დღეს ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა... რატომ არ ვაფასებთ ლეგენდარულ მწვრთნელს?

AutoSharing Option
ოფიციალურად, 4 ნოემბერი ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა. რეალურად, "ქართული ფეხბურთის პატრიარქი" 1904 წლის 29 დეკემბერს დაიბადა და უკვირდა თურმე, 4 ნოემბერი საიდან მოიტანესო?..

ამ შემთხვევაში, ესეც მეორეხარისხოვანია. ის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნება და მწვრთნელი გახლდათ და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა: ცნობილ კინორეჟისორებთან, ლევან ხოტივართან და ნიკოლოზ სანიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა გუნდები ქუთაისში, ლანჩხუთში ("კიმი", რომელსაც 1960 წლიდან ეწოდა "გურია"), თბილისის უნივერსიტეტში...

1925 წელს მონაწილეობდა თბილისის "დინამოს" დაფუძნებაში და მის პირველ კაპიტნადაც აირჩიეს.

უთამაშია კიევის "დინამოში", ივანოვოს "ოსნოვაში",
ამიერკავკასიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებებში, თბილისის თსუ-სა და დნეპროპეტროვსკის "დინამოში"...

მწვრთნელობა 1936 წელს დაიწყო და აღმოაჩინა უნიჭიერესი მოთამაშეები. აღმოაჩინა და დააწინაურა - მიხეილ მესხი, მურთაზ ხურცილავა, სერგო კოტრიკაძე, შოთა იამანიძე, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია, გურამ ცხოვრებოვი, გივი ჩოხელი, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალოევი...

მაგრამ ბოლომდე მუშაობა არსად აცადეს. როგორც კი გუნდს გააძლიერებდა, მაშინ ხსნიდნენ - ნოე ჟორდანიას ძმიშვილს უსიამოვნებები არასოდეს აკლდა, უშიშროება თვალს არ აცილებდა და რამდენჯერმე დაპატიმრებასაც გადაურჩა. მისი კარჩაკეტილობაც ამით იყო გამოწვეული. გასაოცარია და, ჟორდანიას მოხსნისა და დანიშვნის საკითხი კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში წყდებოდა და არა - საფეხბურთო წრეებში.

ანდრო ჟორდანია 1974 წლის 25 აპრილს თბილისში გარდაიცვალა.

მას შემდეგ მთელი ეპოქა გავიდა, მაგრამ დიდი ქართველი მწვრთნელისადმი დამოკიდებულება ბევრად არ შეცვლილა. მისი სახელი მხოლოდ თბილისის "დინამომ" დააფასა - დიღმის საწვრთნელი ბაზა ანდრო ჟორდანიას სახელობისაა.

ალბათ, ჩვენი სირცხვილია, რომ მის მემორიალურ დაფას დღემდე არ ეღირსა მზის სინათლე...

"ანდრო ჭავჭავაძის N54-ში ცხოვრობდა, - ამბობს შოთა ფაღავა, ანდრო ჟორდანიას დის, ნინა ჟორდანიას შვილიშვილი, - მისი სახელის უკვდავსაყოფად, ამ სახლზე მემორიალური დაფის გაკეთება გვსურს. ანდროს დაბადებიდან 110-მა წელმაც ისე ჩაიარა, რომ ეს ვერ მოხერხდა. არადა, საამისოდ ყველაფერი მზადაა.

ორი წლის წინათ მივედი სპორტის სამინისტროში, საიდანაც ფეხბურთის ფედერაციაში გამიშვეს, მათ კი დაფის გამოსაფენად მერიისგან და საკრებულოსგან აიღეს ნებართვა. ფეხბურთის ფედერაცია მზად იყო, რომ ეს საკუთარი სახსრებით გაეკეთებინა...

ამას მეც ადვილად მოვახერხებ, მაგრამ ასე მგონია, რომ ანდრო ჟორდანიას სახელის უკვდავყოფა მხოლოდ მისი ოჯახისა და სანათესაოს საზრუნავი არ უნდა იყოს...

დარწმუნებული ვარ, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ლეგენდარულ მწვრთნელს საკადრის პატივს მიაგებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართული ფეხბურთის პატრიარქი, დიდზე დიდი ანდრო ჟორდანია - ანდრეი დიმიტრიჩ - დიავოლა - საქართველოს ყველა დროის საფეხბურთო ნაკრების სამი
შემადგენლობის 33 წევრიდან, 90 % მისი აღმოჩენილი და დაფრთიანებელია. ქართული ფეხბურთი ოდესღაც თუ რამეს წარმოადგენდა მისი უდიდესი დამსახურებით იყო. ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი მსგავსი პიროვნება ერთეულები თუ წასულან იმ ქვეყნად !
დ.დ.
18:36 30-12-2022
0
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონ ანდროს სული და საქართველოს ბევრი მისცეს მისნაირი აღმზრდელი მწვრთნელები. თვითონ მოკრძალებული ცხოვრების პატრონი, დამწყებ ნიჭიერ ფეხბურთელებს საკუთარი ხელფასიდან უხდიდა ხელფასს. ნეტა დღევანდელი არა ყველა, მაგრამ უმრავლესობა მწვრთნელებისა როგორ შეაფასებენ ამ ფაქტს?
gizog
13:30 04-11-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული