ლაპარაკი იყო ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის მეფის, პელეს მოსალოდნელ ვიზიტზე, რომელიც ივნის-ივლისში იგეგმება.
პრესკონფერენციის დაწყებამდე პატარქალიშვილი "სკაიპით" ესაუბრა პელეს ოფისის ფინანსურ დირექტორს, ქალბატონ მორი ონტივეროს, რომელსაც დარბაზში შეკრებილი საპატიო სტუმრები წარუდგინა - კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, ქორეოგრაფი ომარ მხეიძე და სხვები... მორი ონტივეროს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ:
"მინდა, დავადასტურო დიდი პატივისცემა თქვენ და ფეხბურთის მეფის, პელეს მიმართ. საქართველოს ჰყავდა არაერთი დიდი ფეხბურთელი - პაიჭაძე, მესხი, მეტრეველი, სიჭინავა, გუცაევი, ჩივაძე,
ქალბატონს სიტყვით მიმართეს ვაჟა აზარაშვილმა და ომარ მხეიძემაც:
"საქართველოში ფეხბურთს უდიდესი ტრადიცია აქვს. არგენტინაში სტუმრობის დროს მიხეილ მესხს მატჩის დასრულების შემდეგ მაისურა შემოახიეს და ნაფლეთები სუვენირის სახით სახლებში წაიღეს, ისე მოეწონათ მისი თამაში", - თქვა ვაჟა აზარაშვილმა.
"ჩვენ მოუთმენლად ველოდებით პელეს ჩამოსვლას საქართველოში. ეს იქნება დიდი საფეხბურთო დღესასწაული", - ეს უკვე ომარ მხეიძის სიტყვებია.
ამის შემდეგ მორი ონტივეროს დავემშვიდობეთ და სიტყვა უკვე ნიკო პატარქალიშვილმა აიღო. შეგახსენებთ, რომ სწორედ მან ჩამოიყვანა საქართველოში დიეგო მარადონა.
"ჩვენ ახლა ვესაუბრეთ პელეს ოფისის ფინანსურ დირექტორს. როგორც თავად ხედავთ, ფეხბურთის მეფე მზადაა, საქართველოში ჩამოვიდეს. სამხრეთამერიკულ ტურნეს საქართველოში 26 ივნისიდან 15 ივლისამდე ვგეგმავთ.
საქართველოში დაგეგმილია "პელეს თასის" ჩატარებაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბრაზილიის, ურუგვაის, არგენტინისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები.
ასევე, ჩვენ გვაქვს ქანდაკების მაკეტი იმ ცნობილი ფოტოსი, რომელიც გადაღებულია მოსკოვში, 1965 წელს. ამ ფოტოზე არიან პელე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, გიორგი სიჭინავა და ანზორ კავაზაშვილი. ფოტოზე არ არის ვლადიმერ ბარქაია, ვინც ამ დროს უკვე შეცვლილი იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიერ და გასახდელში იმყოფებოდა...
პელეს წარმომადგენელს უკვე ვაჩვენეთ მაკეტი. თბილისის მერია და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი უკვე საქმის კურსში არიან. ხარჯთაღრიცხვაც გამზადებულია. მერწმუნეთ, აქ არ არის ლაპარაკი ასტრონომიულ თანხებზე. ასევე, მიდის მუშაობა უცხოელ სპონსორებთან და პარტნიორებთან...
"პელეს თასი" იმხელა რეზონანსის შეჯიბრებაა, რომ მის ორგანიზებაში აუცილებლად ჩაერთვებიან ცნობილი უცხოური ბრენდები, თუნდაც - "კოკა კოლა", "მაკდონალდსი" და სხვები...
ამ ეტაპზე ბრაზილიური, არგენტინული და ურუგვაული ტელევიზიები მზად არიან, გააშუქონ ეს ტურნირი. როცა ოფიციალურად გაფორმდება ხელშეკრულება, მერე სხვა ქვეყნების ტელევიზიებიც ჩაერთვებიან...
სამხრეთ ამერიკაში სასწრაფოდ უნდა გაემგზავროს ჩვენი დელეგაცია. კარგი იქნება, თუ ამ დელეგაციაში იქნება დავით ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარმოადგენს...
ასევე, გვინდა გადავიღოთ დოკუმენტური ფილმი. ამისთვის საჭიროა ჩავიდეთ ბრაზილიაში, არგენტინასა და ურუგვაიში, მოვიძიოთ ამ ქვეყნებში ადრე გამართული მატჩების ფირები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ქართველი ფეხბურთელები...
გადაწყვეტილია, რომ ტურნირს ექნება მაღალი დონის გახსნის ცერემონიალი. ჰიმნი უკვე დაწერილია და ახლა არანჟირება სჭირდება. ვაჟა აზარაშვილი ამისთვის მზადაა, მაგრამ უფულოდ ეს არ გაკეთდება და ფინანსებია მოსაძიებელი, ისევე, როგორც ქანდაკების შემთხვევაში", - განაცხადა პატარქალიშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"