გრანდები არ არიან, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ავსტრალიაშიც კი 26 ტურნირია და უმრავლესობა - რეგიონული ჩემპიონატები. ევროპის ჩემპიონატზე გასულ ისლანდიაში, მცირე რაოდენობის გუნდების გამო, საფეხბურთო სეზონის გამოსაცოცხლებლად 25(?!) ოფიციალურ შეჯიბრებას მართავენ - სხვადასხვა ლიგის ჩემპიონატებს, პლუს, ათ
ცხადია, ამ ქვეყნებში ლიგების რაოდენობის გაზრდაზე გავლენას ქალთა ფეხბურთის განვითარება ახდენს - მათ საკუთარი ლიგები აქვთ. მაგრამ საფეხბურთო გრანდებისთვის საერთო ის არის, რომ ყველგან ძირი სამოყვარულო ლიგაა, სადაც პერიოდულად საინტერესო მოთამაშეების აღმოჩენის შანსია და, რაც მთავარია, მთელი ქვეყანა საფეხბურთო ცხოვრებაშია ჩართული.
იყო დრო, პატარა საქართველოშიც არანაკლები ხდებოდა: სოფლების, რაიონების, რეგიონების, ქალაქების ჩემპიონატები ერთიან სისტემაში იყო მოქცეული, მაგრამ ახლა ჩვენთან დიდების სულ 6 ოფიციალური შეჯიბრება ტარდება: უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგა, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი, სუპერთასი და დუბლშემადგენლობების ჩემპიონატი. სამ ლიგაში 77 გუნდი და, მაქსიმუმ, 2000 ფეხბურთელი თამაშობს. სამოყვარულო ლიგა კი არ არის და დიდი ხანია, საქართველოს წარმომადგენელი აღარ მონაწილეობს ევროპის რეგიონების თასზე, სადაც სწორედ სამოყვარულო გუნდები გამოდიან.
ამიტომ დავინტერესდით იდეით, რომელიც გუშინ შევიტყვეთ: ხვალ, 6 ნოემბერს, სასტუმრო "ამბასადორში", საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის (სსფა) პრეზენტაცია დაიგეგმა, რომელზეც მიწვეულები არიან ფეხბურთის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
"ჩვენი ასოციაცია 2015 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი მიზანი ფეხბურთის განვითარების, მასობრიობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
ცხადია, ეს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასაც გულისხმობს. გარდა ამისა, ამით მაქსიმალურად იქნება შესაძლებელი, რომ საქართველოს ყველა რაიონსა და სოფელში აღდგეს და ფუნქცია დაუბრუნდეს სტადიონებს.
ცხადია, ჩვენი ჩანაფიქრის უპირველესი მიზანია ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა", - ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ჭეიშვილი.
მისივე თქმით, ჩემპიონატის საცდელი ვარიანტი წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს:
"ამ მიზნების განსახორციელებლად ვაპირებთ ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობას და დიდ ფეხბურთში სხვადასხვა სახის სამოყვარულო ტურნირის ჩატარებას.
გვსურს, რომ პირველი ნაბიჯი მალე გადავდგათ - 6, 8 ან 10 გუნდიც რომ მოგროვდეს, ჩემპიონატი უნდა გავმართოთ.
მუშაობა უკვე დავიწყეთ და წლის ბოლომდე ორგანიზაციების ჩემპიონატს ვგეგმავთ. ხოლო 2016 წლის გაზაფხულიდან სამოყვარულო ჩემპიონატი საქართველოს მასშტაბით დაიწყება და მასში ყველა რეგიონის სოფლები ჩაერთვებიან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"