იყო დიდი იმედები, რომ წლების შემდეგ, ანუ ახლა, გაბრწყინდებოდა და გაილაღებდა არტახებახსნილი ქართული ფეხბურთი და სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე სარბიელგახსნილი, მეტ აღიარებას მიაღწევდა.
სამწუხაროდ, ოცნებები არ ახდა, წინსვლის ნაცვლად ქართულმა ფეხბურთმა დეგრადაცია განიცადა და ახლა წუმპიდან ვცდილობთ თავის დაღწევას.
რა გახდა ამ ყველაფრის მიზეზი და რატომ არ გამართლდა 21 წლის წინანდელი იმედები? ამ კითხვით მივმართეთ ჩვენს რესპოდენტებს.
ეკონომიკა, ხელისუფლების
დავით კვინიკაძე, ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობის ინიციატორთაგანი, ფეხბურთის ფედერაციის პირველი გენერალური მდივანი:
- ქართული ფეხბურთის რეგრესის მრავალი ფაქტორიდან მე ყველაზე მნიშვნელოვანს დავასახელებ.
პირველი - ყველაფრის თავი და ბოლო ჩვენი ქვეყნის სუსტი ეკონომიკა იყო. ქართულ ფეხბურთს ეს სიდუხჭირე ხელს უშლიდა. თუ ფული არ იქნება, ვინ შეინახავს კლუბებს, ნაკრებებს, ბაზებს, სტადიონებს, ფეხბურთელებს, ანუ უზარმაზარ საფეხბურთო მეურნეობას? ეს ყველაფერი ძლიერი ეკონომიკის გარეშე წარმოუდგენელია.
მეორე - შეცდომები ფეხბურთის მართვის მეთოდებსა და ფორმებში. უპირველესად, პრიორიტეტებს ვგულისხმობ. როდესაც მდიდარი ფედერაცია ხარ, ფულს ყველა მიმართულებით ხარჯავ, მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენს ფედერაციას დიდი ფული არასდროს ჰქონია და სულ პრიორიტეტის არჩევა გვიწევდა. 21-წლიანი მმართველობის პერიოდში ამ მიმართულებით შეცდომები დავუშვით. დღემდე ვერ დავადგინეთ, რა უფრო პრიორიტეტულია, ბავშვთა ფეხბურთი თუ ინფრასტრუქტურა.
მესამე - ვერ მოხერხდა საფინანსო ბირჟის დაინტერესება, არადა, ნებისმიერ ქვეყანაში პირიქით ხდება, საფინანსო ბირჟა ცდილობს ფეხბურთში შეღწევასა და დამკვიდრებას. ჩემი აზრით, და ამაში დარწმუნებული ვარ, ეს სავსებით რეალური იყო და არის.
მეოთხე - ქვეყნის ხელმძღვანელთა პოლიტიკური ნების არარსებობა. ძალიან მეეჭება, აზერბაიჯანში ფეხბურთი ჩვენზე მეტად უყვარდეთ, მაგრამ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაიბარა ბიზნესმენები და ფეხბურთის მიხედვა დაავალა. აქაც იგივე რომ მოითხოვონ, ფეხბურთის განვითარებისთვის ფული ჩვენშიც მოიძებნება, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა. ეტყობა, არ არსებობს ხელისუფლების ნება, რომ ფეხბურთს სერიოზულად მიეხედოს, ისევე, როგორც ეს რაგბისთან დაკავშირებით მოხდა - ამ სახეობას სამი სტადიონი გადაეცა და სერიოზული წინსვლა დაეტყო.
თორემ, რაიონში თუ რომელიმე დიდ ქალაქში გუნდს დამფინანსებელი რომ გამოუჩნდა, ეს ერთჯერადი ღონისძიება იქნება, მაგრამ იმ შედეგს არ მოგვიტანს, ჩვენ რომ გვინდა - შედეგს მხოლოდ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების შემდეგ უნდა ველოდოთ.
"მრეტები" და დაკარგული პოზიცია
თბილისის "დინამოს" ამჟამინდელი მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე მაშინ ყველაზე სიმპათიური ქართული კლუბის, თბილისის "მრეტების" ქარიზამტული ლიდერი იყო:
- ჩვენი იმედები უამრავი მიზეზის გამო ვერ გამართლდა. როდესაც დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა, მაშინ ჩვენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე ვიყავით და წინ უნდა წავსულიყავით. საამისოდ ტრადიციაც ხელს გვიწყობდა და საფეხბურთო ნიჭიც.
მაგრამ ნიჭს ხელშეწყობა და განვითარება სჭირდებოდა, უნდა ჩადებულიყო ფული, რათა გაძლიერებულიყვნენ კლუბები და აგვეშენებინა თანამედროვე საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, სტადიონები, ბაზები, მოედნები. ეს კი იმის გარანტია იქნებოდა, რომ უცხოეთში ჩვენი ფეხბურთელები იოლად არ წავიდოდნენ და ეროვნული ჩემპიონატი სასურველთან მიახლოებული დონისა იქნებოდა.
სამწუხაროდ, ჩვენს ფეხბურთელებს ჩვენი მეზობლების დარი პირობები ვერ შევუქმენით და არათუ ეროვნული ნაკრების წევრთა, უფრო დაბალი კლასის ფეხბურთელთა შენარჩუნებაც ვერ მოვახერხეთ. უცხოეთში უცებ წავიდა გამოცდილი და ყველაზე ძლიერი მოთამაშეების მთელი ჯგუფი, რომელთა გვერდითაც ახალგაზრდებს ბევრი უნდა ესწავლათ. დონის კატასტროფული დაცემა სწორედ ამ თაობათა წყვეტამ გამოიწვია, რადგან ახალმა თაობამ წინასგან ბევრი ვერ ისწავლა, დარჩენილი ვეტერანები კი იმ დონისანი არ იყვნენ, მათ გვერდით ახალგაზრდები რომ გაზრდილიყვნენ.
მეორე - ბევრი კლუბის ხელმძღვანელი არ ფიქრობდა განვითარებაზე და საქმეს ზერელედ ეკიდებოდა. იყო მენეჯმენტის პრობლემები და, ცხადია, ეს ზოგად სურათს ძალიან ამძიმებდა.
იყო სხვა პრობლემებიც - მაყურებელი აღარ დადიოდა, რაც ფეხბურთელებს მოტივაციას უსპობდა და ისინი შესაძლებლობებს ვერ ავლენდნენ. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
ძალიან დიდი პრობლემა იყო და ასეთადვე რჩება მსაჯთა კორპუსი, ანუ არაობიექტური მსაჯობა, რაც კლავს ფეხბურთს, სამართლიანი თამაშის პრინციპს, ეს კი სპორტში უმთავრესია.
21 წლის განმავლობაში ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწია უპატიოსნო თამაშებმა.
ჩვენი 21 წლის წინანდელი იმედები იმიტომაც ვერ გამართლდა, რომ ეს წლობით დაგროვებული პრობლემები არ მოგვარდა და ასე აღმოვჩნდით დღევანდელ მდგომარეობაში.
- ქართული ფეხბურთის ერთი უბედურება ისიც იყო, რომ ყველა შეეგუა "მრეტების" ჩაკვლას, რომელის ფეხბურთიც უამრავ გულშემატკივარს იზიდავდა.
- გეთანხმებით, მსგავსი ფეხბურთი არც ერთ გუნდს არ უჩვენებია. "მრეტები" შემოქმედებით ფეხბურთს აჩვენებდა, შემოქმედებას კი თავისუფლება შობს.
მამუკა კვარაცხელია: მასშტაბები არ გვეყო...
1990 წლის 15 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში გამართული ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი იყო მამუკა კვარაცხელია, რომელმაც მანდატი მიიღო როგორც 21-კაციანი დამფუძნებელი საბჭოს წევრმა. შემდგომში იგი ფედერაციაშიც მუშაობდა, მაგრამ პირველ პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცს დაუპირისპირდა და ფედერაცია დატოვა.
- ფედერაცია დავაფუძნეთ და ახალკაცი პრეზიდენტად ავირჩიეთ. ერთი თვის მერე ფედერაციის გაზეთ "ქართულ ფეხბურთში" დავიწყე მუშაობა და ბევრი რამ ვიცი მაშინდელ მოვლენებზე, ავზეც და კარგზეც.
ამ გადასახედიდან რომ ვაანალიზებ, ვხვდები, პირველივე დღეებიდან უნდა დაწყებულიყო ქართული ფეხბურთის დოქტრინის ჩამოყალიბება, ვინ ვართ, რა გვაქვს, რა უნდა ვაკეთოთ და რა არის ჩვენი მიზანი მსოფლიო ფეხბურთში, მაგრამ მსგავსი არაფერი გაკეთებულა. მაშინ იყო საშუალება, აგვეშენებინა ბაზები ყველა ქალაქში (ფედერაციას არა - კლუბებს!), ეკონომიკა ჯერ კიდევ იძლეოდა ამის საშუალებას და ფეხბურთის ბუმი იყო; ჩამოგვეყალიბებინა გამართული ქართული ფეხბურთის სტრუქტურა. ახალკაცსაც და კვინიკაძესაც გააჩნდათ ამის რესურსი - ცოდნაც ჰქონდათ, გამოცდილებაც, ავტორიტეტიც, ეშმაკობაც, ნაცნობობაც, შესაძლებლობაც...
1992-93 წლამდე, სანამ ომი დაიწყებოდა, შეიძლებოდა ბაზისის აშენება, ყოველ შემთხვევაში, დაწყება მაინც, მაგრამ პირველივე წელს ჩემპიონატის დებულება დაარღვიეს და უმაღლესი ლიგიდან გუნდები არ გააგდეს! ამას დარღვევების ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა. საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ პეტრიაშვილმა და მისმა მოადგილემ გია გილიგაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფედერაცია, მათ გარდა მხოლოდ ორმა კაცმა გამოთქვა პროტესტი - მე და ზურაბ მეძველიამ, ორივე ჟურნალისტმა. დანარჩენებმა კანონის დარღვევას ოფიციალურად დაუჭირეს მხარი.
აი, მერე დაიწყო და დაიწყო - ერთხანს უმაღლესი ლიგა 23 გუნდამდე გაიზარდა! თამაშების ჩაწყობა და გარიგება ჩვეულებრივი ამბავი გახდა, 9 გოლიც გაუტანიათ და წინასწარ შეუდგენიათ ჩემპიონატის საბოლოო ცხრილი!
ეგ იყო, თბილისის "დინამოს" ვერაფერს უხერხებდნენ, სულ ჩემპიონი ხდებოდა და ყველას დავთრებს ურევდა. ომმა კი ქართული ფეხბურთი არანაკლებ 20 წლით უკან დასწია - ევროპა წინ გაიჭრა, ჩვენ კი უმეტეს შემთხვევაში ერთწლიანი გუნდები გვიხალისებდნენ ყოფას. მოკლედ, მაშინ მასშტაბები არ გვეყო, ფეხბურთში, ისევე როგორც პოლიტიკაში, მდინარეში ჩავარდნილ ნაფოტს დავემსგავსეთ. ახლა ძალიან ძნელია ყველაფრის ამოქაჩვა და ევროპის დონემდე მისვლა - ამას ძლიერი ეკონომიკა და სტაბილურობა ჭირდება, ნიჭიერები კი საქართველოში ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც დაიბადებიან.
ისე, ახლა რომ ვფიქრობ, არც მე და არც პეტრიაშვილს ფედერაცია არ უნდა დაგვეტოვებინა, მუხრუჭის როლს მაინც შევასრულებდით, თანაც - ჩვენი ოცნების ასრულება სხვის ხელში არ უნდა ჩაგვეგდო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.