იურაი იარაბეკი: ჩვენი ამოცანაა, თბილისში ვითამაშოთ სწრაფად და აგრესიულად

AutoSharing Option
2 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში თბილისის "დინამო" ზაგრებელ სეხნიას უმასპინძლებს.

დაპირისპირება "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი ხორვატიის ჩემპიონმა 2:0 მოიგო, თუმცა საქართველოს 16-გზის ტრიუმფატორი იმედიანადაა.

რაც მთავარია, ოპტიმისტურადაა განწყობილი "დინამოს" სლოვაკი თავკაცი იურაი იარაბეკი. ამაში მაშინ დავრწმუნდით, როცა მას დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შევხვდით.

დინამოელთა წვრთნა ახლოვდებოდა, დრო თავზე საყრელად არ გვქონდა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო თემებზე საუბარი მაინც მოვახერხეთ.

- თავდაპირველად ზაგრებული მატჩი შეაფასეთ...
- ჩვენ კარგად განვეწყვეთ იმ თამაშისათვის. ზედმეტია საუბარი იმაზე, თუ რა
ძალის გუნდია ზაგრების "დინამო". ეს არის გამორჩეული გუნდი მთელ ბალკანეთში. არის ხორვატიის საუკეთესო კლუბი, ამ ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი...

ზაგრების "დინამო" ხორვატიისთვის იგივეა, რაც სერბეთისთვის "პარტიზანი" და "ცრვენა ზვეზდა", რუმინეთისთვის "სტიაუა", მაკედონიისთვის "ვარდარი"... კლუბს აქვს დიდებული აკადემია. მისი აღზრდილი ფეხბურთელები სისტემატურად თამაშობენ ხორვატიის ნაკრებსა თუ ევროპის სხვადასხვა წამყვან კლუბში...

ახლა რაც შეეხება თამაშს. ჩვენი ტაქტიკა დაფუძნებული იყო სწრაფ შეტევებსა და ბურთის კონტროლზე. ჩვენ თითქმის გამოგვივიდა ჩანაფიქრი, თუ არ ჩავთვლით სამწუთიან დეკონცენტრაციას, რომელმაც გადაწყვიტა კიდეც თამაშის ბედი. ეს იყო პირველი ტაიმის ბოლოს...

შესვენებისას ბიჭებს ვუთხარი, რომ უნდა გაგვეგრძელებინა თამაში ისე, როგორც ვთამაშობდით, ოღონდ აღარ მოგვედუნებინა ყურადღება. მე მათ ამოცანად დავუსახე მინიმუმ ერთი გოლის გატანა, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარ კარში არამც და არამც არ უნდა გაგვეშვა ბურთი.

დამეთანხმებით, ჩვენ გვქონდა მომენტები, რომლებიც შეგვეძლო, გოლებად გვექცია...

- მთელ რიგ ეპიზოდებში ძალიან სასიამოვნო იყო "მაქსიმირზე" "პირველ ნომრად" მოთამაშე თბილისის "დინამოს" ნახვა. მეორე მხრივ, ხომ არ იქნებოდა უპრიანი, ცოტა მეტად გამოგვეყენებინა კონტრშეტევები?
- ჩვენ უნდა გვეკონტროლებინა ბურთი და, ამასთან ერთად, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მიგვეღო გადაწყვეტილებები. კონტრშეტევები და მოულოდნელობის ეფექტი, ჩემი აზრით, ჩვენს თამაშში არ ყოფილა გამორიცხული. ავიღოთ თუნდაც ნიკა გელაშვილის მომენტი, როცა ვახტანგ ჭანტურიშვილმა ძალიან ჭკვიანურად, სწრაფად და ეფექტურად გაათამაშა საჯარიმო, რომელსაც მოჰყვა ხორვატთა კართან გელაშვილის მიერ შექმნილი უაღრესად სახიფათო მომენტი... გელაშვილი დავაყენეთ იმიტომ, რომ ის გამორჩეულია კონტრშეტევებზე თამაშის დროს.

სხვა თემაა, მაგრამ მე მჯერა, რომ საკუთარ მოედანზე ჩვენ შანსი აუცილებლად გვექნება. თუ გადავხედავთ ზაგრებული მატჩის სტატისტიკას, ძალიან ბევრი კომპონენტი მეტყველებდა თბილისის "დინამოს" სასარგებლოდ.

- პირადად ჩემი აზრია: ახლად დამატებულ ლეგიონერს გადამწყვეტ მატჩებში გუნდისთვის მეტი სარგებლობა უნდა მოჰქონდეს. ველევის ტრავმა გასაგებია, მაგრამ შპიჩიჩმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა; კურიე კი ჩაერთო თამაშში, თუმცა სასურველი იქნებოდა, მეტად ეფექტური ყოფილიყო...
- მოგეხსენებათ, შპიჩიჩი ტრავმირებული იყო და "დინამოსთან" მატჩამდე მხოლოდ ოთხი ვარჯიში ჩაატარა. ამასთან ერთად, ზაზა ჭელიძემ ძალიან კარგად ჩაატარა მატჩი სომხეთში, "ალაშკერტის" წინააღმდეგ და გადავწყვიტეთ, ზაგრებშიც მას ეთამაშა.

რაც შეეხება კურიეს, ყველა მწვრთნელსა და გუნდს სჭირდება ისეთი მოთამაშეები სათადარიგოთა სკამზე, რომლებიც შევლენ მოედანზე და თამაშს გააძლიერებენ. ჩვენს სათადარიგო სკამზე ამ მატჩში არაერთი კარგი მოთამაშე იყო - კურიე, ცინცაძე...

- შესაძლოა, გიორგი ქვილითაია ვენის "რაპიდში" გადავიდეს. ითამაშებს თუ არა ის "დინამოსთან" საპასუხო მატჩში და ზოგადად, რამდენად იქნება მისი შესაძლო წასვლა დანაკლისი გუნდისთვის?
- გიორგი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მან ბევრი გოლი გაიტანა "დინამოში" და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ქვილითაიას აქვს დიდი პოტენციალი. მას ახლა ტრავმა აქვს და არ ვიცი, შეძლებს თუ არა თამაშს სამშაბათის მატჩში.

რა თქმა უნდა, თუ ქვილითაია დაგვტოვებს, ეს დანაკლისი იქნება ჩვენი გუნდისთვის. ამაში ორი აზრი არ არსებობს.

- ისევ ზაგრებულ მატჩს დავუბრუნდეთ. მას შემდეგ, რაც მეტოქე გუნდი დატოვა მარკო პიაცამ, ჩვენ მთავარ საფრთხეს მარკო როგისგან ველოდით, თუმცა ასეთად ანტე ჩორიჩი მოგვევლინა. რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის ამ ფეხბურთელის გაბრწყინება?
- ჩორიჩის შესახებ, რა თქმა უნდა, მქონდა ინფორმაცია. ვიცოდი, რომ გასული სეზონის შედეგების მიხედვით, ხორვატიის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ხორვატიის ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა იქ მას არ ჰქონია დიდი სათამაშო პრაქტიკა. ამასთან ერთად, ჩორიჩის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ ჩვენი გუნდის ის ფეხბურთელები, რომლებსაც მის წინააღმდეგ ასაკობრივი ნაკრების დონეზე უთამაშიათ... დამეთანხმებით, ფეხბურთში წინასწარ ყველაფერს ვერ განსაზღვრავ. თუ ასე შევხედავთ საკითხს, მაშინ შესაძლებელია, ჩვენთვის უკეთესი ყოფილიყო, ზლატკო კრანჩარს პირველ მეკარედ იეჟინა დაეტოვებინა.

- თქვენი მოსაზრება საპასუხო მატჩის წინ...
- კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა: ჩვენ შანსი აუცილებლად გვექნება და ეს იმის მიუხედავად, რომ ზაგრების "დინამო" ძლიერი გუნდია. შინ ვთამაშობთ და საკუთარი კედლები ჩვენი უპირატესობაა.

ჩვენი ამოცანაა, თბილისში ვითამაშოთ სწრაფად და აგრესიულად. რაც შეიძლება, "ზემოთ" დავუწესოთ პრესინგი მოწინააღმდეგეს. ამასთან ერთად, ძალიან კარგი იქნება, თუ პირველ 20-25 წუთში მოვახერხებთ გოლის გატანას.

- ზაგრებული მატჩის შემდეგ თქვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იქნება?
- გვაქვს მცირე ტრავმები. იმედია, მატჩამდე მოგვარდება ყველაფერი. რაც შეეხება ცვლილებებს, არ გამოვრიცხავ, იყოს მცირე ცვლილებები.

- დაბოლოს, რას ეტყოდით "დინამოს" გულშემატკივარს?
- "დინამო" არის ერთადერთი ქართული გუნდი, რომელიც შემორჩა ევროთასებს და მთელი საქართველო ქომაგობს "დინამოს". ჩვენ გვჯერა, რომ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა და აქვე ვპირდები მათ - "დინამო" ამ შეხვედრაში ითამაშებს გულით და თავს დადებს.

მორჩა თუ არა მატჩი ზაგრებში, პრესკონფერენციაზევე გავუსვი ხაზი ჩვენი გუნდის გულშემატკივრის მნიშვნელობას. მჯერა, სამშაბათს სტადიონზე ბევრი მაყურებელი მოვა და მხარს დაგვიჭერს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
სასწრაფოდ გასაშვებია, დინამოს ესეთი მწვრთნელები არ ეკადრება
0
2-0 ძალიან ცუდი ანგარიშია.ადვილი შესაძლებელია კონტრშეტევისას გოლის მიღება.და საერთოდ ძალიან იშვიათად მომხდარა რომ გუნდს ეს ანგარიში ამოექაჩა.
jumber
18:43 01-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული