სეიშელის კუნძულებიდან საქართველომდე - მსოფლიოში 50 საფეხბურთო "დინამოა"

AutoSharing Option
* ყველაზე ძველი "დინამო" შეფშედის "დინამოა", ინგლისური კლუბი 1879 წელს დაარსდა.
* "დინამო" ყველა კონტინენტზეა, სამხრეთ ამერიკის გარდა.
* 27 ქვეყანაში სულ 50 საფეხბურთო "დინამოა".
* ყველაზე ტიტულოვანი "დინამო" კიევისაა, შემდეგ მოდის ქართული და ხორვატიული "დინამოები".

26 ივლისს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს ორი "დინამო" შეხვდა, ზაგრებისა და თბილისის. ამან ხორვატ ჟურნალისტებს აფიქრებინა, შეეჯამებინათ, სულ რამდენი საფეხბურთო "დინამოა" მსოფლიოში. ჩვენც, ჩვენი მხრიდან, რამდენიმე ნიუანსი დავამატეთ და ვფიქრობთ, სტატია ქართველი მკითხველისათვის საინტერესო უნდა იქნება...

მსოფლიოში ახლა 27 ქვეყანაში 50 საფეხბურთო კლუბია,
სახელად "დინამო" (ხორვატებს დათვლისას ერთი დააკლდათ - მაინცდამაინც ქართული გუნდი - ბათუმის "დინამო"). მათ შორისაა გუშინწინდელი დაპირისპირების ორი "დინამო", თბილისისა და ზაგრების, "დინამოების" ყველაზე ცნობილი წარმომადგენელთაგანნი.

სახელი "დინამო" მოდის ბერძნული სიტყვიდან dynamis, რაც "ძალას" ნიშნავს. "დინამო" განსაკუთრებულად პოპულარული გახდა კომუნისტურ ბლოკში. ამიტომაც ყველაზე მეტი "დინამო" ახლა რუსეთშია - 14.

ერთადერთი კონტინენტი (რა თქმა უნდა, ჩამონათვალში დაუსახლებელ ანტარქტიდას არ ვგულისხმობთ), სადაც არ არის საფეხბურთო კლუბი, სახელად "დინამო", არის სამხრეთი ამერიკა.

აფრიკაში ხუთი "დინამოა", მათ შორის, სამხრეთ აფრიკაში მეორე დივიზიონის ბინადარი, რომელსაც ოდნავ განსხვავებული სახელი ჰქვია - "დინამოსი", ლიმპოპოს პროვინციიდან. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ "დინამოს" dinamo ეწოდება, ზოგს კი dynamo. ეტიმოლოგიურად სწორი, რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტია, მაგრამ პირველი გაცილებით გავრცელებულია.

მოკლედ, სანამ პინგვინები ფეხბურთის თამაშს ისწავლიან, სამხრეთაფრიკული "დინამოსი" არის პლანეტის ყველაზე სამხრეთული "დინამო", ყველაზე ჩრდილოური კი, რა თქმა უნდა, რუსეთშია - ვოლგის ზემო დინებაში მდებარ ქალაქ კოსტრომიდან.

ყველაზე დასავლური "დინამო" ტექსასის შტატშია და მას "ჰიუსტონ დინამო" ჰქვია; ყველაზე აღმოსავლური კი ინდოეთის "დელი დინამოსია" (აქაც, როგორც სამხრეთ აფრიკაში, სახელს მრავლობითის სუფიქსი s ემატება).

"დინამოები" მთელ მსოფლიოშია მოდებული, ბოლო კონტინენტი ამ სახელმა 1975 წელს აითვისა, როცა ავსტრალიაში საფეხბურთო კლუბი "დინამო" ჩამოყალიბდა. ქალაქ სენტ ოლბანსში ხორვატმა ემიგრანტებმა კლუბს სახელი გადაარქვეს და "სენტ ოლბანს დინამო" უწოდეს.

სხვათა შორის, წარსულში კიდევ უფრო მეტი "დინამო" იყო, მაგრამ კლუბების ნაწილი დაიშალა, ნაწილს კი სახელი შეეცვალა. სამოყვარულო დონეზე კი "დინამოების" რიცხვი გაცილებით დიდია.

დინამო VS დინამო
ბუნებრივია, "დინამოებს" შორის უამრავი დაპირისპირება მომხდარა ყოფილ საბჭოეთში. თბილისის "დინამოს" ხშირად უთამაშია კიევის, მოსკოვისა და მინსკის "დინამოების" წინააღმდეგ.

აი, ჩვენ მოწინააღმდეგე ზაგრების "დინამოს" ევროთასებზე აქამდე 6-ჯერ უთამაშია რომელიმე "დინამოს" წინააღმდეგ, მაგრამ წლევანდლამდე გამარჯვებული მხოლოდ ერთხელ გამოსულა, თუმცა ის ერთი შემთხვევა კლუბის ისტორიაში დიდ ადგილს იკავებს - 1967 წელს ევროპის ბაზრობათა თასის (ევროპალიგის წინაპარი) III რაუნდში მაშინ იუგოსლავიურმა კლუბმა გზიდან რუმინული პიტეშტის "დინამო" ჩამოიცილა (1:0, 0:0). იმ წელს ზაგრების "დინამომ" ბაზრობათა თასი მოიგო. ამის მერე ზედიზედ 4 დაპირისპირება წარუმატებელი გამოდგა - ზაგრების "დინამომ" კიევისასთან ითამაშა (1 ფრე, 3 წაგება). გუშინწინ ხორვატებმა სტატისტიკა ჩვენს გუნდთან გამოისწორეს, 2:0 დაამარცხეს საქართველოს ჩემპიონი.

როგორც ზაგრებელებს, თბილისელებსაც ერთი ევროპული ტიტული აქვთ - 1981 წლის თასების მფლობელთა თასი (ტურნირი, რომელიც 1999 წელს გაუქმდა) მოიგეს ნოდარ ახალკაცის მეთაურობით.

დღეისათვის თბილისის "დინამო" ისეთი ცნობილი აღარ არის ევროპული ფეხბურთის ელიტისთვის, თუმცა ის სამი კლუბიდან ერთი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგიდან არ გავარდნილა.

Sportall.Ge

კროაცია და იბერია
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელი "დინამო" საბჭოურ გადმონაშთად მიიჩნეოდა. ასევე იყო ყოფილ იუგოსლავიაშიც. ასე რომ, ზაგრების "დინამოს" "კროაცია" (ხორვატია) უწოდეს, ხოლო თბილისისას "იბერია".

თბილისის "დინამომ" საბჭოთა კავშირის დაშლამდე შეიცვალა სახელი, 1990 წელს "იბერია" ეწოდა და საქართველოს ჩემპიონატში დაიწყო ასპარეზობა, მაგრამ უკვე ორი წლის გასვლის მერე კლუბმა დაიბრუნა სახელი "დინამო".

ხორვატი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ სახელის გადარქმევამ "დინამოს" ფანები გაანაწყენა და მათ შეძლეს სახელის დაბრუნება. ჩვენ კი ვიცით, რომ მთლად ასე არ იყო საქმე და პოლიტიკურმა ვითარებამაც გარკვეული როლი ითამაშა.

დამოუკიდებელ საქართველოში "დინამო" 16-გზის ჩემპიონი და თითქმის უკონკურენტო გუნდია.

ფეხბურთელი დინამო
სხვათა შორის, ნამიბიის ნაკრებში თამაშობს ფეხბურთელი, რომელსაც დინამო ჰქვია - დინამო ფრედერიკსი. ის 24 წლის მცველია.

საინტერესო "დინამოები"
ტირანის "დინამო" (ალბანეთი)
გუნდს ალბანეთში "ლურჯ ბიჭებს" უწოდებენ.

"ნორზერნ დინამო" (სეიშელის კუნძულები)
ინდოეთის ოკეანეშიც არის "დინამო" (ოღონდ ჩრდილოეთის), კუნძულ მაჰეზე.

"ჰისტონ დინამო" (აშშ)
დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე ცნობილი და ძლიერი "დინამოა". კლუბის ერთ-ერთი მფლობელია მექსიკის ოქროს ბიჭუნა, ცნობილი მოკრივე ოსკარ დე ლა ჰოია.

შეფშედის "დინამო" (ინგლისი)
ეს "დინამო" ყველაზე ძველია მსოფლიოში. ის 1879 წელს დაარსდა, როგორც "შეფშედ ალბიონი". "დინამო" მას 1994 წელს ეწოდა.

დელის "დინამოსი" (ინდოეთი)
ახალი კლუბი, დაარსდა 2014 წელს. მას ბრაზილიელი რობერტო კარლოსი წვრთნის. გუნდში იონ არნე რიისე და ფლორან მალუდა თამაშობენ.

Sportall.Ge

ჩეშსკე ბუდეიოვიცეს "დინამო" (ჩეხეთი)
ეს კლუბი 1905 წელს დაარსდა, ჩეხეთის მეორე დივიზიონში თამაშობს და პრეზიდენტი კარელ პობორსკია.

ლუგბოროს "დინამო" (ინგლისი)
გუნდი საიდუმლოდ დააარსეს სტუდენტებმა 1955 წელს, რომელთაც ამ უმაღლესი სასწავლებლის ყველაზე პოპულარული სპორტის, რაგბის თამაშის ნაცვლად, ბურთის გაგორება სურდათ.

კიევის "დინამო" (უკრაინა)
ყველაზე ტიტულოვანი "დინამოა", ევროპის თასების თასი ორჯერ მოიგო (1975 და 1986 წლებში), ერთხელ კი უეფას სუპერთასი (1975).

ყველა "დინამო"
აფრიკაში
აბომეის "დინამო" (ბენინი); "ნორზერნ დინამო" (სეიშელის კუნძულები); "დინამოსი" (სამხრეთი აფრიკა); "პაუერ დინამოსი" (ზამბია); ჰარარეს "დინამოსი" (ზიმბაბვე).

აზიაში
"დელი დინამოსი" (ინდოეთი); ბიშკეკის "დორდოი-დინამო" (ყირგიზეთი); დუშანბეს "დინამო" (ყაზახეთი); სამარყანდის "დინამო" (უზბეკეთი).

ევროპა
ტირანის "დინამო" (ალბანეთი); მინსკის "დინამო" (ბელორუსი); ბრესტის "დინამო" (ბელორუსი); ზაგრების "დინამო" (ხორვატია); პერვოლიონის "დინამო" (კვიპროსი); ჩეშსკე ბუდიოვიცეს "დინამო" (ჩეხეთი); შეფშედის "დინამო" (ინგლისი); ლუგბოროს "დინამო" (ინგლისი); ტალინის "დიუნამო" (ესტონეთი); თბილისის "დინამო" (საქართველო), ბათუმის "დინამო" (საქართველო); "ბერლინერ დინამო" (გერმანია); დრეზდენის "დინამო" (გერმანია); "დინამო-რინუჟი" (ლატვია); ბენდერის "დინამო" (მოლდოვა); ბუქარესტის "დინამო" (რუმინეთი); ბარნაულის "დინამო" (რუსეთი); ბრიანსკის "დინამო" (რუსეთი); კემეროვოს "დინამო" (რუსეთი); კიროვის "დინამო" (რუსეთი); კოსტრომის "დინამო" (რუსეთი); მახაჭყალის "დინამო" (რუსეთი); მოსკოვის "დინამო" (რუსეთი); ომსკის "დინამო" (რუსეთი); პერმის "დინამო" (რუსეთი); სტ. პეტერბურგის "დინამო" (რუსეთი); სტავროპოლის "დინამო" (რუსეთი); ტულის "დინამო" (რუსეთი); ვოლოგდის "დინამო" (რუსეთი); ვორონეჟის "დინამო" (რუსეთი); პანჩევოს "დინამო" (სერბეთი); ვრანიეს "დინამო" (სერბეთი); ხარკოვის "დინამო" (უკრაინა); ხმელნიცკის "დინამო" (უკრაინა); კიევის "დინამო" (უკრაინა); საკის "დინამო" (უკრაინა); ლუჰანსკის "დინამო"; პენტვინის "დინამო" (უელსი).

ჩრდილო ამერიკა
კაროლინას "დინამო" (აშშ); ჰიუსტონის "დინამო" (აშშ); დენვერის "დინამო" (აშშ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველაზე სახელოვანი თბილისის, კიევისა და ზაგრების დინამოა
paata
10:15 29-07-2016
0
სოხუმის დინამო გამოგრჩათ
mcenare-99
03:04 29-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული