზე ჩამოვიდნენ ფიფას რეიტინგში. გაგვისწრო არაერთმა არასაფეხბურთო ქვეყანამ...

იყო დრო, საქართველოს ერთდროულად... ორი ჩემპიონი ჰყავდა. დიახ, ერთდროულად გაიშალა საჩემპიონო სუფრები ზესტაფონსა და რუსთავში. საბოლოოდ, ჩემპიონად "ზესტაფონი" გამოცხადაა, მაგრამ ფაქტია, იმ ოქროს ელვარება მოაკლდა...

სამსაჯო სკანდალი, ფეხბურთელები და ტოტალიზატორი - ესეც ის შავი ლაქაა, რომელიც სიჭინავას პრეზიდენტობის დროს მოეცხო ქართულ ფეხბურთს...

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ტყუილად გამოტოვა ევროშესარჩევი მატჩი, ნიკა კვეკვესკირმა კი ისე ითამაშა ახალგაზრდულ ნაკრებში, რომ ამის უფლება არ ჰქონდა...

არნახულად დაკნინდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიც. ძალზე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ მაშინ, როცა უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების რაოდენობა გაზარდა...

გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ განსაკუთრებით ბოლო დროს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვერ უზრუნველყო სახელმწიფოსთან ურთიერთობის ნორმალიზება. არადა, ასეთი ურთიერთობა ჰაერივით სჭირდება ქართულ ფეხბურთს...

ამას რომ ვწერ, სიჭინავას ამასწინანდელი სიტყვები მახსენდება - ქართული ფეხბურთი მე დამიღუპავს და უნდა წავიდეო. სიჭინავას ჩვენგან კრიტიკა არასოდეს დაჰკლებია, მაგრამ ფაქტია, ეს ასე არ არის.

დიახაც, სიჭინავას უნდოდა ქართული ფეხბურთის შველა, მაგრამ მან ხელი ვერ შეუშალა იმ პროცესებს, რომელმაც ჩვენი ფეხბურთის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

დღეს ასეთი რეალობაა და ისიც ფაქტია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომავალ პრეზიდენტს, ვინც უნდა იყოს ის, მართლაც რომ ურთულესი მემკვიდრეობა დახვდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
და ბოლოს სიჭინავა და რეზი აპირებენ 17 სექტემბერს უეფას ათქმევინონ სახელმწიფო ერევა ფედერაციის საქმეებშიო.
0
სიჩინავა მართლა მოსაცილებელი იკო კარგა ხნის ცინ თავის მონა ვეტერანებთან ერთად მაგრამ უბედურება ისარი რომ კობიაშვილს თავის კალაძესთან ერთად ლოგოპეტები ჩირდებათ
demna
19:57 12-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული