ვითომ მუნდიალი აფხაზეთში, რომელსაც მაყურებელი არ ჰყავს

AutoSharing Option
ფოტოზე: ტურნირის ერთ-ერთი მატჩი სოხუმის სტადიონზე (sputnik-abkhazia.ru)
როცა CONIFA-მ (არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია) აფხაზეთში დაწყებულ ტურნირს "მსოფლიოს ჩემპიონატი" უწოდა, რუსულმა მედიასაშუალებებმა ეს მთელი სერიოზულობით აიტაცეს.

არაღიარებული ქვეყნების ეგრეთ წოდებული მუნდიალი 29 მაისს რუსებისგან ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში, კერძოდ - სოხუმსა და გაგრაში დაიწყო და 5 ივნისს დასრულდება.

მის "გაპიარებას" რუსებმა და მათდამი დაქვემდებარებულმა სეპარატისტებმა დიდი ძალა და ფინანსები შეალიეს. ამის მიუხედავად, ტურნირის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოებიდანაც ჩანს, რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატსაც კი უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე ამ "მუნდიალს" (იხილეთ
sputnik-abkhazia.ru-ს ფოტო).

საინტერესოა, რომ ტურნირში მონაწილეობს ჩაგოსი, რომელმაც აფხაზებთან 0:9 წააგო, შემდეგ კი, ეგრეთ წოდებულ დასავლეთ სომხეთთან - 0:12.

რუსული სააგენტო "სპუტნიკ-აფხაზია" ამტკიცებდა, თითქოს, არაღიარებული ქვეყნების ტურნირს ფიფას წარმომადგენელი დაესწრებოდა. ეს სოხუმში, CONIFA-ს მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი ფაღავამ განაცხადა. თუმცა ეს შეგნებულად გავრცელებული ჭორი რომ იყო, ფაქტებით დადასტურდა.

"გავარკვიე, ვინც იმყოფება სოხუმში. ესენი არიან ფიფას აგენტები - შვედი დაგ ლარსენი და რუსი სერგეი აზიზოვი. ასე რომ, არანაირი ფიფას ჩინოვნიკი აფხაზეთში არ იმყოფება.

საინტერესოა, რომ აფხაზეთის ნაკრებში სათამაშოდ ტულის "არსენალიდან" ანრი ხაგუში ჩავიდა. მან 2008 წლის ჩემპიონთა ლიგაზე, ბატე-სთან ერთად, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა და მაშინ ბელორუსის ნაკრებში თამაშის სურვილიც გამოთქვა", - ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა საფეხბურთო წრეებში ცნობილმა ბექა კვიციანმა.

სხვათა შორის, ამ აზიზოვმა სოხუმში პრესკონფერენცია გამართა და ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი ფიფაში გაწევრიანებას იმსახურებს:

"აფხაზეთი ღირსია, რომ ფიფაში მიიღონ. მას ჰყავს საკუთარი მთავრობა, აქვს ენა და, რაც მთავარია, ფეხბურთსაც ხარისხიანად თამაშობენ. აფხაზეთში ხალხს ფეხბურთი უყვარს. აქ ლეგენდარული ფეხბურთელები გაიზარდნენ".

მას სიტყვა არ დასცდენია, რომ ამ ლეგენდარული მოთამაშეების უმრავლესობა ქართველი იყო.

ისე, ცნობისთვის, ამ ლეგენდებში რუსები, უპირველეს ყოვლისა, ნიკიტა სიმონიანსა და ვიტალი დარასელიას ახსენებენ. დარასელია ქართული ფეხბურთის სახე იყო და ეს ცალსახაა. ბასა ღოღობერიძე, ვლადიმერ მარღანია, ვალტერ სანაია, გიორგი სიჭინავა, სიომა ბარქაია, გოჩა გავაშელი, თემურ ქეცბაია - მაგრამ ამ ფეხბურთელებს ხომ არ ახსენებდა?

სხვათა შორის, ესეც ხაზგასასმელია - რუსული მედიისა და ვიღაც აგენტებისგან განსხვავებით, აფხაზები ამ ფაქტებს არ ივიწყებენ...

ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ტურნირთან დაკავშირებით, ქართული სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციის შესაჯერებლად, წინა კვირას საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრა გამართა და მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები დაესწრნენ. გარდა ამისა, შევიტყვეთ, რომ სფფ-მ შესაბამისი წერილი ფიფაშიც გაგზავნა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ისე ამ მუნდიალზე სპეციალური სტატუსით ჩვენი ნაკრები რომ მიეწვიათ კარგი იქნებოდა ერთმანეთს დაუახლოვდებოდით და გამარჯვებების გემოსაც გავიხსენებდით.
kaxa
10:23 02-06-2016
0
ეგ მუნდიალი ტაკი მასხარაობაა რუსები და სეპარატისტები გულს იფხანენ ამდენი ფხანისგან ქეცი დაემართებათ
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული