"ბენდელას თასის" მფლობელი დღეს გაირკვევა

AutoSharing Option
აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე გუშინ ფინალისტები გამოვლინდნენ.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე წელია, ტურნირი ორ ეტაპად ტარდება: დეკემბრის ბოლოს ამ ტრადიციულ გათამაშებას საფეხბურთო სკოლა "საბურთალო" მასპინლობს და სხვადასხვა გუნდების შემადგენლობებში უცხოეთში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობენ. ასე, მაგალითად, 2010 წლის მიწურულს ჩატარებულ ტურნირზე არაერთი ცნობილი ლეგიონერი ვიხილეთ: ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, გოგიტა გოგუა, დავით ოდიკაძე, გიორგი ნავალოვსკი, გოჩა ხოჯავა, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით სირაძე; ამას გარდა, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ასევე ტრადიციული ბავშვთა ტურნირებიც ტარდება.

"ბენდელას
თასის", ასე ვთქვათ, მეორე ეტაპზე კი უკვე უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდები მონაწილეობენ და ისე როგორც შარშან, მატჩების უმრავლესობას რუსთავი მასპინძლობდა. ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა წლევანდელ "ბენდელას თასზე" დუბლშემადგენლობებით ასპარეზობს. მიზეზის "გამოცნობა" კი ადვილია: იგივე, "დინამო", "ზესტაფონი" თუ "ვიტ ჯორჯია" ძირითადი შემადგენლობებით ხომ ამ ეტაპზე უცხოურ შეკრებაზე იმყოფებიან.

აქამდე დუბლშემადგენლობით ასპარეზობდა ცხინვალის "სპარტაკიც", თუმცა ამის მიუხედავად გუნდმა ნახევარფინალამდე გააღწია და გუშინ "გაგრა-2"-ს დაუპირისპირდა. მოგეხსენებათ, რომ "გაგრა" საქართველოს თასის ნახევარფინალშია გასული და ამას გარდა, პირველი ლიგის გათამაშების ერთ-ერთი ლიდერიცაა. მოკლედ, ანატოლი პისკოვეცის გუნდი სერიოზულად ემზადება ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპისათვის და ძირითადი შემადგენლობით ამჟამად ურეკში შეკრებაზე იმყოფება.

აი, "გაგრას" დუბლებს კი გუშინ უკვე "სპარტაკის" ძირითადი შემადგენლობა დაუპირისპირდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრად უფრო გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "სპარტაკს" გამარჯვება არ გასჭირვებია. იმის მიუხედავად, რომ ტრავმების გამო "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი (თემურ შონია, ნუკრი მანჩხავა, ვლადიმერ უგრეხელიძე, მურმან ქურასბედიანი, ლევან ჭაფოძე, ილია ბუზალაძე) მოისაკლისა, უმაღლესლიგელთა უპირატესობა ეჭვქვეშ ერთი წამითაც არ დამდგარა. განსაკუთრებით "მოინდომა" თბილისის "დინამოდან" გადმოყვანილმა ცენტრფორვარდმა ზვიად მეტრეველმა, ვინც ახალგაზრდული მეტოქის კარში სამი გოლი გაიტანა; თითო-თითო გოლი "გაგრა 2"-ის კარში ტიერი-ანს კლოვისმა და 17 წლის გიორგი ნარიმანიძემ გაიტანეს. ნახევარფინალურ მატჩში "სპარტაკმა" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: გრიშიკაშვილი (57. დაუშვილი)-სეფიაშვილი, ტეტუნაშვილი, ბოიომო (60. გ. ალავიძე), მამუჩიშვილი (70. ზერეკიძე)-ვ. კილასონია, (46. კაკაშვილი), მგელაძე (70. ხაჭვანი)-დეკანოიძე (65. მ. ჯიშკარიანი), ვ. ბოლქვაძე (57. ნარიმანიძე), მ. ბარაბაძე (46. კლოვისი)-მეტრეველი.

მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთის პირისპირ "დინამოსა" და "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობები დაუპირისპირდნენ. პირველი წყვილის მსგავსად, ეს შეხვედრაც ერთ-ერთი გუნდის დომინირებით წარიმართა და რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა "დინამოს" დუბლებმა მეტოქის კარში 6 უპასუხო გოლის გატანა მოახერხა.

ამრიგად, "ბენდელას თასის" ფინალურ მატჩში ერთმანეთს "სპარტაკის" ძირითადი შემადგენლობა და "დინამოს" დუბლები დაუპირისპირდებიან. გადამწყვეტი შეხვედრა რუსთავში, "ფოლადის" სტადიონზე 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული