თბილისიდან გამგზავრებამდე, იმერელთა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ნახევარმცველ თორნიკე აფციაურს სასტუმროში მივაკითხეთ და ვესაუბრეთ. თემა იყო, "დუკლასთან" განვლილი და მომდევნო მატჩები, ახლანდელი და პოტენციური მეტოქე, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები...
- საუბარი "დუკლასთან" ზესტაფონში თამაშით დავიწყოთ. ამ მატჩს დღეს როგორ იხსენებთ?
- სანახაობრივად კარგი თამაში იყო. შესაძლოა, ბევრი არ ელოდა, დიდი ანგარიშით, თანაც მშრალად რომ
-ასეთ აგარიშს, ბევრი მართლაც არ ელოდა. ეს რის ხარჯზე შეძელით?
- ბურთს სრულად ვაკონტროლებდით, თამაშიც კარგად აგვეწყო. მეორე გოლმა მეტოქეზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა... რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს. სხვების არ ვიცი, მაგამ კახა ალადაშვილმა, მატჩის დღეს გვითხრა, სიზმარი ვნახე, 3:0-ს მოვიგებთო... ახდა კიდეც!
- "დუკლაზე" რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ცუდი გუნდი ნამდვილად არ არის. მეტოქის ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებული. მასპინძლებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ბოლომდე იბრძოლებენ. თუმცა, სოლიდური ფორა გვაქვს და ზესტაფონში კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
- სიტუაცია მაცდუნებელია. "ზესტაფონში" ისეთივე საბრძოლო განწყობაა, როგორიც პირველ მატჩამდე იყო?
- პირველი მატჩის შემდეგ, გუნდის მწვრთნელები გამუდმებით ამაზე გველაპარაკებიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ გუნდში კარგი ფსიქოლოგიური განწყობა იყოს. ვატყობ, ჩვენს გუნდს მობილიზება არ აკლია. ყველამ კარგად ვიცით, რომ საპასუხო მატჩში, ფრისთვის კი არა, მოსაგებად უნდა გავიდეთ მოედანზე. მჯერა ამ განწყობას ბოლომდე შევინარჩუნებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ.
- "დუკლა" რა სტილში თამაშობს?
- მეტოქე ფიზიკური მომზადებით და გამძლეობით გამოირჩევა. ტანმაღალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და მათი კოზირი "სტანდარტულებია". შუა ხაზში ერთი-ორი ტექნიკური მოთამაშეც ჰყავთ.
- მეტოქე გუნდის თავკაცმა მარკო კაროლმა თქვა, სლოვაკეთის ჩემპიონატში ჯაბა დვალის დონის ფორვარდი არ გვყავსო...
- კაროლს ვეთანხმები.
- ბანსკა-ბისტრიცაში დისკვალიფიკაციის გამო მურთაზ დაუშვილი არ გეყოლებათ...
- რა თქმა უნდა, დაუშვილის გამოკლება დანაკლისია, მაგრამ ჩვენს გუნდში დიდი კონკურენციაა, მით უმეტეს შუა ხაზში. ასე რომ, გვყავს ფეხბურთელები და მჯერა ეს დანაკლისი არ დაგვეტყობა.
- წილისყრამ მომდევნო რაუნდში, ლვოვის "კარპატი" გარგუნათ. ბევრი თვლის, რომ ამ ბარიერის გავლა "ზესტაფონს" არ უნდა გაუჭირდეს...
- თუ სრულად ვიქნებით მობილიზებული და მწვრთნელის დავალებებს შევასრულებთ, ეს ბარიერიც უნდა გადავლახოთ.
- ისევ სლოვაკეთს დავუბრუნდეთ. შანსებს როგორ აფასებთ?
- პროცენტული შეფარდებისგან თავს შევიკავებდი. ისე კი მეტოქეზე მეტი შანსი ნამდვილად გვაქვს. შინ წარმატებაში ჩვენმა გულშემატკივარმა თავისი წვლილი შეიტანა. იმედი გვაქვს, სლოვაკეთში, ტრიბუნაზეც გავიგონებთ ქართულ შეძახილებს.
- სიზმარი რომ აუხდა გასაგებია, მაგრამ ახალწვეულ კახა ალადაშვილს როგორ დაახასიათებდით?
- მოედანზე მშრომელი, დაუღლელი ფეხბურთელია. ჩვენი ჩემპიონატის გარდა, უკრაინასა და რუსეთშიც აქვს ნათამაშები და ეროვნულ ნაკრებშიც, გამოცდილება არ აკლია. ასე რომ, მჯერა, ჩვენს გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს.