ჩაუსვლელობა უარესი იქნებოდა...

AutoSharing Option
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ვიტ ჯორჯიას" საშინაო სირცხვილის გახსენება, რბილად რომ ვთქვათ, არასასურველია. მხოლოდ იმას გაცნობებთ, რომ ვეტერინართა გუნდი, ოსტრავას "ბანიკთან" საპასუხო მატჩისთვის, ჩეხეთში გუშინ გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ თბილისური ფიასკოს შემდეგ, ვიტელთა გუნდი მწვრთნელმა გელა გომელაურმა დატოვა, რომელიც ფაქტობრივად გუნდის თავკაცი იყო. მას მერე, გუნდს მერაბ კოჭლაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ოფიციალურად, მანამდეც მთავარი მწვრთნელი იყო. კოჭლაშვილმა საპასუხო მატჩისთვის ოსტრავაში 19 ფეხბურთელი წაიყვანა და ეს შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: არდალიონ მიქაბერიძე, გიორგი ძაძამია;

მცველები: დავით ლომაია, გურამ ადამაძე, ირაკლი ჭანკვეტაძე,
ლაშა კასრაძე, ჯემალ გოგიაშვილი, რევაზ ღანიაშვილი;

ნახევარმცველები: გიორგი ვასაძე, დავით მაისაშვილი, გურამ გურეშიძე, გიგა ბეჭვაია, ირალი კლიმიაშვილი, გიორგი ჯანელიძე, გიორგი კორიფაძე;

თავდამსხმელები: ჯაბა ლიპარტია, ვახტანგ კვარაცხელია, ბესიკ ჩიმაკაძე, ბექა ზაქრაძე;

თბილისში მოგების შემდეგ "ბანიკმა" მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიბევა. ზოგი იკითხავს, საპასუხო მატჩისთვის "ვიტ ჯორჯიას" ჩეხეთში ჩასვლას რა აზრი აქვს, ჩაუსვლელობის შემთხვევაში 0:3, ტექნიკური წაგება ჩაგვეთვლებაო. ტექნიკური წაგებას, უეფას ფულადი ჯარიმაც დაერთვება, რომელიც მგზავრობის ხარჯებზე მეტი იქნება და შესაძლოა სხვა სახის სანქციაც დაგვიმატოს. ზოგ გუნდში მწვრთნელის შეცვლა კარგად აისახება ხოლმე და ვნახოთ... იქნებ მეორეც არ წავაგოთ. სხვა თუ არაფერი, ვეტერინართა კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს მატჩი ერთგვარი გამოცდილება მაინც იქნება.

დაბოლოს, ოსტრავაში, "ბაზალიზე", "ბანიკი"-"ვიტ ჯორჯიას" მატჩი 22 ივლისს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. შეხვედრას სერბი მსაჯები გაუძღვებიან, არბიტრი ბოშკო იოვანეტიჩი იქნება.

დავით ცაბაძე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული