21 ოქტომბერს, საღამოს, ის "საბურთალო"-"მიდტიულანდის" მატჩს დაესწრო, შუადღისას კი ქართულ მედიას შეხვდა:
კახა ჭუმბურიძე: - ფერნანდო იერო არა მხოლოდ ფეხბურთის ლეგენდა, არამედ დიდი პიროვნებაცაა. ის რომ საქართველოში იმყოფება, არა მხოლოდ "საბურთალოს", მთლიანად ჩვენი ფეხბურთისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტია.
ფერნანდო იერო: - ქართველების სტუმართმოყვარეობამ და ვიზიტთან დაკავშირებულმა ინტერესმა, სითბომ და სიყვარულმა დიდი ემოციები აღმიძრა. შეხვედრები მქონდა საქართველოს სპორტის მინისტრთან, ფეხბურთის ფედერაციის
მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. იმედია, ჩვენ შორის თანამშრომლობა შედგება. ვიზიტი ჩემსა და კახას შორის მეგობრული ურთიერთობის შედეგია. მე მას შევპირდი და ვცდილობდი, მომენახა დრო, რათა აქ ჩამოვსულიყავი. ვნახე და ახლოს გავიცანი "საბურთალოს" გუნდი, რომელსაც წარმატებას ვუსურვებ. ამ კლუბის ხელმძღვანელთა შრომა აუცილებლად დაფასდება.
- თქვენს დროს ესპანეთს არანაკლები თაობა ჰყავდა, მაგრამ შემდგომი თაობების დარ წარმატებებს ვერ მიაღწიეთ. რა იყო ამის მიზეზი?
- ძნელი სათქმელია. მე იმითიც ბედნიერი ვარ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ტექნიკურ დირექტორად მუშაობის დროს ბევრ საინტერესო ახალგაზრდას ვუწყობდი ხელს წინსვლაში.
- ბოლო წლებში, ესპანეთისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები არაერთხელ შეხვდნენ. ამ პატარა ქვეყნის ფეხბურთის განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?
- თბილისში ყოფნისას დავრწმუნდი, რომ ქართული ფეხბურთი მცოდნე და მონდომებული ადამიანების ხელშია. ისინი მუდმივად პროცესში არიან ჩართულნი და იციან, რომ ფეხბურთში შრომისა და თავდადების გარეშე წარმატება არ მოდის. ჩანს, რომ საქართველოში ძალიან უყვართ ფეხბურთი და ეს განვითარებისთვის კარგ ფონს ქმნის.
მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ უნდა აირჩიოთ განვითარების გეგმა, კვალიფიციური მწვრთნელების დახმარებით განახორციელოთ ის და სწორედ ეს გახდება წარმატების გარანტია. თქვენ ადრეც გყავდათ ვარსკვლავები და ახლაც საინტერესო თაობა მოდის.
- პრიმერა დივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგაში "რეალის" შანსებზე რას ფიქრობთ?
- როცა "რეალი" თამაშობს, ყოველთვის გამარჯვებას ველოდები. ეს კოდირებულია "რეალის" თითოეულ ფეხბურთელში.
- ყველაზე დიდი ფეხბურთელი, ვის გვერდითაც გითამაშიათ...
- რა თქმა უნდა, რაული!
- ახლა ვინ არის საუკეთესო?
- კრიშტიანო რონალდო.
- საუკეთესო მწვრთნელი?
- დელ ბოსკე.
- ანჩელოტის ასისტენტი იყავით, მაგრამ ბენიტესის მოსვლის შემდეგ "რეალი" დატოვეთ. ბენიტესმა თქვენთან მუშაობა არ ისურვა?
- არა, კონფლიქტი არ გვქონია, ჩემი ნებით წავედი. უბრალოდ, მოდის დრო, როცა პაუზა გჭირდება. ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა მსურდა, რადგან კარიერა და მერე კლუბში სამსახური კი ამის საშუალებას არ მაძლევდა.
- მწვრთნელობას აპირებთ?
- ლიცენზია კი მაქვს, მაგრამ მწვრთნელობას არ ვაპირებ.
- თქვენს ვიზიტზე ბევრი ითქვა, მაგრამ მაინც უცნობია, რა ფორმით ითანამშრომლებთ კლუბთან ან ფეხბურთის ფედერაციასთან...
- ეს მეგობრული ვიზიტია, მაგრამ სამომავლოდ, შესაძლოა, "საბურთალოს" ევროპულ ფეხბურთთან დაახლოებაში დავეხმარო. საუბარია კადრების გაცვლაზე. მე ამით მოხარული ვიქნები. საერთოდ, აქაურობამ ძალიან კარგად განმაწყო და ვისურვებდი, ოჯახთან ერთადაც ჩამოვიდე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"