საქართველოს საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა

AutoSharing Option
გუშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სასკოლო საფეხბურთო ლიგის ჩამოყალიბების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ესწრებოდა.

მემორანდუმის თანახმად, 2011 წელს გაიმართება საქართველოს საჯარო სკოლებს შორის ჩემპიონატი ფეხბურთში, გამარჯვებული კი ივლისში დაგეგმილ ფინალურ მატჩში გამოვლინდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ საფეხბურთო ლიგაში მოსწავლეების ჩართვით საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესს დანერგავენ და წაახალისებენ.

"საფეხბურთო ლიგის შექმნა და საჯარო სკოლებს შორის ფეხბურთში ჩემპიონატის ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი,
რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლა. სკოლებში თერთმეტი სპორტული ლიგა შეიქმნა, ეწყობა სასკოლო ჩემპიონატები, მოსწავლეებში იზრდება მოტივაცია და მკვიდრდება ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ვიმედოვნებთ, რომ საფეხბურთო ლიგის დაარსებითა და საჯარო სკოლებს შორის ჩემპიონატის ჩატარებით გაუმჯობესდება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონე, შესაძლებელი იქნება ქართული ფეხბურთის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია", - ვკითხულობთ მემორანდუმში.

ხელმოწერის შემდეგ მოკლე კომენტარები გაკეთდა.

დიმიტრი შაშკინი:"დღეს ჩამოყალიბდა სასკოლო საფეხბურთო ლიგა. პირველი შეხვედრები მარტში გაიმართება. ეს ყველა დაინტერესებულ სკოლას მისცემს საშუალებას, უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადონ სპორტის გაკვეთილები. ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის ზვიად სიჭინავას და ლადო ვარძელაშვილს მადლობას ვუხდი.

ანალოგიური ლიგების შექმნა და სასკოლო სპორტული ჩემპიონატების ორგანიზება მოზარდებს შორის სპორტული რესურსის გამოვლენას და მათ წახალისებას შეუწყობს ხელს."

ლადო ვარძელაშვილი:"ეს პროექტი მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ სკოლას შეუძლია, ამგვარად კი ფეხბურთი უფრო მასობრივი გახდება. ტურნირი გაიმართება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რაიონებშიც და, იმედი მაქვს, ბევრ ნიჭიერ ბავშვს აღმოვაჩენთ. სასკოლო საფეხბურთო ლიგაში ხომ 200 ათასამდე ბავშვი იქნება ჩართული."

ზვიად სიჭინავა:"ყველა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი სკოლის მოსწავლეა და მათი მონაწილეობა ტურნირს სხვაგვარ ელფერს შესძენს. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებელთა გადამზადებას უეფასა და ფიფას სტანდარტებით, გადამზადებული პედაგოგები კი შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ. ამ პროგრამით ფეხბურთის ფედერაცია დაახლოებით 70-მდე სპეციალისტს მოამზადებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რადგან მასობრიობა ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესია და ჩვენს ფეხბურთს დიდ სამსახურს გაუწევს."

პრესკონფერენციის შემდეგ დიმიტრი შაშკინს გავესაუბრეთ.

- სასკოლო საფეხბურთო ლიგა მშვენიერი პროექტია, მაგრამ მის განხორციელებას თანხა სჭირდება, მაგალითად, ტრანსპორტირებისა და სხვა ამგვარი რაღაცებისთვის. ამ ხარჯებს ვინ გაიღებს?
- პროექტის ფინანსურ ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავისი ბიუჯეტიდან გაიღებს.

- პროექტში ყველა საჯარო სკოლა ჩაერთვება თუ სურვილის მიხედვით?
- ყველა ის საჯარო სკოლა, სადაც ფეხბურთი სპორტის სახეობად შეარჩიეს. მოგეხსენებათ, ყველა სკოლას აქვს უფლება, სპორტის სამი ან მეტი სახეობა თავად შეარჩიოს.

- არის სკოლები, სადაც  კარატეს სახეობები ამჯობინეს, რაც ბავშვების უკმაყოფილებას იწვევს. არ შეიძლება, სპორტის სახეობების სია მათი პოპულარობის მიხედვით შეადგინოთ?
- იმის გამო, რომ სკოლა ავტონომიური ერთეულია, სკოლის სამეურნეო საბჭო პრიორიტეტებს თავად არჩევს. მასში სამინისტრო ვერ და არ ჩაერევა, ეს სკოლამ თავად უნდა გადაწყვიტოს. არჩევანში ჩვენ ვერ ჩავერევით.


ზვიად სიჭინავა:
- პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ სასკოლო საფეხბურთო ლიგაში 200 ათასი ბავშვი ჩაერთვება. ამხელა კონტინგენტისთვის საკმარისი სათამაშო მოედნები გვაქვს?
- ტურნირი მინი-მოედნებზე ჩატარდება და არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.

- ცხადია, ფეხბურთის განვითარება მასობრიობაზეა დამოკიდებული, ცოტა ხნის წინ სამოყვარულო ლიგა დაარსდა, ახლა - სასკოლო ლიგა. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?
- სხვათა შორის, განათლების მინისტრთან სხვა მოლაპარაკებასაც ვაწარმოებთ, რომლის მიზანიც კიდევ ერთი პროექტის განხორციელებაა.

- დააკონკრეტებთ?
- ჩვენ საქართველოში სტუდენტური ლიგის ჩამოყალიბებაც გვსურს. ამას გარდა, ბავშვთა და რეგიონული ლიგების მონაწილეთა რაოდენობის გაზრდაზეც ვფიქრობთ. რაც უფრო მეტი ბავშვი ჩაერთვება ტურნირებში, მეტ ნიჭიერ ფეხბურთელსა და მწვრთნელს აღმოვაჩენთ. ამ თვალსაზრისით სტუდენტური ლიგის ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესი საქმე იქნება.

- ეს პროექტი როდის განხორციელდება?
- განათლებისა და სპორტისა სამინისტროებთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია და ორივე სამინისტრო თანახმაა, სტუდენტური ლიგის შექმნაში დაგვეხმაროს. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან პოპულარული შეჯიბრება, რადგან მთელ მსოფლიოში სპორტის მასაზრდოებელი ერთ-ერთი უმთავრესი წყარო სტუდენტური სპორტია. ასეა დიდ ფეხბურთში, კალათბურთში და სხვა ბევრ სახეობაში. როდესაც ასეთი რესურსი გაგვაჩნია, მისი გამოუყენებლობა დანაშაულის ტოლფასი მგონია.

- უმაღლეს სასწავლებლებთან ამის თაობაზე მოლაპარაკება თუ გქონდათ? ეს ხომ დამატებითი ხარჯია და მზად არიან ეს ხარჯები გაიღონ?
- სტუდენტურ ლიგაში მონაწილეობის სურვილი უკვე ბევრმა სასწავლებელმა გამოთქვა. დაზუსტებული ციფრი თუ გნებავთ, თოთხმეტი სასწავლებელი არის მზად, სტუდენტური ლიგის ჩამოყალიბებაში ჩაერთოს.





.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული